2013 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,9% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2013 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,9 პროცენტი, 2013 წლის III კვარტალში – 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ათი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,9 პროცენტი შეადგინა. 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.