ფისკალური შემოსავლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

ირაკლი დოღონაძე
თსუ-ს დოქტორანტი
ვახტანგ ჭარაია
თსუ-ს დოქტორანტი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ”საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 2013 წლის გეგმიური მაჩვენებელი 7 422 500 მლნ ლარით განისაზღვრა. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის სახელწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 10 თვის (იანვარ-ოქტომბრის) მაჩვენებელმა 5 408 202 მლნ ლარი შეადგინა.

თუკი აღნიშნულ მაჩვენებელს წლიური სავარაუდო მაჩვენებლის დასადგენად პროპორციულად მთელ წელზე (12/10) გადავიანგარიშებთ, მივიღებთ 6 489 842 მლნ ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 6.5 მლრდ ლარის ოდენობის იქნება, რაც დაახლოებით 930 მლნ ლარის ოდენობის (12.5%) წლიურ დანაკლისს ნიშნავს (იხ. გრაფიკი 1).

2-1

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა, თავის მხრივ, ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების ზედმეტად ოპტიმისტურ მაჩვენებლებზე იყო დაფუძნებული. მათ შორის, რეალური მშპ-ის ზრდა – 6%, სამომხმარებლო ფასების (პერიოდის საშუალო) ინდექსი – 3% და ინვესტიციები 10 308 მლნ ლარი.

თუკი 2012 წელს მშპ-ის ზრდამ 6.2% შეადგინა, მისგან განსხვავებით 2013 წლის 1-ლ და მე-2 კვარტლებში ზრდის მხოლოდ 2.4% და 1.5%-იანი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ეკონომიკის ზრდის ასეთი დაბალი მაჩვენებლები ცალსახად განაპირობებს სახელმწიფო ბიუჯეტის ნაკლებ შემოსავლებს მის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით.

აღნიშნული პროცესებიდან გამოსავლის პოვნის მიზნით, პირველ რიგში, აუცილებელია მოვახდინოთ ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რაც განვლილ წლებში არსებული ტენდენციების ანალიზით იქნება შესაძლებელი.

2010-2012 წლებში მშპ-ის 85.3% (საშუალოდ) მოდიოდა სამომხმარებლო ხარჯებზე, 33.3% – ინვესტიციებზე, ხოლო (-18.6%) წმინდა ექსპორტზე. თავის მხრივ, მზარდი სამომხმარებლო დანახარჯების გაწევას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საბიუჯეტო დანახარჯების მაღალი მოცულობა, საბანკო დაკრედიტების მაღალი ტემპები და უცხოეთიდან ქართველი ემიგრანტების გამოგზავნილი თანხები. 2010-2012 წლებში მთავრობის მიერ გაწეულ სამომხმარებლო დანახარჯებზე საშუალოდ 2.3 მლრდ ლარი მოდიოდა. რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხების დავალიანებათა მოცულობებს (ნაშთებს), აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2010 წლის ბოლოს შეადგინა – 803 მლნ ლარი, 2011 წლის ბოლოს – 1 044 მლნ ლარი, 2012 წლის ბოლოს – 1 235 მლნ ლარი, 2013 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით კი – 1 543 მლნ ლარი. აღნიშნულ პროცესებს ხელს უწყობდა საპროცენტო განაკვეთების კლებაც სამომხმარებლო სესხებზე.

სამომხმარებლო დანახარჯებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აგრეთვე ფულადი მასის აგრეგატებისა და მონეტარული კოეფიციენტების განხილვაც. მონეტარული აგრეგატი (M2) 2011 წლის ბოლოს შეადგენდა 3 783 მლნ ლარს, 2012 წლის ბოლოს – 4 069 მლნ ლარს, 2013 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის კი – 5 012 მლნ ლარს. ანუ, ბოლო 10 თვეში თითქმის 1 მლრდ ლარით არის გაზრდილი აღნიშნული მონეტარული აგრეგატი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფულის ბრუნვის სიჩქარე (M2-ის), თუკი აღნიშნული მაჩვენებელი (საშუალო წლის დასაწყისთან) 2011 წლის სექტემბერში შეადგენდა 8,16-ს, 2012 წლიდან შემცირება დაიწყო და 2012 წლის სექტემბერში შეადგინა – 6,93, ხოლო 2013 წლის სექტემბერში კი _ 6,53. აქედან ჩანს, რომ მიუხედავად მონეტარული აგრეგატების ზრდისა, შემცირებულია ფულის ბრუნვის სიჩქარე და ტრანზაქციების რაოდენობა ეკონომიკაში. რაც მხოლოდ და მხოლოდ მწარმოებლებისა და მომხმარებლების მიერ მათი უარყოფითი მოლოდინებით შეგვიძლია ავხსნათ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტების ფულადი გზავნილების მოცულობებიც (იხ. გრაფიკი 2). 2010 წელს ჩარიცხვების მოცულობამ შეადგინა – 1 052 მლნ ლარი, 2011 წელს – 1 268 მლნ ლარი, 2012 წელს – 1 334 მლნ ლარი, 2013 წლის 10 თვის ჯამურმა მაჩვენებელმა კი – 1 198 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა 2013 წლის განმავლობაში მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს, რადგანაც აღნიშნული გზავნილები ხელს უწყობს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ქვეყანაში. სამომხმარებლო დანახარჯებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე ერთი გარემოებაც. თუკი 2010-2012 წლებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტები წლიდან წლამდე (დეკემბრიდან დეკემბრამდე) საშუალოდ 162 მლნ ლარით იზრდებოდა, უკვე 2013 წლის 31 ოქტომბერს აღნიშნული მაჩვენებელი წლის დასაწყისთან შედარებით 369 მლნ ლარით გაიზარდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობამ ხარჯვის ნაცვლად დაზოგვა ამჯობინა. აღნიშნული ცვლილება საზოგადოების მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით გამოწვეული მოლოდინებით იყო განპირობებული. ამ პროცესებიდან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ორხელისუფლებიანობის სიმძიმე და ქვეყნის პირველი პირის წარმოთქმული ხშირად დაუდევარი განცხადებები (მაგალითად, რუსეთის მიერ ქართული ბანკების შესყიდვაზე, ასევე შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე და ა.შ.). აღნიშნული ტიპის განცხადებები, ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებდა როგორც ქვეყნის შიგნით (მომხმარებელთა და მწარმოებელთა მოლოდინებზე), ასევე ქვეყნის გარეთ (ინვესტორებზე). ეს ყველაფერი კი საბოლოოდ სამომხმარებლო დანახარჯების და ინვესტიციების მოცულობათა კლებას იწვევდა.

2-2

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას (იხ. გრაფიკი 3), 2009 წელს საგარეო ვაჭრობის სალდომ (წმინდა ექსპორტმა) შეადგინა -3 367 მლნ ლარი, 2010 წელს -3 580 მლნ ლარი, 2011 წელს -4 869 მლნ ლარი, 2012 წელს -5 465 მლნ ლარი, 2013 წლის 10 თვის ჯამურმა მაჩვენებელმა კი -3 979 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12 თვეზე გადაანგარიშებით -4 774 მლნ ლარს შეადგენს. 2013 წლის სავარაუდო ჯამური მაჩვენებელი დაახლოებით 690 მლნ ლარით ჩამორჩება 2012 წლის მაჩვენებელს, რაც, ბუნებრივია, პოზიტიურად უნდა აისახოს მშპ-ის ზრდის წლიურ მაჩვენებელზე. საგარეო ვაჭრობის სალდოს შემცირება ნიშნავს იმას, რომ ექსპორტის ზრდა აღემატება იმპორტის ზრდას, რაც, ბუნებრივია, მხოლოდ დადებითი მოვლენაა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურას და მის პოტენციალს, ამ მხრივ, სიტუაცია ნაკლებად იმედისმომცემია. 2013 წლის იანვარ-ოქტომბრის ჯამური მონაცემებით, მთლიანი ექსპორტის 25% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, ხოლო 13% კი ფეროშენადნობებსა და სპილენძის მადნებზე.

განვლილ პერიოდში ეკონომიკური ზრდის არსებულ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს აგრეთვე ინვესტიციების მოცულობებიც. 2010 წელს ქვეყნის შიგნით განხორციელებული ინვესტირებების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 6 018 მლნ ლარი, 2011 წელს – 8 237 მლნ ლარი, 2012 წელს – 9 491 მლნ ლარი, 2013 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი – 10 308 მლნ ლარით განისაზღვრა. თავის მხრივ, მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა 2010 წელს – 1 540 მლნ ლარი, 2011 წელს – 1 869 მლნ ლარი, 2012 წელს – 1 916 მლნ ლარი. კერძო სექტორის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა კი 2010 წელს – 4 477 მლნ ლარი, 2011 წელს – 6 368 მლნ ლარი, 2012 წელს – 7 575 მლნ ლარი.

ინვესტიციებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობები, რადგანაც დიდწილად სწორედ ისინი განაპირობებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას გრძელვადიან ასპექტში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და საბანკო სისტემა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ისეთ დონეზე, რომ შეძლოს ეკონომიკის სტაბილურად და იაფიანი სესხებით მომარაგება. 2010 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა – 814 მლნ აშშ დოლარი, 2011 წელს – 1 117 მლნ აშშ დოლარი, 2012 წელს – 911 მლნ აშშ დოლარი, 2013 წლის 6 თვის წინასწარი მონაცემებით კი – 458 მლნ აშშ დოლარი.

2-3

საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს მთავრობის მიერ სექტემბრის ბოლოს გამოცხადებულ ინიციატივას _ თანაინვესტირების ფონდის დაფუძნების შესახებ. მის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ფონდის ინვესტორებად გამოდიან საკმაოდ გავლენიანი ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები. მათ შორის: ბიძინა ივანიშვილი, DHABI GROUP, RAK INVESTMENT AUTHORITY, BATUMI INDUSTRIAL HOLDING LIMITED, Calik Holding A.S., Milestone international holding group limited, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ალექსანდრე მიშკევიჩი და მრავალი სხვა.

ინვესტიციები პრიორიტეტული დარგების მიხედვით გადანაწილდება შემდეგ სფეროებში: ენერგეტიკა _ 3 მლრდ აშშ დოლარამდე, მრეწველობა – 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე, ტურიზმი – 1.0 მლრდ აშშ დოლარამდე, სოფლის მეურნეობა – 0.5 მლრდ აშშ დოლარამდე და დანარჩენები 0.5 მლრდ აშშ დოლარამდე. ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია 10 სხვადასხვა პროექტის განხორციელება სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის 6 ჰიდროელექტროსადგური, ახალი ნახშირმომპოვებელი საბადო, რძის წარმოებისა და გადამამუშავებელი ქარხნა, რამოდენიმე სასტუმრო და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფონდს თანაინვესტირების ფონდი ეწოდება, მას შესაძლებლობა ექნება არა მხოლოდ სხვებზე გასცეს კრძელვადიანი კრედიტები, არამედ თვითონაც განახორციელოს ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ის საჭიროდ ჩათვლის. ასეთ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლეთ საქართველოში, რომლის გამტარუნარიანობა შესაძლოა იყოს 110 მლნ ტონამდე წელიწადში, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში დღეისთვის არ არსებობს იმ დონის ინფრასტრუქტურა, რომ გაუმკლავდეს ამხელა ტვირთბრუნვას, რა თქმა უნდა თუ ზემოთხსენებული ტვირთბრუნვის ოდენობა დაფიქსირდება.

თანაინვესტირების ფონდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აგრეთვე იგეგმება 2 დამხმარე ფონდის დაარსება: 1) ვენჩურული ფონდი, რომელიც ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს და 2) სუვერენული ფონდი.
ჩვენი აზრით, აღნიშნული ცვლილებები საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ფორმირებაში დიდ და დადებით როლს შეასრულებს. დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, უცხოელ ინვესტორს საქართველოში უჩნდება ახალი შესაძლებლობები, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ცხრილები შედგენილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით.