ღირს თუ არა ანაკლიის პორტის აშენება
საქართველოს ხელისუფლება 5 მილიონ დოლარს დახარჯავს იმის გასარკვევად, ღირს თუ არა ანაკლიის პორტის აშენება. პორტის მიზანშეწონილობის შესწავლას საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს. მთავრობის წარმომადგენელთა განმარტებით, კვლევას მსოფლიოს საუკეთესო კომპანიები ჩაატარებენ. ექსპერტები შეისწავლიან როგორც შავი ზღვისპირა ლოჯისტიკური კვანძის, ასევე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხსაც.
საქართველოს მთავრობა საბანკო ინსტიტუტებში წარსადგენი დოკუმენტის მომზადებას გეგმავს, რასაც მაღალი ხარისხის კვლევა სჭირდება. არსებული ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობის კვლევას რამდენიმე თვე დასჭირდება. ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სექტემბერში თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეს ფონდი განსაკუთრებით მოქნილი იქნება გლობალური პროექტების თანადაფინანსებისთვის.
ასეთი პროექტის მაგალითად დაასახელა ივანიშვილმა ანაკლიაში პორტის მშენებლობა, რომლის გამტარიანობა წელიწადში 110 მილიონი ტონა იქნება.