მთავრობა აგროდაზღვევის პროექტზე მუშაობას მომავალი წლიდან დაიწყებს
”კომერსანტის” ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის პროექტზე მუშაობას მომავალი წლიდან დაიწყებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აგროდაზღვევის ამოქმედება პირდაპირაა დაკავშირებული მიწების აღრიცხვიანობასთან, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. მათივე ცნობით, ეკონომიკის, იუსტიციის და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებისგან შემდგარი უწყებათაშორისი კომისია უკვე მუშაობს მიწის აღრიცხვიანობის პროექტზე. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამორჩევა მოხდება, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტზეც იმუშავებს.
ცნობისთვის: სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ჯერ კიდევ მინისტრის მოადგილის რანგში `კომერსანტთან~ აცხადებდა, რომ სამინისტრო აგროდაზღვევის სქემის შემუშავებაზე უცხოელ და ქართულ სადაზღვევო კომპანიებთან კონსულტაციებს გადიოდა, თუმცა მაშინ საჯარო მოხელეს პროდუქტის სირთულიდან გამომდინარე პროექტის განხორციელების დრო არ დაუსახელებია.