კანონზომიერი რყევა თუ საგანგაშო ტენდენცია

შოთა გეთია
თსუ-ს დოქტორანტი

საქართველოში ვალუტის კურსების თემა აქტუალობას არ კარგავს. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, ე.წ. სავალუტო ჯიხური, სხვა ”ბიზნესისგან” იმით განსხვავდება, რომ მის მეპატრონეს ნაკლები ზრუნვა უწევს მისი ობიექტის ვიზუალურ მხარეზე. აქ ყველაფერს ციფრები წყვეტს – რაც უფრო დაბალია ოპერატორის მარჟა, მით უფრო კონკურენტუნარიანია და, შესაბამისად, ოპერაციებიც მეტი აქვს. იშვიათ შემთხვევაში, ”სავალუტო ჯიხურის” კონკურენტუნარიანობას მის მიერ შეთავაზებული ვალუტების მრავალფეროვნება განსაზღვრავს, თუმცა, აშშ დოლარი, ევრო და რუსული რუბლი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ვალუტის გადამცვლელთა მრავალრიცხოვანი არმიის ფერხულში ჩაებათ.

რუსული ვალუტის მიმართ ინტერესს გასაგებია, რომ რემიტენსების მოცულობა განსაზღვრავს. გართულებული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მოსახელობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრიდილოეთით მოღვაწეობს და საკუთარი შემოსავლიდან გარკევულ თანხას ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს უნაწილებს. რემიტენსების თემა ასევე ვალიდურია დოლარის და ევროს შემთხვევაშიც, თუმცა, ამ ვალუტებზე მოთხოვნას სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ იმპორტის თემა. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს სავაჭრო ბალანსი დეფიციტურია და, შესაბამისად, იმპორტულ პროდუქციაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება უცხოური ვალუტის გარეშე წარმოუდგენელია. მაშასადამე, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას განსაზღვრავენ რემიტენსების მიმღები პირები, იმპორტიორი ბიზნესმენები და… საქართველოს ეროვნული ვალუტა მალე ოცი წლის იუბილეს იზეიმებს, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ გააჩნია ნდობის მაღალი ხარისხი. თითქმის ყველას ურჩევნია, რომ ”დოლარით გაყიდოს”, ”დოლარით შეიძინოს”, ”დოლარი ისესხოს ან გაასესხოს”, ”დოლარი აჩუქოს” და ”დოლარი ინატროს კიდეც”.

ფინანსისტების ენაზე რომ ვთქვათ, საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან მაღალია. შესაბამისად, ბაზარზე ფასების მერყეობას, გამყიდველები დოლარის კურსს უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსაზღვრავს დოლარი კონკრეტული საქონლის თვითღირებულებას. ნავთობპროდუქტები რომ ძვირდება, ოპერატორები ამას გარკეულწილად დოლარის კურსს უკავშირებენ.
ასევეა შაქრის, პურის და სხვა არა ერთი დასახელების საქონლის შემთხვევაში.

მეტიც, ე.წ. დეზერტირების ბაზარში, მწვანილის გამყიდველიც დოლარის კურსს იშველიებს იმისთვის, რომ ხელმომჭირნე ქალაქელი მომხმარებლის წინაშე ”თავი იმართლოს”. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაღალი ინტერესით გამოირჩევა დოლარის კურსის თემა. ქუჩაში თითქმის ყველას ”სავალუტო ჯიხურის” წინ გამოკრული ციფრებისკენ გაურბის თვალი და, ან თავისთვის ფიქრობს ან მეგობარს ეუბნება: ”შეხედე დოლარი რა დღეშია”.

განსაკუთრებით ბოლო ერთი თვეა, რაც ამ ფრაზასთან დაკავშირებულ ვნებათა ღელვა გამძაფრდა.

დიაგრამაზე გამოსახულია ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა 2013 წლის განმავლობაში დოლართან მიმართებაში. როგორც დიაგრამაზე ჩანს, ოქტომბრის ჩათვლით მთელი წლის განმავლობაში, ლარის კურსი შედარებით სტაბილური იყო და 1,66 ის ნიშნულს იშვიათად სცილდებოდა. ნოემბრიდან ვხედავთ ლარის გაუფასურების ტენდენციას, რაც დღემდე ფიქსირდება. მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელსაც დოლარი-ლარის გაცვლითმა კურსმა მიაღწია, 1,72 იყო. ეს ფაქტი და, ზოგადად, ტენდენცია საზოგადოებაში ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა. გაჩნდა კითხვის ნიშნები, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის და, მეორე მხრივ, ექსპერტების მიმართ. ექსპერტების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით ორად გაიყო. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ამ დონის ვოლატილურობა ნორმალურია და კანონზომიერება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან არ არის დარღვეული. ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საგანგაშო მაჩვენებელია და ამასთან დაკავშირებით მთავრობის პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. თავის მხრივ, მთავრობის წარმომადგენლები ლარის კურსის მიმდინარე რყევებთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავან და ამასთან, ხაზს უსვამენ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მზაობას სავალუტო ინტერვენციებისათვის.

საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, ლარის კურსთან დაკავშირებული შეკითხვები, პირველ რიგში, ფინანსთა სამინისტროს მიმართ უჩნდება. მართალია, ფინანსთა სამინისტრო გარკვეულწილად პასუხს აგებს ქვეყნის სავალუტო პოლიტიკაზე, თუმცა ეს მინიმალურია ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობასთან შედარებით. საქართველოში ფულად-საკრედიტო სისტემის სტაბილურობა ეროვნული ბანკის კანონიერი უფლებამოსილებაა, რომლისთვისაც მას ძალიან ძლიერი ბერკეტი გააჩნია. ამ შემთხვევაში, საუბარია მის ოფიციალურ რეზერვებზე, რომლის მოცულობამაც 2013 წელს მაქსიმალურ მნიშვნელობას მიაღწია. შეგვიძლია ვიხილოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური რეზერვების მოცულობის დინამიკა 2001-2013 წლებში:
ზოგჯერ, როდესაც საუბარია ეროვნული ბანკის როლზე ვალუტის კურსთან მიმართებაში, საზოგადოება შედის შეცდომაში იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს არასწორი შეხედულება, თითქოს ეროვნული ბანკი თვითონ განსაზღვრავს ლარის კურსს სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ვალუტის გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკების, საინვესტიციო ფონდებისა და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შედის. სავალუტო ბაზარზე, კონკრეტულ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების შედეგად ფორმირდება მისი ფასი, ამ შემთხვევაში _ ვალუტის კურსი. ლარის კურსის ფორმირების სქემა დაახლოებით ასე გამოიყურება: ვაჭრობა მიმდინარეობს ე.წ. ბლუმბერგის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში. ბაზარზე დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი აშშ დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის. სხვა ქვეყნის ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე ან ემიტენტი ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე (დღის სამი საათისათვის) არსებული კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე.

1

გადაანგარიშებისთვის საჭირო გაცვლითი კურსების შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ”როიტერის”, ”ბლუმბერგის” საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი ქვეყნების ცენტრალური ბანკები. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გავრცელება ამ სისტემებიდან ხდება ავტომატურ რეჟიმში. ზემოხსენებული წყაროდან მონაცემები ყოველდღიურ რეჟიმში აისახება ეროვნული ბანკის ვებგ.ვერდზე და საჯარო ხდება ნებისმიერი დაინტერესებულისთვის.

როდესაც ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ლარის კურსის ვარდნა საგანგაშოა, ის ერთვება ზემოხსენებულ სავალუტო ბაზარში. როგორც ფინანსისტები იტყვიან, ეროვნული ბანკი ამ დროს ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას, რომელიც გამოიხატება ლარის მარაგების ზრდაში. ამით ის ქმნის ლარზე მოთხოვნის პროვოცირებას. რამდენადაც, მუდმივი მიწოდების პირობებში მოთხოვნის ზრდა კონკრეტული საქონლის ფასის ზრდას იწვევს, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები ამ შემთხვევაში გამოიწვევს ლარის კურსის გამყარებას როგორც დოლართან, ასევე ქროს კურსით, სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ეროვნულ ბანკის სავალუტო ინტერვენციებით შესაძლებელია საპირისპირო შედეგის მიღებაც, მაშინ როდესაც ინტერვენციის მიზანს წარმოადგენს მოთხოვნის შემცირება და, შესაბამისად, ლარის გაუფასურება.

2

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცურავი გაცვლითი კურსი გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად უწყობს ხელს, ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად, არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.

3

ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე ჩანს ლარის დოლარზე გაცვლითი კურსის ტენდენცია 2009-2013 წლებში. როგორც ვხედავთ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 1,9 ნიშნულამდეც იყო დაცემული (2010 წლის ივნის-ივლისი). ამის შემდეგ ადგილი ჰქონდა ლარის გამყარების ტენდეციას 2012 წლის მეორე ნახევრამდე, რის შემდგომაც შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსი ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის მიახლოება 1,7-ის ნიშნულთან არ არის საგანგაშო ფაქტი.

4

გარდა ამისა, საინტერესოა საკუთრივ დოლარის პოზიციები საერთაშორისო სავალუტო ბაზრზებზე. მაგალითად შეგვიძლია მოვიხმოთ დოლარის გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით. გასული წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ნოემბრის თვეში დოლარს ევროსთან მიმართებაში გამყარების ტენდენცია ახასიათებს (იხილეთ დიაგრამა). ამ ფონზე, ლარის კურსის მიმდინარე რყევა საგანგაშო ტენდენციას არ წარმოადგენს.