საჭიროა თუ არა აუდიტი
ეკა გაბადაძე
ენრონიდან რამდენიმე კვირაში, ასევე აშშ-ში მასშტაბით, მეოთხე გაკოტრება დაფიქსირდა – Gლობალ Dროსსინგ-მა თავი ბანკროტად გამოაცხადა. ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ ორივე მათგანის აუდიტორი Aრტჰურ Aნდერსენ-ი გახლდათ. ადვილი წარმოსადგენია, როცა ასეთ სიტუაციაში მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიული სახელმწიფო აღმოჩნდება, რა შეიძლება დაემართოს საქართველოს, რომელიც აუდიტის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესშია.
ქართული რეალობისთვის აუდიტი ახალი ხილია და, ალბათ, ამიტომ მისი ფუნქციების განხორციელებას ცივილური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახე ჯერ კიდევ არ მისცემია. აუდიტის ინსტიტუტი თითქმის 5 წელია, რაც საქართველოში დამკვიდრდა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი აუდიტორული ფირმა თუ კომპანია შეიქმნა, მომზადდა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც აუდიტის საქმიანობას უზრუნველყოფს, თუმცა, ხარვეზები და ნაკლოვანებები მაინც თვალში საცემია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი გაკოტრება შემთხვევით არ არის ნეხსენები. ჩვენი წერილის მომზადების მიზანი აუდიტის ინსტიტუტის მოქმედების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, პასუხისმგებლობისა და სხვა საინტერესო დეტალების გარკვევა გახლდათ. სამწუხაროდ, აუდიტის ინსტიტუტმა “მახინჯი” ფუნქციები შეიძინა, რამაც, გარკვეულწილად, დასცა მისი იმიჯი როგორც მეწარმეთა, ისე მოსახლეობის თვალშიც. თუმცა, ექსპერტები დადებით მომენტებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ აუდიტორული საქმიანობის საუკეთესო წლები საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს.
ელენე ხარაბაძე, დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა კავშირის პრეზიდენტი, “ელკო-აუდიტის” დირექტორია, მაგრამ ამის მიუხედავად პრობლემები არ აკლია.
ელენე ხარაბაძე: “აუდიტორული საქმიანობა საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, რაც მთავარია, იგი მეწარმეებისათვის და მეწარმეობის განვითარებისათვის ხელშემწყობია. აქედან გამომდინარე, ყველა ასპექტში აუდიტორული საქმიანობა საშურია. ყველა საბაზრო ეკონომიკაზე მომუშავე ქვეყანა, იყენებს ამ ინსტიტუტს და არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. უკვე საკმაო დრო გავიდა, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ზოგიერთი ხარვეზი თუ ბაზარი შესამჩნევია. საერთოდ, აუდიტორულ საქმიანობას ნაკლი არ უნდა ჰქონდეს, იგი მხოლოდ დადებითი უნდა იყოს როგორც სახელმწიფოსათვის, ისე მეწარმისათვის, თუმცა, პრაქტიკა ამის დასტური არ არის.
რა არის ამის მიზეზი?
პირველ რიგში, ეკონომიკა და ეკონომიკური სტრუქტურები იმ დონეზე ვერ ფუნქციონირებენ, რომ აუდიტი აუცილებელი იყოს. ამას ხელს უწყობს მეწარმეთა დიდი ნაწილის გაუთვითცნობიერებლობა აუდიტის ფუნქციაში და ამდენად არც ენდობიან მას და არც ვალდებულებას აკისრებენ. გამოდის, რომ ეს არის საგადასახადო ანგარიშგების წარდგენისას ერთ-ერთი ატრიბუტი. მეორე მიზეზი – აუდიტორთა დიდი უმრავლესობა ეთიკის ნორმებს არღვევს და საბაზრო ეკონომიკის ყველა ცუდი მხარე სწორედ ამ ურთიერთობებში ამოქმედდება. ვგულისხმობ, მეწარმეთა გადაბირების მცდელობას და ა.შ. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ საქართველოში მომრავლდნენ აუდიტორები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ბეჭდის დასმით შემოიფარგლებიან აუდიტორულ დასკვნაზე, რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებელია საგადასახადო სამსახურებისათვის, საგადასახადო ანგარიშგების ჩაბარების დროს. აქედან გამომდინარე, აუდიტორული საქმიანობის შესრულების ანაზღაურება მინიმუმამდე დავიდა. აუდიტორის წინაშე რომელ მომსახურებაზე, ვალდებულება-მოვალეობაზე და მეწარმის ვალდებულებაზე (სახელშეკრულებო კონტრაქტის გარიგებიდან გამომდინარე) შეიძლება იყოს საუბარი? აუდიტორები ამ “ფუნქციას” 20 ლარად ან ერთი თავი ყველის ფასად ასრულებენ. ძალიან მნიშვნელოვანია აუდიტორის პასუხისმგებლობის საკითხი, საქართველოში არ არსებობს, ან ძალიან ცოტაა ისეთთა რაოდენობა, რომელთაც ლიცენზია ჩამოერთვათ. ნუთუ, ყველა აუდიტორი ასე მაღალ დონეზე მუშაობს? არსებობს უამრავი საწარმო, სადაც აუდიტორს დადებითი დასკვნა აქვს დაწერილი, თუმცა, რეალობა სხვაგვარია. სამაგიეროდ, პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ჩემი აზრით, ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს სიტუაცია. მეწარმე უნდა დარწმუნდეს, რომ აუდიტორი მხოლოდ მისი დამხმარეა. ამით მოწესრიგდება მისი საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობის ფუნქციონირება”.
აუდიტის აუცილებლობა და მისი საქმიანობის ეფექტურობა, ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს.
“საბაზრო ეკონომიკის ძირითადი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ფინანსური ანგარიშების მომხმარებელს აინტერესებს ინფორმაცია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს საწარმოს აქტივების, ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის შესახებ, ანუ იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზე მას მიეცემა საშუალება, დაადგინოს საწარმოს ფინანსური სტრუქტურა, ლიკვიდურობა და გადახდისუნარიანობა. ინფორმაცია ფინანსური სტრუქტურების შესახებ სასრგებლოა იმისათვის, რომ მას საშუალება მიეცეს განისაზღვროს მომავალი მოთხოვნა სესხების მიღებაზე და ის პრინციპები, როგორ უნდა განაწილდეს მომავალში მოგება და ფულადი სახსრები მესაკუთრეთა შორის. ეს ინფორმაცია განსაზღვრავს, თუ რამდენად გაიზრდება საწარმოს შემდგომი დაფინანსება, აგრეთვე საწარმოს ლიკვიდურობა და გადახდისუნარიანობა, მისი ფინანსური ვალდებულებების უნარი და სხვა…
პერსპექტიული ფინანსური ინფორმაციის მომხმარებელთა წრე ფართოა. მენეჯერებს იგი სჭირდებათ, რათა ეფექტიანად მართონ ბიზნესი და მუდმივად გააუმჯობესონ მიღებულ გადაწყვეტილებათა ხარისხი. აქციონერებს სურთ, შეაფასონ მენეჯერთა საქმიანობა და ბიზნესიდან მიღებული (ან მოსალოდნელი) შემოსავლების სიდიდე; მომწოდებლებს აინტერესებთYორგანიზაციის შესაძლებლობანი ვალების გადახდის თვალსაზრისით, ხოლო მომხმარებელი დაინტერესებულია, რამდენად საიმედოა ფირმის მიერ ბაზარზე საქონლის მიწოდება; ბანკებს და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციებს სჭირდებათ მონაცემები ფირმის მოკლე და გრძელვადიანი სესხების დაფარვის შესაძლებლობის თვალსაზრისით; საგადასახადო სამსახურს სჭირდება ინფორმაცია ფირმის მოგების შესახებ, რათა ზუსტი გადასახადი დაუწესოს მას; ფირმის თანამშრომლებს სურთ იცოდნენ, რა მდგომარეობაშია მათი ორგანიზაცია. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ პერსპექტიული ფინანსური ინფორმაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ეკონომიკური სუბიექტის ხელმძღვანელობას საშუალება ეძლევა, მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია სამართავი სისტემის მომავალი პროგნოზირების რეალური მდგომარეობის შესახებ და, შესაბამისად, შეიმუშაოს სათანადო ღონისძიებები მისი ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამ მოთხოვნების მონაცემებს შეიცავს პერსპექტიული, ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, პროგნოზირებული ინფორმაცია, სადაც ასახულია ეკონომიკური სუბიექტის ცნობა საწარმოს მომავალ ფინანსურ მდგომარეობაზე, მისი საქმიანობის მომავალ ფინანსურ შედეგებსა ან მომავალში მისი ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის ცალკეულ მხარეებზე.
აუდიტორმა პერსპექტიული ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის შემოწმებისას უნდა გაითვალისწინოს ის განსაზღვრული გარემოებები, რომელიც გარდაუვლად თან ახლავს ფინანსურ ანგარიშგებებში ასახულ სამეურნეო ოპერაციებს და მოვლენებს. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ასეთ ინფორმაციაში გამოირიცხოს ისეთი ფაქტები, როდესაც ადგილი აქვს აქტივებისა და მოგების გადაჭარბებით შეფასებას (ან შემცირებას), აგრეთვე ხარჯებისა და ვალდებულებების შემცირებას, რადგან ასეთი ფაქტების დაშვებით ფინანსური ანგარიშგება აღარ იქნება ნეიტრალური და დაკარგავს როგორც საიმედოობის, ისე ნეიტრალობის თვისებებს. ამ მიზნით საპროგნოზო მონაცემების შეჯერებისას აუდიტორმა უნდა გაითვალისწინოს ორი მომენტი:
პირველი – აუდიტორმა უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია წარმოდგენილი პროგნოზირებული გაანგარიშებები, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, ეკონომიკური სუბიექტი ასეთ გაანგარიშებებს მოუფიქრებლად, უყურადღებოდ ადგენს, მისი შედგენის წესების დარღვევით. ასეთი შემთხვევის დადგენისას, აუდიტორმა ეს მონაცემები არ უნდა ჩათვალოს სანდოდ, რადგან იგი არ წარმოადგენს ფასეულ მტკიცებულებებს. აღნიშნულის გამო, აუდიტორი ვალდებულია, ეკონომიკური სუბიექტის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლოს ამ მონაცემების შედგენის პრინციპი, მისი დასაბუთების მართებულობა და ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც შემდგომში ამ მონაცემების შეფასების საფუძველი გახდება.
მეორე – არ არის გამორიცხული იმის ალბათობა, რომ ეკონომიკურმა სუბიექტმა შეცვალა ფინანსური ინფორმაცია და იგი შეაჯერა პროგნოზირებულ გაანგარიშებას. ამ შემთხვევაში, აუდიტორი ვერ დაადგენს განსხვავებებს ფაქტობრივი და პროგნოზირებული მონაცემების შეფასებისას, შეცდომებს ფინანსურ ანგარიშგებაში. ასეთი ფაქტების დადგენისას, ალბათობის მინიმუმამდე დასაყვანად, აუდიტორმა უნდა გამოიყენოს კონტროლის რისკის შეფასების მეთოდი”. (აუდიტორული საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარე, ნოდარ ქებაძე, ჟურნალი “აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები” #3 (27) 2002).
ნებისმიერი ახალი ინსტიტუტის შემოღებას, ბუნებრივია, თან სდევს უამრავი პრობლემა. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროფესიონალები მიღწევებზეც საუბრობენ.
გიორგი ცერცვაძე (“ააფ – მენეჯმენტის” ხელმძღვანელი): მიღწევაა ის, რომ აუდიტის ინსტიტუტის არსებობის შესახებ იცის ყველა მეწარმემ, არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც თანდათანობით კიდევ უფრო დაიხვეწება და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების გადმოქართულებული ვარიანტი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოღვაწე აუდიტორისათვის და ეს სტანდარტები შეუძლიათ გამოიყენონ მუშაობისას (თუ საუბარია ნამდვილ აუდიტზე).
ახსენეთ “ნამდვილი აუდიტი”, თქვენი აზრით, საქართველოში ასეთი ტიპის აუდიტიც მოქმედებს?
კლასიკური სახით აუდიტი საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების, ანუ საწარმოს ბალანსის დადასტურებას და საქმიანობის ეფექტურობის (მოგება-ზარალის) ანგარიშგების დადასტურებას გულისხმობს. თუმცა, ეს ყველაფერი აშკარად გადაწეულია უკანა პლანზე. ჩვენში, ძირითადად, აუდიტი არის არა აუდიტი, არამედ საგადასახადო კონსალტინგი. აუდიტორებისგან, ძირითადად, საგადასახადო დეკლარაციის სისწორის გადამოწმებას და დადასტურებას მოითხოვენ, ხოლო შემდგომ, დავის წარმოშობის შემთხვევაში, საწარმოს ინტერესების დაცვას. ეს ყველაფერი კლასიკური აუდიტის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კლასიკურ აუდიტზე მოთხოვნილება ჩნდება იქ, სადაც აღრიცხვა შესაბამისობაშია რეალურ საქმიანობასთან, ანუ ე.წ. თეთრი აღრიცხვის შემთხვევაში, რადგან სხვა შემთხვევაში თუ საწარმო არ აწარმოებს “თეთრ” აღრიცხვას რომელი აქტივების, ვალდებულებების, ან მოგება-ზარალის დადასტურებაზე უნდა იმუშაონ აუდიტორებმა, როდესაც ისინი მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ასახული მასალებით ხელმძღვანელობენ. ანუ აპრიორი უკვე ცნობილია, რომ აუდიტორი ვერ დაადასტურებს იმ აქტივებს, ვალდებულებებს, მოგება-ზარალს, რომელიც სინამდვილეში ამა თუ იმ სამეურნეო სუბიექტს გააჩნია. შესაბამისად, აუდიტორი მხოლოდ საგადასახადო კონსალტინგით შემოიფარგლება. ეს ყველაფერი აუდიტის დამახინჯებაა.
აშშ-ში გახმაურებული გაკოტრების მიზეზად ერთ-ერთ უმსხვილეს აუდიტორულ ფირმას “ანდერსენს” ასახელებენ. ყოფილა თუ არა საქართველოში ანალოგიური შემთხვევა და საერთოდ, რა დონეზეა აუდიტორთა პასუხისმგებლობის საკითხი?
საკანონმდებლო დონეზე აუდიტორის მაქსიმალური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ლიცენზიის ჩამორთმევა. თუ დადასტურდება აუდიტის დაბალ დონეზე ჩატარების ფაქტი, სათანადო ორგანოების ან სამეურნეო სუბიექტის ჩივილის საფუძველზე აუდიტორული საქმიანობის საბჭო ლიცენზიას ჩამოართმევს. რაც შეეხება ნამდვილ პასუხისმგებლობას, ეს უკვე დამკვეთსა და აუდიტორს შორის დადებულ ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული, ანუ აუდიტორი აგებს პასუხს დამკვეთის წინაშე მხოლოდ იმ ფორმითა და იმ მასშტაბით, როგორითაც ეს ასახულია ხელშეკრულებაში. ცხადია, ხდება დანაშაულებრივი გარიგებებიც, სადაც უკვე გამოძიების საქმეა, დაადგინოს ბრალეული მხარეების წილი.
კანონმდებლობით, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება სამეურნეო სუბიექტს. ხელშეკრულების ზოგიერთი ნაწილი მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. აქვს თუ არა აუდიტს დავის დროს ამ ინფორმაციის აფიშირების უფლება?
კონფიდენციალურ ანგარიშს აუდიტორი დამკვეთს წარუდგენს, სადაც ის ბევრ ისეთ მოსაზრებას გამოთქვამს, რომელიც საჯარო განხილვის საგანი არ უნდა გახდეს. თუ ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ აუდიტორის პასუხისმგებლობა მოხსნილია იმ შემთხვევაში, თუკი მან გააფრთხილა დამკვეთი სხვადასხვა მომენტების შესახებ, მაშინ, ბუნებრივია, დამკვეთის ჩივილის შემთხვევაში, აუდიტორს შეეძლება ამ კონფიდენციალური ანგარიშის გამოყენება. შესაძლოა, ხელშეკრულებაში ასეთი მუხლი გათვალისწინებული არც იყოს და კონფიდენციალური ანგარიშის გამოქვეყნება დამატებითი სარჩელის აღძვრას გამოიწვევს. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – აუდიტორული შემოწმება სავალდებულოა, მაგრამ ეს ფაქტორი ჩვენში არასწორად იქნა გაგებული – აუდიტი არ შეიძლება დავიდეს რაღაც ქაღალდის გაცემაზე, 5 წუთში ბეჭდის დარტყმაზე, რაც კეთდება ზოგიერთ საგადასახადო ინსპექციაში – ბალანსის ჩაბარების დროს იქვე მჯდომი აუდიტორი (რომელიც გაურკვეველია საერთოდ რატომ ზის საგადასახადო ინსპექციაში) მიზერული თანხის საფასურად შუუმოწმებლად ურტყამს ბეჭედს ქაღალდს. ეს გახლავთ აუდიტის ინსტიტუტის სავალდებულოობის ბოროტად გამოყენება.
ხომ არ დადგა დრო გაუქმდეს აუდიტის სავალდებულოობა?
ამ ფაქტორმა, სხვათა შორის, გარკვეულწილად დადებითი როლი ითამაშა. ამის გარეშე აუდიტის ინსტიტუტი საქართველოში ჯეროვნად ვერ განვითარდებოდა. ჩემი აზრით, აუდიტი სავალდებულო უნდა იყოს მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანაში მეწარმეთა თვითშეგნება არ ამაღლდება, დამოუკიდებელი კონტროლის მექანიზმი აუცილებელია, მაგრამ სავალდებულო აუდიტი არ უნდა გადაიქცეს ფიქციად. ძალიან ბევრი მეწარმე ხვდება ამ ინსტიტუტის აუცილებლობას, ისეთი ხალხიც კი მოდის თანამშრომლობაზე, რომელნიც აუდიტორული საქმიანობისთვის საჭირო არცთუ ისე მცირე ხარჯებს ადრე არ გაიღებდნენ. ამ მხრივ, პროგრესი თვალშისაცემია. იმედი მაქვს აუდიტის საუკეთესო წლები წინ არის!
დასკვნისათვის: არ გვსურს, რომ ბატონი გიორგის ოპტიმიზმი მცირედით მაინც არ გავიზიაროთ, მაგრამ ქართველების ფანტაზიის გასაქანს საზღვარი რომ არა აქვს, ესეც ცნობილია. ჩვენ, სამწუხაროდ, საკმაოდ ოსტატურად ვირგებთ კანონებს და ვპოულობთ მათში შავ თუ თეთრ ხვრელებს ისე, რომ შემდეგ ვიწრო პიროვნულ ინტერესებს სახელმწიფოებრივი ინტერესები წარმატებით შევწიროთ. ცნობისათვის, საქართველოში აუდიტის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ, თითქმის 5 წლის განმავლობაში აუდიტორთა საქმიანობის საბჭომ მხოლოდ 7 ფირმას ჩამოართვა ლიცენზია.