ახალი ენერგეტიკული რუკის მოლოდინში
საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შემოდგომისთვის გაწევრიანდება. ამის თაობაზე მოლაპარაკებები ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის, გიუნტერ ოტინგერის თბილისში ვიზიტით დაიწყო. „საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. გასული წლის ნოემბერში ვილნიუსში საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა და ამით შევიდა თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში. დღეიდან მოლაპარაკებებს ვიწყებთ საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე.
ევროკავშირის გუნდი მხარს უჭერს ამ იდეას. ვთვლით, რომ საქართველო არის და იქნება სათანადო პარტნიორი ევროპისა ამ სფეროშიც. თუ გადავხედავთ აზერბაიჯანს და ნავთობს, რომელიც იქ არის და რომელიც შეიძლება გავიდეს სამხრეთ კორიდორში საქართველოს გავლით, ეს ძალიან საინტერესოს ხდის თქვენს ქვეყანას, ვინაიდან ის არის უმნიშვნელოვანესი ზოლი რეგიონში“, – განაცხადა ოტინგერმა.
ევროკომისარის განცხადებით, დასავლეთი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვით არის დაინტერესებული. „ევროკავშირი ცდილობს მოიზიდოს ინვესტიციები საქართველოში, რათა საქართველოს ენერგოსისტემა უფრო გაძლიერდეს და თქვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს უფრო მდგრადი. ჩვენ გავცვლით მოსაზრებებს და გავუზიარებთ გამოცდილებებს ერთმანეთს და ხელს შევუწყობთ ინვესტიციებს თქვენ ქვეყანაში“, – განაცხადა გიუნტერ ოტინგერმა.
საქართველოში ასევე იმყოფებოდა გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი. დელეგაციის შემადგენლობაში ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები შედიოდნენ, როგორიცაა: „სიმენსი“, გერმანიის რკინიგზა, გერმანიის ბანკი და „ჰაიდელბერგ ცემენტი“.
ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, დაახლოებით, 6-8 თვეს გაგრძელდება და შეთანხმებას ხელს, სავარაუდოდ, მოქმედი ევროკომისიის ვადის ამოწურვამდე, მიმდინარე წლის ოქტომბრამდე, მოაწერენ.
რას ნიშნავს ევროკავშირის ენერგეტიკული პოლოტიკა? რამდენადაა მზად საქართველო ამ პრინციპების მისაღებად?
ევროპის ენერგო პოლიტიკა
ევროპა უკვე დიდი ხანია ცდილობს საკუთარი ენერგო დამოკიდებულების დივერსიფიცირებას. მისი პოლიტიკა ითვალისწინებს, როგორც ტრადიციული ენერგომატარებლების იმპორტის წყაროების გაზრდას და ერთ იმპორტიორზე დამოკიდებულების შემცირებას, ასევე ტრადიციული ენერგიის განახლებადი ენერგოწყაროებით ჩანაცვლებას. განსაკუთრებით წარმატებული ქვეყანა „ენერგეტიკული რევოლუციის“ თვალსაზრისით, გერმანიაა. რამდენიმე წლის წინ ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ შეიმუშავა კონცეფცია ატომური ენერგიის განახლებადი ენერგო წყაროებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. განვითარების სტრატეგია მოცემულია ენერგეტიკულ კონცეფცია 2050-ში. გერმანია მსოფლიოში ელექტრო ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია, მსოფლიოში ამ მაჩვენებლით ის მე-5 ადგილზეა. ამასთანავე, გერმანია მესამე ადგილზეა ბუნებრივი აირისა და მეოთხეზე – ნახშირის მოხმარების მხრივ. გერმანიის ენერგომოხმარებაში ყველაზე დიდ მოცულობას იკავებს ნავთობპროდუქტები (34.6%) და გაზი (21.7%). ამასთანავე, ამ რესურსებიდან გერმანიას საკუთარი, ადგილობრივი, რესურსებით, ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქიონირებისთვის საჭირო მოცულობის მხოლოდ 4%-ის წარმოება შეუძლია. მაგალითისათვის, შლეზვინგ-გოლშეინის საბადო, რომელიც გერმანიის წამყვანი საბადოა, წელიწადში 24 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, იმდენს, რამდენსაც საუდის არაბეთის მსხვილი საბადოები 1 კვირაში. ამიტომაც, გერმანია ნავთობპროდუქტების იპორტიორია, ძირითადად, ნორვეგიიდან და რუსეთიდან.
რაც შეეხება გაზს, გერმანია საკუთარი საჭიროების მხოლოდ 15%-ს აწარმოებს, 37% შემოაქვს რუსეთიდან, 26% ნორვეგიიდან, 18% კი -ჰოლანდიიდან, დანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან – 4%. გერმანიაში გაზი უკრაინისა და იამალ-ევროპის გაზსადენით (რომელიც ბელორუსიაში გადის) მიეწოდება. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე, ნათელია, თუ რატომ სურს გერმანიას ტრადიციული ენერგო წყაროების განახლებადი ენერგიით ჩანაცვლება.
ამ ეტაპზე, გერმანიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა 2050 წლისთვის გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც სრულად იქნება გადასული განახლებად ენერგოწყაროების გამოყენებაზე. გერმანიის ენერგეტიკული კონცეფციის მიხედვით, უკვე 2020 წლისთვის ალტერნატიული ენერგოწყაროებით მიღებული ენერგია საერთო მოხმარების 47%-ს უნდა შეადგენდეს.
გლობალური დათბობის ტემპების შესამცირებლად და კლიმატური კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად, ექსპერტთა შეფასებით, განვითარებულმა ქვეყნებმა უახლოეს პერიოდში 95%-ით უნდა შეამცირონ ნახშირორჟანგის გამოყოფა. გერმანიაში გამოყოფილი ნახირორჟანგის 40% ელექტროენერგიის წარმოებაზე მოდის. გერმანიის მიზანია განახლებადი ენერგიის წილი ელექტროენერგიის წარმოებაში 2020 წლისთვის დღეს არსებული 17%-იანი მაჩვენებლიდან 35%-მდე გაიზრდოს. 2030 წლისთვის 50%-მდე, 2050 წლისთვის კი 80%-მდე.
გერმანიის ფედერალური მთავრობა კონცეფციის შესრულების მკაცრ მონიტორინგს ატარებს. გერმანიის ფედერალური მთავრობის ენერგეტიკული კონცეფციის მიხედვით, 2030 წლისთვის გერმანიის მთლიან ენერგომოხმარებაში განახლებადი ენერგიის წილი 30%-მდე უნდა გაიზრდოს, 2040 წლისთვის – 45%-მდე და 2050 წლისთვის – 60%-მდე. შესაძლებელია თუ არა იმხელა ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, დაეყრდნოს მხოლოდ განახლებად ენერგო წყაროებს? შესაძლებელია თუ არა ქარისა და მზის ენერგიით გერმანიის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება? განახლებად ენერგოწყაროებზე მომუშავე ექსპერტთა შეფასებით, ამ წყაროებს დიდი პოტენციალი აქვს. დღეს მისი წილი ენერგომოხმარებაში 17%-ია და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. გარდა ენერგოწყაროების შეცვლისა, მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მხრიდან ენერგოდაზოგვის უნარ-ჩვევებიც. კრიზისის თავიდან აცილებაში დიდი იქნება ელექტროსადგურების წილი, ქარისა და მზის ენერგიის მიღება-მოხმარების გაზრდასთან ერთად.
გერმანიაში, ისევე როგორც ალეტრატიულ ენერგო წყაროებზე გადასვლის მსურველ სხვა ქვეყნებში, პოლტიკის კრიტიკოსები ხშირად სვამენ კითხვას, რამდენად შეუძლია განახლებად ენერგოწყაროებს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას შუწყონ ხელი? ამ კთხვაზე საპასუხოდ კონცეფციის ავტორებს უკვე მოჰყავთ ის არგუმენტები, რომ განახლებადი ენერგიის სფეროში, გერმანიაში უკვე დასაქმებულია 370 000 ადამიანი, 2030 წლისთვის კი მოსახლოდნელია მათი რაოდენობის ნახევარ მილიონამდე ზრდა.
ასევე, ტარდება ფუნდამენტალური კვლევები და ხდება ინოვაციების დანერგვა. ევროსაბჭო უკვე მუშაობს ევროპის შიდა ენერგო ბაზრის შექმნის კონცეფციაზე. გერმანიის პრეზიდენტობის დროს ევროკავშირმა 2020 წლისთვის ამბიციური გეგმა დაისახა: განახლებადი ენერგიის წილის 20%-მდე ზრდა; ენერგოეფექტურობის ასევე 20%-მდე ზრდა და ნახშირორჟანგის გამოყოფის 20%-ით შემცირება 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით. უმნიშვნელოვანესი საკითხია ის, თუ როგორ უნდა „აიძულოს“ ხელისუფლებამ მოსახლეობა უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ენერგია. გერმანიის ფედერალური მთავრობამ ამისათვის სპეციალური ენერგოეფექტურობის ფონდი შექმნა, რომელის ძირითადი მიზანიც სოციალური აქტივობების განხორციელება და მოსახლეობაში ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებაა. ფონდის კომპეტენციაში ასევე არის ისეთი აქტივობები, როგორიცაა: შენობების ენერგეტიკული რეკონსტრუქცია, სახლებში ენერგომოხმარების დაზოგვის ეფექტიანობა, ამასთანავე, შენობებისთვის არსებობს ე.წ. ენერგეტიკული პასპორტი, სადაც მოცემულია შენობის ყველა პარამეტრი ენერგო მოხმარებასთან დაკავშირებით. მხოლოდ 2010-11 წლებში გერმანიაში პროგრამის სამეცნიერო ნაწილზე დახარჯული იყო 1,27 მილიარდი ევრო, ფუნდამენტალური კვლევებისა და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარებისთვის.
განსაკუთრებით დიდი თანხები იხარჯება ენერგიის შენახვის ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვაზე. 2011 წლისთვის გერმანიის ეკონომიკა 3%-ით გაიზრდა და ყველაზე ძლიერი ეკონომიკის სტატუსი მოიპოვა იმ წელს.
ენერგოეფექტურობის პოლიტიკამ კი გერმანიაში 10-ჯერ მეტი შედეგი გამოიღო აშშ-თან შედარებით. ენერგიის მოხმარება გერმანიაში 5.3%-ით შემცირდა 2011 წლისთვის, ელექტრო ენერგიის მოხმარება 1.4%-ით შემცირდა, ნახშირორჟანგის გამოყოფა კი 2.8%-ით. 2012 წლისთვის გერმანიის ბირთვული ენერგიის გენერაციამ 20-წლიან მინიმუმს მიაღწია. განახლებადი ენერგიის წილი მთლიან გერენაციაში 23%-მდე გაიზრდა. ამ წელს გერმანიის მშპ 0.7%-ით გაიზარდა, ამავე დროს, ელექტრო ენერგიის გამოყენება 1.3%-ით შემცირდა.
გერმანია არ არის ერთად ერთი ქვეყანა, რომელსაც განახლებად ენერგოკონცეფიაში წარმატება აქვს. 2012 წლისთვის დანიის ელექტროგენერაციის 41% განახლებად ენერგიაზე მოდიოდა, იგივე მაჩვენებელი 2013 წელს ესპანეთში – 48%, ხოლო პორტუგალიაში – 70% იყო. მზისა და ქარის ენერგიის გენერაციაში დიდი წინსვლა აქვთ იაპონიასა და ჩინეთსაც. რაც შეეხება მთლიანად ევროპას: როგორც აღვნიშნეთ, ევროპის მიზანია 2020 წლისათვის ნახშირორჟანგის გამოყოფა 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით შეამციროს. შენობები ამჟამად ევროპაში მოხმარებული ენერგიის 40%-ს მოიხმარენ და მათზე მოდის ნახშირორჟანგის გამოყოფის 36%. აღსანიშნავია, რომ ევროპა გამოირჩევა ძველი, ძირითადად 1960-იან წლებში აშენებული შენობა-ნაგებობების სიმრავლით, რომელთაც თანამედროვე ენერგოსტანდარტების მოთხოვნების დასაკვაყოფილებლად რეკონსტრუქცია სჭირდებათ. მაშინ, როცა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში მშენებლობების ბუმია, სადაც შენობებს უკვე ენერგოკონცეფციების სტანდარტების შესაბამისად აშენებენ. ევროპაში ახალაშენებული ფართები მხოლოდ 1%-ია.
რუსეთის ახალი ენერგეტიკული პოლიტიკა
რუსეთი უკვე „შეაწუხა“ევროკავშირის მიერ ენერგეტიკის სფეროში შემუშავებულმა რეგულაციებმა, რომელთა თანახმად, მცირდება ისეთი გიგანტი კომპანიების გავლენა, როგორიც, მაგალითად, „გაზპრომია“. მოსკოვის განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს მუხლი, რომელიც ევროპაში მომუშავე ენერგეტიკული კომპანიებისგან ითხოვს, ენერგიის მოპოვება სადისტრიბუციო ქსელებისგან განაცალკევონ. ევროპის კომისიის განცხადებით, მას ანტიკონკურენტული ქმედების არა ერთი მტკიცებულება მოეპოვება – მტკიცებულება, რომ კონტინენტზე მოქმედი გიგანტი ენერგეტიკული კომპანიები, მაგალითად, მესამე მხარეს არ აძლევენ მილსადენებით სარგებლობის საშუალებას. მესამე ენერგეტიკული პაკეტი არ წარმოადგენს ერთად ერთ საკითხს, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში უთანხმოებას წარმოშობს.
ნავთობის და გაზის დიდი რეზერვებითა და მილსადენების ფართო სისტემით რუსეთი დიდი ხანია მთავარი ენერგეტიკული მოთამაშეა კონტინენტზე. ის ევროკავშირს იმპორტირებული გაზის 45 პროცენტს აწვდის და ახლო კავშირები აქვს ისეთ გავლენიან ევროპულ ქვეყნებთან, როგორიც, გერმანიაა. მაგრამ ევროკავშირის შედარებით ახალ, აღმოსავლელ წევრებს აშინებთ „გაზპრომის“ მსგავსი გიგანტი კომპანიების უზარმაზარი გავლენა და ამიტომ ისინი გამოდიან მოწოდებით, შეიქმნას ერთიანი ენერგეტიკული ბაზარი, სადაც ძლიერი რეგულაციები იმუშავებს. გასული 3 ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის მთავარი საზრუნავი, ისევე როგორც ეკონომიკის სხვა სექტორებში, ასევე ენერგეტიკაშიც, საგეგმო მეურნეობიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და სექტორისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვა იყო.
რუსეთის ენერგეტიკული კონცეფციის მიხედვით, ქვეყნის ენერგო სექტორს 2030 წლისთვის 600-800 მილიარდის ინვესტიცია სჭირდება. აქედან, ბირთვული ენერგიის საწარმოებლად საჭიროა 139 მილიარდის ინვესტიცია; თერმულ ენერგოსექტორში – 290 მილიარდი, ჰიდრორესურსების საწარმოებლად -125 მილიარდი, ხოლოს ამ ყველაფრის მენეჯმენტი და მმართველობა 334 მილიარდის დანახარჯებს საჭიროებს. შეძლებს კი რუსეთი ამხელა დანახარჯების უკან ამოღებას? კრემლის მთავარი საზრუნავი ენერგომატარებლების ფასებია. მაშინ, როცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსოფლიო მათგან თავის დაღწევასა და ალტერნატიულ ენერგო წყაროებზე გადასვლას აქტიურად ცდილობს.
მსოფლიოს ენერგო პოლიტიკა
2012 წელს გაერომ 2030 წლისთვის განახლებადი რესურსების გამოყენებისა და ენერგო-ყაირათიანობის გაორმაგება დაისახა მიზნად. გამონაბოლქვის გამო უკანასკნელი 20 წლის მანძილზე 3.3 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ყოველწლიურად 13 მილიონი ჰექტარი ტყე ნადგურდება. ეს ტერიტორია დაახლოებით ინგლისის ზომის ადგილია. ნახშირორჟანგის გამოყოფა 50 პროცენტით გაიზარდა, რის გამოც მალე დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურა ისტორიულ მაჩვენებლზებზე 4 ცელსიუსით მეტი იქნება.
ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება ეს სტრატეგია. ამ დროისათვის მსოფლიოში 1.3 მილიარდ ადამიანს ელექტროენერგია არ აქვს, მაგრამ ეს რაოდენობა, სავარაუდოდ, მალე შეიცვლება, რადგანაც არსებული გათვლებით, მსოფლიოში დღეს მაცხოვრებელი 2 მილიარდი საშუალო ფენის ადამიანის ნაცვლად, 2050 წელს მათი რიცხვი 5 მილიარდამდე გაიზრდება. ეს კი ელექტროფიცირების ხარისხის გაუმჯობესებას ნიშნავს.
ამჟამად, 59 ქვეყანაში 1200 ქვანახშირის ელექტრო სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. მათი უმრავლესობა ჩინეთსა და ინდოეთში აშენდება. ეს ორი ქვეყანა კი კლიმატის ყველაზე მსხვილი დამბინძურებელია ნარშირორჟანგის გამოყოფით. თუმცა მსოფლიოს ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა გეგმის განხორციელება მცირედით შეაფერხა. 2012 წელს განახლებადი ენერგიის წარმოება უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. პოლიტიკოსთა ნაწილი ამ ტენდენციის შეცვლის მოლოდინშია. მაგრამ
არიან სკეპტიკურად განწყობილი სპეციალისტები, რომელთა შეფასებითაც, მსოფლიო მალე გახდება „განახლებადი ენერგიის საპნის ბუშტის გახეთქვის“ მოწმე. მათი არგუმენტებით, მთავრობებმა მწვანე ენერგიაში დიდძალი თანხები ჩადეს და დიდი ვალები აიღეს.
ევროპისა და ამერიკის ეკონომიკას თუ შევხედავთ, რთული არაა იმის გაცნობიერება, რომ მთავრობებს მალე მოუწევთ დანახარჯების შემცირება, რაც მწვანე ენერგიის პროექტებზეც იქნება ასახული. ამის გათვალისწინებით, სკეპტიკურად განწყობილი სპეციალისტები, მთავრობების ინვესტიციების განახლებად ენერგიაში მნიშვნელოვნად შემცირდებას პროგნოზირებენ. ისინი იმედს არც კერძო სექტორზე ამყარებენ და ელოდებიან, რომ კერძო ინვესტორები ამ მიმართულებაში ფულის ჩადებას მოერიდებიან, ვინაიდან განახლებადი ენერგო-წყაროები ჯერი ისევ აუთვისებელი სფეროა.
ფაქტია, რომ მსოფლიოს ენერგეტიკულ რუკაზე ძალათა გადანაწილების ახალი ფაზა იწყება. ვინ იქნება მოგებული და ვინ წაგებული მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია ისიც, რომ, ერთი მხრივ, ექსპორტიორ ქვეყნებს შეუძლიათ მდგომარეობის გამოსწორება განახლებად ენერგიებში ინვესტირებით, ინოვაციური მიდგომების შემუშავებითა და დასახული კურსით სვლით, მეორე მხრივ, ტრადიციული ენერგომატარებლების იმპორტიორ ქვეყნებს ახალ კონცეფციებზე და ახალ მოთხოვნებზე მოუწევთ მორგება. როგორი შეიძლება იყოს მსოფლიოს ენერგეტიკული განვითარების პერსპექტივები? საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ენერგომომწოდებელი, რუსეთი, აგრესიული პოლიტიკით გამოირჩევა და ბუნებრივ რესურსებს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
დღეს ევროპა აქტიურად ცდილობს კრემლის წნეხისგან გათავისუფლებას და მის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას. როგორია ამასობაში საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია და გააჩნია თუ არა? რა ვითარებაა ქვეყანაში განახლებად და ალტერნატიულ ენერგოწყაროებთან მიმართებაში? როგორია ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა? რა გზა უნდა აირჩიოს ქვეყანამ – ჰიდრო ელექტრო სადგურები თუ ალტერნატიული ენერგეტიკული პროექტები? ეს ის საკითხებია რომლის შესახებაც განხილვებს ჩვენი ჟურნალი მომდევნო ნომრებიდან სისტემატიურად შემოგთავაზებთ.