ტაში “ტაჰალს”, ვავა “თბილგაზს”!
ეკა გაბადაძე
პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებს შორის საჯილდაო ქვად ქცეული საკითხის “თბილგაზის” პრივატიზების რეალური მსურველი უკვე გამოჩნდა ისრაელის კომპანიის “ტაჰალის” სახით. თუმცა, კომპანიის გამოჩენა და საერთოდ, პრივატიზების პროცესის წარმართვა ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან დედაქალაქის სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მსურველთა ინტერესები არაერთხელ გადაიკვეთა (რუსული, ამერიკული თუ ქართული ძალების მონაწილეობით). საბოლოოდ, როგორც ჩანს, მოთმინება და გამძლეობა მხოლოდ “ტაჰალს” ეყო. (თუკი მართლაც, მათ მოთმინება-გამძლეობაზეა საუბარი) და, როგორც იტყვიან, “თბილგაზის” პრივატიზების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბოლოს და ბოლოს გაირკვევა, გვექნება თუ არა მომავალ წელს გაზი, თუ იგი კვლავ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთ ბერკეტად დარჩება. სამომავლო პროგნოზირებისაგან თავს შევიკავებთ (ვინმემ ტენდენციურობაში რომ არ დაგვადანაშაულოს). თუმცა, აღსანიშნავია, რომ “თბილგაზში” მოვლენები საინტერესოდ ვითარდება.
ბოლო 3-4 თვის განმავლობაში “თბილ-გაზის” ხელმძღვანელი თანამდებობის პირთა არაკეთილსინდისიერებასა და არაპროფესიონალიზმზე საუბარი უკვე ხმამაღლა დაიწყეს. “თბილგაზის” სამეთვალყურეო საბჭომ ხელმძღვანელი თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსიც კი გამოაცხადა. როგორც ჩანს, “თბილგაზის” მართვასა და საკადრო პოლიტიკაში სერიოზული პრობლემებია შექმნილი. დირექტორატის შეცვლა, რომელიც სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ექვემდებარება, მაშინ არ მოხერხდა.
17 აპრილს როგორც იქნა დაინიშნა გენერალური დირექტორის ხუთი მოადგილე, რომელთაგან ოთხი თავად ნუგზარ ცაავამ (“თბილგაზის” გენერალური დირექტორი) წარადგინა. მეხუთემ საკუთარი თავი თვითონვე წარმოადგინა – კახა კახნიაშვილი საზოგადოებასთან, მერიასთან და საკრებულოსთან ურთიერთობის დარგს უხელმძღვანელებს. ეს თანამდებობა არსებულ სიტუაციაში, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. გავრცელებული ინფორმაციით (ამ თემაზე “თბილგაზის”კულუარებში საუბრობენ), კახა კახნიაშვილი ბადრი პატარკაციშვილის “კაცია”. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ თავად პატარკაციშვილი ამას უარყოფს (თუ რაში სჭირდება კახნიაშვილს პატარკაციშვილის სახელით სპეკულირება, ამას მომავალი გვიჩვენებს).
თბილისის მერიის ენერგეტიკული სამსახურის უფროსის თემურ ჭინჭარაულის თქმით, “თბილგაზში” გატარებული პოლიტიკა ტრაგიკომიკულ ხასიათს იძენს. ტრაგიკომიკულობისაგან არც ის არის შორს, რომ “თბილგაზის” გენერალურ დირექტორს სამი თვის განმავლობაში მოადგილეები არ ჰყავდა. შეგახსენებთ, საკრებულოს 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, “თბილგაზში” გაუქმდა ხუთი დირექტორის ინსტიტუტი. სანაცვლოდ სამი მოადგილე უნდა ჰყოლოდა გენერალურ დირექტორს. პრობლემა რაოდენობასა და ხარისხშიც გახლდათ, როგორც ეს სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნებსა და ოქმებში ფიქსირდებოდა. თუკი მანამდე გენერალური დირექტორის მოადგილეებს სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავდა, ეს ფუნქცია ახლა, უშუალოდ, გენდირექტორზე გადავიდა – მას შეეძლება დანიშნოს, გააკონტროლოს, პასუხი მოსთხოვოს და თუ საჭირო იქნება მოხსნას მოადგილეები. ფუნქციები გაუფართოვდათ რეგიონალური საექსპლუატაციო სამსახურების უფროსებს – ისინი განახორციელებენ სამეურნეო და საკადრო საკითხებს, ცენტრალურ ოფისთანშეთანხმებით.
ერთი სიტყვით, “თბილგაზში” (“ტაჰალი”-ს შემოსვლამდე) სერიოზული საკადრო თუ პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს. სხვაგვარად, ალბათ, წარმოუდგენელიც იქნებოდა. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ “თბილგაზში” მიმდინარე მოვლენებს “საუკუნის აფერა” უწოდა. თუმცა, ამ “აფერაში” დამნაშავე ადამიანები არ დასჯილან, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დოკუმენტი არსებობს, არსებობს პრეზიდენტის მითითება, რომლითაც “თბილგაზში” აღძრული საქმეების შესწავლა და განხილვა აქვთ დავალებული შესაბამის ორგანოებს, საქმე წინ ვერ მიდის. ანტიკორუფციული საბჭო ზღვა მასალას ფლობს, რომლითაც კონკრეტული პირების გამოვლენისათვის ყველა პირობა არსებობს, მაგრამ პრეცედენტი არ შექმნილა.
ცალკე პრობლემად რჩება გაზის მომწოდებლის თემაც. საუბარი ალტერნატიულ მომწოდებლებზეც დაიწყო. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ელიზბარ ერისთავმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ “საქგაზიდან” გაზის მიღება პანაცეას არ წარმოადგენს და ეს კომპონენტი უნდა ამოვარდეს, შესაძლებელია “იტერას” “გაზპრომი” მოვუნახოთ ალტერნატივად და გაზი იქიდან მივიღოთო.
პარადოქსია, მაგრამ “თბილგაზი” მომავალი ზამთრის სეზონისათვის მზადების ღონისძიებებს გეგმავს, რაც მერიის დოტაციით განხორციელდება (ინვესტორის შემოსვლამდე, რომელსაც უკვე ორ თვეში ელიან). “ტაჰალის” დელეგაცია აპრილის ბოლოს აპირებს დედაქალაქში ჩამოსვლას და მთავრობასთან ერთად პრივატიზაციასთან დაკავშირებულ ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებაზე იმუშავებს. “ტაჰალის” წინაშე მთავარ მოთხოვნად გაზის ტარიფის შენარჩუნება და ბუნებრივი აირის უპირობო მოწოდება რჩება. ტარიფის შენარჩუნებას “ტაჰალი” მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ საგადასახადო შეღავათები განხორციელდება და პარლამენტი არ ჩააგდებს ამ საკითხს. ანუ მოსახლეობის ბედი, ამ შემთხვევაში, პარლამენტის გადაწყვეტილებასა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი დონის შეხვედრაზე ამნონ ლიპკინ შაჰაკისთან (“ტაჰალის” საბჭოს განერალური დირექტორი) საუბრისას განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან “თბილგაზის” ტენდერს ჩაშლის საშიშროება არ ემუქრება, თუ “ტაჰალი” დედაქალაქის გაზით უპირობო უზრუნველყოფის პირობას დადებს. “ტაჰალი” ძველი ვალების პრობლემის მოგვარებასაც აპირებს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ტაჰალმა” უნდა გაისტუმროს მაკრო ვალები, მიკრო ვალების პრობლემა კი რესტრუქტურიზაციით მოგვარდება.
ერთი სიტყვით, პოტენციური ინვესტორის შეშინება არავის სურს. სპეციალისტთა წრეებში საუბრობენ იმაზე, რომ თუ “თბილგაზი” არ გაიყიდება, არსებული სიტუაციით მომავალ წელს ობიექტი ფუნქციონირებას შეწყვეტს, რადგან ამორტიზირებულია ქსელები, არსებობს უდიდესი ტექნიკური და კომერციული დანაკარგები და თუ წელს, რამდენიმე ათეული ადამიანის მსხვერპლის და ერთ ქუჩაზე მოდებული ალის ფასად “გადავაგორეთ” ეს ზამთარი, მომავალ წელს აფეთქებას ვერ გადავურჩებით!პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებს შორის საჯილდაო ქვად ქცეული საკითხის “თბილგაზის” პრივატიზების რეალური მსურველი უკვე გამოჩნდა ისრაელის კომპანიის “ტაჰალის” სახით. თუმცა, კომპანიის გამოჩენა და საერთოდ, პრივატიზების პროცესის წარმართვა ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან დედაქალაქის სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მსურველთა ინტერესები არაერთხელ გადაიკვეთა (რუსული, ამერიკული თუ ქართული ძალების მონაწილეობით). საბოლოოდ, როგორც ჩანს, მოთმინება და გამძლეობა მხოლოდ “ტაჰალს” ეყო. (თუკი მართლაც, მათ მოთმინება-გამძლეობაზეა საუბარი) და, როგორც იტყვიან, “თბილგაზის” პრივატიზების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბოლოს და ბოლოს გაირკვევა, გვექნება თუ არა მომავალ წელს გაზი, თუ იგი კვლავ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთ ბერკეტად დარჩება. სამომავლო პროგნოზირებისაგან თავს შევიკავებთ (ვინმემ ტენდენციურობაში რომ არ დაგვადანაშაულოს). თუმცა, აღსანიშნავია, რომ “თბილგაზში” მოვლენები საინტერესოდ ვითარდება.