საქართველოში მსუბუქი ავტომობილები ტექდათვალიერებას დაექვემდებარება
2015 წლის 1 მარტიდან საქართველოში რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება. დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია დაახლოებით 900 000-მდე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება და ეს რიცხვი 2015 წლის 1 მარტამდე, სავარაუდოდ, გაიზრდება.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს. ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 და თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 40%, რომლის წილი ქალაქის დაბინძურებაში 95%-ზე მეტია. დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც ამ მავნე ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.
ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიების მოცულობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთერთი სწორედ ავტომობილების ტექნიკური გაუმართობაა.
საქართველოში საავტომობილო პარკი მოძველებულია. 2012 წლის მონაცემებით, მანქანების 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა და კონტროლის არარსებობის პირობებში სავარაუდოა, რომ ავტომობილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია. გამონაბოლქვი აირის მოცულობა და ტოქსიკურობა კი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ძრავის კონსტრუქციაზე, ტექნიკურ მდგომარეობასა და მუშაობის რეჟიმზე. მაგალითად, დიზელის ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში ჭვარტლის წარმოქმნა შეიძლება 20-ჯერ გაიზარდოს. კარბურატორის გაუმართაობის შემთხვევაში კი 2-10-ჯერ იმატებს გამონაბოლქვ აირში ნახშირბადის ოქსიდის რაოდენობა.
საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებას აწარმოებდა საერთაშორისო ოპერატორებთან. მათ შორისაა, ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერტიფიცირების სფეროში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო კომპანია TUV Rheinland Group-ი, რომელმაც საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინტერესი თავად გამოხატა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და დაწყებულია შესაბამისი მოლაპარაკება და უახლოეს პერიოდში TUV Rheinland Group შემოვა საქართველოს ბაზარზე. TÜV Rheinland Group-ს გააჩნია საქმიანობის 140 წლიანი გამოცდილება, ის დღეისათვის მოიცავს 500-ზე მეტ ფილიალს მსოფლიოს 61 ქვეყანაში და მისი წლიური ბრუნვა 1,3 მილიარდ ევროს აღემატება.
საერთაშორისო ოპერატორი კომპანიის შემოსვლას საქართველოს ბაზარზე მიენიჭა უპირატესობა გამომდინარე იქედან, რომ ტესტირების პროცესი დაიწყოს გარანტირებულად დადგენილ დროში და საჭირო სიმძლავრეებით, რაც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ტესტირების ხარისხის გაზრდას, არამედ მოახდენს სისტემაში კორუფციის მაქსიმალურ პრევენციას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას.
აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, რომლებიც საავტომობილო პარკის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეგულირება საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხორციელდება, რადგან 2004 წლიდან მათთვის ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ნებაყოფლობითია.
სავალდებულო პერიოდული ტექდათვალიერების ამოქმედება ხელს შეუწყობს ავტოპარკის შესახებ საჭირო საწყისი ინფორმაციის (ავტომობილის ტიპი, ძრავის კუბატურა, ასაკი, გარბენი, მოძრაობის საშუალო სიჩქარე და ა.შ) უზრუნველყოფას, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტიდან გაფრქვევების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით გაანგარიშება და დაბინძურების უფრო რეალური სურათის მიღება.
წყარო: www.economy.ge