რა მოხდა არგენტინაში?
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
არგენტინაში მომხდარი ეკონომიკური კატასტროფა, როგორც დღეს აცხა დებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და სხვა კრედიტორი საერთაშორისო ორგანიზაციები, მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ჯერ კიდევ 2001 წლის შუა პერიოდში გამოჩნდა პირველი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ არგენტინაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდებოდა?
ქვეყანა, რომლის შიდა ვალი 128 მლრდ დოლარს უდრის, იდგა აშკარა დეფლოტის წინაშე. ამ პერიოდისთვის სააგენტომ Standard and Poor ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი დაბალ ნიშნულამდე დაწია. ასევე მოიქცა სააგენტო Fitch. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იყნოსა მოსალოდნელის შესახებ, ამ ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა, ნაციონალური უშიშროების საკითხებში, კონდოლიზა რაისამ განმარტა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი სიტუაციის გამო, არგენტინას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. ასეთ სიტუაციაში ყველა ამერიკას შესცქერის, მაგრამ არსებობს სხვა ქვეყნები, რომლებთაც ანალოგიურად აწუხებთ ასეთი კრიზისული სიტუაცია. სსფ-ის წარმომადგენელმა არგენტინაში, კლაუდიო ლუბერმა განაცხადა, რომ ფონდი არგენტინაში დამატებით ფინანსურ დახმარებას აღარ გეგმავს, რადგან 2001 წლის დეკემბერში ფონდმა გამოყო დახმარების პაკეტი საერთო მოცულობით, 40 მლრდ. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, დომინგო კავალიომ მთელი რიგი გასატარებელი ღონისძიებები წარმოადგინა, რომელსაც უნდა შეემცირებინა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი. გაეუმჯობესებინა გადასახადების ამოღება და კორუფციასთან ბრძოლა. მისი წინადადებით უმჯობესი იქნებოდა სოციალური პროგრამების, პენსიებისა და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების მნიშვნელოვანი შემცირება. ფინანსური ბაზრები კი დააიმედა, რომ ადგილობრივ ვალუტას (პესო) დევალვაცია არ ემუქრებოდა. მიმომხილველები ვარაუდობდნენ, რომ დევალვაცია ქვეყნის პოზიციას კიდევ უფრო გააუარესებდა. 10 წლის წინანდელი საკონმდებლო გადაწყვეტილება, რომ პესო დოლარს მიბმულიყო, მიიჩნეოდა დღემდე არგენტინის სტაბილურობის საფუძვლად.
უკვე გადამდგარი და გაუჩინარებული მემარცხენე-ცენტრისტი პრეზიდენტი, ფერნანდო დე ლა რუა საკმარის პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ ფლობდა იმისთვის, რომ საბიუჯეტო შემცირებები განეხორციელებინა. ჯერ კიდევ 2001 წლის მაისის დასაწყისში გამოცხადებულმა იგივე ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღეს. ოპოზიცია და პროფკავშირები ამ წინადადების სასტიკი წინააღმდეგნი წავიდნენ. არგენტინა, ქვეყანა, სადაც 36 მლნ. ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, აშკარა სოციალური აფეთქების წინაშე იდგა. ისინი ქუჩის საპროტესტო აქციებს და ავტომაგისტრალებზე ბლოკადებს აწყობდნენ. გაჩნდა საშიშროება, რომ არგენტინა არა მარტო გარე, არამედ შიდა ვალსაც ვერ გაისტუმრებდა. ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ინვესტორები მოკლევადიან სახელმწიფო ობლიგაციებს გრძელვადიანზე გაცვლიდნენ, მაგრამ სახელმწიფოსადმი ინვესტორების ნდობა დღითი დღე ქრებოდა. 2001 წლის დეკემბერში, ლათინო-ამერიკულ ქვეყნებს შორის ყველაზე ევროპული არგენტინა, როგორც მას უწოდებდნენ, დეფოლტის პირისპირ დადგა. სახელმწიფო იძულებული გახდა, მთელი რიგი არაპოპულარული ნაბიჯები გადაედგა – ხელფასების შემცირება, პენსიების გაცემის შეჩერება და ბანკებიდან ფულის გაცემის მკაცრი შეზღუდვა. რასაკვირველია, ამან მძიმე შედეგები გამოიღო იმ თვალსაზრისით, რომ მასობრივი არეულობა გამოიწვია, რის გამოც ჯერ მთავრობა და შემდეგ პრეზიდენტი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ეკონომიკის მინისტრს, რადიკალურ მონეტარისტს, კავალიოს მკაცრად აკრიტიკებდნენ, რომ იგი შიდა ვალის მოცულობის ამსახველი ციფრების გარდა, ვერაფერს ხედავდა და კრიზისის სოციალურ განზომილებას იგნორირებას უკეთებდა. საინტერესოა, როგორ აღწერს ერთ-ერთი ესპანური გაზეთის თვითმხილველი კორესპონდენტი არგენტინაში დატრიალებულ სურათს:
“უკვე რამდენიმე დღეა ძალადობა და ძარცვა არ წყდება. ხალხი გაღატაკდა, მათ სამუშაოს შოვნის ბოლო იმედი დაკარგეს და აგონიას მიეცნენ. ქვეყანა, როგორც ჩანს, ქაოსში იძირება. სასწორის პინაზეა არა ქვეყნის ხელისუფლების ბედი, არამედ მთლიანად ერის”.
საინფორმაციო საშუალებები და მიმომხილველები ცდილობდნენ ახსნა მოეძებნათ და გაეანალიზებინათ არგენტინაში მომხდარი ეკონომიკური კატასტროფა. ზოგნი მიიჩნევდნენ, რომ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის ფედერალური მოწყობის პრინციპს. პროვინციათა გუბერნატორებს ფართო უფლებები აქვთ მინიჭებული და თან არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ მთლიანად სახელმწიფოს ფინანსების მდგომარეობაზე. იმის გამო, რომ კრიტიკულ მომენტში არგენტინას მხარდაჭერა შეუზღუდა, გარკვეულ ბრალს სსფ-საც სდებდნენ. გარდა ამისა, 10 წლის წინ სწორედ სსფ-მ ურჩია არგენტინას, პესო დოლარისთვის მიება. ბოლო დროს ნათელი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ აუარესებდა მდგომარეობას. ამის გამოსწორება, თავის დროზე, პესოს ხავერდოვან გაუფასურებას შეეძლო, მაგრამ სსფ-ს ექსპერტებმა არგენტინას თავის დროზე არ ურჩიეს უარი ეთქვათ ვალუტის რეგულირებაზე. სსფ ბოლომდე მოითხოვდა სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და არადეფიციტურ ბიუჯეტს. არადა, ასეთი საფინანსო პოლიტიკა არ ამართლებს ეკონომიკური კრიზისის, ვარდნის პერიოდში. საინტერესოა, შვეიცარული გაზეთის “ტრიბუნ დე ჟენევის” პოზიცია, რომელსაც არგენტინის ეკონომიკური კატასტროფის გაანალიზებისას, მაგალითად აშშ მოჰყავს. ამერიკა ეკონომიკურ ვარდნას იმით ებრძვის, რომ გადასახადებს ამცირებს და საბიუჯეტო ინვესტიციებს ზრდის იმ დროს, როდესაც არგენტინა ბოლო მომენტამდე, მითითებების მიხედვით, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს აკეთებდა. სსფ-სა და არგენტინის ურთიერთობა, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, არასწორი მკურნალობით თუ როგორ კლავს ექიმი პაციენტს. – წერს გაზეთი.
ეკონომიკური კრიზისის პირობებში ქვეყნის კონგრესი, ფაქტობრივად, უსუსური აღმოჩნდა რაიმე ქმედითი გადაწყვეტილების მისაღებად. საუბარია იმაზე, რომ მათ თავიდან ვერ მოახერხეს შეთანხმება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა პესოსა და დოლარის ერთმანეთისაგან გათიშვა. პრეზიდენტმა დუალდემ განაცხადა, რომ იგი პესოს დევალვაციას მოახდენდა, რაც, რასაკვირველია, მნიშვნელოვნად შეამცირებდა მოსახლეობის დანაზოგს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა საქონელზე ფასები კატასტროფულად მატულობდა. მიუხედავად ყველაფრისა, მოსახლეობამ დუალდეს გარკვეული ვადა მისცა იმისთვის, რომ მას რეალური ნაბიჯები გადაედგა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, არგენტინაში ამ პროცესებისას ცხადი გახდა, თუ როგორ დაკარგა ნდობა ხალხმა ყველა პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკოსის მიმართ. მათ უნდობლობა გამოუცხადეს ქვეყნის იურიდიულ და სასამართლო სისტემებს. შინაგანად ყველა შეგუებული იყო იმ აზრს, რომ 2002 წელი კიდევ უფრო ცუდად გაგრძელდებოდა. ყოფილი პრეზიდენტი, ფერნანდო დე ლა რუა გაქრა. პერონისტული პარტიაც დუმდა.
15 იანვრისთვის ეკონომიკის ახალი მინისტრის, ხორხე ტოდესკას განცხადებით, შესაძლებელი გახდა, სსფ-სთან ახალი კრედიტების თაობაზე შეთანხმების დადება. თუმცა, ის რაც ხდებოდა არგენტინაში – არასტაბილური მდგომარეობა და ქუჩის აქციები ხელისუფლებას სსფ-სთან მოსალაპარაკებლად მანევრირების თავისუფლების საშუალებას არ აძლევდა. ქვეყნის ეკონომიკური მამები ამბობდნენ, რომ არგენტინას ფეხზე დასადგომად 20 მლრდ დოლარი სჭირდებოდა. იანვრისთვის პესოს კურსი შენარჩუნებული იყო იმით, რომ ნაღდი ფული მიმოქცევაში ძალიან შეზღუდული რაოდენობით იყო. კერძო პირებს თვეში ბანკიდან მხოლოდ 1500 პესოს გამოტანა შეეძლოთ. როცა შეფარდება გახლდათ 1 დოლარი – 1, 60 პესოსთან, ექსპერტები პესოს კიდევ უფრო გაუფასურებას ვარაუდობდნენ, რაც გამართლდა და იგი მიუახლოვდა შემდეგ მაჩვენებელს – 1 დოლარი, 4,0 პესოსთან. იანვრის შუა რიცხვებისთვის სსფ-ს თითქოს გული მოუბრუნდა არგენტინაზე და ნება დართო 933 მლნ დოლარის ოდენობის ვალი 1 წლით გადაევადებინა, რამაც გარკვეული შუალედი მისცა პეზიდენტ დუალდეს და მის მთავრობას იმისთვის, რათა ეკონომიკურ სირთულეებში გარკვეულიყვნენ. ასევე, არგენტინასთან თანამშრომლობისთვისა და არგენტინის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის შესამუშავებლად სსფ-მ მზადყოფნა გამოთქვა. კერძო ინვესტორებისათვის და იმ საერთაშორისო კორპორაციებისთვის, რომლებიც არგენტინაში მუშაობდნენ, ვალების გადავადება მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. ვარაუდობდნენ, რომ ამ გზით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ხორხე ტოდესკა სსფ-ს წინააღმდეგ მკვეთრი კრიტიკით გამოდიოდა. მისი აზრით, სსფ-ს გადაწყვეტილება, რომ გასულ წელს არ გამოეყოთ 1, 3 მლრდ-ს კრედიტი, არგენტინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა, რომელმაც ამ ქვეყანაში კრიზისი დააჩქარა. პასუხად სსფ-მ ის არგუმენტი მოიყვანა, რომ არგენტინამ ვერ შეძლო შეემცირებინა სახელმწიფო ხარჯები. არგენტინელებს მოუწიათ ნელ-ნელა შეჩვეოდნენ პესოს მცურავ კურსს. გასული წლიდან უკვე მეხუთე ლიდერს, პრეზიდენტ დუალდეს ,ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ მოუწია მოსახლეობის წინაშე გულახდილმა და ზოგჯერ პათეტიკურმა გამოსვლებმა, როცა მათ ერთიანობისკენ, პატრიოტული სულისკვეთებისკენ და გადარჩენის ახალი პროგრამისადმი ნდობისკენ მოუწოდებდა. თუმცა, ვალუტის გადამყიდველებისათვის ამას არ შეუშლია ხელი, რომ შექმნილი სიტუაციით ესარგებლათ. საერთაშორისო ამერიკულმა განვითარების ბანკმა, რომელიც უმსხვილესი კრედიტორია ლათინურ ამერიკასა და კარიბში, არგენტინას სოციალური ხარჯებისთვის 694 მლნ დოლარი გადაურიცხა. სსფ-ს დაპირებების მიუხედავად, მარტის შუა რიცხვებისთვის არგენტინას ფონდისგან დოლარიც არ ჰქონდა მიღებული. სსფ-მ ბევრი პოზიტიური რამ მოიწონა, მაგრამ ხელისუფლებისგან ემისიის შეწყვეტა მოითხოვა. როგორც სსფ-მ აღნიშნა, იგი ვერ ხედავდა იმის ნიშნებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკას ეკონომიკის აღდგენის უნარი შესწევს. მისივე პროგნოზით, 2002 წელს ვარდნა გაგრძელდება, რაც, ბუნებრივია, იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია დაიხურება და, შესაბამისად, კიდევ შემცირდება სამუშაო ადგილები. არგენტინის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თუ სსფ ქვეყანას არ დაეხმარებოდა, ქუჩის აქციები და არეულობა განახლდებოდა. ამ აქციებისას სულ 27 ადამიანი დაიღუპა. ფულის უკმარისობის გამო ხელისუფლება მილიარდობით პესოს ბეჭდავდა. მიმოქცევაში იყო 14 განსხვავებული სახეობის ფული. მოგვიანებით, ცენტრალურმა ბანკმა უცხოური ვალუტით ოპერაციების წარმოების შეზღუდვის ახალი მეთოდები შემოიღო, რითაც ისინი პესოს ინფლაციის შეჩერებას ვარაუდობდნენ. პესოსთვის ცენტრალურმა ბანკმა უკვე მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.
ახალი წესების მიხედვით, კერძო პირს შეეძლო ეყიდა მხოლოდ 1000 დოლარი, ხოლო 10000 – კომპანიას. გადამცვლელი პუნქტების სამუშაო საათები ორჯერ შემცირდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ მოსახლეობა როგორღაც აიტანდა სიდუხჭირეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კრიზისი დასრულდებოდა, ინფლაცია რაღაც ეტაპზე გაჩერდებოდა, რის შემდეგაც დაიწყებოდა ზრდა.
როგორც ამბობენ, არგენტინის ღარიბი ცენტრალური ბანკი და მისი ახალი თავმჯდომარე, ბრწყინვალე ეკონომისტი, მარიო ბოიხერი იმ არასწორი პოლიტიკის გამო იმკის, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმოებდა. ვარაუდობენ, რომ კრიზისი პოლიტიკური სტაბილურობის პირობებში ერთი ან ნახევარი წელიწადი გასტანს. რაც შეეხება კრიზისის დაძლევაში სსფ-ს როლს, მიიჩნევენ, რომ ის მნიშვნელოვანი არ იქნება, რუსეთმა 1998 წლის კრიზისის წინ 20 მლრდ დოლარი მიიღო, მაგრამ ამან მხოლოდ სესხის გაზრდა გამოიწვია და მეტი არაფერი. რაც შეეხება არგენტინას, ამ ქვეყანაში სოციალური ხარჯების შემცირება მოხდება არა ბიუჯეტის შემცირების ხარჯზე, არამედ დევალვაციის გამო, რადგან პესომ მსყიდველობითი უნარი დაკარგა.
არგენტინის მთლიანი საგარეო ვალი 132 მილიარდ დოლარს შეადგენს. წამყვანმა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებმა და ინვესტორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დეფლოტის პირობებში თავიანთი დანაკარგები მინიმუმამდე დაეყვანათ. დეფლოტი, როგორც აღვნიშნეთ, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
“ყველა ელოდა, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა.” – განაცხადა ინგლისის ბანკის პრეს-მდივანმა და დასძინა, რომ ბრიტანეთის კომერციული ბანკები არგენტინის პრობლემებით არ უნდა დაზარალდნენ.
სამხრეთ კორეამ ქვეყანას ამცნო ექსპერტების სპეციალური ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც გამოარკვევს, არგენტინის კრიზისი კორეის ეკონომიკისთვის რამდენად ძლიერი იქნება.
კერძო კრედიტორები, რომელთაც არგენტინის ეკონომიკაში კაპიტალი დააბანდეს, ყველანაირად ცდილობენ თავიანთი რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ. ჰოლანდიურმა ბანკმა ING განაცხადა, რომ ჩადებული 750 მლნ ევროს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ბრიტანეთის საინვესტიციო ბანკის HSBC-ს ფილიალმა განაცხადა, რომ არგენტინის ეკონომიკაში მხოლოდ 1%-ის ინვესტირება მოახდინეს.
ევროპის ქვეყნებიდან, შესაძლოა, ყველაზე მეტად ესპანეთი დაზარალდეს, რომლის ბანკებმა და კორპორაციებმა ბოლო წლებში არგენტინაში სერიოზული სახსრები დააბანდეს.
არგენტინის კრიზისისას ბანკების აქციები მკვეთრად დაეცა. ყოველივე მომხდარის შემდეგ ერთი რამ ნათელი გახდა – მომავალში ბანკები განვითარებად ქვეყნებში ინვესტირებას აღარ მოახდენენ. ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთაც კრედიტები სასიცოცხლოდ აუცილებელია, არგენტინის დეფლოტი, სამწუხარო ამბავია.
ახლო პერსპექტივაში მოსალოდნელია არგენტინის მეზობელი ქვეყნების დაზარალებაც. განსაკუთრებით რეგიონალური გიგანტის – ბრაზილიის, რომელიც, ალბათ, არგენტინიდან თავის კაპიტალს გაიწვევს.
დღეს, არგენტინის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია ყველა საბანკო და ვალუტის გადამცვლელი ოპერაციები. ამ გადაწყვეტილების მიზანია, აჟიოტაჟის ტალღას აყოლილ მოსახლეობას, დეპოზიტზე არსებული თანხების მთლიანად მოხსნის უფლება არ მისცენ. თუ ეს მოხდება, ბევრი არგენტინული ბანკი, რომელთა მდგომარეობა ისედაც არასახარბიელოა, უბრალოდ, დაინგრევა. 2002 წლის დასაწყისიდან არგენტინის საბანკო სისტემამ მთელი დეპოზიტის დაახლოებით 10% დაკარგა. მიუხედავად ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვებისა, ბევრმა მოქალაქემ, სასამართლოს გზით თავიანთი თანხების ანგარიშიდან მოხსნა შეძლო.
არგენტინის საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტ შევიდა, რომლის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას უფლება ექნებოდა მოსახლეობის ფულადი დანაზოგები, რომელიც ბანკებში ინახება, გადარიცხულიყო ათწლიან სახელმწიფო ბონდებში. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობისთვის სასამართლოს გზითაც ძნელი იქნებოდა ბანკებიდან ფულის გამოტანა. თუმცა, ეს კანონპროექტი ჩავარდა. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ საგანგებო ზომების მთელს პაკეტს კონგრესი არ მიიღებდა, არგენტინის ეკონომიკის მინისტრი, რემეს ლენიკოვი გადადგა (ამ თანამდებობაზე იგი 4 თვე იმყოფებოდა). მაშინ, როდესაც ამ კანონპროექტს იხილავდნენ, არგენტინის მოქალაქეები, რომლებთაც ბანკებში ანაბრები ჰქონდათ, კონგრესმენებს ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ. ახლა არგენტინის მოქალაქეებს ბანკიდან თვეში მხოლოდ 500 დოლარის მოხსნა შეუძლიათ.
მსოფლიო ექსპერტები დეტალურად იხილავენ ამ ქვეყანაში მომხდარი კატასტროფის მიზეზებს. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კატასტროფა IMF-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების არასწორი რეკომენდაცია-მოთხოვნების ბრალია. მეორე ნაწილი საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რომ არგენტინის მთავრობამ არ შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და ამ უკანასკნელის ლიბერალური მიდგომით ისარგებლა, არასწორად გამოიყენა ინექციები.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთი მიზეზიც იყო და, ალბათ, მეორეც. რაც შეეხება საქართველოს, მას სერიოზული პროგრამები აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დროა გააღრმავოს პრაქტიკულ-საწარმო პროგრამები, ძირითადად, აქცენტი საქართველოს ეროვნული მეურნეობის განვითარებაზე, წარმოებების ამუშავებასა და საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე გადაიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არგენტინის სინდრომი, რომელიც კარგი გაკვეთილია ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის, დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საქართველოს თავზე.