სავაჭრო ომი გრძელდება
მოამზადა სოფიკო სიჭინავა
ამერიკის შეერთებული შტატები აშკარა სავაჭრო ომის პროვოცირებას ცდილობს. მარტის თვეში მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმპორტირებულ ფოლადზე საბაჟო გადასახადი 30%-მდე გაიზარდოს, ფოლადის მსხვილი მიმწოდებლები შოკირებული დატოვა. დაზარალებული იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. საპასუხოდ, რუსეთმა ამერიკული ბარკლების შემოტანა აკრძალა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ ზარალთან შედარებით, რასაც რუსეთი თვითონ იღებს ფოლადზე ტარიფის მომატებით. აღშფოთებული ევროპა, იაპონია, თურქეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და სხვა იმპორტიორი ქვეყნები ცდილობენ, სამართალს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის საშუალებით მიაღწიონ.
იაპონიის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა, ტაკეო ხირანუმამ ვაშინგტონისაგან მოითხოვა ფოლადზე გაზრდილი ტარიფის შემცირება. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა ტოკიოში თეთრი სახლის წარმომადგენელთან, რობერტ ზოელიკთან შეხვედრისას განაცხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტოკიო ითხოვს აშშ-მა ფოლადის ახალი ტარიფით გამოწვეული ზარალი სხვა საექსპორტო პროდუქციაზე საბაჟო ტარიფის დაწევით აუნაზღაუროს. ამასთან ერთად, ტოკიო საპასუხო ტარიფების მომზადებით იმუქრება.
მოგვიანებით, იაპონიამ ევროსაბჭოსთან ერთად ამერიკის წინააღმდეგ WTO-ში საჩივარი შეიტანა. თუმცა, მიუხედავად დაზარალებული ქვეყნების მხრიდან მოსალაპარაკებლად არაერთი შეხვედრისა და მრავალგვარი მუქარისა, ამერიკა მყარია თავის გადაწყვეტილებაში და, როგორც ვარაუდობენ, იმის ალბათობა, რომ ამერიკა უარს იტყვის 30%-იან ტარიფზე, თითქმის არ არსებობს.
მექსიკასა და გერმნიას, როგორც ჩანს, არ შეეხება ახალი ტარიფები, რადგან ისინი ჩრდილო-ამერიკულ თავისუფალი ვაჭრობის ზონას (Nafta) განეკუთვნებიან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტონი ბლერმა ბუშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მიანიშნა ფოლადის ტარიფით გამოწვეულ მოსალოდნელ იმ მძიმე შედეგებზე, არა მარტო მსოფლიო ეკონომიკისთვის, არამედ თვითონ ამერიკელი მომხმარებლებისთვის, რომელთაც ფოლადის პროდუქცია გაუძვირდებათ. ანალოგიური შეშფოთება გამოთქვეს თვითონ ამერიკელმა ფოლადის მწარმოებლებმა, რომ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება და, საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს მომუშავეთა რაოდენობის შემცირებას. ევროსაბჭო ცდილობს, საპასუხო ზომებს მანამდე მიმართოს, ვიდრე WTO თავის გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ახალ წლამდე საეჭვოა მოხდეს.
როგორც ევროკომისია აცხადებს, WTO-ს წესების მიხედვით, ევროსაბჭოს ეს შეუძლია ივნისის შუა რიცხვებისთვის გააკეთოს. რაც ითვალისწინებს 335 მლნ დოლარის საერთო მოცულობის საქონელზე 100%-იანი საბაჟო გადასახადის მომატებას. ბევრი პროდუქტი, რომელიც ახალი გადასახადით დაზარალდება, ამორჩეულია თავისი “პოლიტიკური წონის” მიხედვით. ანუ პროდუქცია იმ შტატებიდან, რომლებიც მმართველი რესპუბლიკური პარტიის კონტროლქვეშ არიან.
ევროსაბჭომ და დანარჩენმა ფოლადის იმპორტიორმა ქვეყნებმა ამერიკას WTO-ში უჩივლეს. ევროსაბჭომ მოამზადა სია იმ ამერიკული საქონლისა, რომელთა წინააღმდეგაც ევროპაში შემოღებული იქნება ახალი ტარიფები. ახალი შეთანხმებით, მათი ღირებულება უნდა შეადგენდეს წელიწადში 2,1 მლრდ დოლარს. ევროსაბჭო ცდილობს, პოლიტიკური დარტყმა მიაყენოს ამერიკის პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, სია შედგენილია იმ შტატებში წარმოებულ საქონელზე, რომელშიც ბუშმა მცირე რაოდენობის ხმებით გაასწრო თავის კონკურენტებს. სწორედ ამ შტატებზეა დამოკიდებული ბუშის პარტიის წარმატება 2002 წლის შუალედურ არჩევნებში.
ფოლადის ახალი საექპორტო ტარიფი უკვე პოლიტიკურ ჭრილში იხილება. ბევრი მიიჩნევს, რომ ბუშის გადაწყვეტილება ტარიფის შესახებ, პოლიტიკური მიზნებითაა ნაკარნახევი. რისი მიზანიც არის გამარჯვების უზრუნველყოფა ისეთ შტატებში, როგორიც პენსილვანიაა, რომელიც დამოკიდებულია ფოლადის მწარმოებლებზე. პოლიტიკური დივიდენდების დასაგროვებლად, ადგილობრივი ფოლადის წარმოების წახალისებით და პროტექციონისტული საბაჟო პოლიტიკით საჭიროა ბიზნესმენების გულის მოგება. თუ ბუში შესძლებს ასეთ შტატებში გამარჯვებას, იგი მოახერხებს კონგრესში თავისი პარტიის პოზიციის აღდგენას.
იმ პროდუქციის ჩამონათვალში, რომელიც ევროსაბჭომ შეადგინა, შედის ვისკონსინში დამზადებული მოტოციკლის “Harley-Davidson” და ფორთოხლის წვენი ფლორიდიდან. ფლორიდა იყო ის საკვანძო შტატი, რომელმაც ბუშს 2000 წელს გამარჯვება მოუტანა. ეს სია ევროკომისიის ეკონომიკური საკითხების უფროსმა პასკალ ლამიმ ევროსაბჭოს ქვეყნებს განსახილველად წარუდგინა. ამის შემდეგ ევროსაბჭო WTO-ს საქმის კურსში ჩააყენებს თავის გადაწვეტილებასთან დაკავშირებით.
ზემოთ ჩამოთვლილი ზომების გარდა, ევროსაბჭო ფიქრობს ფოლადის იმპორტზე მაქსიმალური გადასახადი შემოიღოს, რადგან ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ მოსალოდნელია იაფფასიანი ფოლადის იმპორტი. ეს ნაბიჯი საკუთარი ბაზრის დასაცავად არის გამიზნული.
ევროსაბჭო ჩქარობს, რადგან WTO-ს ლოდინში, შესაძლოა, ძალიან დიდი დრო გავიდეს. როგორც ვარაუდობენ, ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში პროცედურა დაახლოებით ერთ წელიწადს გაიწელება. გარდა ამისა, WTO და მისი თავმჯდომარე, მაიკ მური ხშირად კრიტიკის საგანია და ზოგიერთი სახელმწიფო მას აშკარა არაობიექტურობასა და მდიდარი სახელმწიფოების ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს. ასე რომ, ევროპა და სხვა დაზარალებული ქვეყნები დამოუკიდებლად მოქმედებენ და საკუთარი თავის იმედად არიან.
ამერიკის ტევად ბაზარზე მოხვედრა თითქმის ყველა ქვეყნის ოცნებაა. ფოლადი ამერიკაში ძალიან ბევრ ქვეყანას შეაქვს. რაც შეეხება რუსეთს, მან 1998 წლის შემდეგ ძალიან გაზარდა შავი მეტალის იმპორტი. ამ დრომდე მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში შედიოდა.
ქვეყნები, რომლებიც ამერიკის გადაწყვეტილებით დაზარალდნენ, რუსეთის გარდა თითქმის ყველა WTO-ს წევრები არიან. ამ ქვეყნებს აქვთ საშუალება, გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციაში გაასაჩივრონ. ამერიკას, როცა იქნება, იმის მტკიცება მოუწევს, რომ მძიმე გადასახადის შემოღება ნაციონალური წარმოების გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი იყო. ეს უკანასკნელი მიზეზი WTO-ს თვალში ანგარიშგასაწევია. სხვა შემთხვევაში საბაჟო გადასახადი 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 30%, ფაქტობრივად, ექსპორტის აკრძალვას ნიშნავს და მსოფლიო სავაჭრო წესების გლობალური დარღვევაა. ბარკლების აკრძალვა, რასაკვირველია, ამერიკისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა, მაგრამ არა ისეთი, როგორც ტარიფის გაზრდა რუსეთისთვის. ციფრებში ეს დაახლოებით 0,5 მლრდ დოლარის წაგებაა წელიწადში. ასეთი კომბინაციები მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ადრეც გათამაშებულა. მაგალითად, 1997 წელს ბელგიიდან ხელოვნური ხალიჩების ექსპორტმა, ფაქტობრივად, ჩაკლა რუსული ადგილობრივი წარმოება. ამ პერიოდისთვის ევროსაბჭომ გადაწყვიტა დაეკანონებინა მკაცრი კვოტები რუსულ საფეიქრო წარმოებაზე. საკითხი საბოლოოდ ორივე მხარისთვის დადებითად გადაწყდა. ისინი შეთანხმდნენ. რუსეთმა უარი თქვა ხალიჩების იმპორტის დაგეგმილ შეზღუდვაზე, ხოლო ევროსაბჭო რუსულ საფეიქრო ნაწარმთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდა. რუსეთისთვის, რასაკვირველია, სასურველია ამ ახალი უთანხმოების ანალოგიური სცენარით დასრულება, რადგან გარდა იმისა, რომ ქათმის ხორცი მართლაც სუსტი იარაღია ფოლადის წინააღმდეგ, ეს პროდუქცია რუსეთისთვის, უბრალოდ, აუცილებელია – იგი იაფია და მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი. ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი ცივილური ფორმა WTO-ს ჩარჩოებშია. ამ აზრს რუსეთშიც იზიარებენ და ხვდებიან, რომ ამ ომის მოგება მხოლოდ დანარჩენ, დაზარალებულ ქვეყნებთან ერთად იქნება შესაძლებელი. თავის მხრივ, ამერიკა აცხადებს, რომ ჭთO-ში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭრს, ვიდრე ის აკრძალვას არ მოხსნის ამერიკული ქათმის ხორცზე.
რუსეთს ბოლოს და ბოლოს მოუწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ყველაფერ იმის მიღწევა, რაც სურს, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო. რუსეთში მიიჩნევენ, რომ თუ ეს ქვეყანა ხვალვე გაწევრიანდება WTO-ში, ნაციონალური უსაფრთხოება მთლიანად გაქრება, ანუ უცხოელები მთელ ბაზარს დაიპყრობენ. დამატებითი დრო რუსეთს საშუალებას მისცემს, შესაძლო შედეგებისთვის როგორღაც მოემზადოს. ეს შედეგები მათ კარგად უნდა გააცნობიერონ და პროგნოზირება შეძლონ. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ უკვე ჩაატარა ტენდერი იმის გამოსარკვევად, თუ რა შედეგებით დასრულდება რუსეთის WTO-ში გაწევრიანება.