სად მივიღოთ განათლება
ლიკა ამირაშვილი
2014 წლის 14-15 თებერვალს განათლების მე-4-ე საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიამ“ 106 საგანმანათლებლო დაწესებულებას უმასპინძლა.
სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მომავალი სტუდეტებისთვის სწავლის პირობები გაეცნოთ.
გამოფენის დღეებში წარმოდგენილი იყო როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტები, პროფესიული სასწავლებლები, ენის შემსწავლელი ცენტრები და ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტები.
პროექტის მენეჯერის, თეონა თავაძის თქმით, წინა წელთან შედარებით გამოფენა უფრო მრავალფეროვანი იყო – „წელს მეოთხედ ვმასპინძლობთ ამ გამოფენას. წლევანდელი წელი იმით გამოირჩევა, რომ უფრო მრავალფეროვანია როგორც რაოდენობის, ასევე პროდუქციის თვალსაზრისით. ეს არის უმაღლესი განათლების სტუდენტური სერვისებისა და პროფესიული განვითარების საერთასორისო გამოფენა. სულ 13 ქვეყანას ვმასპინძლობთ. ვფიქრობ, რომ ეს გამოფენა საინტერესოა როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, რადგან გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები“, – აღნიშნა თეონა თავაძემ.
გამოფენაზე წარმოდგენილი უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა, როგორც ფასებით, ასევე შეთავაზებული პროგრამებით.
უნივერსიტეტების სწავლის საფასური 1900-დან 8000-მდე მერყეობს. წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სახელმწიფო აბიტურიენტებს 100/70/50-პროცენტიან დაფინანსებას სთავაზობს. გარდა ამისა,
უნივერსიტეტებს აბიტურიენტების მიზიდვის მიზნით, სპეციალური შეთავაზებებიც აქვთ: მათი უნივერსიტეტის პირველ ნომრად შემოხაზვის შემთხვევაში, აბიტურიენტებს სახელმწიფოსგან მიღებული გრანტის გაორმაგებას სთავაზობენ.
მეგი ტყეშელაშვილი ერთ-ერთი იმ აბიტურიენთაგანია, რომელიც განათლების გამოფენაზე უნივერსიტეტის ასარჩევად მივიდა – „გამოფენაზე მოვედი, რადგან არჩევანი გავაკეთო. ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ, მგონი, გამოფენა ამაში დამეხმარება. ვფიქრობ ხარისხიან სწავლაზე და, ალბათ, ამის მიხედვით ავარჩევ, თუ რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარო“, – აღნიშნა მეგიმ.
საქართველოში 27 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელია, მათ შორის 9 სახელმწიფო უნივერსიტეტი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 20 თებერვალს იწყება და 21 მარტამდე გაგრძელდება. 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს რამდენიმე ცვლილება ელოდებათ. „პირველი ცვლილება, რომელიც აბიტურიენტებს შეხვდებათ არის რეგისტარაციისას – თუ აქამდე ანკეტის შევსების დროს უნივერსიტეტების არჩევა შეზღუდული ჰქონდათ და მხოლოდ 20 უნივერსიტეტის არჩევა შეეძლოთ, ახლა ეს შეზღუდვა მოიხსნა. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები საგნების შეცვლას ვერ შეძლებენ, ხოლო უნივერსიტეტების თანმიმდევრობის შეცვლას გამოცდების დასრულებამდე შეძლებენ“ – განაცხადა ეროვნული გამოცდების დერექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ.
მეორე ცვლილება სავალდებულო საგანს, უცხო ენას ეხება. ტესტში დაემატა მოსმენითი ნაწილი, ასევე წელს პირველად არჩევით საგნად ემატება ხელოვნება.
რაც შეეხება ე.წ უფასო ფაკულტეტებს, ივა მინდაძის თქმით, პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროფესიებს მიენიჭება. „იმის გამო, რომ უნივერსიტეტში რამდენიმე ფაკულტეტი უფასო გახდა, აბიტურიენტების დაინტერესება გაიზარდა. სახელმწიფო ცდილობს ამ ფაკულტეტების მიმართ დაინტერესება გაზარდოს. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში უფრო და უფრო კარგი კონტიგენტი აირჩევს ამ საგნებს. იმის გამო, რომ არ არსებობს დაფინანსების წყაროები, სახელმწიფო ირიბად ცდილობს ხელი შეუწყოს ამ სპეციალობების მიმართ დაინტერესებას“, – აღნიშნა ივა მინდაძემ.
ყველაზე მოთხოვნად უნივერსიტეტებად ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარური უნივერსიტეტები სახელდება. პროფესიების მიხედვით პოპულარულია ეკონომიკური მიმართულებები, იურიდიული, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია.
„ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად მონაწილეობს განათლების საერთაშორისო გამოფენაში. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი 201 საგანმანათლებლო პროგრამება. ეს არის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა. ჩვენი დაკვირვებით, მხოლოდ გამოფენის გახსნიდან 2000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო მოსული. ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში 4-ჯერ 5-ჯერ მეტმა მიიღო გამოფენაში მონაწილეობა. დღეს უკვე მეორე დღეა და აქტიურობა არ შენელებულა“, – აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანა მამარგულიშვილმა.
სტატისტიკის მონაცემებით, აბიტურიენტების სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღებული სტუდენტთა კონტიგენტი უფრო დიდია. 2012-2013 წლის მონაცემებით, ბაკლავრისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში 1400-ია, ხოლო კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში 3277.
2012-2013 წლებში სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამებზე სულ 18169 აბიტურიენტი ჩაირიცხა. რაც შეეხება კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამავე წელს 10095 აბიტურიენტი ჩაირიცხა.