საზღვარგარეთ განათლების მიღების შანსი ქართველი სტუდენტებისთვის
მაკა ღანიაშვილი
უმაღლესი განათლება მსოფლიო განვითარებისა და კონკურენციის მამოძრავებელი სისტემაა. განათლების მაღალი დონე შეიძლება განვიხილოთ, როგორც „ეკონომიკის ძრავა“, რომელიც კვლევისა და ინოვაციის გზით ხელს უწყობს ახალი ცოდნის შექმნასა და სამუშაო ძალის კომპეტენციების მუდმივ განვითარებას. უმაღლესი განათლება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, შემოსავლებისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდის მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. უმაღლესი განათლების მქონე პირის დასაქმების შანსები მხოლოდ საშუალო განათლების მქონე პირებთან შედარებით 2-ჯერ იზრდება, ხოლო დაქირავებით დასაქმების ალბათობა – თითქმის 5-ჯერ. მაგისტრატურის დამთავრება უმაღლესი განათლების მქონე პირისათვის არ იწვევს მნიშვნელოვან ნამატს სახელფასო შემოსავლებში, თუმცა მაგისტრის დიპლომის მქონე პირის დასაქმების შანსები 70%-ით მაღალია ბაკალავრის დიპლომის მქონე პირთან შედარებით. შესაბამისად, საქართველოში მაგისტრატურა არა შემოსავლის, არამედ დასაქმების ალბათობის გაზრდის საშუალებაა.
უმაღლესი განათლების უკუგების შემდგომი ზრდისთვის შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს უმაღლესი განათლების მქონე პირთა კომპეტენციების ბაზრის მოთხოვნებთან ნაკლები თავსებადობა და თვითდასაქმების დაბალი მაჩვენებლები. საქართველოში უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე დასაქმებულ პირთა შორის საკუთარი სპეციალობით დაახლოებით 60% მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი განათლების მქონე პირთა მხოლოდ მეოთხედი მუშაობს საკუთარი სპეციალობით. სხვადასხვა კვლევის ფარგლებში გამოკითხულ დამსაქმებელთა დაახლოებით ნახევარი თვლის, რომ კურსდამთავრებულთა კომპეტენციები არ შეესაბამება მათ მოთხოვნებს. ამიტომაც, განათლების სისტემის რეფორმირებისა და ხარისხის გაზრდის პარალელურად, განვითარებადი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნის პროგრამები. ბევრი ქვეყანა მიმართავს მსგავს მეთოდს, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სხვა. ადამიანური კაპიტალის სწორი განვითარება და ფორმირება მნიშვნელოვან და ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მარალკვალიფიციური კადრები, რომელთაც კარგი განათლება აქვთ მიღებული, საჭიროა არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების შემოსავლიანობის გაზრდისთვის, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვისაც.
ლათინური ამერიკის ქვეყნები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ სტუდენტს აგზავნიან სამთავრობო ხარჯებით საზღვარგარეთ განათლების მისაღებად.
ბრაზილიის მთავრობამ 2014 წელს 75 000 სტუდენტს მისცა შესაძლებლობა საზღვარგარეთ სწავლის. 2011 წელს კოლუმბიამ იმდენი სტუდენტი გაუშვა სასწავლებლად, რაც გასული 18 წლის განმავლობაში ერთად. ჩილე 2018 წლამდე საზღვარგარეთ 30 000 სტუდენტის კვალიფიკაციის ამაღლებას დააფინანსებს. ჩინეთის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა მაღალკვალიფიუციურმა კადრებმა, რომლებიც განათლებას დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში იღებდნენ და მათ სწავლას სახელმწიფო აფინანსებდა. მხოლოდ 2012 წელს ჩინეთიდან საზღვარგარეთ სასწავლებლად 2.6 მილიონი სტუდენტი წავიდა, თუმცა აქ იგულისხმება როგორც სამთავრობო გრანტები, ისე საკუთარი სახსრები.
მართალია, არა ასეთი მასშტაბებით, მაგრამ დაახლოებით ერთი წელია საქართველოში მთავრობის პროგრამა მოქმედებს, რომლიც ქართველ სტუდენტთა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სწავლას აფინანსებს საზღვარგარეთ. ამ მიზნით გასულ წელს შეიქმნა განათლების საერთაშორისო ცენტრი.
განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს სამ ძირითად პროგრამას, როგორიცაა წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსება, საზღვარგარეთ მყოფი წარმატებული სპეციალისტების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოელი სპეციალისტების ქვეყანაში მოწვევა და მათი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. მესამე – პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზება საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015-2016 სასწავლო წლისთვის 115 სტუდენტის დაფინანსებას გეგმავს. საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას ცენტრი 20 მარტიდან დაიწყებს, საბუთების მიღება 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. უახლოეს მომავალში უნივერსიტეტების კონსორციუმის პროგრამის დამტკიცება იგეგმება, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელი პირობებით მიიღონ უცხოური განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში 88 ქართველი სტუდენტის სწავლა უკვე დააფინანსა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე:
„ჩვენ წინასწარ არ განვსაზღვრავთ, თუ რა მოცულობის სტიპენდია შეიძლება გაიცეს ერთ ადამიანზე, გრანტები გაიცემა როგორც ნაწილობრივ, ასევე სრულად. აპლიკანტის შეფასება ხდება დაგროვილი ქულების მიხედვით, მაგრამ სანამ სტუდენტი განაცხადს შემოიტანს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უკვე ჩარიცხვის დოკუმენტი, რომელიმე უნივერსიტეტიდან საზღვარგარეთ. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გარდა, ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და სტაჟირების პროგრამების დაფინანსებას საჯარო სექტორის მოხელეებისთვის. მათ შეუძლიათ მოიძიონ პროგრამები, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებათ და შემოიტანონ განაცხადი ჩვენთან“.
როგორც ნინო ჭელიძე „საქართველოს ეკონომიკასთან“ საუბრისას აცხადებს, წინასწარ გამოცხადებული 115 სტუდენტის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს: „ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 115 სტიპენდიის გაცემა, მაგრამ ეს მინიმუმია. ვერსადროს ვერ განსაზღვრავ თავიდან, თუ რამდენი შეიძლება ერთი სტუდენტის სწავლა დაჯდეს. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ან სხვადასხვა სასწავლებელში სწავლა სხვადასხვა ფასი ღირს. მაგალითად, გერმანიის სპეციფიკიდან გამომდინარე იქ სწავლა უფასოა და, როგორც წესი, სტუდენტებს მხოლოდ საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურება სჭირდებათ. არის შემთხვევები, როდესაც სტუდენტს ნაწილიობრივი სტიპენდია უკვე მიღებული აქვს უნივერსიტეტიდან და ჩვენ მეორე ნაწილს ვაფინასებთ. ანუ თითოეულ სტუდენტზე გაცემული სტიპენდიის მოცულობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩვენ არ ვიზღუდებით იმის გამო, აქვს თუ არა სტიპენდია მიღებული სტუდენტს, თუმცაღა ქულებს მიხედვით შეფასების დროს ეს გათვალისწინებულია. თუ ადამიანს უკვე აქვს მიღებული რაღაც ფინანსური დახმარება (კერძო და ოჯახის დაფინანსებას არ ვგულისხმობ) უნივერსიტეტიდან, ეს მის შეფასებაში როლს თამაშობს და მას ქულებს მატებს“ – აცხადებს ნინო ჭელიძე.
მომავალ წლებში დაფინანსებული კონკურსანტების რაოდენობის გაზრდა ნინო ჭელიძის განცხადებით, ბევრ რამეზეა დამოკიდებული: „განათლება ისეთი სფეროა, სადაც ძალიან ბევრი ცვლილება ხდება. გერმანიამ შარშან გამოაცხადა უფასო განათლება, ალბათ, ახლა იგივე ტენდენცია იქნება სხვა ქვეყნებშიც. მით უმეტეს, რომ ბოლონიის პროცესით ინგლისურ ენაზე თითქმის უკვე ყველგანაა სწავლა შესაძლებელი. ანუ ეს მეტ სტუდენტს უქმნის საშუალებას წავიდეს სასწავლებლად და მისი განათლების დაფინანსება ნაკლები დაჯდეს, რაც ჩვენ გამოგვითავისუფლებს სახსრებს და მოგვცემს მეტი სტუდენტის დაფინანსების საშუალებას“.
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა დიდია. როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრში აცხადებენ, გასულ წელს 1 ადგილზე 26 საკონკურსო განცხადება მოდიოდა, მომავალში კი ამ მაჩვენებლის ზრდა არის მოსალოდნელი. როდესაც არსებობს იმის შანსი, რომ შეიძლება მთავრობისგან სტიპენდია მიიღო, მეტი სტუდენტი ეცდება საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ჩაბარებას და მომავალ კონკურსებს უფრო მომზადებული შეხვდებიან. განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა გულისხმობს სწავლის დაფინანსებას მხოლოდ საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, გარდა დისტანციური (დაუსწრებელი) სწავლების საგანმანათლებლო პროგრამებისა.
ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტების დაფინანსება პროგრამის ფარგლებს არ მოიცავს. როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, მომავალშიც ფოკუსი იქნება სწავლების სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე. მიმდინარე კონკურსისთვის გამოცხადებულია ექვსი პრიორიტეტული სფერო: ჰუმანიტარული, სოციალური, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ასევე განათლება და ინჟინერია. „ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება. ჩვენ მიერ გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები აღებულია მთავრობის N50-ე დადგენილებიდან, სადაც განსაზღვრულია 2014-15 წლის საგანმანათლებლო პრიორიტეტები. რაც შეეხება ცვლილებას პრიორიტეტებში, ერთ ან ორ წელიწადში ვაპირებთ, რომ გადავხედოთ და ისევ დავეყრდნოთ განათლების სამინისტროსა და მთავრობის გადაწყვეტილებას პრიორიტეტული დარგების განსაზღვრისას“, – აცხადებს ნინო ჭელიძე.
რა უნდა ვიცოდეთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
კონკურსის შედგება შემდეგი ეტაპებისგან: კონკურსის ვადებში ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და სააპლიკაციო ფორმის შევსება; აპლიკაციის ფორმალური და შინაარსობრივი შემოწმება შესაბამისი ქულის მოსაპოვებლად; კომისიასთან გასაუბრება აპლიკაციის შერჩევის პროცესში წარმატების შემთხვევაში.
უცხოეთის უნივერსიტეტში მიღების პროცედურებს კანდიდატი დამოუკიდებლად გადის. პროგრამა არ ითვალისწინებს აღნიშნული პროცედურებში კანდიდატისთვის ხელშეწყობას. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიზნით თავად უნდა შეარჩიოთ უმაღლესი სასწავლებელი, შეავსოთ უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა და დააკმაყოფილოთ თქვენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მოთხოვნები.
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების მეორე ან მომდევნო კურსის სტუდენტებს. ამ შემთხვევაში, აგრეთვე უნდა წარმოადგინონ განვლილი სასწავლო წლის შეფასება და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. კონკურსი ცხადდება კონკრეტული აკადემიური წლისათვის და შესაბამისად დაფინანსება გაიცემა უახლოესი მომავალი აკადემიური წლისათვის. რექტორიალურად, განვლილი წლის დაფინანსების საკითხი პროგრამის ფარგლებში არ განიხილება. კონკურსი ცხადდება კონკრეტული აკადემიური წლისათვის და საბუთები აპლიკაციასთან ერთად მიიღება ელექტრონულად. კერძოდ, კონკურსანტი აპლიკაციის შევსებისას დოკუმენტებს PDF ფორმატით ატვირთავს სააპლიკაციო ფორმაზე. აპლიკანტმა სრულყოფილად უნდა შეავსოს განაცხადი და უკლებლივ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია ავტომატურად ჩაითვლება არასრულად და არ განიხილება. ამასთან, აპლიკანტი ვალდებულია თვითონ შეამოწმოს აპლიკაციის სისრულე და საბუთების შესატყვისობა. პროგრამა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას. შესაბამისად, კონკურსის ფარგლებში არ მიიღება ახალი აპლიკაციები ბაკალავრიატის სწავლის დაფინანსების მოთხოვნის შესახებ.
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკონკურსო მოთხოვნაა, კონკურსში მონაწილეს უკვე მინიჭებული ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე მყოფ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ მომდევნო კონკურსში.
ერთ-ერთ მთავარ საკონკურსო პირობას წარმოდგენს მაღალი აკადემიური მოსწრება. კერძოდ, საბაკალავრო პროგრამაზე ან უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო პროგრამის განვლილი სასწავლო წლის GPA მინიმუმ – 3.0, ან შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში. შესაბამისად, სადოქტორო პროგრამის შემთვევაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შედეგად GPA მინიმუმით – 3.0 ან/და შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში. ან უცხოეთის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე განვლილი სასწავლო წლის GPA მინიმუმ – 3.0 ან/და აკადემიური წარმატებულობის შესახებ ანგარიშის/დახასიათების არსებობა.
„განათლების საერთაშორისო ცენტრი“ არ ითვალისწინებს მოსამზადებელი კურსების ორგანიზებას ან მათ დაფინანსებას. დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. დაფინანსება გულისხმობს სწვალის საფასურის, სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. აპლიკაციისა წარმოდგენის ვადის დასრულების შემდეგ იწყება კონკურსანტების შერჩევის სამ საფეხურიანი მერიტორიალური პროცესი: 1. ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება; 2. აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების ხარისხობრივ (შინაარსობრივი) შეფასება; 3. კომისიასთან გასაუბრება.