პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებსაც უმუშევრობა არ ემუქრება
როგორ დავგეგმოთ მომავალი ოპტიმალურად
მაკა ღანიაშვილი
გლობალური განათლების სისტემა ნელ-ნელა იცვლება. მომავალი სტუდენტები პროფესიის არჩევისას სულ უფრო პრაგმატულები ხდებიან და „მყვირალა სახელწოდებიანი“, ე.წ. ზე-პოპულარული პროფესიებისგან განსხვავებით, სამომავლო მიზნებზე მორგებულ პროფესიას ირჩევენ. ძალიან მიმზიდველია დილერების, ჯობერების, ფინანსური ანალიტიკოსების, მაღალტექნოლოგიურ ინჟინრების და სხვა მსგავსი პროფესიები, მათ პროფესიით დასაქმების შემთხვევაში, კოლოსალური ხელფასები და პრემიები აქვთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გასულ წლებში ამ პროფესიებს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი აბიტურიენტი ირჩევდა, მათგან წარმატებული კი, განსაკუთრებით გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ძალიან ცოტაა. მსგავს პროფესიებზე მეოცნებე ახალგაზრდები ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან და სწავლაზე მინიმუმ 5-7 წლის, ასი ათასობით დოლარისა და ნერვების დახარჯვის მერე, სხვა პროფესიაზე გადაწყობაც ძალიან უჭირთ.
ბევრი უკვე მიხვდა, რომ ჯობს სასურველი პროფესია თავიდანვე იმ სფეროებში შეარჩიოს, სადაც არც განსაკუთრებულ უნარებსა და არც განაკუთრებული ხარისხის დიპლომს არავინ გთხოვს და ანაზღაურებაც მაღალია. მაგალითისათვის, აშშ-ში გამოქვეყნდა იმ 8 პროფესიის სია, რომელთა მისაღებად უმაღლესი განათლება არაა საჭირო. ამავე დროს, ეს პროფესიები ძალიან მაღალშემოსავლიანი და მაღალმოთხოვნადია. ამ პროფესიების დასაუფლებლად არათუ ბაკალავრის დიპლომი, ხშირად მოკლევადიანი კურსების გავლაც კი საკმარისია, რაც უამრავ დაზოგილ დროსა და თანხას ნიშნავს. ყველაფერთან ერთად, სტუდენტს გარანტიაც აქვს, რომ რომელიმე პროფესიიდან ერთ-ერთის არჩევისას, მინიმუმ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არაფერი ემუქრება, შეუძლებელია ამ პროფესიებზე მოთხოვნა 21-ე საუკუნეში შემცირდეს. მსგავსი პროფესიების სიაში პირველი ვებ-დეველოპერია.
როდესაც ვებგვერდებზე „დაძვრებით“, გიფიქრიათ თუ არა ადამიანზე, ვის მიერაც ეს ყველაფერია შექმნილი? ვებ-დეველოპერის ფუნქციაში შედის საიტის დიზაინის გადაწყვეტა, მისი შემუშავება და საბოლოო სახის მიცემა. მათ კომპეტენციაში ასევე შედის, საიტის მართვა და შესაძლო პრობლემების გადაჭრა.
აშშ-ს შრომის დეპარტამენტის პროგნოზის მიხედვით, ვებ-დეველოპერების ვაკანსიები 2012 წლიდან 2022 წლამდე 20%-ით გაიზრდება. ციფრული ეპოქის ხანაში რთული მისახვედრი არაა, რომ იგივე ტენდენციები იქნება მსოფლიოს დანარჩენ ნაწილშიც. სმარტფონების, ტაბლეტებისა და მსგავსი მოწყობილობების ბუმი იმაზე მიუთითებს, რომ ვებ-დეველოპერის პროფესია კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური.
ელექტრონული კომერცია და ვაჭრობა სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც ასევე განაპირობებს კომპანიებისთვის კარგი ვებ-გვერდების საჭიროებას. განსაკუთრებით აქტუალური მობილური აპლიკაციების შექმნა ხდება.
„მონაცემებზე სწრაფი წვდომისა და ელექტრონული მომსახურების სერვისის საჭიროება ვებ-დეველოპერებზე მასობრივ მოთხოვნას ქმნის“ – აცხადებენ სპეციალისტები. ამ პროფესიის შესაძენად კი მოკლევადიანი სერთიფიკატის კურსები სრულიად საკმარისია.
სიაში მეორე ფარამაცევტის ტექნიკური დამხმარის პროფესიაა. იმის ნაცვლად, რომ სამედიცინო კოლეჯში წლები ისწავლოთ, ამ პროფესიის დასაუფლებალადაც რამდენიმე თვეა საკმარისი. ისინი ლიცენზირებულ ფარმაცევტებს ეხმარებიან წნევის გაზომვაში, რეცეპტების მიხედვით წამლების გაცემაში, მათ შეფუთვაში, აღჭურვილობის მოწესრიგებაში და მომხმარებელთა შეკითხვების პასუხსა და ინფორმირებაში. ისევე როგორც ვებ-დეველოპერების შემთხვევაში, ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა 2022 წლამდე 20%-ით გაიზრდება. მზარდი მოთხოვნის მიზეზი მოსახლეობის ზრდაა, რომელთა მხრიდანაც სულ უფრო იზრდება მედიკამენტებსა და პირველად სამედიცინო კონსულტაციაზე მოთხოვნა.
სხვადასხვა გამოკვლევების მიხედვით, ამერიკელთა 70% ერთ წამალს მაინც მოიხმარს ექიმის მიერ დანიშნულს, მათი ნახევარი კი ორ და მეტ მედიკამენტსაც. ამიტომ აფთიაქების წინ რიგები სულ უფრო იზრდება.
იმ პროფესიებს შორის, რომლებიც კვალიფიკაციის დაბალ დონეს მოითხოვენ, მოთხოვნა კი საკმაოდ მაღალია, მესამე ადგილზე გამათბობლების, კონდიციონერებისა და მაცივრების შემკეთებლის პროფესიაა. დღევანდელი ცივილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ტემპერატურის კონტროლია. გამათბობლები უზრუნველყოფენ სითბოს ზამთარში, გამაგრილებლები კი სიგრილეს ზაფხულში. მაცივრები კი ჩვენს პროდუქტს უსაფრთხოდ ინახავენ. მათი შემკეთებელ-მემონტაჟეების პროფესიაც შესაბამისად მოთხოვნადია. მათ მოვალეობებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დაემატა – მომხმარებელთა ინფორმირება ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით. ამ პროფესიაზე მოთხოვნის ზრდა 2022 წლისთვის 21%-ს შეადგენს. მათზე მოთხოვნას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ თითქმის ყველა სახლსა თუ საოფისე შენობაში არის დამონტაჟებული გამათბობელი ან კონდიციონერი. ამასთანავე, ბევრი მსგავსი მოწყობილობა მინიმუმ 10-15 წელში საჭიროებს განახლებას ან სრულიად გამოცვლას, რაც დამატებით სამუშაოს ნიშნავს. ამ პროფესიის შეძენას კი ბაკალავრის ხარისხი სულაც არ სჭირდება.
მეოთხე პროფესია დიაგნოსტიკური სამედიცინო სონოგრაფიაა. ამ პროფესიას თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში უამღლესი კვალიფიკაცია არ სჭირდება, რადგან დიაგნოზის დასმა თანამედროვე აპარატების საშუალებითაა შესაძლებელი, მთავარია მათი მოხმარება ვიცოდეთ. ამ პროფესიაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის, რეკორდულად, 46%-ით გაიზრდება. პროფესიაზე მოთხოვნის ზრდა ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა, დიაგნოზის დასასმელად ექიმის ინსტიტუტს ნელ-ნელა ანაცვლებს ტექნიკური მოწყობილობები, რომელთა მართვაცაა საჭირო. ამ მართვის შესწავლისთვის კი სპეციალური კურსების გავლაც საკმარისია უმაღლესი განათლების მიღების გარეშე.
სულ უფრო პოპულარული ხდება სამშენებლო მენეჯერის პროფესია. შენობები და ცათამბჯენები რომელსაც თვალი ასე შეეჩვია, თავისით არ შენდება. სამუშაო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი არიან სამშენებლო მენეჯერები. ამ პროფესიაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის 16%-ით გაიზრდება. მოთხოვნის ზრდას განსაკუთრებით წინასწარმეტყველებენ მომდევნო 5-10 წლის განმავლოაბში, რადგან კომერციული პროექტების ბუმია მოსალოდნელი. „ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად, მოსალოდნელია კომერციული ფართების, საცხოვრებელი სახლების, სავაჭრო მოლების მშენებლობების მატება, რაც ლოგიკურად ზრდის მოთხოვნას სამშენებლო მენეჯერებზე“ – აცხადებენ სპეციალისტები. ამ სფეროში მუშაობის უფლების მოსაპოვებლად კი მოკლევადიანი ლიცენზირებული კურსების გავლა სრულიად საკმარისია.
2022 წლამდე 11%-ით გაიზრდება ბუღალტრებისა და აუდიტორების დამხმარე პერსონალზე მოთხოვნა. არც ამ პროფესიას სჭირდება უმაღლესი განათლება. მათი მათავარი მოვალეობა ქვითრების, ვაუჩერებისა და ნაღდი გადახდების აღრიცხვა-გატარებაა. მათ მოვალეობაში ასევე შედის მონაცემების კომპიუტერულ პროგრამებში შეყვანა და ანგარიშის ტექნიკური მომზადება. ეს პროფესია სულ უფრო აქტუალური ხდება კომპანიებისთვის, რომელთაც ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ რეგულატორები მეტ მოთხოვნებს უწესებენ.
გიყვართ იურისპრუდენცია, მაგრამ არ გხიბლავთ უმაღლეს სასწავლებლებში წლების გატარებისა და ასეული ათასი დოლარის დახარჯვა? მაშინ იურისტის დამხმარის პროფესია სათქვენო ყოფილა. მათ მოვალეობაში შედის კვლევების ორგანიზება, დოკუმენტაციის მომზადება-ორგანიზება. ისინი ასევე აწარმოებენ მოპალარაკებებს კლიენტებთან. 2022 წლამდე ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა 17%-ით გაიზრდება. ძვირადღირებული იურისტების დაქირავების ნაცვლად, კლიენტები იურიდიული კონსულტაციის მისაღებად ხშირად ამ პროფესიის ადამიანებს მიმართავენ, რომელთა მომსახურებაც გაცილებით იაფი ჯდება. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა სტომატოლოგის ჰიგიენისტის პოზიციაზე. სტომატოლოგის ლიცენზიის მოპოვება ძვირადღირებული და გრძელვადიანი შრომაა, რასაც ვერ ვიტყვით მათ დამხმარე პერსონალზე. ამ პოზიციაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის 33%-ით გაიზრდება.
ექვსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი „დაბალი კვალიფიკაციის“ მქონე პროფესია
ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე პროფესია ამ სიაშიც მოხვდა. მაგალითისათვის, იურისტის დამხმარის საშუალო შემოსავალი წელიწადში 46.990 აშშ დოლარია, მათგან ყველაზე მაღალანაზღაურებადი ნაწილი წელიწადში 75 410 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, ყველაზე დაბალანაზღაურებადის შემოსავალი კი წელიწადში 29 420 აშშ დოლარია. ლიცენზირებული ექთნების საშუალო წლიური შემოსავალი 65 470 აშშ დოლარია. ყველაზე მაღალ შემოსავლიანების საშუალო შემოსავალი წელიწადში 94 720 აშშ დოლარს, ხოლო დაბალშემოსავლიანების შემოსავალი 45 040 აშშ დოლარს შეადგენს. პოლიციის ოფიცრების საშუალო შემოსავალი წელიწადში 55 270 აშშ დოლარია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ოფიცრები 89 310 აშშ დოლარს იღებენ, ხოლო ყველაზე დაბალშემოსავლიანები – 32 350 დოლარს.
სტომატოლოგის ჰიგიენისტების საშუალო წლიური შემოსავალი 70 210 აშშ დოლარია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტების შემოსავალი – 96 280 აშშ დოლარი, ყველაზე დაბალანაზღაურებადის შემოსავალი კი 46 540 აშშ დოლარია წელიწადში. პროგრამისტები წელიწადში საშუალოდ 74 280 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ, ყველაზე მაღალანაზღაურებადები – 17 890 აშშ დოლარს, ყველაზე დაბალშემოსავლიანები კი – 42 850 აშშ დოლარს. სამედიცინო დოკუმენტაციის აღმრიცხველი და ჯანდაცვის სფეროს სხვა ტექნიკური პერსონალის საშუალო წლიური შემოსავალი 34 160 აშშ დოლარია, მათგან ყველაზე მაღალშემოსავლიანები წელიწადში საშუალოდ 56 200 აშშ დოლარს იღებენ, ყველაზე ნაკლებშემოსავლიანები კი 22 250 აშშ დოლარს.
ყველაზე მოთხოვნადი საბაკალავრო პროფესიები
მაგრამ თუ თქვენ არც ფული გენანებათ და არც დრო უამღლესი განათლების მისაღებად, არსებობს სხვა ყველაზე მაღალ მოთხოვნადი პროფესიების სიაც, მაგრამ ამჯერად საჭიროა მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი.
ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ზოგადად, სპეციალისტები დასაქმების ბაზარზე სამუშაო ადგილების ზრდას წინასწარმეტყეველებენ 2020 წლისთვის. მაგრამ ეს ყველა სპეციალობას მეტ-ნაკლებად ეხება. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ საშუალო სკოლას დაამთავრებთ, მოკლევადიან კურსებს, კოლეჯს თუ უმაღლეს სასწავლებელს, თქვენი მთავარი მიზანი მომავალში კარგად ანაზღაურებადი სამსახურის შოვნაა. ამიტომ, როცა სწავლის გასაგრძელებლად ფაკულტეტს ირჩევთ, პროგნოზებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ბევრ პროფესიაზე მოთხოვნის ზრდა 2020 წლისათვის, როგორც ეს ზემოთაც აღვნიშნეთ, 30%-ს გადააჭარბებს. ამიტომ მომავალი სტუდენტებისთვის უპრიანი იქნება პროფესია ამ სიის მიხედვით აირჩიოს. სიაში პირველ ადგილზე პერსონალური ფინანსური მრჩეველის პროფესიაა. 2020 წლამდე ამ პროფესიაზე მოთხოვნა 30%-ით გაიზრდება. მათი მთავარი მოვალეობა კლიენტებისათვის ფინანსურ სირთულეებში გარკვევა, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებასა და საგადასახადო საკითხებში დახმარებაა. მათი დახმარება განსაკუთრებით იმ პენსიონერებს სჭირდებათ, რომელთაც სიცოცხლის განმავლობაში სოლიდური დანაზოგი გააკეთეს, თანამედროვე ფინანსურ სამყაროში გარკვევა კი ძალიან უჭირთ და ეძებენ ფულის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენების გზებს. ამ პოზიციაზე მომუშავეებს, როგორც წესი, მინიმუმ ბაკალავრის დიპლომს სთხოვენ.
მეორე მზარდი მოთხოვნის პროფესია მონაცემთა ბაზის ადმინისტრატიორია, რომელზე მოთხოვნაც 2020 წლისთვის 31%-ით გაიზრდება. მათთვის წაყენებულ მოთხოვნებში ხშირად დამსაქმებლები მხოლოდ ბაკალავრის დიპლომს არ ჯერდებიან და ასევე ითხოვენ ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხს.
მოთხოვნადია მარკეტინკული კვლევის ანალიტიკოსთა პროფესიაც. ამასთანავე, მასზე მოთხოვნა 2020 წლისთვის 41%-ით გაიზრდება. მათი მოვალეობა ბაზრების მარკეტინგული კვლევა, ტრენდების განსაზღვრა, ანგარიშების მომზადება და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაა. დასაქმებისათვის აუცილებელია ბაკალავრის დიპლომი, მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების სფეროში ან ისეთ მონათესავე სპეციალობებში, როგორიცაა მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, სტატისტიკა და სხვა.
2020 წლისთვის 30%-ით გაიზრდება პროგრამული დეველოპერების პროფესიაზე მოთხოვნა. მათი მთავარი მოვალეობა ახალი პროგრამების შექმნა და ძველი კომპიუტერული პროგრამების განახლება/სრულყოფაა. ამ შემთხვევაშიც, პირველი მოთხოვნა, მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერებები, პროგრამული უზრუნველყოფა ან სხვა მონათესავე სფეროებში.
პოპულარულ და პერსპექტიულ პროფესიებზე ბევრი ვისაუბრეთ, უპრიანი იქნება ბოლოსკენ ის პროფესიებიც ვახსენოთ, რომელსაც დამსაქმებლები დიდად არ წყალობენ და ამ პროფესიის კურსდამთავრებულებს წლიდან წლამდე ნაკლები შანსი აქვს დასაქმების.
სიაში პირველი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამებია. მართალია, ეს ძალიან საინტერესო პროფესიაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრ კომპანიას და, შესაბამისად, დამსაქმებელს არ სჭირდება მათი მომსახურება, ამიტომ სამუშაო ადგილებიც ცოტა იქმნება. მიმდინარე ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დროს, ყველაზე მეტად არქიტექტორების სამუშაო ადგილები შემცირდა, ამ პროფესიის ადამიანებს შორის უმუშევრობა13.9%-მდე გაიზრდა.
ამ სიაში მეორე პროფესია ხელოვნების ბაკალავრია. მათი მომსახურება ბევრს აღარ სჭირდება, ამიტომ უმუშევრობის დონე სხვა სფეროებთან შედარებით მაღალია.
დასაქმების მიღების თვალსაზრისით, დიდი პერსპექტივა არც ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ.
რომელი პროფესია ავირჩიოთ საქართველოში
მსოფლიო ტენდენციებს ფეხს საქართველოც უწყობს. ჩვენთან, ისევე როგორც განვითარებულ ქვეყნებში მაღალია მოთხოვნა მარკეტინგის სპეციალისტებზე, ვებ-დიზაინერებზე, ბუღალტრებსა და სხვა ზემოთ დასახელებულ პროფესიებზე.
რაც შეეხება საქართველოს შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა მხრიდან, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათეულს, შემდეგნაირად გამოიყურება: სიაში პირველი მარკეტინგის სპეციალისტია. ბოლო წლებია ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მოთხოვნა გამოწვეულია კომპანიების სურვილით გაზარდონ გაყიდვები და მოძებნონ კადრი, ვინც ამ პროცესს გაუძღვება; ამასთანავე, პრობლემაა პროფესიონალების ნაკლებობა ბაზარზე, რაც ხშირად იწვევს კადრების დენადობას, ხდება ძველის გაშვება და ახლების მიღება. ამ პროფესიის კვალიფიციურ კადრს სამსახურის მოძებნა არ გაუჭირდება, რადგან დღესდღეობით უამრავი ახალი პროდუქტი გაჩნდა ბაზარზე. კარ-გმა სპეციალისტმა მაღალი კონკურენციის პირობებში გაყიდვა უნდა გაზარდოს, ეს კი ადვილი ნამდვილად არაა.
ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია მოთხოვნა. კომპანიებს მუდმივად სჭირდებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს მყისიერად აღმოფხვრიან და პასუხისმგებელიც იქნებიან ქსელის გამართულ მუშაობაზე.
მაღალია, მოთხოვნა ვებდიზაინერის პროფესიაზეც. განსაკუთრებით პოპულარულია გრაფიკული დიზაინის, მულტიმედიის, ვიზუალური ხელოვნების მიმართულებები. პროგრამისტებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ბიზნესს კომპანიები დიდ ყურადღება უთმობენ ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში კორპორატიული პროფილების ინტეგრირებას და განვითარებას.
წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა დისტრიბუტორებზე. ბაზარზე უამრავი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა, მათ კი მომარაგება სჭირდება. ამ სფეროში განსაკუთრებით დიდია კონკურენცია. მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება დისტრიბუტორებზე, რაც ასევე კომპანიის ქსელების გაფართოებით ან ახალი ჩამნაცვლებელი კადრების ძიებით არის განპირობებული.
ტურიზმის სპეციალისტის პოპულარობა ბოლო დროს ტურიზმის მთავარ მიმართულებად გამოცხადებამ გამოიწვია. ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყო, საქართველოს პოტენციალის საერთაშორისო რეკლამირებამ კი საქართველოსადმი ინტერესი გაზარდა. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა გიდებზე, რამაც გასულ წლებში კადრების დეფიციტი გამოიწვია. განსაკუთრებული მოთხოვნაა ინგლისურენოვან გიდებზე.
ბუღალტერ-ფინანსისტი საკმაოდ პერსპექტიული პროფესიაა. შრომის ბაზარზე ამ სპეციალობის წარმომადგენლებს საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვთ. ბუღალტერი, ისევე როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიის სპეციალისტი, ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება. გარდა ამისა, კვალიფიციური ბუღალტერი მნიშვნელოვანია საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობაში, კომპანიების ფინანსურად გამართვაში და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილებაში. ტურიზმის განვითარებამ ასევე გამოიწვია მოთხოვნის ზრდა მიმტანის, ბარმენის, სასტუმროს ადმინისტრატორის პროფესიებზე.
საქართველოში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ექიმები, იურისტები და მასწავლებლები. ამის მიზეზი ისაა, რომ მასწავლებლობა დღეს აღარავის სურს. კვალიფიციური კადრები სამუშაოდ სკოლაში აღარ მიდიან, რადგან პედაგოგის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, პასუხისმგებლობა კი ძალიან დიდი. პედაგოგებს შორის ჭარბობს მოთხოვნა ინგლისური ენის მასწავლებლებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მიმდინარე წლის მარტში ჩაატარა კვლევა (კვლევის ფარგლებში ინფორმაცია მოძიებული იქნა შემდეგი ვებ-გვერდებიდან: www.saqme.ge, www. myjobs.ge, www. hr.ge და www.jobs.ge), რომელმაც გამოავლინა კომპანიებისა და საზოგადოების მხრიდან 10 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია/პოზიცია.
კვლევის შედეგად გამოვლენილ კომპანიების მხრიდან 10 ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში/პოზიციაზე პირველ ადგილს იკავებს – მენეჯერი რომელიც ბოლო ორი თვეა პირველ ადგილს იკავებს; შემდეგ ადგილზეა კონსულტანტი, რომელიც თებერვლის თვეშიც მეორე ადგილზე იყო; მესამე ადგილზეა მოლარე (თებერვალშიც მესამე ადგილი); შემდეგ ადგილს იკავებს მიმტანი (თებერვალში მეშვიდე ადგილი); მეხუთე ადგილზეა ადმინისტრატორი (თებერვალში მერვე ადგილი); შემდეგ მოსდევს გამყიდველი (თებერვლის თვეში მეათე ადგილი) მეშვიდე ადგილს იკავებს დამლაგებელი (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პროფესიებში); მერვე ადგილზე მოდის დისტრიბუტორი (თებერვალში მეოთხე ადგილი) შემდეგ ადგილს იკავებს პრისელერი (თებერვალში მეცხრე ადგილი); ხოლო ბოლო ადგილს იკავებს გაყიდვების აგენტი ( თებერვლის თვეში არ იყო მოთხოვნად პროფესიებში).
საზოგადოების მხრიდან 10 ყველაზე მოთხოვნადი პროფესიას/პოზიციას: პირველ ადგილს იკავებს – ბუღალტერი (თებერვლის თვეში პირველი ადგილი); მეორე ადგილზეა მზარეული (თებერვლის თვეში მეოთხე ადგილი); შემდეგ ადგილს ინაწილებენ მძღოლი და ძიძა (მძღოლი-მეცხრე ადგილი, ძიძა-არ იყო მოთხოვნად პროფესიებში) მეოთხე ადგილზეა კონსულტანტი (თებერვალში მეექვსე ადგილი) მეხუთე ადგილს იკავებს დამლაგებელი (თებერვალში მეორე ადგილი) მეექვსე ადგილზეა მიმტანი (თებერვალში მესამე ადგილი) შემდეგ მოდის ოჯახის დამხმარე (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პოზიციაზე) მერვე ადგილზეა მცხობელი (თებერვალში მეშვიდე ადგილი); მეცხრე ადგილს იკავებს მუშა (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პროფესიებში); ხოლო ბოლო ადგილს იკავებს ოფის -მენეჯერი (თებერვალში არ იყო მოთხოვნად პოზიციაზე).