როგორ შეიქმნება ფინანსთა სამინისტრო
მათე მელია
საქართველოს ბიუროკრატიული აპარატი რომ მოუქნელი და პროგრესის შემაფერხებელია, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება, მაგრამ, განსაკუთრებულად, სახელმწიფო მინისტრს გაუჭირდა, რომლისთვისაც მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია მთავრობის შემადგენლობაშია, ის მდგომარეობა, რაც დახვდა, მისთვის მაინც შოკის მომგვრელი იყო: მოშლილი და სრულიად უმოქმედო სახელმწიფო კანცელარია, რომელიც სარეზერვო ბატალიონს მოგვაგონებს. მის წევრებს ერთი ოცნება აქვთ -როგორმე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა რგოლში გადავიდნენ. ამდენად, აპარატი მთლიანად პარალიზებულია – შეყვარებული 10-ე კლასელებივით იქცევიან და მთავრობისა და სახელმწიფო მინისტრისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვთ.
გათავადებული მინისტრები თავიდან თათბირზე მოსვლასაც არ კადრულობდნენ (გუშინდელი “პახმელიის” გამო), ხოლო რაც შეეხება საკითხების დაძვრას, გადაწყვეტას და ინიციატივას – ნულის ტოლია. ყველას გრანტის მიღება სურს და, ძირითადად, სახელმწიფო ფუნქციების შპს-თვის გადაცემის გზით საკუთარი ბიზნესების “მოწყობით” არიან დაკავებულნი. ამასთან, სამინისტროებში პროფესიონალები თითქმის არ დარჩნენ. ვინც არიან, მათ მუშაობის სტიმული არა აქვთ. სამინისტროები დაიჟანგა და იქ მომუშავენი გოგოლის “რევიზორის” პერსონაჟებს დაემსგავსნენ. ისინი, ძირითადად, იმით არიან დაკავებულნი, რომ ათჯერ დაწერილს მეთერთმეტედ წერენ და მხოლოდ თარიღებს ცვლიან. აქედან გამომდინარე, ისეთი ადვილი გახდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობა, რომ მეეზოვესაც შეუძლია იქ ადგილი დაიკავოს და სამუშაოს თავი გაართვას. ყოველნაირი რეფორმა თუ გამოცდების ჩატარება ფარსს დაემსგავსა, სადაც მთავარი მოქმედი პირები პარლამენტარები და ხელისუფლების წევრები არიან, ვინაიდან, თანამდებობებზე ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე მხოლოდ მათი ნათესავები ინიშნებიან. ბუნებრივია, ამით შეძრწუნებული სახელმწიფო მინისტრი, გარდაქმნაზე და ქმედითუნარიანი ხელისუფლების შექმნაზე იწყებს ფიქრს.
პირველად დღის წესრიგში დგება კანცელარიის რეორგანიზაციის გეგმა, მაგრამ ამაოდ. მას სწორედ ის ხელისუფალნი უკეთებენ ბლოკირებას, რომელთაც ეს “ბუდუარი” მოირგეს. ჯორბენაძის შორსმიმავალი გეგმები, მათ პირად კეთილდღეობას ემუქრება. ისინი ურცხვად აცხადებენ, რომ არაფერი იციან კანცელარიაში მუშაობის გარდა. თავად განსაჯეთ, ან პარლამენტი როგორ მისცემს ხმას პარლამენტარების რიცხვის შემცირებას, როცა ჰგონიათ, რომ პარლამენტის კედლებში დაიბადნენ და ამ საქმიანობის გარდა ცხოვრებაში არა უკეთებიათ რა. რაც გააჩნიათ, ამ დალოცვილის წყალობით აქვთ. ხალხმა რომ ჰკითხოთ, საინტერესოა რა პასუხს გასცემენ – განვლილი 8 წლის განმავლობაში რა გააკეთეს გარდა იმისა, რომ მოიგვარეს ყოფითი პრობლემები იყიდეს სახლი, ბინა, აგარაკი, მეუღლეები და შვილები სარფიან სამუშაო ადგილას მოაწყვეს და სეზონი არ ჩაუგდიათ, რომ უცხოეთში არ დაესვენათ. ისე, პრინციპში, მეტი რა უნდა გაეკეთებინა ერთ კაცს 8 წლის განმავლობაში? რომელი ჰანიბალები ან ილია ჭავჭავაძები არიან ხალხზე რომ ეზრუნათ, თუნდაც ეზრუნათ, ვინ დაუფასებდა? არა, მართლა ძალიან ძნელია ერთი ხელის აწევით გაინადგურო ეს ბიზნესი. თუმცა, ისინი არც პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის მომხრები არიან, რადგან კონკურენციის ეშინიათ. ხომ ხედავთ, ეს ხალხი დაკავებულია და მათ სახელმწიფო საქმეებისათვის არ ცალიათ. ვერ გაამტყუნებ!
ამ სიტუაციაში, სახელმწიფო მინისტრი მოითხოვს ხელისუფლების ყველა შტომ რელურად აიღოს პასუხისმგებლობა და მათ კონკრეტული საქმე გააკეთონ. ამასთან, თავის სახე ჰქონდეთ როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან (რომელებსაც ხშირად უსამართლოდ აბრალებენ იმას, რაც მათ არ გაუკეთებიათ), ისე ხალხის წინაშე, რომელიც მუდამ რეფორმების შედეგებს ელის, მაგრამ… ამაოდ.
კანცელარიაში სერიოზული საკადრო როქები დაიწყო. პოლიტიკაში მონასტერი აირია და იმ ხალხს, რომელიც შევარდნაძემ პოლიტიკურ ოლიმპზე მოიყვანა, დღეს პრეზიდენტის “გულმხურვალე” კრიტიკით მოუნდათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება. მას პრობლემებიAშეუქმნეს. ორი, მუდმივ დისკოორდინაციაში მყოფი მინისტრი გაათავისუფლეს. ჯორბენაძე მიხვდა, რომ ქვეყნის გადარჩენის გასაღები ფინანსთა და ძალოვნი სამინისტროების რეფორმირებაში დევს.
ეს შესავალი იმისათვის დაგვჭირდა, რომ მკითხველისათვის ის იდეოლოგიური ფონი დაგვეხატა, რომლის პირობებში ახალი ფინანსთა სამინისტრო იქმნება. დაგვჭირდა იმისთვისაც, არავის ეგონოს, თითქოს ეს ცალკე მდგომი საკითხი და ერთჯერადი გაერთიანების აქტია. ფაქტობრივად, იგი პოლიტიკური ხავერდოვანი გადატრიალების ნაწილი და საქართველოს გადარჩენისთვის უკანასკნელი გაბრძოლებაა. მკითხველს არ ეგონოს, რომ ამ გადატრიალებაში ოლიგარქებს რამე სერიოზული ადგილი უჭირავთ. ეს სუფთა პოლიტიკაა, სადაც უვნებელი არც ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ დარჩება, მათ შორის, ოლიგარქები თავის ბიზნეს ინტერესებით.
მაშ ასე, ხელთათმანი გადმოგდებულია და შედეგის პროგნოზირება რთულია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ ვის ეყოფა პოლიტიკური გამჭრიახობა, ვაჟკაცობა და ვინ შექმნის უფრო ძლიერ პროფესიონალთა გუნდს. ომში ყველა ჭკუა გადმწყვეტია.
და მაინც, ახალი ფინანსთა სამინისტროს შექმნის რამდენი გზა არსებობს? – ორი. ერთი, წრფივი (მექანიკური) და მეორე, თვისობრივ-შინაარსობრივი. პირველი გზა ძალზე მარტივი და შესაბამისად, ადვილია.
ეს მეტად მექანიკური გზაა. ამ პირობებში, ეფექტურობის კუთხით არაფერი იცვლება. საეჭვოა იგი რაიმე სასიკეთოს მომტანი იქნეს. მას ტლანქი მექანიზმი, მოუხერხებელი მენეჯმენტი აქვს, რომელიც, მუშაობაში ძალიან მალე პრობლემებს წააწყდება. ასეთი სახელმწიფო სინდიკატი უკვე იყო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ფინანსთა მინისტრი ერთდროულად იყო საგადასახადოს, საბაჟოს, ხაზინის უფროსიც და ა.შ. ხოლო თვით დეპარტამენტები ცალკე საფეოდალოებად რჩებოდნენ.
მეორე გზა თვისობრივია, როცა დეპარტამენტები ფუნქციების მიხედვით შეიქმნება.
მეორე გზა ნამდვილად რეფორმისტულია. რთული, მაგრამ აუცილებლად შედეგის მომტანი, თანაც, იმ იდეოლოგიის მატარებელი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ამასთან, იგი სახელმწიფო მინისტრის ხელში აღმასრულებელი ხელისუფლების შემდგომი რეფორმირების იარაღი იქნება და კუბიკ-რუბიკის მოთამაშე მინისტრების ნაცვლად, ნამდვილ პორტფელთა მპყრობელებს მოუვლენს ამ ქვეყანას.