ვისია ეკონომიკური უსაფრთხოების მისია?
ქეთი მიქელაძე, ლინა ეპიშევა
საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რიგით მოქალაქეებს, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც მასმედია აწვდის, იმედები უჩნდებათ, რომ ამერიკული დახმარება რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს. ნაწილს უხარია, რომ ჯარი გამოიწვრთნება; ნაწილი იმედოვნებს, რომ აფხაზეთის დაბრუნებაში დაგვეხმარებიან; ზოგს სამხრეთ ოსეთის ამერიკელებით შეშფოთება ახარებთ და ზოგს ის, რომ 2 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცი მაღალ ხელფასებს მიიღებს…
თუმცა, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციებიც არ იძლევა მკაფიო დასკვნის საშუალებას:ყველაფერი რუსეთის განცხადებიდან დაიწყო, როცა პანკისის ხეობა “ალ-ქაედას”, მეტიც, ბინ ლადენის შესაძლო ადგილსამყოფელად დასახეს. ძნელია თქმა, ეს “სიახლეები” იმისთვის იყო მოწოდებული, რომ მსოფლიოს თვალში საქართველო ტერორისტების მფარველ ქვეყნად გამოჩენილიყო თუ რუსეთი იმედოვნებდა, საქართველო საშველად მათ უხმობდა, ტერორისტებისგან ხეობის გასაწმენდად ან, იქნებ, რუსებმა საქართველოში ამერიკელების ინტერესის კონცენტრაცია მოახდინეს. თავიდან ამერიკული მხარე რამდენჯერმე მორიდებულად გამოთქვამდა სურვილს, საქართველოს დახმარებოდნენ პანკისის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად. მაისის დასაწყისში ნიკოლაი პატრუშევი ჩამოვიდა სასწრაფო ვიზიტით. ის ცდილობდა გაეგო, რამდენად სერიოზულად აპირებს საქართველო აშშ-თან თანამშრომლობას პანკისის ხეობის კუთხით.
“მმე”-ს ესაუბრება თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გელა ბეჟუაშვილი.
ინტერნეტის ინფორმაციებით, ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა ჩამოსვლა საქართველოში ჯერ კიდევ ოქტომბერში ბუშისა და შევარდნაძის შეხვედაზე დაიგეგმა.ეს წვრთნის პროგრამა ამერიკელების ინიციატივა იყო თუ ქართული მხარის?
ოქტომბერში პრეზიდენტებმა წვრთნის და აღჭურვის პროგრამაზე ისაუბრეს, მაგრამ თვით თანამშრომლობა 1995 წელს დაიწყო. უფრო ინტენსიურად – 1998 წლიდან. 2001 წლის მაისში ორმხრივი ჯგუფის მეორე შეხვედრა ჯორჯიის შტატში, ქ. სავანაში ჩატარდა (პირველი თბილისში). ეს იყო სამხედრო-პოლიტიკური მოლაპარაკება, სადაც მე ვმონაწილეობდი. აშშ-ის მხრიდან – თავდაცვის სამინისტროს მდივნის თანაშემწე, ჯეფრი სტარი. მაშინ დაიგეგმა პროგრამის განვითარება, რაც თანამედროვე ჯარის ფორმირების დაწყებას ნიშნავდა. ოქტომბრის შეხვედრაზე თანამშრომლობა დავისახეთ მიზნად.
ხან 2000 კაცს ასახელებენ, ხან – 400-ს, რომელიც უნდა გაწვრთნან. რეალურად რამდენ კაცს გაწვრთნიან?
ესაა 1600-მდე ჯარისკაცი, ზემდეგი, ოფიცერი. სულ ოთხი ბატალიონი და ერთი მექანიზებული ასეული.
ამერიკაში რეინჯერები საზღვრებზე მომუშავე ძალებს ეწოდებათ, ჩვენთანაც ეს საზღვრის დაცვასთან ასოცირდება. მოამზადებენ თუ არა ინსტრუქტორები იმ ნაწილებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებზე იმუშავებენ?
საერთოდ, მასმედიამ ტერმინი “რეინჯერი” არასწორად გაავრცელა. რეინჯერთა კორპუსი არის ამერიკის ჯარებში, ჩვენთან ამ კორპუსს სპეციალურ ძალებს უწოდებენ, თურქები – კომანდორებს. უნდა ითქვას: ჯარებს გაწვრთნიან არა რეინჯერები, არამედ – სპეცდანიშნულების ძალთა კონსტრუქტორები. გაწვრთნილები მაინცდამაინც მხოლოდ საზღვრებზე არ განლაგდებიან…
საუბარია 60 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებაზე. ეს იმ შეიარაღების ღირებულებაა, რითაც გვეხმარებიან თუ ნაწილობრივ თანხაა?
ეს 64 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამაა. მასში შედის: ადმინისტრაციული ხარჯები, აღჭურვილობა, ფორმა, ტყვია-წამალი, ფუჭი ტყვია-წამალი. ინსტრუქტორთა ხარჯები, ჩამოფრენა-გაფრენა, სასტუმროები, რემონტები ქვედანაყოფებში. რაც შეეხება თანხას, ფულის სახით არ ჩამოვა.
თავდაცვის სამინისტროც შედის თუ არა თანადაფინანსებით და ფულს რაში ხარჯავს?
შედის. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტისთვის დამატებით მოვითხოვეთ 5 მილიონი ლარი, რაც უნდა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტრომ. მომავალ წელს ეს თანხა უნდა მივიღოთ და მომზადებულ ძალებს ხელფასები დავურიგოთ.
ითქვა, რომ ნასწავლი სამხედროები მაღალ ანაზღაურებას, 400-500 ლარს მიიღებენ, რამდენად რეალურია ეს თავდაცის დღევანდელი მდგომარეობით?
დღევანდელი მდგომარეობით, აბსოლუტურად არარეალურია! თუ ეს დაფინანსება არ შედგება, პროგრამაც შეწყდება.
თუ შეირჩა სასწავლებლად ბატალიონები და – რის მიხედვით?
შეირჩა. ეს მოხდა ამერიკელების წინასწარი შეფასებით. ისინი იყვნენ ნაწილებში, გაესაუბრნენ, გააკეთეს მოხსენება. ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენით.
ინსტრუქტორთა სწავლებები რამდენად ეფექტურად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, სიახლე ეს ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრობლემაა, მაგრამ არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების განხორციელების გადატანა ჯარზე. თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჯარს ამ ფუნქციას დააკისრებს, არასწორი იქნება. კარგი ჯარი ძვირი სიამოვნებაა. რასაკვირველია, როცა ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერია, ჯარიც შესაფერისია, მაგრამ როცა ეკონომიკური
თავდაცვის სამინისტროს პოზიციით, გაწვრთნილმა, აღჭურვილმა 1600-მდე კაცმა საზღვრის რომელ მონაკვეთებში უნდა იმუშაოს?
გაიწვრთნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების, შინაგანი ჯარების ოფიცრები. ისინი, მთლიანობაში, გამოაჯანსაღებენ მდგომარეობას; შეიქმნება კრიზისების მართვის ცენტრი; იცვლება ინფორმაცია, გამოცდილება, შეიქმნება ქსელი, რომელშიც ჩაერთვება ყველა, მათ შორის, ყველა სასაზღვრო მონაკვეთი, მესაზღვრეებიც.
კიდევ რომელ ქვეყნებში ან რომელ რესპუბლიკებში არიან შესულნი ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები მსგავსი მისიით?
არის ასპექტები, რომლებშიც ამერიკა ეხმარება ბალტიისპირეთის ქვეყნებს. რაღაც პროექტი განხორციელდა ხორვატიაში, ბალკანეთში.
ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაციები, თითქოს რუსეთი ამ პროგრამის გამო იმიტომ შიშობს, რომ უზბეკეთსა და ყაზახეთშიც ასე შევიდნენ ამერიკელები, ტერორიზმთან ბრძოლაში დასახმარებლად და, საბოლოოდ, ეს ამერიკული სამხედრო ბაზებით დასრულდა. თვლით შესაძლებლად, რომ ანალოგიური რამ შეიძლება საქართველოშიც მოხდეს?
რაც შეეხება უზბეკეთ-თურქმენეთს, იქ არაა ამერიკული ბაზები. საქართველოში ბაზის გახსნაზე საუბარიც არ არის. ასახელებენ 18 თვეს, ამ დროში უნდა მომზადდეს ქართული საჯარისო ნაწილები, მაგრამ მათი ყოფნის ვადად ამერიკის ხელისუფალნი მხოლოდ 7 თვეს მოიაზრებენ. ერთი სიტყვით, ეს მთლად დაზუსტებული არ არის. ეტაპობრივად უნდა ჩამოვიდეს კიდევ 150 ამერიკელი ინსტრუქტორი, უკვე ჩამოსული 26-ის გარდა. საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ზოგიერთი გაწვრთნილი სამხედრო ნაწილი განსაზღვრული იქნება შესაძლებელ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამერიკელები მონაწილეობას არ მიიღებენ არავითარ კონტრტერორისტულ ოპერაციაში. პარალელურად, ინტერნეტში ვრცელდება საერთაშორისო მიმომხილველების განსხვავებული პროგნოზები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ არხშია და ეკონომიკური შეფასებები საერთოდ არ ფიგურირებს. ერთი პროგნოზით, ვაშინგტონი კავკასიის სამხრეთით, მუდმივმოქმედ სამხედრო ბაზას გეგმავს, რათა ირანთან და ერაყთან ახლო დასაყრდენი ჰქონდეს. პენტაგონის წარმომადგენელმა, ბრაიან უიტმანმა აღნიშნა, რომ იანვარში საქართველოში ამერიკელი სამხედრო ექსპერტების პატარა ჯგუფი ჩამოვიდა ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოსთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობათა შესაფასებლად. ქვემოთ მოვიყვანთ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი გახდა ინსტრუქტორთა ამასწინანდელი კონფერენციიდან.
საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა არის მოქნილი, რამდენიმე ფაზად მიმდინარე საწვრთნელი პროგრამა, რომელიც გულისხმობს კადრების წვრთნას როგორც საკლასო ოთახში, ასევე ტაქტიკურ ინსტრუქციებს. გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოში სამხედრო აღჭურვილობის ჩამოტანა, რომელშიც შედის სამხედრო ფორმები, მსუბუქი იარაღი და საბრძოლო მასალა, საკომუნიკაციო საშუალებები, საწვრთნელი აღჭურვილობა, სამედიცინო აპარატურა, საწვავი და სამშენებლო მოწყობილობები. წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში დაგეგმილია დაახლოებით 150 ამერიკული სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა.
პირველი ეტაპი. ჯარების დისლოკაცია
2002 წლის 30 აპრილს საქართველოში ჩამოსულმა ამერიკული სამხედროების 20 კაციანმა ჯგუფმა კოორდინაცია უნდა გაუწიოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნებს. ამ ჯგუფის მიერ ძირითადი სამუშაოს ჩატარების შემდეგ თბილისში ჩამოვა ინსტრუქტორების მთავარი ჯგუფი. ამის შემდეგ დაიწყება ინსტრუქციის საწყისი პროგრამა. მასწავლებლები ევროპის სპეცოპერაციების ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ იქნებიან, მიწვეული იქნებიან აშშ-ის რჩეული ჯარებიდან და აშშ-ის საჰაერო ძალებიდან.
მეორე ეტაპი: პერსონალის მომზადება
მეორე ეტაპზე მოხდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის და შინაგანი ძალების ოფიცრების მომზადება. პატარა ჯგუფები მომზადდებიან საკლასო ოთახებში. სასწავლო გეგმა შედგება ეფექტური, თეორიული მომზადებისაგან და პრაქტიკული ვარჯიშებისაგან. ეს ეტაპი 70 დღე გაგრძელდება. მისი ორი მიმართულება (თავდაცვის სამინისტროს პერსონალის და სახმელეთო ძალების ხელმძღვანელობის მომზადება) პარალელურად მიმდინარეობს.
მიზანი: ჩამოყალიბდეს ძლიერი და ეფექტური პერსონალი, რომელიც შესძლებს სასწავლო და ოპერაციული გეგმების, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების და ქონების საბუღალტრო სისტემის შექმნას;
ჩამოყალიბდეს ეროვნული სამხედრო ხელმძღვანელობის ცენტრი, რომელიც შესძლებს კონტროლი მოახდინოს სამხედრო საქმიანობაზე და კოორდინაცია გაუწიოს ქვეყნის შიგნით არსებული სააგენტთაშორისო თანამშრომლობას.
– სასწავლო გეგმა შეიცავს:
– ეროვნულ სტრატეგიულ დამკვირვებლობას;
– საერთო დაგეგმვას;
– მთავარი პერსონალის თანამდებობებს და ფუნქციების;
– ბრძოლის დროს მეთაურის და შტაბის როლს;
– საბრძოლო ოპერაციების ძირითად პრინციპებს;
– სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს;
– სასწავლო დოქტრინას ან ხელმძღვანელთა პერსონალის ვარჯიშს.
მეორე ეტაპი: სახმელეთო ძალების ხელმძღვანელობის მომზადება.
– მიზანი: ჰყავდეს ოპერაციული სამეთაურო შტაბი, რომელიც შესძლებს ტაქტიკური კომბინირებული შეიარაღების ოპერაციის დაგეგმვას და შესრულებას.
სასწავლო გეგმა შეიცავს:- პერსონალის მომზადებას;
– ოპერაციის დაგეგმვას;
– მომზადების დაგეგმვას;
– ბრიგადის ტაქტიკური ოპერაციების ცენტრს;
– ქონების აღრიცხვას.
მესამე ეტაპი: ტაქტიკური მომზადება
მესამე ეტაპზე რჩეული საქართველოს სამხედრო ნაწილები მიიღებენ ტაქტიკის და ტექნიკის ინსტრუქციას კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებში. კომბინირებული სამხედრო ოპერაციები მოიცავენ სახმელეთო ჯარების სხვადასხვა სახეებს, მსუბუქ და მოტორიზებულ ქვეით ჯარებს, სამთო ჯარებს და სპეცძალებს. სასწავლო გეგმა შეიცავს:
– ძირითადი ინდივიდუალური ჩვევები;
– ბრძოლაში სიცოხლის შენარჩუნების გზა;
– რადისტის მოქმედების წესს;
– ნაოსნობას;
– ადამიანთა უფლებების დარგში განათლებას;
– ინდივიდუალური საბრძოლო ჩვევები;
– დაუცდენელი სროლა;
– ინდივიდუალური მოძრაობის ტექნიკა;
– ოცეულის და ჯგუფის ტაქტიკა;
– ასეულის ტაქტიკა და ოპერაციები;
– ვარჯიში ბრძოლის ველზე და საბოლოო ტესტირება.
მეოთხე ეტაპი: ჯარების გადაადგილება
აშშ-ის ჯარების გადაადგილება მოხდება მეორე და მესამე ეტაპზე ევროპის სპეცოპერაციების ხელმძღვანელობის მისიის დამთავრების შემდეგ.
რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, ინსტრუქტორთა პრესცენტრი უარს ამბობს პრესას რაიმე საკითხზე პასუხი გასცეს. არადა, თემები ბევრია: რა მიზნისთვის შეიქმნა ამერიკის ჯარში რეინჯერთა კორპუსი; საზღვრების ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვისას რა უფლებებით სარგებლობენ. მაგალითად ნებისმიერი კონტრაბანდის დაკავებისას, არალეგალური ემიგრანტების აღმოჩენისას; როგორია ინსტრუქტორების აზრით, საქართველოს საზღვრების უსაფრთხოება ამ კუთხით და რა მეტად ემუქრება მას, იარაღის კონტრაბანდა, ნარკოტიკის თუ სხვა (თავისთავად ტერორისტების შეღწევის გარდა); რა მაჩვენებლის მიხედვით დგინდება რეინჯერთა მუშაობის ეფექტურობა; არავისთვის არის დასამალი, რომ ამერიკის საზღვრებსაც გადადიან ემიგრანტები, შედის ნარკოტიკები, კონტრაბანდული საქონელი. ჯერ კიდევ 1977 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა კარტერმა, ნარკომანიის შესახებ კონგრესისადმი მიწერილ მიმართვაში აღიარა, რომ საზღვრების აბსოლუტური დაცვა შეუძლებელია: “…ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ ნარკომანი ამერიკას წელიწადში 15 მილიარდი დოლარი უჯდება. ამერიკელთა სიკვდილის მიზეზებში ამ სენს მეოთხე ადგილი უჭირავს. არაა საკმარისი, ნარკოტიკების კონტრაბანდისგან ქვეყნის დაცვა, ამას ხელი უნდა მოვკიდოთ სხვა ქვეყნებთან ერთად. შეუძლებელია ნარკოტიკების ამოძირკვა, ვიდრე საზოგადოების ნაწილი მასში შვებას ხედავს… უნდა ვაღიაროთ, რომსაზღვრების აბსოლუტური დაცვა შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ფედერალური ხელისუფლების რესურსების მობილიზება”. (დ. კოლოსოვი “თავისუფალი დამნაშავე სამყარო”. 1978 წელი). შორს წაგვიყვანს ჩამოთვლა, რამდენი რამისგან ითვლიან ამერიკაში ზარალს, მაგ. დაიანგარიშეს, რომ არალეგალური შემოსვლები ნარკოტიკებით, კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობიდან, სუტენიორობიდან, აზარტული თამაშებიდან 50 მილიარდ დოლარს შეადგენდა…
ჯერაც საკამათოა, ჯარი უნდა გაძლიერდეს თუ ჯერ – ეკონომიკა და საზღვრების დაცვა. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება და თავდაცვა ერთად ჩივიან დაუფინანსებლობაზე და იმედებიც არაა ძალიან დიდი, ნომერ პირველ ამოცანად თითოეულ უწყებას თავისი სფეროს გაძლიერება მიაჩნია.