მსოფლიო ეკონომიკა კვლავ მერყეობს
როგორც სასტარტო პოზიციებმა აჩვენა, 2014 წელს მსოფლიო ეკონომიკას წინ ბევრი გამოცდა ელის, თუმცა, სპეციალისტთა შეფასებით, გლობალური ეკონომიკის კრიზისიდან საბოლოოდ ვერ გამოსვლის ალბათობის რისკი მცირეა. ამგვარი ოპტიმიზმის საშუალებას რამდენიმე ფაქტორი იძლევა.
2013 წლის მარტიდან მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო ბაზრებმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. მაგალითად, აშშ-ის S&P 500 ინდექსი გასულ წელს 30%-ით გაიზარდა, იაპონური Nikkei 57%-ით. ეს ზრდა დიდწილად განპირობებული იყო მონეტარული სტიმულირების პოლიტიკითა და გლობალური ეკონომიკის ზრდით. თუმცა, 2014 წლის დასაწყისში ზრდა შენელდა და ინდექსებმა უკუსვლა დაიწყეს. იანვრიდან მოყოლებული აქციათა გლობალური ღირებულება 3 ტრილიონი აშშ დოლარით შემცირდა. შედეგად, S&P 500 ინდექსი 5%-ით შემცირდა, Nikkei 14%-ით, ხოლო MSCI (emerging-market index) 9%-ით.
2013 წლის შედეგების გათვალისწინებით, ეს ვარდნა მოულოდნელი იყო. ამერიკული S&P მოგება გასული წლის ბოლოსთვის 25-ჯერ მაღალი იყო 10 წლის საშუალო მაჩვენებელზე, აქამდე ისტორიული მაქსიმუმი 16-ჯერ ზრდა იყო. მაგრამ განსაკუთრებით განვითარებადი ბაზრებიდან წამოსულმა სიგნალებმა ინვესტორებს პანიკის საფუძველი შეუქმნა. გლობალიზაციის ხარისხიდან გამომდინარე, ეს არცაა გასაკვირი, მაგალითად, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში აშშ-ის წარმოების სექტორის სუსტმა საპროგნოზო მაჩვენებლებმა, იაპონური ნიკეის 4%-ით ვარდნა გამოიწვია.
ფასები ყოველთვის მერყეობენ და ისევ სტაბილურ მდგომარეობას უბრუნდებიან, მაგრამ, ექსპერტთა შეფასებით, საჭიროა მათი ფუნდამენტური კვლევა, იმისთვის, რომ ფასების მერყეობას მნიშვნელოვანი უკუსვლა არ მოჰყვეს. უმნიშვნელოა თუ არა ფასების ის შემცირება, რაც მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირდა, მან უკვე მოახდინა გავლენა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზზე. განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე, სადაც საკრედიტო პირობები მკაცრია, ხოლო უცხიური კაპიტალი ნაკლებად ხელმისაწვდომი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მცირდება სამომხმარებლო ფასებიც, მაგალითად, ლითონის ფასი იანვარში 8%-ით შემცირდა.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტთა შეფასებით, პანიკის საფუძველი არ არის.
მართალია, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები მცირდება, მაგრამ საგანგაშო არაა. ამასთანავე, სხვა განვითარებადი ეკონომიკების ზრდის პროგნოზების შემცირების მიუხედავად, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ეკონომიკებს 2014 წელს კოლაფსი ელით. გარდა ამისა, მოსალოდნელია იაპონიასა და ევროპაში მონეტარული პოლიტიკის შერბილება. ეს ყველაფერი ექსპერტებს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ 2014 წელს ეკონომიკის ზრდა გასული წლის 3%-იან მაჩვენებელზე მაღალი იქნება.
აშშ-ის ეკონომიკის პროგნოზი ამისთვის ყველაზე კარგი გარანტიაა. აშშ-ის ეკონომიკა კვლავ მსოფლიოს წამყვანი ძალაა, ამიტომ იქ განვითარებულ მოვლენებს დიდი გავლენა აქვს დანარჩენ მსოფლიოზე. აშშ-ის ეკონომიკის წარმოების სექტორის ცუდი სტატისტიკით დაწყებული, ავტომობილების გაყიდვებით დამთავრებული, ნაწილობრივ ხსნის გლობალური ეკონომიკის შედეგებს 2014 წლის იანვარში. თუმცა, ექსპერტები ამას აშშ-ის უჩვეულოდ მკაცრ ზამთარს და შენელებულ აქტივობას მიაწერენ და ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების გამოსწორებას გაზაფხულიდან პროგნოზირებენ.
მით უფრო, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი ველოდოთ ხარჯების მკვეთრ შემცირებას. ამერიკის საოჯახო მეურნეობების „საბალანსო უწყისები“ კარგ მდგომარეობაშია. აქციათა ბაზრების მიმართ ინვესტორთა მხრიდან ნდობა ოდნავ შეირყა, მაგრამ გაზრდილმა რისკებმა შეამცირა სახაზინო ობლიგაციების განაკვეთი, რამაც, თავის მხრივ, უნდა გამოიწვიოს იპოთეკური განაკვეთების შემცირება. ყოველივე ეს იძლევა 3%-ზე მაღალი ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს 2014 წლის ბოლოსთვის. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ წლის პირველი ნახევარი შედარებით სუსტი მაჩვენებლებით დასრულდება, თუმცა წლის ბოლოსათვის ზრდა შარშანდელთან შედარებით, სავარაუდოდ, 1.9%-ით მეტი იქნება.
თავის მხრივ, მცირდება ჩინეთის ეკონომიკა. საწარმოო მენეჯმენტის ინდექსის ბოლო მაჩვენებელმა 6 თვის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
ახლა მთავარი ისაა, თუ რამდენ ხანს და რამდენად სწრაფად შეიძლება გაგრძელდეს ეს ვარდნა. ბევრი ინვესტორი შიშობს, რომ ეს შეუქცევადი პროცესი შეიძლება გახდეს.
ინვესტორებს შეშფოთების ლოგიკური საფუძველიც აქვთ – ჩინეთმა მიაღწია სავალო ლიმიტს და საინვესტიციო ზრდის მოდელის მაქსიმუმს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინვესტიციური ზრდის მოდელი ჩინეთში ისევ მუშაობს, მაგრამ შეიძლება ის ფინანსური „აფეთქებით“ დასრულდეს.
მაგრამ ექსპერტები არც ჩინური ეკონომიკის მიმართ არიან სკეპტიკურად განწყობილნი. ჩინური ეკონომიკის ზრდა შენელებულია, მაგრამ, მათი შეფასებით, ეს საგანგაშო ტემპები არ არის და ჩინეთის მთავრობას შესწევს უნარი კრიზისი თავიდან აიცილოს. ამაზე მეტყველებს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ფინანსური სექტორის მხარდაჭერის პროგრამები.
მაგრამ თუ ჩინეთი პროცესების მოთოკვას ვერ შეძლებს, ეს მთლიანად განვითარებად ბაზრებზე აისახება, რადგან ჩინეთის ეკონომიკას უდიდესი, პირდაპირი გავლენა აქვს მთლიანად განვითარებად ბაზრებზე მსოფლიოში. ჩინეთში განვითარებული მოვლენები ასევე არის სიგნალი ინვესტორებისათვის, თუ როგორ მოიქცნენ სხვა განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელებისას.
სპეციალისტებისთვის ოპტიმიზმის კიდევ ერთი პარადოქსული მიზეზი, ევროპასა და იაპონიაში უფრო თამამი მონეტარული პოლიტიკის მოლოდინია. ინფლაცია ევროპაში შემაშფოთებლად დაბალია – 0.8%, ამიტომაც ევროპის ცენტრალურ ბანკს მეტი მოეთხოვება მონეტარული ვითარების გამოსასწორებლად. მსგავის ქმედებაა მოსალოდნელი ცენტრალური ბანკის მხრიდან იაპონიაშიც. ეკონომიკაში მეტი ფულის გაშვების შემდეგ მოსალოდნელია ბიზნეს აქტივობის ზრდაც.
თუ ზემოთ მოცემული ანალიზი სწორია, შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეს ბაზრებზე არსებული პესიმისტური მაჩვენებლები დროებითია. „ინვესტორებმა ნერვები უნდა მოთოკონ და საღად იაზროვნონ, მსოფლიო ეკონომიკას მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება“ – მიიჩნევენ ექსპერტები. მსოფლიოს ეკონომიკის მაჩვენებლების მთავარი მაფორმირებელი ფაქტორები 2014 წლის ბოლოსთვის უნდა გახდეს აშშ-ის ეკონომიკაზე დამოკიდებულება, ჩინეთიდან ჯერ ისევ არსებული რისკები და მონეტარული პოლიტიკის შერბილება ბევრ ეკონომიკურად ძლიერ რეგიონში.