G20 საქმეზე გადავიდა

სიდნეიში, 22-23 თებერვალს გაიმართა დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მეთაურების შეხვედრა, რომელიც, ექსპერტების თქმით, გამორჩეული იყო კონკრეტული ორიენტირების დასახვითა და მკაცრი მოთხოვნების დასმით საერთაშორისო საფინანსო ფონდის რეფორმირებისა და სხვა ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც მთავარ გამოწვევებად რჩება მსოფლიო ეკონომიკის წინაშე, მისი აღდგენის ზრდის დაჩქარებასა და სტაბილიზებაში.
შეხვედრის მთავარ განცხადებად შეგვიძლია მივიჩნიოთ სამიზნე მაჩვენებლის (2%) დასახვა, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი უნდა გაიზარდოს 5 წლის განმავლობაში. „ჩვენ მოვახდენთ ამბიციური, მაგრამ რეალისტური პოლიტიკის რეალიზებას, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყნების ერთობლივი მშპ 2%-ით უნდა გაიზარდოს, ამას ითვალისწინებს ჩვენი უახლესი 5-წლიანი პოლიტიკა“, – ნათქვამია შეხვედრის შემაჯამებელ კომუნიკეში.

ასევე, აღნიშნულია, რომ ზრდის ასეთი ტემპი გამოიღებს დამატებით 2 ტრილიონ დოლარს და დამატებით სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან რაოდენობას შექმნის. მინისტრებმა პირველად გამოხატეს ციფრებში თავიანთი პოლიტიკის ირიენტირები. რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს გულისხმობს მიმდინარე 4%-იანი მატების 6%-მდე გაზრდას, რაც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ზრდის საშუალო 7%-იან მაჩვენებელს უდრის. ასეთი მიზნის მიღწევის მექანიზმები ჯერ განსაზღვრული არ არის. თუმცა, დაგეგმილია, რომ დიდი ოცეულის ქვეყნები მოხაზავენ კონკრეტულ რეფორმებს, რომლის გატარებაც აუცილებელია დასმული ამოცანის მისაღწევად.

sidnei ielini

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ოცეულის მთავარი ფინანსური უწყებების ხელმძღვანელები აქცენტს აკეთებდნენ ზრდის წახალისებაზე და არა საბიუჯეტო ეკონომიაზე.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები გაჩნდა, მათ შორის, აშშ-ში ზრდა გამყარდა, ასევე დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში, იგივე შეიძლება ითქვას განვითარებად ბაზრებზეც, ზრდა არის ევროზონის ქვეყნებშიც. თუმცა, იქვე ზახი გაუსვეს იმ გარემოებას. რომ მსოფლიო ეკონომიკა კვლავინდებურად ჯერ ძალიან შორსაა მდგრადი და დაბალანსებული ზრდისგან: შეინიშნება რიგ ქვეყნებში მოთხოვნის პრობლემები, საფინანსო ბაზრებზე ვოლატურობა ნარჩუნდება, მაღალია სახელმწიფო ვალის დონეები, შეინიშნება გლობალური დისბალანსები და ცალკეული ქვეყნების მოწყვლადობა. ყოველივე ეს ნარჩუნდება და მათთან გამკლავებაა საჭირო.

მსოფლიო ეკონომიკის ზრდის 2 პროცენტული პუნქტით დაჩქარება შესაძლებელია ღრმა სტრუქტურული რეფორმის გატარებითა და საბოლოო მოთხოვნის მდგრადი ზრდის უზრუნველყოფის გზით.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ინვესტიციების გასაზრდელად, დასაქმების დონის ასამაღლებლად, ვაჭრობის გასაფართოებლად და კონკურენციის გასავითარებლად ყველა ზომა იქნება მიღებული.

ოცეულის ქვეყნები ასევე აპირებენ ფისკალური სტრატეგიის რეალიზაციას, მოკლევადიანი ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით – შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას სამუშაო ადგილები, ამასთან შენარჩუნდეს არსებული სახელმწიფო ვალის დონე მშპ-სთან მიმართებაში.

AUSTRALIA-IMF-ECONOMY-G20

დიდი იოცეული 2014 წელს მთელი თავის ძალისხმევის ფოკუსირებას მოახდენს ბრიზბენში სამიტის დასრულებამდე ძირითადი რეფორმების საკვანძო ასპექტების რეალიზებისთვის, რომელიც გლობალური საფინანსო კრიზისის პასუხი იქნება: საფინანსო უწყებების მდგრადობის ამაღლება, პრობლემის – too big to fail – საბოლოოდ მოშორება, ჩრდილოვანი ბანკინგის რისკების შემცირება, წარმოებული ინსტრუმენტების ბაზრის უსაფრთხიების ამაღლება.

საერთაშორისო საფინანსო ფონდის მეთაურმა, კრისტინ ლაგარდმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: „შემდგომი მოქმედებები და საერთაშორისო თანამშრომლობა აუცილებელია მსოფლიო ეკონომიკის სრულყოფილი აღდგენის უზრუნველყოფისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ასევე ფაქტობრივი და პოტენციური რისკების წინააღმდეგ საბრძოლველად“.

„ჩვენ ვაღიარებთ სირთულეების არსებობას და პირველად ვასახელებთ რეალურ სამიზნე მაჩვენებელს, რომლისკენაც უნდა ვიაროთ. დრო მოვიდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ზრდა დაიწყოს. სირთულეები არის, ჩვენ ვიცით, მაგრამ არის მათი გადაწყვეტისთვის მზაობაც“, – განაცხადა ავსტრალიის ფინანსთა მინისტრმა ჯო ჰოკიმ.

საერთაშორისო საფინანსო ფონდი მსოფლიო მშპ-ის ზრდას 2014 წლისთვის 3,7%-ით პროგნოზირებს.

დიდი ოცეულის ქვეყნების შეხვედრის შემაჯამებელი კომუნიკეთი თუ ვიმსჯელებთ, G20 მზად არის საერთაშორისო საფინანსო ფონდის რეფორმირებისთვის. შეხვედრის შემაჯამებელ დოკუმენტში პირველად გაჩნდა უფრო მკაცრი ფორმულირება იმასთან მიმართებაში, რომ აშშ-მ მოახდინოს რატიფიცირება სსფ-ის კვოტების მე-14-ე გადახედვისა აპრილში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრამდე. „ძალიან ვწუხვართ, რომ კვოტებისა და სსფ-ის მმართველობის რეფორმა, რაზედაც შეთანხმება 2010 წელს იქნა მიღწეული, ჯერ არ არის ძალაში შესული და კვოტების მე-15-ე გადახედვა 2014 წლის იანვრამდე არ დასრულდა. ჩვენს უმაღლეს პრიორიტეტად რჩება 2010 წლის რეფორმების რატიფიცირება და ჩვენ აშშ-ის მხრიდან მოვითხოვთ ამის გაკეთებას შემდეგ შეხვედრამდე“, – ნათქვამია კომუნიკეში.
საქმე იმაშია, რომ ამ მომენტისთვის სსფ-მ პრაქტიკულად ამოწურა საკუთარი რესურსები, ხოლო ფონდის არსებული პროგრამები ფაქტობრივად ფინანსდება დაკრედიტების შეთანხმებით. ასეთი სიტუაცია უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, რადგან არ შეესაბამება ფონდის საქმიანობის საბაზისო პრინციპს, რომ სსფ არის საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია კვოტებზე.

2010 წელს, სეულში დიდი ოცეულის შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სსფ-ის კვოტები განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ გადაიხედებოდა. ამასთან, ფიქრობდნენ, რომ 2013 წელს კვოტების განაწილების ახალ ფორმულას შეიმუშავებდნენ, ხოლო 2014 წელს კვოტების გადახედვას მე-15-ჯერ მოახდენდნენ, მაგრამ ამის განხორციელება სსფ-ის წევრი ქვეყნების უმრავლესობის რატიფიცირებისა და მე-14-ე გადახედვის გარეშე, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა დასრულებულიყო, ვერ მოხერხდებოდა.

მე-14-ე გადახედვის შედეგად, კვოტები და მისი მოცულობა ორჯერ უნდა გაიზარდოს – 238,4 მილიარდი SDR-დან 476,8 მილიარდ SDR-მდე. გარდა ამისა, კვოტების 6%-ზე მეტი უნდა გადანაწილდეს განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებადზე. ამის შედეგად, ჩინეთი სსფ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის კვოტების სიდიდით მესამე გახდება, ხოლო ბრაზილია, ჩინეთი და რუსეთი შევლენ ფონდის 10 უმსხვილესი აქციონერების რიცხვში.

ამ მომენტამდე ამ ცვლილების რატიფიცირება არ მოუხდენია აშშ-ს, რომელსაც აქვს SDR 17,69% და 16,75%-იანი კვოტა, რაც მას უფლებას აძლევს ფონდის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით (საკითხები, რომლებსაც ხმათა 85% სჭირდება) ვეტოს გამოყენების უფლებას.

G20-ის მონაწილე ქვეყნები ელოდნენ, რომ აშშ ამ ცვლილებების რატიფიცირებას 2013 წლის შემოდგომაზე მოახდენდა ქვეყნის ბიუჯეტის მიღებასთან ერთად, მაგრამ ეს არ მოხდა ადმინისტრაციაში ფედერალური მმართველობის ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. იანვარში სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი ფედერალური მმართველობის საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ 30 სექტემბრამდე, მაგრამ სსფ-ის კვოტების რეფორმის საკითხი ღიად დარჩა.
QE პროგრამის შემცირება გახდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის დისკუსიის თემა. emerging markets-ის რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ინდოეთმა, გააკრიტიკეს აშშ-ის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც განვითარებად ქვეყნებზე ახლა ნეგატიურად მოქმედებს. დიდი ოცეულის „განვითრებულმა მხარემ“ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა ფედერალური სარეზერვო სისტემის ახალი მეთაურის ჟანეტ იელენის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია განვითარებად ქვეყნებზე QE პროგრამის შემცირების მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენის შესასუსტებლად.

sidnei

„სტიმულირების შემცირება, რისი მომსწრენიც ახლა ვართ, მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობას მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შედეგია, განსაკუთრებით აშშ-ში, ეს კი თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ ბაზრებზე ვოლატურობა ნარჩუნდება მასტიმულირებელი პროგრამის შემცირების შემდეგ“, – განაცხადა ლაგარდიმ სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში სამიტის დასრულების შემდეგ.
კომუნიკეში მინისტრებმა აღიარეს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აუცილებელია მასტიმულირებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შენარჩუნება და მისი ნორმალიზრება, ამასთან, ნორმალიზების ვადები დამოკიდებული იქნება საფასო სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე.

„ასეთი ნორმალიზაცია, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა შესაბამის პირობებში, პოზიტიურია მსოფლიო ეკონომიკისთვის, ხოლო იოლი ფულის პოლიტიკაზე დამოკიდებულების შემცირება საშუალოვადიან პერსპექტივაში სასიკეთოდ აისახება ფინანსურ სტაბილურობაზე. გარადამავალ ეტაპზე ეკონომიკურმა პოლიტიკამ სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს იმ ზომების რეალიზებით, რომელიც მიმართული იქნება კერძო სექტორში მოთხოვნის გაზრდაზე, მათ შორის, ინვესტიციებიც“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

„ჩვენ მზად ვართ გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები საფასო სტაბილურობის მისაღწევად, დეფლაციური და ინფლაციური ზეწოლის ფაქტორებზე დროული რეაგირების გზით. ყველა ჩვენი ცენტრალური ბანკი ადასტურებს მოვალეობას – ზედმიწევნით შეასრულონ ფულად-საკრედიტო წესდება და საზოგადოებამდე ის გასაგებად მიიტანონ, ინფორმაციის უწყვეტად გაცვლის რეჟიმში და თან გაითვალისწინონ მათი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე“, – ნათქვამია შემაჯამებელ დოკუმენტში.

კომუნიკეს მომზადებისას განვითარებადმა ქვეყნებმა აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას მოუწოდეს, მეტი ყურადღებით მოეკიდონ სტიმულებიდან გამოსვლას. როგორც Financial Times წერს, ამ საკითხში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ამასთან, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარეზერვო სისტემის უფლებას, პოლიტიკა თავისი ქვეყნის მოთხოვნილებების შესაბამისად დააწესონ და განაცხადეს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს თავიანთი შიდა პოლიტიკის ჩავარდნა, სარეზერვო სისტემის მოქმედებების ზეგავლენით გაამართლონ და ახსნან.
„რადგანაც ცალკეულ ქვეყნებში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ტრანსფორმაციასა და გარემოებებზე ბაზრები რეაგირებენ, იცვლება აქტივების ფასები და გაცვლითი კურსები. ზოგჯერ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ზედმეტი ვოლატურობა, რომელიც ზრდისთვის დამღუპველია. ზოგიერთი ქვეყანა მზად არის მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, მაგრამ ჩვენი რეაგირების მთავარი იარაღი შიდა მაკროეკონომიკური, სტრუქტურული და ფინანსური პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება და დაზუსტებაა“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ასეთი პოლიტიკის გამო მანევრირების საშუალება გაუარესდა, სავარაუდოდ, მოსალოდნელი იქნება „საგადასახადო-საბიუჯეტო ბუფერების“ აღდგენა.

სამიტზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საგადასახადო ბაზის დაშლასა და მოგების გადამალვის საკითხებზე და დაადასტურეს თავიანთი მზაობა ამ მოვლენის წინააღმდეგ საბრძოლველად მოახდინონ სამოქმედო გეგმის რეალიზება. „მოგება იქ უნდა დაექვემდებაროს გადასახადების დაკისრებას, სადაც განხორციელებულია ეკონომიკური მოქმედება და სადაც შექმნილია ფასეულობა. ჩვენ ბოლომდე მხარს ვუჭერთ G20-ის გეგმასა და OECD-ს და მოუთმენლად ველით პროგრესს. ბრიზბენის სამიტამდე ჩვენ დავიწყებთ ეფექტური ზომების განხორციელებას ამ მიმართულებით“, – ნათქვამია კომუნიკეში.
მინისტრებმა დაამტკიცეს საგადასახადო ინფორმაციის ავტომატური გაცვლის ანგარიშგების სტანდარტი ორმხრივ საფუძველზე და მზად არიან საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად დეტალურად განიხილონ ეს გეგმა შეხვედრაზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება.

ამის პარალელურად მონაწილეები აპირებენ დაიწყონ საგადასახადო საკითხებზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლა G20-ის წევრებს შორის 2015 წლის ბოლომდე. მინისტრებმა ყველა იურისდიქციებს მოუწოდეს, რომლებმაც ჯერ არ შეასრულეს სტანდარტის მოთხოვნა, ეს გააკეთონ და ხელი მოაწერონ მრავალმხრივ კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო საკითხებში ერთიან ადმინისტრაციულ დახმარებას.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს ინვესტიციების განვითარებას და აღნიშნეს, რომ ისინი აპირებენ, რომ ხელი შეუწყონ მის მოზიდვას მცირე და საშუალო საწარმოების ინფრასტრუქტურაში. „ჩვენ გავატარებთ რეფორმას იმისთვის, რომ კერძო ინვესტიციების მოზიდვის გზაზე დაბრკოლებები აღარ არსებობდეს და ამას საიმედო და პროგნოზირებადი პოლიტიკითა და ნორმატიული სამართლებრივი ბაზით შევძლებთ, ასევე საბაზრო სტიმულებისა და დისციპლინის ხაზგასმით“, – ნათქვამია კომუნიკეში.

როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, მსოფლიო ეკონომიკის წინაშე კვლავინდებურად დგას ინვესტიციების სტიმულირების საკითხი, მისი საკვანძო მიმართულება კი, არის ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. ასევე, აღნიშნული იყო გრძელვადიანი ინვესტიციების ხელშეწყობის დიდი მნიშვნელობა კერძო სექტორის მხრიდან და სახელმწიდო სექტორის კაპიტალური ხარჯების ეფექტურობის მაქსიმალიზაცია.