სანქციები – ჩიხი თუ გამოსავალი
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დასავლეთი ეკონომიკური სანქციების შესაძლებლობებს განიხილავს. რამდენად ეფექტურია მსგავსი ბერკეტები პუტინის ინტერვენციული პოლიტიკის და, ზოგადად – საომარი აგრესიის მოსათოკად 21-ე საუკუნეში? სახელმწიფოებს შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, რამდენად არის შესაძლებელი ამ ეკონომიკური ომიდან აშშ და ევროპა უდანაკარგოდ გამოვიდნენ და თან რუსეთს უკან დახევა აიძულონ. 2013 წელს საერთაშორისო ინტერესის ობიექტი ირანი იყო, რა შედეგით დასრულდა ეს ერთობლივი კამპანია და ირანის ეკონომიკური სანქციების ტყვეობაში ყოფნა, რა პარალალების გავლება შეიძლება ამ კუთხით.
აშშ-სა და ევროკავშირის თავდაპირველი რეაქცია მძაფრია. როგორც მათი წარმომადგენლები აცხადებენ, მიიღებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ფართო მასშტაბებს და რამდენად მკაცრი იქნება ის, კრემლის ქმედებებზეა დამოკიდებული.
ვანშინგტონი და ბრიუსელი ცდილობენ შეაჩერონ რუსული ჯარების შესვლა ყირიმის რეგიონში, არსებობს რამდენიმე ეკონომიკური და დიპლომატიური სანქცია, რომლის შესახებაც უკვე მიმდინარეობს საუბარი, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორის, ასევე ისეთი დიდი სამომხმარებლო ბაზრის მქონე ქვეყნის ეკონომიკური ბლოკადა მხოლოდ რუსეთს არ დააზიანებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, შეაფასა ყირიმში რუსეთის გააქტიურება, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. მისი განცხადებით, აშშ მიიღებს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ თუ პუტინი უკან არ დაიხევს. გარდა ამისა, დასავლეთი ცდილობს დიპლომატიურ იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი. რამდენიმე წამყვანმა სახელმწიფომ უკვე გაიწვია ელჩები მოსკოვიდან. აშშ-მ შეწყვიტა რუსეთთან მოლაპარაკებები, რომელიც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა ორ ქვეყანას შორის. აშშ-ის მსგავსად, ბრიუსელმაც შეწყვიტა მოსკოვთან მოლაპარაკებები მიმოსვლის უვიზო რეჟიმისა და სავაჭრო კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.
შეჩერებულია დიდი რვიანის მოსამზადებელი სამუშაოებიც, რომელიც ივნისში სოჭში უნდა გამართულიყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ინფორმაციით, ამერიკა რუსეთისთვის სხვადასხვა სანქციებს, მათ შორის, სავიზო და საბანკო ანაგიშების ბლოკირებას, განიხილავს. „ესაა მე-19-ე საუკუნის საქციელი 21-ე საუკუნეში. მე ვესაუბრე დიდი შვიდიანის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და ყველას პოზიცია არის ერთი – ისინი გეგმავენ რუსეთის იზოლირებას და მასთან ნორმალურ საქმიან ურთიერთობას არ აპირებენ. რუსეთი ხდება განსჯის ობიექტი სართაშორისო საზოგადოებაში. შესაძლოა მოხდეს საბანკო ანგარიშების გაყინვა, სავიზო აკრძალვები ან ცვლილებები სავაჭრო ურთიერთობებში“,- განაცხადა ჯონ კერიმ. ჯონ კერის განაცხადებით, ამერიკა მზად არის უკრაინის ცენტრალურ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს დახმარება აღმოუჩინოს ეკონომიკური გამოწვევებისთვის გასამკლავებლად და ქვეყანაში კორუფციის დასამარცხებლად.
გარდა ამისა, ქერიმ განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საკუთარი პოზიციების დაცვაში დაეხმარება, რაც რუსეთთან დავას უკავშირდება. სახელმწიფო მდივანი უკრაინას ასევე დაჰპირდა მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფასა და უკრანული კომპანიების დახმარებას, რაც, მისი თქმით, მათ ახალი ბაზრების პოვნაში ხელს შეუწყობს. ქერიმ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინაში ტექნიკური კონსულტანტების გაგზავნის შესახებ, რომლებიც ხელისუფლებას დაეხმარებიან ფინანსურ ბაზრებზე არსებულ ზეწოლას გაუმკლავდნენ, ასევე, ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნას, უკრაინის მოპარულ აქტივებთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად და ამ აქტივების დასაბრუნებლად.
ირანული პარალელები
ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში, ნათელია, რომ წაგებული მხოლოდ რუსეთი არ დარჩება. გასათვალისწინებელია ის ეფექტები, რაც რუსეთის დიპლომატიურ და ეკონომიკურ იზოლაციას შეიძლება მოჰყვეს. აქამდე ყველაზე ცნობილი შემთხვევა, როდესაც დასავლეთმა ერთი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები გამოიყენა 2012 წელს, ირანს უკავშირდება. აშშ-სთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებას დაუჭირეს მხარი და შეეცადნენ ამ გზით ირანის ბირთვული პროგრამებისთვის შეეშალათ ხელი. ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასთან ერთად, აკრძალვები ირანის ცენტრალური ბანკის მუშაობასაც შეეხო. გამკაცრებული სანქციებით, აშშ-ის ტერიტორიაზე ყველა ირანული სახელმწიფო აქტივი, მათ შორის, ირანის ცენტრალური ბანკის აქტივები დაიბლოკა. ამერიკამ შეწყვიტა გარიგება ყველა ფინანსურ ინსტიტუტსა და კომპანიასთან, რომლებიც ირანის ცენტრალურ ბანკთან ასე თუ ისე თანამშრომლობდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაავალდებულა ყველა უცხოური კომპანია, რომელთა აქციებით ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობენ, წარედგინათ დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნებოდა ირანულ კომპანიებთან მათი კავშირის არარსებობა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით კი, აკრძალვები დაწესდა ნავთობპროდუქტების როგორც შესყიდვაზე, ასევე ტრანსპორტირებაზე, მათთან დაკავშირებულ საფინანსო და სადაზღვევო ოპერაციებზე. აიკრძალა ირანში ექსპორტი ნავთობქიმიური კომპლექსების ტექნოლოგიური აღჭურვისთვის, შეიზღუდა დაბანდებები ნავთობმოპოვებაში და ერთობლივი პროექტები ირანთან. აშშ-ისგან განსხვავებით, ევროკავშირი არასდროს ყოფილა ირანთან მწვავე დაპირისპირების მომხრე. თუმცა, მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვული პროგრამა ამოქმედდა, ევროპელებმაც დაიწყეს ირანთან ურთიერთობის შეზღუდვა. საბოლოოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ირანის წინააღმდეგ სრული ეკონომიკური ემბარგოს დაწესებას, თუმცა კომპანიებს ადაპტაციისთვის დრო დაუტოვეს.
ვროკავშირისა და აშშ-ს სანქციები ირანს ძვირად დაუჯდა. 2013 წლის მაისისთვის ირანის ნავთობის ექსპორტი ყოველდღიურად 700 000 ბარელით შემცირდა. მაშინ როცა 2011 წლისთვის ირანი ყოველდღიურად დაახლოებით 2.2 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდდა საზღვრებს გარეთ. 2013 წლის დასაწყისში ირანის ნავთობის მინისტრმა განაცხადა, რომ სანქციები მხოლოდ ნავთობის გაყიდვის სექტორიდან ირანს ყოველთვიურად 4-8 მილიარდი დოლარი უჯდება. 2011 წელს ირანის მთლიანი შემოსავალი ნავთობიდან 95 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი 26 მილიარდით შემცირდა. ნავთობიდან შემოსავალი კი ირანის სამთავრობო ხარჯების ნახევარია. ამასთანავე ირანული ვალუტის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებაში 2/3-ით გაუფასურდა. ინფლაციამ კი 40% შეადგინა. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, გსაკვირი არაა, რომ ირანმა ევროკავშირთად და აშშ-სთან მოლაპარაკებები უკვე გასულ წელს დაიწყო სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც ირანს ბევრ დათმობაზე მოუწია წასვლა.
იქნება თუ არა რუსეთისათვის დაწესებული სანქციები ასეთი მკაცრი და რამდენად შორს წავა დასავლეთი?
ჯერჯერობით ფაქტია, რომ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ერთსულოვნება განვითარებულ ქვეყნებს შორის ბოლომდე არ არსებობს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი არ აპირებს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსურ სანქციებს, რომელიც, შესაძლოა, ევროკავშირმა შემოიღოს. Guardian-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუშაობს გეგმაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ლონდონის სითის, ევროკავშირის მიერ სანქციების შემოღების შემთხვევაში, რუსული ინვესტიციებისთვის ღია დარჩეს. თუმცა, დიდი ბრიტანეთი რუსი მაღალჩინოსნების მიმართ სავიზო სანქციების დაწესების წინააღმდეგი არ არის. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ლონდონი სამხედრო მოქმედებების დაწყების წინააღმდეგი იქნება, მათ შორის ნატო-ს მხრიდან. ამის ნაცვლად, ბრიტანეთი მხარს უჭერს გაერო-სა და ეუთო-ს დამკვირვებლების მისიას ყირიმში.
რა უჯდება მსოფლიო ბიზნესს უკრაინის კრიზისი
მსოფლიოს 300-მა უმდიდრესმა ადამიანმა საფონდო ბირჟებზე ფასების რყევების, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრისა და რუბლის რეკორდული გაუფასურების გამო, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, 4 მარტს, საერთო ჯამში, 44,4 მილიარდი დოლარი დაკარგა. „დღის დაზარალებულებს“ შორის პირველ ადგილზე რუსი ბიზნესმენები, გენადი ტიმჩენკო და ლეონიდ მიხელსონი, აღმოჩნდნენ. საქმოსნებს ქონება 3,2 მილიარდი დოლარით შეუმცირდათ, მას შემდეგ, რაც კუთვნილი კომპანია „ნოვატეკის“ აქციები 18%-ით გაუფასურდა. ისინი „გაზპრომის“ შემდეგ, სიდიდით მეორე გაზის მწარმოებელი კომპანიის აქციათა ნახევარს ფლობენ. დაზარალდნენ უკრაინელი მილიარდერებიც. მათ შორის, ვლადიმერ ლიზინი, კომპანია „ნოვოლიპეცკფოლადის“ თანამფლობელი, რომელმაც 1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა (ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ფოლადის მწარმოებელი კომპანიის აქციების კურსი 7,1%-ით დაეცა). „ლუკოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვაგიტ ალეკპეროვმა, 960 მილიონი დოლარი იზარალა, მას შემდეგ, რაც მოსკოვში დაფუძნებული კომპანიის ფასიანი ქაღალდები 9,2%-ით გაუფასურდა. რინატ ახმეტოვმა, უკრაინის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, 700 მილიონი დოლარი დაკარგა. აღნიშნული მილიარდერის საკუთრებაშია კომპანია System Capital Management, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული კონგლომერატი, მათ შორის, დონეცკის მეტალურგიული კომბინატი. საერთო ჯამში, რუსმა და უკრაინელმა მილიარდერებმა, ერთ დღეში 12,8 მილიარდი დოლარი იზარალეს.
რუსულმა ინტერვენციამ განვითარებად ბაზრებზე საპრემიო რისკები გაზარდა, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. რუსეთის საფონდო ბირჟისა და მოსკოვის საერთაშორისო სავალუტო ბირჟების ინდექსები 11-12%-ით დაეცა, რაც 2008 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგია. თუმცა,
რუსი მილიარდელები შესაძლოა კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი საკუთარი ფულადი ანგარიშსწორების სისტემას შექმნის. კერძოდ კი, თუ აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, ფედერაცია იძულებული გახდება შექმნას თავისი ფულადი ანგარიშსწორების სისტემა და უარი თქვას დოლარზე – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, სერგეი გლაზევმა განაცხადა.
შესაძლო სანქციები და რუსული დანაკარგები
უკრაინასთან კონფლიქტი და დასავლეთის სანქციები რუსეთს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ად დაუჯდება – აღნიშნულ პროგნოზს საბანკო გიგანტი „ბენქ ოფ ამერიკა – მერილ ლინჩი“ აკეთებს. ბანკის ანალიტიკოსების ცნობით, რუსული ექსპორტის 50% ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდება და საომარი კონფლიქტის შემთხვევაში, ექსპორტი, რომლის მოცულობა წელიწადში 30 მილიარდ დოლარს აღწევს, შეჩერდება. პუტინის ერთპიროვნულ მმართველობას საფრთხე მხოლოდ საერთაშორისო სარბიელიდან არ ელის. რუსეთის 14-წლიანი მმართველობის განმავლობაში პუტინისათვის ყირიმში ჯარის შეყვანა ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილებააა რუსეთის მოსახლეობაში, რომლის 73% ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეა. სოციოლოგთა შეფასებით, კრემლის პოლიტიკას ვერც ტელევიზიებზე მონოპოლიამ უშველა, სადაც ბოლო კვირაა პუტინის ქმედებების პროპაგანდისტული სიუჟეტები განუწყვეტლივ ტრიალებს. ანალიტიკოსები პარალელებს 2008 წლის მოვლენებთან ავლებენ, რუსეთს სამხრეთ ოსეთში შეჭრის დროს მოსახლეობიდან უფრო დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. როგორც ჩანს, 2008 წლის შემდეგ რუსეთში ბევრი რამ შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ პუტინის პოლიტიკას მოსახლეობის ძირითადად ის ნაწილი უჭერს მხარს, რომელთა ინფორმირების მთავარი წყარო კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებია და ინტერნეტზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი. რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, რუსეთის ყველაზე რადიკალურად განწყობილი, კომუნისტური ელექტორატის დამოკიდებულებაც კი იცვლება. მაგალითად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე რუსეთის გავლენის აღდგენის თავგამოდებული მომხრეთა 62%-იც კი მიიჩნევს, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩარეულიყო უკრაინის შიდა კრიზისში.
კრემლისათვის გასათვალისწინებელია ეკონომიკური ეფექტებიც. თითქმის მყისიერად, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუსული ჯარების ყირიმში შესაძლო შესვლის შესახებ, ინვესტორების რეაქციამ არ დააყოვნა. მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი უკვე 11%-ით დაეცა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ბირჟის კი – 9,5%-ით. როგორც რუსული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ინდექსების დაცემის გამო ადგილობრივმა კომპანიებმა, საერთო ჯამში, 2 ტრილიონი რუბლი დაკარგეს. მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დილიდან აქციების გაუფასურებით დაიწყო. უკრაინასთან პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, რომელიც საომარ ვითარებაში შეიძლება გადაიზარდოს, მოსკოვის საფონდო ბირჟისა და საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ინდექსები ვაჭრობის დაწყებიდან პირველივე წუთებში 4,8%-5%-ით შემცირდა. რუბლის კურსი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, ისედაც დევალვაციის რეჟიმში იმყოფებოდა, დოლართან მიმართებაში 1,4%-ით დაეცა, კომპანიათა აქციების უდიდესი ნაწილი 10%-ით გაუფასურდა. მათ შორის, გაიაფდა ისეთი გიგანტი კომპანიების ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა „ვითიბიბანკი“ (9,5%-ით), „გაზპრომი“ (13%-ით), „გაზპრომ ნეფტი“ (5,3%-ით), „ლუკოილი“ (7,6%-ით), „ნოვატეკი“ (2,7%-ით), „ნორნიკელი“ (3,5% -ით), „პოლუს ზოლოტო“ (3,5%-ით), „როსნეფტი“ (4,1%-ით), „როსტელეკომი“ (9%-ით), „სბერბანკი“ (15%-ით), „სურგუტნეფტეგაზი“ (3,8%-ით), „ტატნეფტი“ (2,7%-ით). ინვესტორები ნდობას მხოლოდ ოქროს უცხადებენ, როგორც ნაკლებად რისკიან აქტივს. შესაბამისად, ძვირფასი ლითონის ფასი ერთ დღეში 1,7%-ით გაიზარდა და უნციაზე $1343,63 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ნეგატიური სიახლის ფონზე, მსოფლიოში 1,5%-ით გაძვირდა Brent-ის ტიპის ნავთობის აპრილის კონტრაქტები და 110 დოლარს გადააჭარბა, WTI-იზე კი – 1,2%-ით მოიმატა, 103 დოლარამდე. „შავი ოქროს“ გაძვირების მიუხედავად, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ძირითადი „ლოკომოტივია“, თავად რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინასთან კონფლიქტი უარყოფით გავლენას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე მაინც იქონიებს.
აშშ-ისა და და ევროპის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების გათვალისწინებით, ექსპერტები რუსეთიდან საინვესტიციო კაპიტალის გადინებას ელოდებიან. 3 მარტს, ბირჟების გახსნის დღეს რუსეთის წამყვანი ბირჟების ღირებულება ერთ დღეში 60 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა, ეს თანხა იმაზე მეტია, რაც რუსეთმა სოჭის ოლიმპიადის მზადებისთვის დახარჯა. მხოლოდ „გაზპრომის“ საბაზრო ღირებულება, რომელზეც რუსეთის ბიუჯეტის გადასახადების დიდი წილი მოდის, ერთ დღეში 15 მილიარდით შემცირდა. რუსული რუბლის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ისტორიულ ნიშნულამდე დაეცა. რუსეთის ცენტრალურ ბანკს კურსის დასასტაბილურებლად 10 მილიარდი დოლარის დახარჯვა მოუწია. გარდა ამისა, რუსეთის ყველაზე ერთგული მომხრეებიც კი ვერ უჭერენ მის ამ გადაწყვეტილებას ღიად მხარს. ყაზახეთმა, რომელიც რუსეთის მიერ ევრაზიული კავშირის შექმნას უჭერს მხარს, განაცხადა რომ შეშფოთებულია უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებენ კრემლს შეწყვიტონ ძალადობა უკრაინაზე.
რუსეთის მეზობლები განსაკუთრებით შეაშფოთა ვლადიმერ პუტინის 2 მარტის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ნებისმიერ ფასად დაიცავს მის რუსულენოვან მოსახლეობას ყირიმში. იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ბევრი რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, იგივე მოტივით კრემლის ექსპანსიური პოლიტიკა შეიძლება ნებისმიერ პოსტსაბჭოტა ქვეყანას დაემუქროს მოამალში. ჩინეთმაც კი, რომელიც რუსეთის ერთგული მოკავშირეა საერთაშორისო პოლიტიკაში, დაწყებული სირიითა და დამთავრებული ირანის საკითხებით, განაცხადა, რომ ჩინეთის პოლიტიკაა არ ჩაერიოს არც ერთი ქვეყნის შიდა საქმეებში და ის მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ერთიანობას.
სანქციების პარადოქსი – რას კარგავს მსოფლიო
რუსეთს ამ „ომში“ საკუთარი ბუნებრივი რესურსების იმედი აქვს. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა მის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რუსეთს არ სჭირდება ბირთვული იარაღი მაშინ, როცა აქვს გაზი და ნავთობი. ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრებულმა სანქციებმა ევროკავშირი 21-ე საუკუნის უდიდეს კრიზისამდე შეიძლება მიიყვანოს. პუტინს იმედი აქვს, რომ დასავლეთი მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მკაცრ ზომებს ვერ მიიღებს. „ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსეთს მსგავსი ქმედება „გაუვიდა“ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, მაშინ დასავლეთმა არც ისე დიდი სიმტკიცე გამოიჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აფრთხილებდა წამყვან ქვეყნებს იმის შესახებ, რომ რუსეთის მსგავსი აგრესია სათანადო პასუხების არ არსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა ისევ განმეორებულიყო და ასეც მოხდა“ – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები.
რუსეთის ამბიციაა, რაც შეიძლება ფართოდ აღიდგინოს ის ძალაუფლება, რაც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა და, როგორც ჩანს, ამას ახერხებს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ გზაზე ხშირად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. არაა გასაკვირი, რომ ექსპერტები პარალელებს ნაცისტური გერმანიის ინტერვენციებთან ავლებენ. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, რომელი რეგიონი იქნება შემდეგი? – სვამენ კითხვებს გეოპოლიტიკოსები.
ახლა მთავარია, მიაღწევს თუ არა დასავლეთი კონსესუსს და შეინარჩუუნებს თუ არა სიმტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ. უკვე ნათელია, რომ ამ კონსესუსის მიღწევა არცთუ მარტივი იქნება. რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესება პროცედურულადაც რთული იქნება. მაგალითად,
იმისათვის, რომ თურქეთმა დარდანელის სრუტე დაკეტოს რუსული კომერციული და სამხედრო ხომალდებისთვის, ანკარას ბევრი საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა მოუწევს. რუსეთი საკმაოდ მაღალი მასშტაბებითაა სავაჭრო და ფინანსურ გარემოში ინტეგრირებული და სანქციები მხოლოდ მას არ დააზიანებს.
მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ავტოექსპორტის 10% მოდის რუსეთზე, უფრო დიდია გერმანული ავტომობილების ექსპორტის წილი რუსულ ბაზარზე.
რუსეთი ჩინეთთან ერთად ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზარია. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ დევიდ კამერონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მკაცრ სანქციებზე დათანხმებისგან თავს იკავებს, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ დასავლური ეკონომიკები რუსული ბაზრის ჩანაცვლებას შეძლებენ სხვა ეკონომიკური ზომებით. ამასთანავე, გერმანია, იტალია და საფრანგეთი მოხმარებული გაზის 30%-ზე მეტს რუსეთიდან იღებენ.
მართალია, სანქციების შემთხვევაში ეს რესურსი მოაკლდება ევროპას, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, რუსეთის დანაკარგი ამ მხრივ გაცილებით დიდი იქნება, რადგან მისი შემოსავლის მთავარი წყარო – ნავთობისა და გაზის ევროპაში ექსპორტია.
ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. თავის მხრივ, რუსეთი ევროკავშირის მესამე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. 2012 წელს რუსეთის ექსპორტმა ევროკავშირში 213 მილიარდი ევრო შეადგინა, იმპორტმა კი 123 მილიარდი ევრო. რუსეთი არის გაზის, ნავთობის, ურანისა და ნახშირის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ევროპისთვის.
გაზპრომმა 2013 წელს 133 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა ევროკავშირში. ამ მოცულობის თითქმის ნახევარი, 65 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდა. „გაზპრომის“ სტატისტიკის მიხედვით, გერმანია რუსული გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, მასზე მოდის ექსპორტირებული აირის 40 მილიონი კუბური მეტრი.
შეძლებს თუ არა ევროპული ეკონომიკა რუსული გაზის ჩანაცვლებას სანქციების შემთხვევაში? ესაა მთავარი საკითხი, როემლზეც დასავლელ პოლიტიკოსებს უწევთ მუშაობა. ენერგომატარებლების გარდა, დასავლეთს ეკონომიკური სანქციების შემოღების შემთხვევაში, სხვა ბევრი საზრუნავიც გაჩნდება. ამის შესახებ რუსეთის მხრიდან მუქარა უკვე გაისმა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 4 მარტს განაცხადა, ვინც რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სახის ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, უნდა დაფიქრდეს, ეს თავად მასზე როგორ აისახება. ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ უკრაინაში ფორმირებული ხელისუფლებიდან ნაწილობრივ ლეგიტიმურად მხოლოდ პარლამენტს მიიჩნევს, სხვა დანარჩენს კი – არალეგიტიმურად.
რაც შეეხება უკრაინაში ჯარების შეყვანას, პუტინმა აღნიშნა, რომ „ჯერ ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა არსებობს ასეთი შესაძლებლობა“. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, ფედერაცია იძულებული გახდება შექმნას თავისი ფულადი ანგარიშსწორების სისტემა და უარი თქვას დოლარზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, სერგეი გლაზევმა განაცხადა.
„ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს ჩვენს პარნტიორებთან აღმოსავლეთსა და სამხრეთში და მოვძებნით გზას, რომ არა მხოლოდ გავანულოთ ჩვენი ფინანსური დამოკიდებულება აშშ-ზე, არამედ ამ სანქციებს თავს დავაღწევთ ჩვენთვის ძალიან სარგებლიანად. მცდელობა, რუსეთის ფერდერაციისათვის სანქციების დაწესებისა, დასრულდება კრახით აშშ-ის ფინანსური სისტემისთვის, რაც გამოიწვევს აშშ-ის მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე დომინირების დასასრულს“, – განაცხადა გლაზევმა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სანქციები გამოყენებული იქნება რუსულ სამთავრობო სტრუქტურებთან მიმართებაში, რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდება, ფაქტობრივად, შეუძლებლად სცნოს იმ კრედიტების დაბრუნება, რომლებიც რუსულ სტრუქტურებზე იქნა გაცემული აშშ-ის ბანკების მიერ.
„სანქციები ხომ ორმხრივად მოქმედი იარაღია და თუკი აშშ გაყინავს ჩვენს აქტივებს, ანალოგიურად, გაიყინება ჩვენი ორგანიზაციის პასივებიც დოლარში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბანკები და ბიზნეს დაწესებულებები არ დაუბრუნებენ სესხებს ამერიკულ ბანკებს“, – განმარტა გლაზევმა. ამასთან, მისი თქმით, თუკი ამერიკა გაყინავს რუსული ბიზნესებისა და მოქალაქეების ანგარიშებს, რუსეთის ხელისუფლების რეკომენდაცია მათდამი იქნება, რომ გაყიდონ აშშ-ის მთავრობის ობლიგაციები.
„ამერიკელები რუსეთს სანქციებით ემუქრებიან და ევროკავშირს ითრევენ რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო-ეკონომიკურ ომში. ამ სანქციებს შეიძლება მოჰყვეს შემდეგი სცენარი: ყველაზე მეტად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით დაზარალდება თავად აშშ, რადგან თუ ვისაუბრებთ ამერკასთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ჩვენ მათზე არანაირად არ ვართ დამოკიდებულები. ჩვენ გვაქვს სოლიდური სავალუტო რეზერვი – 200 მილიარდ დოლარზე მეტი და თუ აშშ გაბედავს და გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს რუსული ბიზნესებისა და რუსი მოქალაქეების ანგარიშების გაყინვის გზით, ჩვენ ვეღარ განვიხილავთ ამერიკას, როგორც საიმედო პარტნიორს. ამიტომ, რეკომედნაციას გავცემთ, რომ ყველამ უარი თქვას რეზერვებზე ამერიკულ დოლარში, უარი თქვას თავად დოლარზე, როგორც ვალუტაზე, რომელშიც ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები და გამოვიდნენ ამერიკული ბაზრიდან,“ – განაცხადა გლაზევმა.
შეძლებს თუ არა დასავლეთი სიმტკიცის შენარჩუნებას და კონსესუსის მიღწევას? მოახერხებენ თუ არა რუსული ენერგომატარებლების და სამომხმარებლო ბაზრის ჩანაცვლებას? ამ კითხვების პასუხებზე იქნება დამოკიდებული რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მასშტაბები.