ახალი შესაძლებლობა ქართველი ინვესტორებისთვის
სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია მზადაა საქართველოში საინვესტიციო პროექტების დაფინანსება დაიწყოს. ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ჩარჩო შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციას (NEFCO) შორის. ქართული მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, NEFCO-ს მხრიდან NEFCO-ს მმართველმა დირექტორმა მაგნუს რისტედტმა (Magnus Rystedt) და მთავარმა იურისტმა ტიტა ანტილამ (Tita Anttila).
NEFCO აფინანსებს პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებენ გარემოს დაცვას (წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემები, სუფთა ტექნოლოგიების დანერგვა, ენერგეტიკა და სხვ.) როგორც სახელმწიფო სექტორში, ასევე კერძო სექტორში. აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტი დაინტერესებულია დაიწყოს საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოში.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შედარებით ხელმისაწვდომი რესურსები მოვიძიოთ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საკმაოდ სერიოზული ინვესტიციების განხორციელება, მათ შორის, ენერგოსექტორში – ენერგოეფექტურობის მიღწევის მიზნით. ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეთანხმება გვაძლევს კიდევ ერთ კარგ შესაძლებლობას, საქართველოს ეკონომიკა და საფინანსო ბაზარი ევროპული ბაზრის სერიოზული ნაწილი გახდეს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოს გარემოს დაცვის კუთხით, რათა ეს მიმართულება ქვეყანაში გახდეს უფრო მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებული,“ – აღნიშნა NEFCO-ს მმართველმა დირექტორმა მაგნუს რისტედტმა.
„აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მინდა აღვნიშნო ის რეკორდულად სწრაფი ტემპი, რომლითაც მოლაპარაკებები წარიმართა და ხელი მოეწერა შეთანხმებას. იმედია, დოკუმენტი ხელს შეუწყობს კონკრეტული პროექტების განხორციელებას,“ – განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში დიანა იანსემ.
ჩარჩო შეთანხმების გაფორმების შემდეგ NEFCO-ს დაფინანსება ხელმისაწვდომი გახდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ოპერაციებისთვის. შესაბამისად, ამ შეთანხმების გაფორმებით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება კიდევ ერთი საფინანსო ინსტიტუტის ფინანსური რესურსი და ინსტრუმენტები. NEFCO აფინანსებს პროექტებს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსსა და მოლდოვაში.
სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO) არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1990 წელს სკანდინავიის ხუთი ქვეყნის (დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი) მიერ. 1990 წლიდან დღემდე NEFCO-ს დაფინანსებული აქვს ბევრი პროექტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსში. ორგანიზაციის აქტივობები დაკავშირებულია ისეთ პროექტებთან, რომელიც ემსახურებიან გარემოსდაცვით შემოსავლიან პროექტებს. დაფინანსებისას NEFCO უპირატესობას ანიჭებს პროექტებს, რომელიც ემსახურება კლიმატური კატაკლიზმების თავიდან აცილებას, ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას და ა.შ. NEFCO-ს საქმიანობა უკვე მოიცავს 400-მდე მცირე და საშუალო ზომის პროექტებს შემდეგი სფეროებიდან: განახლებადი ენერგია; ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია; ენერგოდაზოგვა; წყლის რესურსების დაზოგვა; სოფლის მეურნეობა და დასუფთავების ტექნოლოგიები.
NEFCO-საგან დაფინანსების მისაღებად, კომპანია უნდა დაუკავშირდეს მათ წარმომადგენლობას ან უბრალოდ გააგზავნოს მათ საიტზე განთავსებული განაცხადის ფორმა. იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტი შესაბამისობაშია ორგანიზაციის მიზნებთან, შემდგომ ითხოვენ დეტალურ ინფომაციას კომპანიისა და პროექტის შესახებ.
პროექტებისათვის დასაფინანსებელ სახსრებს NEFCO სხვადასხვა ფონდების ფარგლებში გასცემს, რომელიც უწყების შიგნით არსებობს. მათ შორისაა NEFCO Investment Fund, 113.4 მილიონი ევროს მოცულობის ფონდით. ის გასცემს საშუალო ან გრძელვადიან სესხებს. 1995 წელს დაარსებული Nordic Environmental Development fund – NMF აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელიც მატერიალიზებული არ არის და რომლის შედეგიანობაც მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება გახდეს ნათელი. ამ შემთხვევაში, ფონდი ითხოვს თანამონაწილეობას კომპანიისგან ადგილობრივ დონეზე. NEFCO-ში მოთხოვნილი თანხა პროექტის საერთო ღირებულების 1/3-ს არ უნდა აღემატებოდეს. ფონდის ამჟამინდელი მოცულობა 60 მილიონი ევროა. ფონდს აფინანსებს NEFCO-ის დამფუძნებელი წევრების გარემოსდაცვის სამინისტროები. Nordic Project Fund ფინანსდება დამფუძნებელთა ქვეყნების მინისტრთა საბჭოს მიერ. მისი მიზანია წევრ ქვეყნებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობა და საერთო ინერესების გატარება-ხელშეწყობა. მისი მიზანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა გლობალურ დონეზე.
ამ მსხვილი ფონდების გარდა, არსებობს სხვა წვრილი ფონდებიც, რომელიც ძირითადად ორიენტირებულნი არიან ტექნიკური აღჭურვილობების და კონკრეტული რეგიონალური და თემატიკის პროექტების დაფინანსებაზე.