ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები და პერსპექტივები
ლანა ყიფიანი
ახალგაზრდების დასაქმება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს ახალგაზრდების უმუშევრობის საერთო დონე მსოფლიოში დაახლოებით 12.5%-ს შეადგენდა, რაც კრიზისის პიკია და ნიშნავს, რომ მსოფლიოში 73 მილიონზე მეტი ახალგაზრდაა უმუშევარი. ექსპერტები დაუსაქმებელთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ.
აღნიშნული პრობლემა საქართველოშიც მწვავედ დგას. დღევანდელი მდგომარეობით, არა თუ ახალგაზრდების, არამედ მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დაუსაქმებელია. აღნიშნულის მიზეზი, სხვა პრობლემებთან ერთად, მოუწესრიგებელი დასაქმების ბაზარია. კერძოდ, არ არის დათვლილი და დაანგარიშებული სახელმწიფოს ფარგლებში საჭირო პროფესიული კადრის რაოდენობა. ცოდნის, კვალიფიკაციის უქონლობა ხდება მიზეზი, რის გამოც დამსაქმებლები უარს აცხადებენ ახალგაზრდებისათვის სამსახურის შეთავაზებაზე და უპირატესობას უფრო გამოცდილ კადრებს ანიჭებენ.
ვაკანსიების გამოცხადებისას, უმეტეს შემთხვევაში მითითებულია გამოცდილების ქონა, როგორც სავალდებულო მოთხოვნა. ბევრი ახალგაზრდა სწორედ იმიტომ მიდის ქვეყნიდან, რომ აქ სამსახურს ვერ შოულობს, მაშინ როდესაც თითქოს სხვა ტენდენცია შეინიშნება საქართველოში სამუშაოზე აყვანისას – ახალგაზრდა ასაკის უპირატესობა სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. ამას საქართველოს პროფესიული კავშირის კვლევებიც ადასტურებს:20-24 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 50%-ს აჭარბებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 14.019%-ს მიაღწია, დაუსაქმებელი ადამიანების რაოდენობით მსოფლიო მასშტაბით საქართველო მე-14-ე ადგილზეა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე არის 15.1% , ხოლო უმუშევრობის მაჩვენებლებით იმყოფება 147-ე ადგილზე.
რეალურად, რთული დილემის წინაშე ვართ – ერთი შეხედვით, თითქოს არსებობს დასაქმების სააგენტოები, არის ე.წ HR-ის დასაქმების საჯარო სამსახური, MYJOB.GE -ინტერნეტ-კომპანია, რომელსაც შექმნილი აქვს საკუთარი ვებ-გვერდი დასაქმების მიმართულებით, თუმცა სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულების უმეტესობა უმუშევრები არიან.
ამ პრობლემაზე სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოცოაციის International-ის ოფისშიც გაიმართა დისკუსია – „ახალგაზრდების დასაქმება-პრობლემები და პერსპექტივები“. კავკასიის და შუა აზიის ექსპერტმა ახალგაზრდების დასაქმების დარგში, ქეთევნ გვარჯელაძემ თავის მოხსენებაში ისაუბრა გერმანიაში ახალგაზრდების დასაქმებასთან არსებულ გამოცდილებაზე.
„გერმანიაში ფუნქციონირებს სტუდენტებისთვის სპეციალური დასაქმების სამსახური გარანტირებული და სტაბილური ანაზღაურებით. დასაქმებული სტუდენტები სარგებლობენ რიგითი თანამშრომლის სტატუსით და თავისუფლად შეუძლიათ აიღონ შვებულებები, ბიულეტენები. გერმანული მოდელიდან შეიძლება ავიღოთ გარკვეული მაგალითები და დაინერგოს საქართველოში. ამით სტუდენტს საშუალება მიეცემა დასაქმდეს მაღალი ანაზღაურებით, ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი და მიიღოს გარანტირებული ანაზღაურება. თუმცა, ეს ყველაფერი ადგილობრივ მაგალითზე უნდა იყოს მორგებული, რადგან რთულია საქართველოში გერმანული მოდელის მთლიანად კოპირება, თუმცა გარკვეული მაგალითების გადმოტანა კარგი იქნება“, – განაცხადა ქეთევნ გვარჯელაძემ.
კვლევების თანახმად, ევროპაში დაახლოებით 5600000 დაუსაქმებელი ახალგაზრდაა. ამის მიზეზად კი ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები სახელდება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, გლობალური ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებულ გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენს 15-დან 24 წლამდე ადამიანებზე, რომლებიც შრომის ბაზარზე შეღწევას ცდილობენ. ევროპის კრიზისის გავლენა ევროპის საზღვრებს სცილდება და აღმოსავლეთ აზიიდან ლათინურ ამერიკამდე ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 25 პროცენტს აღემატება და კვლავ მატულობს. 2013 წლის მაისის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 15-24 წლის ახალგაზრდების უმუშევრობის დონე შეადგენს 23.5%-ს. ქვეყნების მთავრობები ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, სხვადასხვა კონკრეტულ ღონისძიებებზე მუშაობენ და ახალი პროექტებით, მოლაპარაკებებით, გამოცდილების გაზიარებითა და ურთიერთშეთანხმებებით ცდილობენ სიტუაციის გაუმჯობესებას.
საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების უმუშევრობის კვლევის შედეგების შედარებისას, თვალსაჩინო ხდება, რომ პრობლემა გლობალურია და მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას ეხება. საქართველოსგან განსხვავებით, მაგალითად, ამერიკაში მოწესრიგებულია შრომითი ბაზარი, ხორციელდება არაერთი პროგრამა, სადაც დამსაქმებლად როგორც სახელმწიფო და უმაღლესი სასწავლებლები, ასევე კერძო სექტორში მომუშავე პირები გამოდიან და, შესაბამისად, სტუდენტს ადვილად შეუძლია სამუშაოს მოძებნა. დასავლეთის ქვეყნებში მოწესრიგებულია სამუშაო საათების რაოდენობა. მაგალითად, ამერიკაში საკანონმდებლო დონეზეა გათვალისწინებული სტუდენტთა სამუშაო დრო, რაც გულისხმობს, სტუდენტის მიერ გაწეული შრომის საათობრივი ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს – 7,25 დოლარი და სტუდენტის მიერ ყოველკვირეულად შესრულებული სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობის ზღვარს – 15 საათი.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს და გამოდის ინიციატივით, საქართველოს შრომის კოდექსში მორიგი ცვლილებების დროს, გათვალისწინებულ იქნეს ახალგაზრდების შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები, რადგან ხშირად სტუდენტთა მიერ დახარჯული ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსების არასათანადოდ ანაზღაურება ხდება. ამ მიმართულებით კი სახელმწიფომ უნდა შექმნას სტუდენტთა დასაქმების ერთიანი სისტემა.
ორგანიზაციის იურისტის, ნინო ისაკაძის თქმით, დამსაქმებლებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა სტუდენტთა თუნდაც დროებით დასაქმებაზე. არ არსებობს სტუდენტთა დასაქმების ერთიანი მექანიზმი, რომელიც ახალგაზრდებს სწავლის პარალელურად, ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციაში პუნქტებად აყალიბებენ პრობლემის გადაჭრის გზებს, რომ, მაგალითად, სახელმწიფო სექტორში გაიზარდოს ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოების რაოდენობა, შეიქმნას სამუშაოს მაძიებელ სტუდენტთა ცალკე ბაზა, საიდანც მოხდება სტუდენტების დასაქმება როგორც დროებით, ასევე გრძელვადიან სამუშაო ადგილზე. საკანონმდებლო დონეზე დაიწყოს მსჯელობა სტუდენტთა მიერ გაწეული შრომის საათობრივი ანაზღაურების მინიმალური ზღვარი და ა.შ. ამ და რეკომენდაციით გათვალისწინებული სხვა ცვლილებების კანონში ასახვა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველში უმუშევრობის შესამცირებლად.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 17.08.2012 წელს (განკარგულება N1608), დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის არსებული პარტნიორობის საფუძველზე. ახალმა ხელისუფლებამ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემდგომი განვითარების მიზნით, 2013 წლის 17 მაისის №112 საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, გაეროს ბავშვთა და მოსახლეობის ფონდების მხადაჭერით, შექმნა „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“, რომელიც შედგება მინისტრთა კაბინეტის ყველა მინისტრის მოადგილისაგან. მათი მოვალეობაა ახალგაზრდული პოლიტიკის რევიზია და პოლიტიკის 4-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადება. ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე რაც უფრო მასშტაბური იქნება, მით უფრო რეალურად განხორციელდება ახალგაზრდებისა და მთელი საქართველოსათვის ამ პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნები.
უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ისეთი მიზანმიმართული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს ქვეყნებს, როგორიცაა დასაქმების გარანტიები და ტრენინგები, რაც სამუშაოს ახალგაზრდა მაძიებლებს ქუჩას ჩამოაშორებს და მათ სასარგებლო საქმიანობაში ჩართვას შეუწყობს ხელს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებისათვის დასაქმების საგარანტიო პროგრამები მოქმედებს ავსტრიაში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ლატვიაში. ამ პროგრამების წყალობით ახალგაზრდა ადამიანების შრომის ბაზარზე დაბრუნება გახდა შესაძლებელი.
შრომის საერთაშორისო რგანიზაციის წარმომადგენლის, ეკეჰარდ ერნსტის განცახდებით, სამუშაოს ბევრი ახალგაზრდა მაძიებელი იმედგაცრუებულია და შრომის ბაზარს ტოვებს – „ისინი პასიურნი ხდებიან, სახლში ჯდებიან და იმედი აქვთ, რომ რაღაც მომენტში, მომავალში, ვითარება გაუმჯობესდება. თუმცა, პრინციპში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აქტიურად არ არიან დაკავებულნი სამუშაოს მოძიებით, რაც შემდგომში მათთვის უაღრესად გართულდება. რეალურად, იმაზე რთული იქნება, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ნუ ვიქნებით პესიმისტები, ვიყოთ მუდამ უკეთესის ძიებაში, რათა შევქმნათ და შევიქმნათ უკეთესი ცხოვრება მომავლისთვის“, – დასძინა ეკეჰარდ ერნსტმა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ ეტაპზე შრომის ბაზარი შესწავლილი არ არის და, სავარაუდოდ, მისი შესწავლა დაიწყება 2014 წლიდან. არის მხოლოდ ზოგადი მონაცემები. დღეისათვის სამინისტრო ორიენტირებულია სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციაზე, თუ რა პროფესიების მოთხოვნა არსებობს. 2014 წლისათვის იგეგმება 7000 მოქალაქის (ძირითადად ახალგაზრდები) გადამზადება მათთვის სასურველი პროფესიის მიხედვით და მათი შერჩევა მოხდება სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე, საბოლოო შედეგები სამინისტროს ვებ.გვერდზე განთავსდება.
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ უმუშევრობის მაღალი დონე გამოიწვია 2005 წელს დასაქმების დეპარტამენტის გაუქმებამ და დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობამ. მათი ვარაუდით, გარკვეული წარმატება ამ კუთხით მიღწეულ იქნება 2015 წლისათვის. რაც შეეხება უფასო სტაჟირებას, უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია და მეწარმეს ჯარიმები დაენიშნოს სტაჟიორების უხელფასოდ აყვანის შემთხვებში.