რა უნდოდა მაიკ მურს თბილისში?
სოფიკო სიჭიავა
მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების მიუხედავად, საქართველო საერთაშორისო კავშირებში ინტეგრირებას განაგრძობს. სამი წელი გავიდა, რაც ქართული სახელმწიფო WTO-ს წევრი ქვეყანაა. მართალია, ხშირ შემთხვევაში პრობლემა ხდება არა მარტო აღებული ვალდებულებების განხორციელება და წევრობით მონიჭებული დადებითი მომენტების სასიკეთოდ გამოყენება, არამედ, როგორც წესი, ამ ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საწევროს გადახდაც კი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ცდილობს არ იყოს რაღაც, ფორმალური, ინერტული წევრი და მზადყოფნას გამოთქვამს ბევრი რამ ისწავლოს, რათა პროცესების ეფექტური მონაწილე გახდეს და მიიღოს ის შედეგები, რაც ამ წევრობამ და ამ ორგანიზაციის ფარგლებში აქტიურმა თანამშრომლობამ შეიძლება მოუტანოს.
ვაჭრობის მინისტრთა კონფერენციამ, რომელიც თბილისში 21-22 მაისს ჩატარდა, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ინტეგრირების მომავალი შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილა. WTO-ს მიერ მსგავსი კონფერენცია საქართველოში პირველად მოეწყო. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა და ჭთO-ს გენერალურმა მდივანმა, მაიკ მურმა გახსნეს.
“WTO-ს სამდივნოს არასოდეს ჩაუტარებია ამ რეგიონში მინისტრთა მსგავსი კონფერენცია. ჩვენი წვლილი, ამ მიმართულებით, საკმაოდ მცირეა. უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ მნიშვნელოვანი მდებარეობის მქონე რეგიონს. კონფერენცია ხელს შეუწყობს რეგიონის ინტეგრირებას მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში. კონფერენციას გააჩნია ორი მიზანი: პირველი – ხელი შეუწყოს ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში მყოფ ან უკვე გაწევრიანებულ ქვეყნებს, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში მონაწილეობა მიიღონ; მეორე – ხელი შეუწყოს ქვეყნებს, განსაზღვრონ მოლაპარაკებების მიმდინარე პროცესში მონაწილეობისა და ამ პროცესისათვის მომზადების პრიორიტეტები. დღეს ყველას ესაჭიროება უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. ბევრი ქვეყანა აღიარებს, რომ ქვეყნის სავაჭრო რეჟიმის სტაბილურობა და ნდობა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას განაპირობებს. WTO-ს წევრობა წარმოადგენს მნიშვნელოვან გზას, რომლის მეშვეობითაც ქვეყნებს შეუძლიათ დაადასტურონ თავიანთი ვალდებულებანი პოლიტიკურ სტაბილურობასთან, პროგნოზირებასა და სრულყოფილ მმართველობასთან დაკავშირებით. ამით აჩვენებენ ადგილობრივ და უცხოელ პოტენციალურ ინვესტორებს, რომ ქვეყანა მზადაა შეასრულოს დადგენილი წესები და შეთანხმებები”. – განაცხადა მაიკ მურმა (WTO-ს გენერალური მდივანი).
თამარ ბერუჩაშვილი – კონფერენციის მნიშვნელობაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ WTO-ს ეგიდით ამ ღონისძიების თბილისში ჩატარება ხაზს უსვამს იმას, რომ ჭთO-თან ურთიერთობაში საქართველო რეგიონალურ ლიდერად განიხილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონის ქვეყნებს შორის ჭთO-თან დაკავშირებული პრობლემატიკის თემებზე, კონფერენცია დიალოგის ძალზე საინტერესო შესაძლებლობა იყო. იმ თემებზე, რომელიც ეხებოდა ახალი სავაჭრო რაუნდის საკითხებს, დოჰას მინისტრთა კონფერენციის და დოჰას განვითარების რაუნდს. ეს იყო თემები, რომელიც ეხებოდა ვაჭრობასა და ინვესტიციებს, რეგიონალიზმს და საერთაშორისო სავაჭრო სისტემის განვითარებას. ძალიან საინტერესო იყო აგრეთვე დისკუსია ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში დახმარების საკითხების პრიორიტეტულობის თაობაზე, რომელიც სრულ სურათს წარმოაჩენს, რა სჭირდება ამ ქვეყნებს, როგორც გაწევრიანების პროცესში, ასევე შემდგომ.
რა შეიძლება ითქვას თვითონ WTO-ზე და როგორია მისი ძირითადი პრინციპები?
– ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისთვის “უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის” მინიჭებას;
– იმპორტული და ადგილობრივი საქონლისთვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფას;
– ქვეყნის ინტეგრაცია საერთაშორისო ბაზარში და მრავალმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზაზე საგარეო სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ერთობლივი დაგეგმვა;
– კონსულტაციების და მოლაპარაკებების გზით დავების გადაწყვეტა, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამის განხორციელება GATT-ის სპეციალური ორგანოების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით;
– შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვებისა ან ანალოგიური მეთოდებისა;
– თითოეულ ქვეყანაში პროგნოზირებადი სავაჭრო პოლიტიკის უზრუნველყოფა;
WTO მის წევრ ქვეყნებს არ უწესებს სატარიფო და სხვა გადასახადების დონეებს, თუმცა, გარკვეული შეზღუდვები წევრ ქვეყნებთან გაწევრიანების პროცესში თანხმდება. WTO აყალიბებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომელიც მიმართულია ვაჭრობის ლიბერალიზაციისაკენ.
WTO გარკვეული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება წევრი ქვეყნის მიერ სხვა, მესამე ქვეყანასთან სხვადასხვა სახის რეგიონალური შეთანხმებების არსებობას (საბაჟო კავშირი, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები), რაც WTO-ს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპიდან – უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიდან (MFN) გარკვეულ გამონაკლისს წარმოადგენს.
WTO-ს 144 წევრ ქვეყანაზე ამჟამად საერთაშორისო ვაჭრობის 95%-ზე მეტი მოდის. მიიჩნევენ, რომ საქართველოს გაწევრიანებას WTO-ში, შემდეგი დადებითი შედეგები მოჰყვება: განხორციელდება ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია მსოფლიო სავაჭრო სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას როგორც საქართველოში, ისე მთელს კავკასიის რეგიონში; საქართველო ისარგებლებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის მქონე ქვეყნის სტატუსით, WTO-ს წევრი ქვეყნები საქართველოდან იმპორტირებულ საქონელს შეუქნიან, სხვა ქვეყნების საქონელთან შედარებით არანაკლები ხელშეწყობის რეჟიმს, რაც ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტისა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების ზრდას გამოიწვევს; საბაჟო გადასახადების შემცირება საქართველოში იმპორტირებულ მოწყობილობაზე, ნახევარფაბრიკატებსა და ნედლეულზე ხელს შეუწყობს შიდა ინვესტირებისა და წარმოების ზრდას და, ამასთან, შესაძლებელს გახდის დაინერგოს მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიები; ჩვენი ინტერესები საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში დაცული იქნება WTO-ს დავების მოგვარების მრავალმხრივი მექანიზმებით; საქართველომ, როგორც WTO-ს სრულუფლებიანმა წევრმა ქვეყანამ, უფლება მიიღო, აწარმოოს ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებები WTO-ში შემსვლელ ქვეყნებთან, რომელთა შორის ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორებიცაა (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და სხვა), ქართული პროდუქციისა და მომსახურებისათვის მათ ბაზრებზე დაშვების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფისათვის; საქართველომ მიიღო საშუალება, აქტიურად ჩაერთოს მრავალმხრივ მოლაპარაკებათა ახალ რაუნდში, რათა უკეთ წარმოაჩინოს და დაიცვას თავისი ეკონომიკური ინტერესები;
WTO-ს წევრობა დიდ უპირატესობასთან ერთად, რომლებიც უკვე აისახა მთელ რიგ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო რეჟიმების გაუმჯობესებაში, ამავდროულად გულისხმობს გაწევრიანების პროცესში აღებულ ვალდებულებათა შესრულებას. ამ მიმართულებით, საქართველოს არაერთი პრბლემა შეექმნა: გაწევრიანებისთანავე იმპორტზე საბაჟო ტარიფები “ბმული ტარიფების” განაკვეთებთან შესაბამისობაში უნდა მოსულიყო. იმის გამო, რომ არა მარტო WTO-ს წინაშე აღებული ვალდებულებები, არამედ ხელისუფლების მიერ გაცემული დავალებებიც ირღვევა, ქართველი მეწარმეები ზარალდებიან.
შესაბამისი კანონპროექტის მიღების 2 წელიწადზე მეტი ხნით გაჭიანურების გამო, ქართველი მეწარმეები ვერ სარგებლობენ იმ სატარიფო შეღავათებითაც, რომელიც გაწევრიანებისთანავე უნდა მიეღოთ და WTO-თან შეთანხმებული “ბმული ტარიფების” ცხრილებიდან გამომდინარე, შეეხებოდა მრავალი სახის ნედლეულს, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-მოწყობილობებს, კომპიუტერულ ტექნიკას, სამოქალაქო ავიაციას, ფარმაცევტიკას და ა.შ.;
საქართველომ გაწევრიანების პროცესში დააფიქსირა, რომ 2002 წლიდან საქართველოში არსებული სტანდარტები შეიცვლება საერთაშორისო სტანდარტებით, ან საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ტექნიკური რეგლამენტებით. დროის სიმცირის და ამ რეფორმების მიმდინარეობის ტემპის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ აღნიშნული ვალდებულება შეუსრულებელი დარჩება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსური სახსრების ნაკლებობაა, ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა არა ერთ შესაძლო დონორს. პრობლემის სირთულის ადეკვატური დახმარება საქართველოს ჯერ არ მიუღია, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ევროკავშირის, აშშ-სა და იაპონიის მთავრობათა მხრიდან;
განვითარებული WTO-ს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით აშშ, დიდ დაინტერესებას ავლენენ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვის მდგომარეობის მიმართ. მათ შორის, საბაჟო საზღვარზე და შიდა ბაზარზე ე.წ. “პირატულ ასლებთან” ბრძოლის თვალსაზრისით.
მართალია, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა, ძირითადად, პასუხობს “ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებათა ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” WTO-ს შეთანხმების (TRIPS) მოთხოვნებს, მაგრამ კანონის აღსრულების მექანიზმები ჯერ მეტად არასრულყოფილია. აშშ-ის ხელისუფლება მეტად მგრძნობიარეა ამ სფეროსადმი და ზოგჯერ ეკონომიკურ სანქციებსაც კი მიმართავს TRIFS-ის მოთხოვნათა დამრღვევი ქვეყნების მიმართ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა გასული წლის ბოლოს უკრაინასთან მიმართებაში;
საქართველომ გაწევრიანებისას დაადასტურა, რომ არ გამოიყენებდა ანტიდემპინგურ ღონისძიებებს შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებამდე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, კანადელი ექსერტების დახმარებით მომზადდა კანონპროექტი, “ანტიდემპინგური, საკომპენსაციო და დაცვითი ღონისძიებების შესახებ”, რომელიც წელიწადზე მეტია განხილვას გადის საქართველოს პარლამენტში;
ერთ-ერთ რთულ პრობლემად რჩება საწევრო გადასახადის დროული გადახდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თხოვნით მიმართაAსაქართველოს პრეზიდენტსWTO-ს წინაშე 2001 წლის დავალიანება (დაახლოებით 15 ათასი დოლარი) დაიფაროს პრეზიდენტის ფონდიდან.
ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის (ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) დამახასიათებელია ჩაკეტილი გეოგრაფიული მდებარეობა და მცირე შიდა ბაზარი. ვაჭრობის ლიბერალიზაციისაგან ბევრმა მათგანმა მიიღო მოგება. ამ ქვეყნებს კადრების, ინსტიტუტების საკმარისი რესურსი არა აქვთ, რათა გადაწყვიტონ რთული საკითხები, რომელიც შეეხება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებს და რეგიონალურ ორმხრივ და მრავალმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებებს, რომლებიც არსებობენ მსოფლიოში. სწორედ ეს დეფიციტი განაპირობებს იმას, რომ ეს ქვეყნები საერთაშორისო ვაჭრობიდან სარგებელს ვერ ნახულობენ, რისი შედეგიცაა ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე.
მრავალმხრივ სავაჭრო ორგანიზაციებში ინტეგრირებისათვის ცენტრალური აზიის და დსთ-ის ქვეყნებში საჭიროა ჩამოყალიბდეს სავაჭრო შესაძლებლობები, ვაჭრობის სტიმულირება და ეფექტური მონაწილეობა წესების მიღებაში. ამ ყველაფერთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეს ეფექტური სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ეროვნული ექსპორტის განვითარების სტრატეგიას, რისი მიზანიც იქნება შიდა რეგიონალური ვაჭრობის სტიმულირება. იგი ხელს შეუწყობს სავაჭრო გარიგებებზე დაბალი ფასების დაწესებას და უზრუნველყოფს საექსპორტო პროდუქციას და მარკეტინგულ გამოცდილებას რეგიონალურ ბაზრებზე, იქამდე, ვიდრე გათვალისწინებული იქნება უფრო კონკურენტუნარიან ბაზრებზე შესვლა. ამ მოთხოვნების განხორციელებისათვის, შვეიცარიის ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფო სამდივნომ საერთაშორისო სავაჭრო ცენტრს უფლება მისცა, შეიმუშავოს ტექნიკური დახმარების პროგრამა ამ ქვეყნებისთვის სავაჭრო დარგში.
საგარეო ვაჭრობის დარგში ტექნიკური დახმარებისათვის 6 საკითხი ჩამოყალიბდა:
1) შიდა რეგიონალური სავაჭრო განვითარება ცენტრალურ აზიაში;
2) ეფექტური ეროვნული ექსპორტის განვითარება;
3) მცირე და საშუალო ბიზნესის გარემოს შექმნის და მისი შესაძლებლობების ჩამოყალიბება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ჭრილში, მათ შორის, ვაჭრობის მხარდაჭერის ინსტიტუტის შექმნა;
4) კერძო და სახელმწიფო სექტორის უზრუნველყოფა;
5) შესაძლებლობების შექმნა ხარისხის მართვაში;
6) სავაჭრო ინფორმაცია;
კონფერენციაზე საკმაოდ კრიტიკული იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია, დელეგაციის ხელმძღვანელის, მუჰამად შარიამადარის განცხადებით,WTO არა მარტო უნდა მოიცავდეს ყველა ქვეყანას, მიუხედავად მათი წილისა მსოფლიო ვაჭრობაში, არამედ მან ამ ქვეყნებს შესაძლებლობა უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და დაკვირვების პროცესში. ამჟამად 52 ქვეყანა არ არის WTO-ს წევრი. 16 ქვეყნისთვის, რომლებიც WTO-ში 1995 წლის შემდეგ შევიდნენ, მოლაპარაკების პროცესი, საშუალოდ, 7 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოთხოვნა გაწევრიანებაზე დღის წესრიგში დადგა, განაცხადის შეტანიდან 5 წლის შემდეგ. საბჭოს გენერალურ შვიდივე შეხვედრაზე ირანის შესვლა არ იყო დაკმაყოფილებული, აშშ ყოველგვარი ლოგიკური მიზეზებით, დასაბუთების გარეშე არ დაეთანხმა ირანის წევრობას, არადა, WTO-ს ხელშეკრულების მე-12 მუხლის მიხედვით, მისი წევრობის უფლება ყველას აქვს.
–
იმისთვის, რომ არ შეილახოს ორგანიზაციის უნივერსალობის რეპუტაცია, აუცილებელია წევრმა ქვეყნებმა თავიანთი წინააღმდეგობის მიზეზი ახსნან. WTO-ში დღეს გაწევრიანების მსურველებმა არ უნდა აიღონ უფრო მეტი ვალდებულება, ვიდრე აიღეს მათ, რომლებიც უკვე ჭთO-ს წევრებს წარმოადგენენ. კონცეფციაWTO+ მინისტერიალისა და გენერალური საბჭოს არაერთ შეხვედრაზე იყო გაკრიტიკებული. განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა გართული იყო შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებით და ამიტომ, ამ ქვეყნებში გარდამავალი პერიოდი უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ასეთივე პერიოდი გრძელდებოდა იმ ქვეყნებში, რომლებიც WTO-ს წევრები იყვნენ. რამდენიმე წევრმა ქვეყენამ შეძლო უფრო მალე დაეღწია თავი გარდამავალი პერიოდისათვის.
ყველა ქვეყანამ, რომელიც უკვე WTO-ს წევრია, ისარგებელა WTO-ს ტექნიკური დახმარებით. ეს ორგანიზაცია ასევე უნდა დაეხმაროს თავის მომავალ წევრებსაც. რაც შეეხება ტექნიკურ დახმარებას, ამ მიმართულებით პრიორიტეტები უნდა შეიცავდნენ სავაჭრო პოლიტიკაში ახალი პერსპექტივების შექმნას. საინფორმაციო ტექნიკური შესაძლებლობების და საშუალებების, გლობალური საინფორმაციო ქსელების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, ტექნიკური დახმარება იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან WTO-ს წევრები, უნდა შეესაბამებოდეს დახმარების მიმღები ქვეყნის მოთხოვნილებებს. ირანის რესპუბლიკის პრიორიტეტები, ტექნიკური თვალსაზრისით, კონცენტრირებულია კვალიფიციური და მაღალკომპეტენტური სავაჭრო ექსპერტების და სავაჭრო წარმომადგენლების მომზადებაზე. აქედან გამომდინარე, ირანისთვის აუცილებელია სპეციალიზებული მოსამზადებელი კურსები და სემინარები, მათ შორის, თემატური სემინარები ისეთ დარგში, როგორიცაა მომსახურებით ვაჭრობა. ასევე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, იურიდიული საკითხები. ის ქვეყნები, რომლებიც მეთვალყურეებს წარმოადგენენ, უფლება აქვთ WTO-ს ქვეყნების ტექნიკური დახმარებით ისარგებლონ. 1995 წელს, როდესაც WTO დაარსდა, ირანი, რომელიც GATT-ში მეთვალყურის სტატუსით შედიოდა, ერთ-ერთ პირველ ქვეყანას წარმოადგენდა, რომელმაც WTO-ში მეთვალყურის სტატუსით შესვლის სურვილის შესახებ განაცხადა, მაგრამ მისი განაცხადი არ იყო დღის წესრიგში გამოტანილი. ამავე დროს, სულ მცირე 8 ქვეყანამ, რომელმაც განაცხადი ირანზე გაცილებით გვიან გააკეთა, ეს სტატუსი მიიღო.
ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ გადაიხედოს ჭთO-ს უნივერსალობის კონცეფცია. ამ სფეროში არსებული ხარვეზების დაძლევა აუცილებელია.
როგორც ცნობილია, რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხი უკვე აქტიურად დადგა დღის წესრიგში. რუსეთში, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ WTO-ში რუსეთის გაწევრინების მოწინააღმდეგეები. კამათი, ძირითადად, მიმდინარეობს იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის და როგორი პირობებით მიიღებენ ამ ქვეყანას სავაჭრო ორგანიზაციაში. ის პოლიტიკოსები და მიმომხილველებიც კი, რომლებიც ამ ნაბიჯის მოწინააღმდეგეებად მიიჩნევიან, ამბობენ, რომ აჩქარება საჭირო არ არის, რუსეთისთვის უმჯობესია 10-15 წლის მანძილზე იცხოვროს ჩაკეტილ რეჟიმში, ქვეყნის ეკონომიკის და რუსული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა აამაღლოს და კონკურენციისათვის ბაზრები შემდეგ გახსნას. თუმცა, რუსეთში კარგად ესმით, რომ ბოლომდე დახურული რუსეთის ეკონომიკა განწირულია სტაგნაციისა და კონსერვაციისთვის. იმისთვის, რომ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებსა და რუსეთის ეკონომიკის განვითარების დონეებს შორის სხვაობა შემცირდეს, აუცილებელია, პირველ რიგში, ეკონომიკური განვითარების დონე იმაზე მაღალი იყოს, რაც მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელად მიიჩნევა. მუდმივად უნდა მიდიოდეს მუშაობა რუსული პროდუქციისა და მომსახურების სრულყოფის საკითხებზე. ამიტომ, რუსეთის WTO-ში გაწევრიანების მთავარ პრობლემას წარმოადგენს, სწორედ გაწევრიანების ტემპი და გარდამავალი პერიოდი. რუსეთმა WTO-ში გასაწევრიანებლად მკაცრი პირობები წამოაყენა, მათ შორის, ისეთი შეუსრულებელი, როგორიცაა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად 13 მლრდ. დოლარის გამოყოფა. იმ პირობებში, როცა რუსეთის ბიუჯეტიდან ამ სექტორს მილიარდზე მეტი არასოდეს მიუღია. რუსეთი გადაჭარბებით ითხოვს გარდამავალ ზომებს, იქნება ეს ამა თუ იმ წარმოების სუბსიდირება ან გადამღობი საბაჟო გადასახადები, რომლებმაც უნდა დაიცვან რუსეთის ეკონომიკის მთელი რიგი სექტორები და ბაზრის სეგმენტები. WTO-ში გაწევრიანების შემდეგ სახელმწიფოს მფარველობის გარეშე რთული პერიოდი დაუდგებათ სადაზღვევო ბიზნესს, საბანკო სისტემას, მეტალურგიას, მანქანათმშენებლობასა და სოფლის მეურნეობას. ივნისისთვის მზად იქნება იმ მუშა ჯგუფის მოხსენება, რომელიც რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხზე მუშაობს და, იმედია, ამ დროისთვის დასახელდება უფრო რეალური ციფრები.
WTO-ში არსებობს გამონაკლისი შემთხვევები – ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობა მთლიანად სუბსიდირებულია. არსებობენ ცალკეული შეთანხმებები, რომლებიც არ რეგულირდება ჭთO-ს შეთანხმებებით, როგორიცაა შეთანხმებები ფოლად და საფეიქრო წარმოებაზე. ასე რომ, არ არსებობს გლობალიზაციის სუფთა მაგალითები. ყველა ქვეყანა თავისებურად ცდილობს, ასე თუ ისე, დაიცვას თავისი მწარმოებელი.
რუსეთის უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ WTO-თან მოლაპარაკებების დაწყებამდე მან არ განსაზღვრა პრიორიტეტები, მრეწველობის რომელი დარგები დაეცვა და რამდენ ხანს დაეცვა.
ექსპერტები მიიჩნევენ – იმით, რომ რუსეთი არ არის WTO-ს წევრი ქვეყანა, ყოველწლიურად ექსპორტის შესაძლებლობების ბოლომდე გამოუყენებლობის გამო, იგი 5 მლრდ-ს კარგავს, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის არალიბერალიზაციას და ამ სფეროში საინვესტიციო კლიმატის არარსებობას ისეთ სერიოზულ დანაკარგებამდე მიჰყავს, რომ შიში ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურის მთლიანი ნგრევის თაობაზე, შესაძლოა, რეალობად იქცეს. თუმცა, WTO-ში გაწევრიანების შემდეგ ადაპტაციის პერიოდი, შესაძლოა, იმდენად მტკივნეული იყოს, რომ ზოგიერთ სექტორში უმუშევრობა 1%-20%-მდე გაიზარდოს.
რუსეთის პოზიციის თანახმად, საჭიროა წესების გამკაცრებაზე ფიქრის დაწყება. იმდენად, რამდენადაც მოქმედი წესები არ არის ყოველთვის ზუსტი და გასაგები. განსაკუთრებით, ეს შეეხება უკვე მოქმედ საბაჟო გაერთიანებების გაფართოების შემთხვევებს. ევროგაერთიანებამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საბაჟო გაერთიანებას მიუერთდებიან რიგი ქვეყნები (ბალტიის და ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები).
მაქსიმ მედვედკოვი (რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე) – ჩვენ ვეჯახებით საინტერესო სიტუაციას – საბაჟო გაერთიანებების წევრობის მსურველ ქვეყნებთან, სავაჭრო ბარიერები, მათი მიერთებისას შეიძლება რეალურად გაიზარდოს. ანტიდემპინგური პროცედურის მიღების შემდეგ, ევროგაერთიანებაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაერთიანების მერე, ის პროცედურები, რომლებიც ევროგაერთიანებაში რუსული პროდუქციის მიმართ ამ მომენტისათვის იქნება ძალაში, იმოქმედებს მიერთებული ქვეყნების ტერიტორიებზეც. თუკი დღემდე უნგრეთის მრეწველობას რუსული პროდუქცია ზიანს არ აყენებდა, თუნდაც ლიტვისას, რატომ უნდა იყვნენ ამ ბაზრებისაგან იზოლირებულნი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბაზრები საბაჟო გაერთიანებას უერთდებიან? ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება და ჩვენი ერთ-ერთი წინადადებაა, რომ წესები, რომელიც შეეხება უკვე არსებული რეგიონალური სავაჭრო ორგანიზაციების გაფართოებას, უფრო გამკაცრდეს. პრინციპი – არ გაუარესდეს ვაჭრობა მესამე ქვეყნებთან, რეალურად უნდა შეიცვალოს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც რუსულმა მხარემ წამოსწია, შეეხებოდა ეგრეთ წოდებულ დსთ-ის “სპეციალურ” შემთხვევას. რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დსთ-ის თავისუფალი ზონის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ისტორიულად ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე აღმოცენდა, სადაც ტვირთების მოძრაობაში არანაირი ბარიერი არ არსებობდა.
“ჩვენ გამოვდიოდით არა ბარიერების დაწევის პრინციპიდან, როგორც ევროგაერთიანება, ან NAFTA, არამედ თითქოს შევთანხმდით კიდეც იმაზე, რომ ეს ბარიერები აღარ არსებულიყო. სსრკ-ის ქვეყნების დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ სახელმწიფოებს შორის გარკვეული სტატუს-კვო იქნა შენარჩუნებული. ასეთი შემთხვევა WTO-ს ფარგლებში გათვალისწინებული არ არის. დსთ-ის ქვეყნების ჭთO-ში გაწევრიანების შემდეგ ამ ასპექტის განხილვა სხვა პოზიციიდან უნდა მოხდეს. თუმცა, არ უარვყოფთ, რომ ჩვენი შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, უნდა შეესაბამებოდეს WTO-ს ნორმებს”. – განაცხადა მედვედკოვმა.
თავის მხრივ, მაიკ მური აცხადებს, რომ რუსეთის WTO-სთან მიერთების თვალსაზრისით, დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა და ბოლო 12 თვის მანძილზე უფრო მეტი პროგრესი იქნა მიღწეული, ვიდრე გასულ 12 წელს ერთად აღებული. კანონმდებლობა უკვე რუსეთის დუმაშია განსახილველად, მაგრამ ეს პროცედურა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. “მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია დაგეგმილი ივნის-ივლისში. გული დამწყდება თუკი რუსეთი ვერ მიუერთდება WTO-ს”. – განაცხადა მაიკ მურმა.
მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციას მკაცრად განსაზღვრული დღის წესრიგი ჰქონდა, მაიკ მური ვერ ასცდა ისეთ თემებზე საუბარს, როგორიცაა ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება ფოლადის იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაზრდის შესახებ. “მე შემიძლია რიგი გადაწყვეტილებები მივიღო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში უადგილოდ მიმაჩნია ვისაუბრო ამ თემაზე. ვერაფერს მოგახსენებთ”. – განაცხადა მურმა და დასძინა, რომ რეგიონალიზმი აბსოლუტურად თავსებადია გლობალიზაციასთან. თვითონაც პატარა ქვეყნის წარმომადგენელია (ახალი ზელანდია) და თუ ადამიანი პატრიოტია, იგი ინტერნაციონალისტიც უნდა იყოს.