დოლარის კრიზისი ახლოვდება
რედაქციისაგან
დოლარის კრიზისის რისკი უფრო მაღალი გახდა, ვიდრე ბოლო ათწლეულების მანძილზე, აცხადებენ Merrill Lynch-ის სპეციალისტები. 2007 წლის დასაწყისიდან დოლარი ევროსთან მიმართებაში უკვე 12,5%-ით გაიაფდა. ამ ვალუტის შემდგომი გაუფასურების ძირითადი საფრთხე აზიის ცენტრალური ბანკებიდან მოდის, რომლებიც თავიანთი ოქროს რეზერვების დოლარიდან სხვა ვალუტაში გადაყვანას აპირებენ და ნავთობის ექსპორტიორებისაგან, რომლებიც ასევე ნავთობის ვაჭრობაში დოლარის სხვა ვალუტით შეცვლას აპირებენ.
აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Merrill Lynch-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ დოლარის კრიზისის რისკი ამ დროისთვის უფრო მაღალია, ვიდრე ბოლო ათწლეულების მანძილზე. ამერიკული ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნა, რაც აქციების, ობლიგაციებისა და აშშ-ის სხვა აქტივების ფასების შემცირების მიზეზი გახდა, შესძლებელია შემდეგშიც გაგრძელდეს.
დოლარის გაუფასურების გამომწვევი ფაქტორებიდან ბანკის ანალიტიკოსები ასახელებენ უცხოური, კერძოდ, აზიური ცენტრალური ბანკების მოქმედებას, რომლებიც არსებული დოლარის რეზერვების სხვა ვალუტაში კონვერტირებას ახდენენ.
დოლარის სტაბილურობას დიდ საფრთხეს უქმნის ჩინეთის ცენტრალური ბანკი, რომელიც უახლოეს დროში თავისი ოქროს ვალუტის რეზერვების რესტრუქტურიზაციას აპირებს. ჩინეთის საფინანსო ხელისუფლება მზადაა თავისი ეროვნული სავალუტი აქტივები დოლარიდან ევროში და სხვა უფრო სტაბილურ ვალუტაზე გადაიყვანოს.
ნავთობის მაღალმა ფასმა და სუსტმა დოლარმა გაზარდა ინფლაციური ზეწოლა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში აქ განაცხადეს, რომ გადახედავენ თავიანთ სავალუტო პოლიტიკას.
გარდა ამისა, Merrill Lynch-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტიორების მცდელობამ – გადააფასონ თავიანთი ვალუტები, რომლებიც დოლართან მჭიდროდაა დაკავშირებული, შესაძლებელია ზეწოლა მოახდინოს ამერიკულ ვალუტაზე და აშშ-ის საფინანსო სისტემაზე.
ერ-რიადში ოპეკის სამიტზე ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯანმა მოუწოდა თავის ნავთობის კარტელის პარტნიორებს, რომ ნავთობით ვაჭრობაში დოლარით ანგარიშწორება შეწყვიტონ. ოპეკის საბოლოო რეზოლუციაში ეს განცხადება არ შესულა, მაგრამ სამიტის ბევრი მონაწილე ამ წინადადების რაციონალურობაზე დაფიქრდა.
სხვადასხვა ეკონომიკური განსაზღვრებების არსებობის მიუხედავად, Merrill Lynch-ის სპეციალისტებმა დოლარის კრიზისი დაახასიათეს, როგორც “დოლარის კურსის ინტენსიური, მოკლევადიანი შესუსტება, რაც გამოწვეულია აშშ-ის სხვა აქტივების ფასების შემცირებით”.
ამ კრიტერიუმების გამოყენებით, ანალიტიკოსებმა განსაზღვრეს, რომ დოლარის კრიზისი მოხდა 1977-1978 წლებში, შემდეგ – 1987-1988 წლებში და 1994-1995 წლებში. 2007 წლის დასაწყისიდან დოლარმავალუტის კალათასთან მიმართებაში 10%-ზე მეტი დაკარგა. ევრო კი მიმდინარე წელს დოლართან მიმართებაში 12,5%-ით გაიზარდა. დოლარის გაუფასურება აშშ-ის ხელისუფლების შეშფოთების მიზეზი გახდა, მათი აზრით, ძლიერი დოლარი ამერიკის ინტერესებში შედის. 13 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ძლიერი დოლარის პოლიტიკის გატარება დაამტკიცა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ძლიერი ეკონომიკა ეროვნული ვალუტის დაკარგული პოზიციების აღდგენას შეძლებს.
ზოგიერთი ეკონომისტი თვლის, რომ სუსტი დოლარი ამჟამად ხელსაყრელია ამერიკის ეკონომიკისათვის, რადგან ასეთი ვითარება აშშ-ის საქონელს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას მატებს და ექსპორტისგან შემოსავლებს ზრდის.