ოსკარის სკანდალები და ინტრიგები
ავთო ჩიტიძე
“ოსკარი” ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოა. მისი დაბადება 1929 წელს შედგა და ამ სახელთან ლეგენდაა დაკავშირებული: კინოაკადემიას უმაღლესი ჯილდოსთვის, ქანდაკებისთვის, სახელი შერქმეული არ ჰქონდა. 1931 წელს კინოაკადემიის მდივანმა, მარგარეტ ჰერიკმა, ქანდაკება პირველად დაინახა და შესძახა, ეს ხომ ზედგამოჭრილი ბიძაჩემი, ოსკარიაო. რამდენიმე წელი ქანდაკება ისევ უსახელოდ რჩებოდა და საბოლოოდ ოფიციალურ “ოსკარად” 1939 წელს იქცა. სინამდვილეში არავინ იცის, ვინ არის ის ოსკარი, ვისგანაც მან ეს სახელი მიიღო. კრიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ “ოსკარის” დაბადების ისტორია კარგად გათვლილი ამერიკული სარეკლამო ხერხია და ორიგინალური ისტორია, თითქოს ქანდაკება ვიღაც ბიძია ოსკარს ჰგავს, საზოგადოების ყურადღების მისაქცევად შეიქმნა.
70 წლის წინ კინოაკადემიის ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი ძალიან ვიწრო წრეში ხდებოდა და იგი საოჯახო ვახშამს ჰგავდა. ალბათ, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ მალე “ოსკარებით” დაჯილდოება მსოფლიოში ყველაზე ელიტური საზეიმო სანახაობა გახდებოდა. პირველი ცერემონიალი 1929 წლის 16 მაისს “ჰოლივუდ როზიგელ ჰოტელში” ჩატარდა. მას 250 ადამიანი ესწრებოდა და ბილეთის ფასი მხოლოდ 10 დოლარი იყო. თავდაპირველად რადიოტრანსლაცია ხდებოდა. 1996 წელს “ოსკარის” ნომინაციებმა ცვლილება განიცადა. საუკეთესო კინომუსიკა ორ ნაწილად გაიყო – დრამა და მიუზიკლი. დღეისათვის არსებობს 24 ნომინაცია. იმისათვის, რომ “ოსკარს” მსოფლიო პოპულარობა მოეპოვებინა, ორგანიზატორებმა დააწესეს საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმის ნომინაციაც. “ოსკარების” ისტორიაში ბევრი კაზუსური მომენტებიც იყო. მაგალითად, ჩარლი ჩაპლინის ფილმი “რამპის ჩირაღდნები” გადაღებიდან 20 წლის შემდეგ წარადგინეს “ოსკარზე”.
ფილმების განხილვა და კრიტიკოსების მიერ მათი ნახვა იანვარში იწყება, ნომინანტები კი თებერვლის შუა რიცხვე
ბისათვის სახელდებიან. ამჟამად ამერიკის კინოაკადემიაში 5 ათასი წევრია, რომლებიც განსაზღვრავენ ფილმების ბედს. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები “ოსკარს” არ თვლიან კინოსამყაროში მთავარ შემფასებლად, იგი მაინც ყველაზე პოპულარული ჯილდოა. ეს განპირობებულია გრანდიოზული შოუთი, რომელიც ცერემონიალზე ტარდება.
“ოსკარის” ისტორიაში პრიზების სარეკორდო რაოდენობა 1960 წელს მოიპოვა ფილმმა “ბენ გურმა” – მან 11 “ოსკარი” დაიმსახურა. 1997 წელს ეს რეკორდი განმეორდა ფილმ “ტიტანიკით”. მთელი ისტორიის მანძილზე ჯილდოზე უარი განაცხადა ორმა ადამიანმა, 1970 წელს – ჯორჯ სკოტმა და ორი წლის შემდეგ – მარლონ ბრანდომ. მან “ნათლიმამასთვის” მიღებული პრიზი კინოაკადემიას დაუტოვა.
“ოსკარის” ქანდაკება 35 სანტიმეტრისაა და 3,8 კგ-ს იწონის. იგი მონიკელებული ვერცხლითა და ოქროთი მზადდება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში “ოსკარებს” თაბაშირისგან ამზადებდნენ, რომელიც შემდეგ ოქროთი შეიცვალა. 1937 წელს ცერემონიალი არ შედგა, რისი მიზეზიც გადაუღებელი წვიმა და წყალდიდობა იყო. მეორედ ცერემონიალი 1968 წელს გადაიდო. ამჯერად ჩაშლის მიზეზი შავკანიანი აფროამერიკელების უფლებების დამცველის, მარტინ ლუთერ კინგის, მკვლელობა გახდა. მესამედ ცერემონიალი 1981 წელს გადაიდო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდასხმა განხორციელდა.
“ოსკარზე” ყველაზე მეტჯერ წარდგენილი იყო უოლტ დისნეი. იგი 64-ჯერ იქნა ნომინირებული და 26 ქანდაკება მოიპოვა. მსახიობებიდან კი ყველაზე ბევრჯერ – 12-ჯერ, წარდგენილები იყვნენ: კეტრინ ჰეპბერნი და მერილ სტრიპი. ყველაზე უიღბლო ფილმებად ითვლება “ლილისფერი” და “მოსახვევი პუნქტი”. ისინი 11 ნომინაციაში დაასახელეს და ვერც ერთი ჯილდო ვერ მოიპოვეს. ყველაზე უიღბლო კომპოზიტორად კი ალექს ნორტია დასახელებული. მან 15 წარდგინებიდან ვერც ერთხელ მოიპოვა გამარჯვება. “ოსკარის” ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი ტატუმ ო ნილია, რომელიც ათი წლის ასაკში დაჯილდოვდა ფილმისათვის “ქაღალდის მთვარე”. მამაკაცებში ყველაზე მხცოვანი ოსკაროსანი ჰენრი ფონდაა, როცა იგი “ოსკარების” ცერემონიალზე უკანასკნელად წარდგა, 76 წლისა და 317 დღის იყო. ყველაზე მხცოვანი ქალი კი ჯესიკა ტენდია, რომელმაც 80 წლისა და 293 დღის ასაკში მოიპოვა ჯილდო ფილმისათვის “მისის დეიზის მძღოლი”. პარადოქსია – მსახიობმა მერი სმიტმა “ოსკარი” მიიღო როლისათვის, სადაც ის თამაშობს მსახიობს, რომელიც “ოსკარების” ცერემონიალზე მარცხდება. 1933 წელს რიგით მეექვსე დაჯილდოების ცერემონიალზე, როდესაც უილ როჯერსმა კონვერტი გახსნა და დაიძახა – “ფრენკ, მოდი და მიიღე პრიზი!” – ფრენკ ლოიდის ნაცვლად სცენაზე ფრენკ კაპრა ავიდა, პრიზი კი პირველს ეკუთვნოდა.
“ოსკარების” ცერემონიალის ყველაზე ხშირი წამყვანი ბობ ჰოუპია. მან 24 წლის განმავლობაში 18-ჯერ წაიყვანა შოუ. 1998 წელს კი წამყვანმა ვუპი გოლდბერგმა 12-ჯერ გამოიცვალა კაბა.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც “ოსკარის” სეხნიაა და ეს პრიზი აქვს მიღებული, კომპოზიტორი ოსკარ ჰამერშტაინ მეორეა. ანტიოსკარი სანამ მსახიობები “ოსკარის” ცერემონიალზე თავიანთ გამარჯვებას იზეიმებენ, მანამ მათ ერთი უსიამოვნო ცერემონიალის გადატანა უწევთ. ეს ანტიოსკარად წოდებული “ოქროს ჟოლოა”, რომელიც სანტა მონიკაში ყოველწლიურად ტარდება. წელს “ოქროს ჟოლო” 22-ჯერ შედგა, რომელმაც გასული წლის ყველაზე ცუდი ფილმი, მსახიობები და რეჟისორები გამოავლინა. სხვათა შორის, ეს ის დაჯილდოების ცერემონიალია, რომელსაც არც ერთი ნომინანტი არ ესწრება და ჟიურის წევრები გამარჯვებულ-დამარცხებულებს პრიზებს სახლში უგზავნიან.
წლევანდელი “ოქროს ჟოლოს” ცერემონიალი, როგორც მოსალოდნელი იყო, ტომ გრინის სრული ფიასკოთი დასრულდა. მისი ფილმი, სახელწოდებით “წადი შენი, ფრედი!”, 16 ნომინაციიდან შვიდში გავიდა. ფილმი აღიარეს, როგორც წლის ყველაზე ცუდი ფილმი, უსუსური რეჟისურა, უაზრო მუსიკა, არშემდგარი პარტნიორები და ა.შ. “ემტივის” ცნობილმა წამყვანმა, ტომ გრინმა 2001 წელს წარუმატებელი ნაბიჯები გადადგა სარეჟისორო კუთხით. იგი ერთადერთი ნომინანტი აღმოჩნდა, რომელიც ამ ცერემონიალზე იმყოფებოდა. “ოქროს ჟოლო” როგორც ყველაზე წარუმატებელ მსახიობს, გადაეცა მსახიობ სილვესტერ სტალონეს ფილმისათვის “მრბოლელი”. ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად კი დასახელდა მერაია ქერი. ფილმი “მაიმუნების პლანეტა” წლის ყველაზე ცუდ რიმეიქად აღიარეს. ყველაზე ცუდ მსახიობად კი კვლავ ტომ გრინი დასახელდა. ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა ჩარლტონ ჰესტონმა ფილმისათვის “კატები და ძაღლები”. სულ მალე ამ პრიზებს მსახიობები და ფილმის რეჟისორები სახლში მიიღებენ.