განათლების მიღება სპორტულ მარათონს ემსგავსება

მაკა ღანიაშვილი

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გლობალურმა კრიზისმა ახალგაზრდა ამერიკელებს შემოსავლის მესამედი დააკარგვინა. მედია-ჰოლდინგის მონაცემებით, ამერიკულ შინამეურნეობებს, რომლებსაც 40 წელზე ახალგაზრდა მფლობელი ჰყავთ, 30%-ით ნაკლები შემოსავალი აქვთ, ვიდრე კრიზისამდელ პერიოდში, ანუ 2007 წელს ჰქონდათ. ანალიტიკოსების ვარაუდით, ასეთი ვარდნა დიდწილად არის განპირობებული უძრავი ქონების გაიაფებით, რისი მიზეზიც 2008-2009 წლების კრიზისი გახდა.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში შტატებში ყველა ფენის წარმომადგენელი ოჯახების ქონება მცირედით გაიზარდა, თუმცა სხვებზე მეტ შემოსავალს საფონდო ბაზრებიდანაც და უძრავი ქონების სექტორისგანაც საშუალო ასაკის ან უფრო ხანდაზმული მოქალაქეები იღებენ.

ახალგაზრდა ამერიკელები ამ ტენდენციის შეცვლას პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღებით ცდილობენ.

ღირს თუ არა კოლეჯის და უმაღლესი სასწავლებლების დამთავრება და განათლებაში ათასების, ხშირად კი ასიათასების გადახდა? მით უმეტეს, რომ ბევრ საამისოდ ფული არ აქვს და ვალის აღება უწევს. შეუძლია თუ არა ყველა სფეროსა და სახის დიპლომს საკუთარი დანახარჯების „ამოღება“? ამ კითხვებზე პასუხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ თავის დასამკვიდრებლად და საშუალო კლასში დასარჩენ-გადასასვლელად განათლება აუცილებელია, მაგრამ როგორ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მომავალმა სტუდენტებმა, რომელი უნივერსიტეტი, რა სპეციალობით დაამთავრონ და აიღონ თუ არა განათლებისთვის კოლოსალური ვალები?

იანვარში პრეზიდენ ბარაკ ობამამ სიტყვით გამოსვლისას „წამოსცდა“, რომ ხალხს მეტის გაკეთება შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ისწავლიან ვაჭრობას და არა, მაგალითად, ხელოვნების ისტორიას. მართალია, ობამას ამ განცხადებას დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა და ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთმა პროფესორმა აშშ-ს პრეზიდენტი აიძულა კიდეც ამ განცხადების გამო ბოდიში მოეხადა, მაგრამ ფაქტია, რომ ობამა მართალია.

საშუალოდ ამერიკაში მთლიანი განაკვეთზე მომუშავე კოლეჯის კურსდამთავრებულები წელიწადში 17 500 აშშ დოლარით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ისინი, ვისაც მხოლოდ საშუალო სკოლის განათლება აქვთ, მაგრამ ეს საშუალო მაჩვენებელია. ყველა დიპლომს ერთი ფასი არ აქვს. ყველაზე წარმატებული პროფესია და ამასთანავე გამოსადეგიც – ინჟინერიაა, სადაც არ უნდა დაამთავროს ის სტუდენტმა.

მაგალითად, კალიფორნიის ან ბერკლის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა საშუალო შემოსავალი წელიწადში 1.1 მილიონი აშშ დოლარია. ყველაზე იაფფასიანი და ნაკლებ ცნობილ უნივერსიტეტების ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შემოსავალიც კი არ ჩამოდის 500 000-ზე დაბლა ყოველწლიური მაჩვენებლით. საპირისპირო სურათია ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებთან დაკავშირებით. მათი გავლენა სულიერებაზე უდაოა, მაგრამ ამ პროფესიებით საფულის შევსება რთულია.

1983 წლიდან მოყოლებული, ინფლაციის გათვალისწინებით, აშშ-ში უმაღლესი განათლების მიღების საფასური თითქმის 5-ჯერ გაიზრდა, როცა კურსდამთავრებულთა ხელფასების საშუალო სიდიდე არ შეცვლილა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სტუდენტთა ვალები ისე გაიზრდა, რომ ისინი ვეღარც სახლების ყიდვას ახერხებენ, ვერც ბიზნესის წამოწყებას და, შესაბამისად, არც ოჯახის შექმნასა და შვილების ყოლას ჩქარობენ.

სტუდენტებმა, რომელთაც უნივერსიტეტისთვის ფული 2012 წელს ისესხეს, ახლა საშუალოდ 29 400 აშშ დოლარის ვალი აქვთ. ხშირად მათთვის ძალიან რთულია ვალის გადახდა. მათ იმ შემთხვევაშიც უწევთ ვალის ბოლომდე დაფარვა, თუ რაიმე მიზეზის გამო უნივერსიტეტს თავს ანებებენ. ბევრი კრედიტი იმაზე გაცილებით გრძელვადიანია, ვიდრე სწავლის პერიოდი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პროცენტიც იმატებს და სტუდენტებს მეტის გადახდა უწევთ. სახარბიელო არც დასაქმების მაჩვენებელია. ახალკურსდამთავრებულთა 42% აშშ-ში იმ ანაზღაურებაზე მუშაობს, რომლის მისაღებადაც მხოლოდ საშუალო სკოლის დამთავრებაც საკმარისი იქნებოდა.

აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა 41%-იც კი ვერ ახერხებს სასურველ სფეროში სამუშაოს შოვნას. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ კურსდამთავრებულთა ნახევარზე მეტს ჰგონია, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა და პროფესიის შეცვლაზე ფიქრობს. მხოლოდ კურსდამთავრებულთა ნახევარი ახერხებს არჩეული სფეროთი დასაქმებას, ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელთა მხოლოდ 39%-ია კმაყოფილი იმ უნარებით, რაც ახალ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტიდან მოაქვს, უმეტეს შემთხვევაში დამსაქმებლები მათ გადამზადების კურსებს უტარებენ, რაშიც დიდ თანხებს ხარჯავენ.

ამასობაში ასპარეზზე გამოდის გაცილებით იაფი ონ-ლაინ კურსები. ობამამაც მოუწოდა უმაღლეს სასწავლებლებს ფასები შეამცირონ, იმისათვის, რომ იქ სწავლა ადექვატური და შედეგიანი იყოს სტუდენტების მომავლისთის და მათ უღირდეთ ამ სასწავლებლებში სწავლა და კოლოსალური ვალების აღება.

ამერიკელები მიხვდნენ, რომ უმაღლესი განათლების მიღებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ პრესტიჟულ სასწავლებელს ამთავრებ. ამის საშუალება კი ყოველ წელს სულ უფრო ნაკლებ ახალგაზრდას აქვს. წამყვან უმაღლეს დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება წლიდან წლამდე სულ უფრო უტოპიური ოცნება ხდება. მიუხედავად კურსდამთავრებულთა დასაქმების და შემოსავლების გაუარესებული მონაცემებისა, წლევანდელ სეზონზე, როდესაც უნივერსიტეტებში განაცხადების მიღება თითქმის დასრულებულია, ნათელია, რომ განსაკუთრებით პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში კონკურენცია ისეთი მძაფრია, როგორც არასდროს. მაგალითისათვის, სტენფორდის უნივერსიტეტმა მომდევნო სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა მხოლოდ 5%-ის მიღება შეძლო. უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა ზრდასთან ერთად, იზრდება აბიტურიენტთა კვალიფიკაცია. უნივერსიტეტების ადმინისტრაციის განცხადებით, მათ ბევრი ისეთი კანდიდატისთვის მოუწიათ უარის თქმა ადგილების შეზღუდულობის გამო, რომლებიც ბევრად მაღლა დგანან უნარებით მათთან შედარებით, ვისაც კოლეჯები წინა წლებში იღებდნენ. წლევანდელ კანდიდატებს არ გაუმართლათ, რადგან მათ გაცილებით მეტი და გაცილებით ძლიერი კონკურენტები ჰყავდათ.

აშშ-ის ტოპ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად აბიტურიენტებს ჯოჯოხეთური მოსამზადებელი პერიოდის გავლა უწევთ. გარდა ამისა, მხოლოდ აპლიკაციის საფასური წამყვან უნივერსიტეტებში რამდენიმე ასეული დოლარია. მიუხედავად ამისა, მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. გაზრდილი კონკურენციის პირობებში სტუდენტებს ბევრი უნივერსიტეტის მითითება უწევს აპლიკაციების შევსებისას, ხშირად მათ სურვილებს მიღებული შედეგები არ ემთხვევა, მაგრამ იძულებული არიან იმ ადგილას და იმ პროფესიაზე განაგრძონ სწავლა, რომელიც მანამდე დიდად არ აინტერესებდათ.

როგორც უნივერსიტეტების მიმღები კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, უნივერსიტეტში ჩაბარება მომავალი სტუდენტებისთვის მარათონს ემსგავსება. ისინი სულ უფრო მეტ აპლიკაციას აგზავნიან, ბევრი მსურველი კი რამდენიმე წლის განმავლობაში დაჟინებით ცდილობს სასურველ კოლეჯში მოხვედრას. ბოლო 6 დეკადის განმავლობაში კოლეჯში გაკეთებული აპლიკაციების რიცხვი სწრაფი ტემპებით იზრდება, მაშინ როცა წამყვანი უნივერსიტეტები მისაღებ ადგილების რაოდენობას მხოლოდ მცირდეით ზრდიან, ხშირად კი ადგილების რაოდენობა უცვლელი რჩება.

ჩაბარების მსურველთა და უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობის ზრდის ტემპი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩაბარების მსურველთა რაოდენობის ზრდაზე განსაკუთრებით იმოქმედა უცხოელ სტუდენტთა მხრიდან სულ უფრო მზარდმა დაინტერესებამ, ბევრი უცხოელი ახალგაზრდა ცდილობს უმაღლესი განათლების აშშ-ის წამყვან სასწავლებლებში მიღებას. მათი რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.

gaatleba1

უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტებს ბევრი აპლიკაციის გაგზავნაში ონ-ლაინ აპლიკაციების სისტემის დანერგვაც ეხმარება. მათ 7-ზე მეტ კოლეჯში შეუძლიათ ერთდროულად განაცხადის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად. 7 წლის წინ აშშ-ში ონლაინ აპლიკაციების გაკეთება 315 კოლეჯში იყო შესაძლებელი, წელს კი 517-ში. სტენფორდის უნივერსიტეტმა მიიღო 42 167 აპლიკაცია 2018 წლის სასწავლო სეზონისთვის, მათგან 2 138-ს უნივერსიტეტმა გაუგზავნა მიღების წერილი, მათ რიცხვში შედიან მომლოდინე კანდიდატებიც. საბოლოოდ, უნივერსიტეტი 43 000-მდე აპლიკანტიდან მხოლოდ 1700-ს მიიღებს. აპლიკაციების მიხედვით ლიდერია კალიფორნიის უნივერსიტეტი, სადაც ჩაბარების სურვილი 86 000-მა აპლიკანტმა გამოთქვა, რაც 2005 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. მისაღები კონტიგენტი კი 6000-ია. გარდა ამისა, კალიფორნიის უნივერსიტეტმა სხვა უნივერსიტეტებიდან გადმოსვლის მსურველთა 19 000 აპლიკაციაც მიიღო.

„ადრე აბიტურიენტები უნივერსიტეტებს ადგილმდებარეობის მიხედვით ირჩევდნენ, თანამედროვე გლობალიზაციისა და ინტერნეტის ეპოქაში კი ყველა უნივერსიტეტი „ადგილობრივი“ ხდება. ონლაინ-რესურსებმა აბიტურიენტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მისცა შესაძლებლობა აპლიკაციების გაკეთების, რაც ასევე ხსნის აპლიკაციების დრამატულად ზრდას. რაც წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ“ – აღნიშნავს სტენფორდის უნივერსიტეტის მიმღები კომისიის წარმომადგენელი რიჩარდ შოუ.

რამდენიმე წლის წინ ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები, როგორიცაა ჰარვარდი და პრინსტონი აპლიკანტების საშუალოდ 20%-ს იღებდნენ. 2003 წელს მათ გადაწყვიტეს, ადგილების გაზრდა მზარდი მოთხოვნის მცირედით დასაკომპენსირებლად მაინც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩაბარების მსურველები იმდენი არიან, რომ უნივერსიტეტები ამ ტენდენციისთვის ფეხის აწყობას ვეღარ ახერხებენ. ჰარვარდი და პრინსტონი გახდნენ პირველი უნივერსიტეტები რამდენიმე წლის წინ, რომელთა მხრიდანაც, აპლიკანტთა დაკმაყოფილების დონე 10%-ს ჩამოსცდა, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მცირდება მიუხედავად იმისა, რომ მისაღები კონტიგენტი ირდება ან იგივე რჩება.

პირველი აპრილისათვის, როდესაც აპლიკაციების მიღება დასრულდა, აშშ-ის უნივერსიტეტებში ნათელი გახდა, რომ ჰარვარდი და იელი აპლიკანტების მხოლოდ 6%-ის მიღებას შეძლებენ, კოლუმბიისა და პრინსტონის უნივერსიტეტები 7-7%-ს, მასაჩუსეტსისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტები 8-8%-ს. ეს მაშინ, როცა, მაგალითად, 10 წლის წინ, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა 40% დააკმაყოფილა კომისიამ. „არ ვიცი ეს ტენცენცია სადამდე მიგვიყვანს, ჩვენ გაოგნებულნი ვართ“ – აცხადებს პრინსტონის უნივერსიტეტის წარმომადგენელი რიჩარდ შოუ.

ganatleba2

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია 21 მარტს დასრულდა. წელს მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებლების დაზუსტებული სია ჯერ არ არსებობს. 2013 წელს კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 50 რეიტინგულ აბიტურიენტს შორის, რომელიც ჩაირიცხა კონკრეტულ უნივერსიტეტში, ყველაზე პოპულარული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი იყო 25 აბიტურიენტით; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 18 აბიტურიენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 4 აბიტურიენტი; დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი – 2 აბიტურიენტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 1 აბიტურიენტი.

500 ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტის არჩევანი კი ასე გამოიყურებოდა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 200 აბიტურიენტი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – 187 აბიტურიენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 62 აბიტურიენტი; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი – 12 აბიტურიენტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 10 აბიტურიენტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 8 აბიტურიენტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 6 აბიტურიენტი; დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი – 3 აბიტურიენტი; GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – 2 აბიტურიენტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ქუთაისი) – 2 აბიტურიენტი; კავკასიის უნივერსიტეტი – 2 აბიტურიენტი; საქართველოს უნივერსიტეტი – 2 აბიტურიენტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი – 2 აბიტურიენტი; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი – 1 აბიტურიენტი; სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 1 აბიტურიენტი.

წლევანდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ მსოფლიო ტენდენციებისგან განსხვავებით, საქართველოში აბიტურიენტების რაოდენობა ნაკლებია მისაღები ადგილების რაოდენობაზე. 2014 წელს გამოცდებისათვის 36 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 12 ათასამდე მაგისტრანტობის კანდიდატი და 4500-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა.