სამცხე-ჯავახეთში რძის გადამამუშავებილი ორი თანამედროვე ქარხანა გაიხსნა

რედაქციისაგან

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი – 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინოწმინდის რაიონში გახსნა თანამედროვე, საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელ ორი ქარხანა, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის AgVANTAGE-ის დახმარებით შეიქმნა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქარხანა დაათვალიერა და რძის გადამუშავების პროცესს დააკვირდა. “ეს არის არა მხოლოდ ყველი, არამედ სტაბილურობის, გზებისა და ელექტროენერგიის კომბინაცია. ის უნიკალური პოტენციალი, რომელიც ამ რეგიონის სოფლის მეურნეობას გააჩნია მთელი ძალით ამოქმედდება,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
საბჭოთა კავშირის დროს მეცხოველეობა, მერძევეობა და კარტოფილის წარმოება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის წამყვანი მიმართულება იყო. საბჭოთა რეჟიმის ნგრევის შედეგად ამ ინდუსტრიებმაც კოლაფსი განიცადა. დღეს რძის დიდ ნაწილს მცირე ფერმერები აწარმოებენ. რძის დაახლოებით 70%-ს ისინი ყველის დასამზადებლად იყენებენ, რომელიც შემდეგ რეგიონში, თბილისსა თუ სომხეთში იყიდება. თუმცა, ამ ფერმერების მიერ წარმოებული ნედლი რძე დაბალი ხარისხისაა, რაც ცუდი სანიტარული პირობების, წველისა და შენახვის არასათანადო მეთოდებით არის განპირობებული. არ ხდება ნედლი რძის პასტერიზაცია და სათანადოდ დამუშავება, რასაც უსაფრთხო პროდუქტის წარმოების საქმეში გადამწყვეტი როლი ენიჭება.
რეგიონში მერძევეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტმა AgVANTAGE-მა გასულ წელს თანამშრომლობა დაიწყო ნინოწმინდის რაიონის ორ სოფელში არსებულ ადგილობრივ კომპანიებთან – კოოპერატივ “ორლოვკასთან” და შპს “სპასოვკასთან”, რომლებსაც პროექტი AgVANTAGE-ი თანამედროვე საშუალო ზომის რძის ქარხნის შეძენაში დაეხმარა. ორივე ქარხანას ერთად დღეში 10 ტონა ნედლი რძის გადამუშავება და 1000 კგ ყველის წარმოება შეუძლია. შედეგად ყველის წლიურმა გაყიდვებმა შეიძლება 850,000 ლარს გადააჭარბოს. აღნიშნული ქარხნების შექმნის შედეგად სტაბილური შემოსავლის წყარო შეექმნა რეგიონის 400-ზე მეტ მცირე ფერმერს, რომლებიც ქარხნებს ნედლი რძით მოამარაგებენ და 40 ადამიანს, რომლებიც ქარხნებმა მუდმივი სამუშაო ადგილით უზრუნველყო.
“აღნიშნული ქარხნებით შეიქმნება ქვეყანაში ინდუსტრიული ყველის წარმოების პირველი პრეცედენტი. საქართველოში ყველის ყიდვა ლატარიის თამაშს წააგავს, ან გაგიმართლებს ან არა. დღეიდან მოსახლეობას შეეძლება იყიდოს ხარისხიანი, ადგილობრივად ინდუსტრიულად წარმოებული ყველი” – განაცხადა პროექტ AgVANTAGE-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა გრძელიძემ.
აღნიშნული ღონისძიების ძირითადი მიზანია აქციოს ეს კომპანიები ბაზარზე უსაფრთხო, მაღალხარისხიანი რძის პროდუქტების მიმწოდებლად. პროექტ AgVANTAGE-ის მიზანს ასევე წარმოადგენს საშუალება მისცეს კომპანიებს აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, როგორიცაა ევროპული მყარი ყველების ტიპის ყველები, და სარფიანად გაყიდონ ისინი. აღნიშნული ტექნოლოგია დაეხმარება კოოპერატივ “ორლოვკას” და შპს “სპასოვკას” აწარმოონ კონკურენტუნარიანი პროდუქცია და ჩაანაცვლონ დიდი რაოდენობით რუსეთიდან, უკრაინიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული მყარი ყველები.
“ეს თანამედროვე ყველის ქარხანა საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ევროპული ტიპის ყველის სახეობები. ამით ჩვენ არ ვხდებით ადგილობრივი ფერმერების კონკურენტები, რომლებიც ქართულ ყველს აწარმოებენ. პირიქით, ის ჩვენ დაგვეხმარება შევასუსტოთ იმპორტირებული ყველის პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე,” განაცხადა შპს “სპასოვკას” დირექტორმა ლექსო მიქელაძემ.
პროექტ AgVANTAGE-ის დახმარების ვრცელი პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რძის პროდუქტების წარმოების მთლიანი ჯაჭვი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის ექვს სოფელში არსებულ რძის ექვს ფერმას. აღნიშნული ფერმები ასევე აღიჭურვა ნაკელგამტანებით, საწველი დანადგარებით, გასაცივებელი ავზებით, რაც მათ საშუალებას აძლევს ქარხნებს მაღალხარისხიანი რძის პროდუქტების საწარმოებლად აუცილებელი მაღალი ხარისხის ნედლი რძე მიაწოდონ.