ინტერნეტ კაფეების ბიზნესი საქართველოსი
ნატო კირცხალია
ინტერნეტი რომ ახალი ეპოქის განუყრელი ნაწილია, ამაზე აღარავინ დავობს. მართალია, საქართველოში ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო ე.წ. კომპიუტერიზაციის პროცესი და გასაკვირი არ არის, რომ ქალაქის ყველა უბანსა თუ ქუჩაზე თითო (ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი) ინტერნეტ კაფე მაინც არის გახსნილი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყოველ მათგანს ჰყავს კლიენტურა და ჭკვიანი ბიზნესმენისთვის ნორმალური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
თავდაპირველად, ყველა ადგილს, სადაც ინტერნეტით სარგებლობა შეიძლებოდა,ინტერნეტ კაფე ეწოდებოდა. იდეა, სათაურშივე საკმაოდ კარგად იყო ფორმულირებული – ადგილი, სადაც სარგებლობ ინტერნეტით და გაქვს საშუალება მიირთვა ჩაი ან ყავა. მაგრამ, საბოლოოდ, ამან (ყოველ შემთხვევაში საქართველოში) არ გაამართლა. ყავისა თუ ჩაის მოყვარულები ისევ ჩვეულებრივ კაფეებში არჩევდნენ დროის გატარებას, ხოლო ინტერნეტ კაფეში მსურველი, ძირითადად, ინტერნეტით სარგებლობის მიზნით შედიოდა. ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ბევრი ინტერნეტ კაფე მალევე დაიხურა. ალბათ, ამიტომაც ამ ბოლო ხანებში ხსნიან არა ინტერნეტ კაფეებს, არამედ ინტერნეტ კლუბებსა თუ კომპიუტერულ ცენტრებს. თანდათან ინტერნეტით სარგებლობის სურვილი და აუცილებლობა, ბუნებრივია, გაიზარდა და დღეს უკვე სტუდენტობა და ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საქმიან ცხოვრებას აქტიურად ეწევა, ინტერნეტით სარგებლობს. რასაკვირველია, მათგან უმეტესობას კომპიუტერი სახლში არ აქვს.ინტერნეტ კლუბი კი საუკეთესო და შედარებით იაფი საშუალებაა, მოიხმარო ინტერნეტი. რა არის ძირითადი მიზეზები, რაც ინტერნეტის პოპულიზაციას იწვევს? პირველ რიგში, ინფორმაცია, რომელმაც გარკვეულწილად, შეცვალა გამოთქმა “დრო ფულია” ახალი ფორმულირებით, “ინფორმაცია ფულია”. ინტერნეტში ნებისმიერი ინტერესის ადამიანი შესძლებს ოპერატიულად და ზედმეტი წვალების გარეშე შესაფერისი ინფორმაციის მოძიებას. მეორე ძირითადი მიზეზი ინტერნეტის ასეთი პოპულარობისა, არის კომუნიკაცია. კომუნიკაცია, რომელსაც ინტერნეტით ძალიან ადვილად და იაფად ამყარებ ნებისმიერ დროს მსოფლიოს რომელიმე ადგილას მყოფ ადამიანთან. ელექტრონული ფოსტა ამის საუკეთესო საშუალებად გვევლინება. დაბოლოს, გართობა უამრავი ქსელური ე.წ. “ონლინე-თამაშით”, რომელიც ძალიან იზიდავს ახალგაზრდობისა და შედარებით პატარა ასაკის მომხმარებელს. ასე რომ, ეს ძირითადი სამი კომპონენტია, რომელიც ინტერნეტს ყველა ტიპის მომხმარებლისთვის საინტერესოს და, შესაბამისად, ინტერნეტ კლუბისა თუ კაფის მეპატრონისთვისაც ამ ბიზნესს მომგებიანს ხდის.
ვესაუბრებით, თბილისში ერთ-ერთი ინტერნეტ კლუბ “ცომპ-ლინე-ის”წარმომადგენელს, გია მეცხოვრიშვილს:
საიდან წამოვიდა ინტერნეტ კაფეების იდეა და რა გზა განვლო ინტერნეტ კაფეებმა დაარსებიდან დღემდე?
ინტერნეტ კაფეების გახსნის იდეა დიდი ხანია არსებობს. ანუ დაახლოებით იმ დროიდან, როდესაც დაიწყო კომპიუტერიზაცია საქართველოში, განსაკუთრებით კი ინტერნეტის შემოსვლის შემდეგ. თავისთავად გაჩნდა იმის მოთხოვნილება, რომ ინტერნეტით ბევრს ესარგებლა. ინტერნეტი შეიძლება გამოიყენო სხვადასხვა კუთხით. მასაში ინტერნეტის გამოყენების მოთხოვნა მარტივი ასახსნელია – უამრავი ინფორმაცია, კონტაქტი და გარდა ამისა, უამრავი გასართობი. იმ ფაქტორებმა, რომ არ არის კომპიუტერის ყიდვის საშუალება, მოდემის და ჩვენი ტელეფონების ცუდად მუშაობის პრობლემამ ინტერნეტ კაფის გაკეთების იდეა დაბადა. თავიდან აქცენტი სწორედ კაფეზე იყო გამახვილებული და ამიტომ არ დაარქვეს მას არც ინტერნეტ კლუბი, არც ინტერნეტ ცენტრი. ფიქრობდნენ, რომ ქალაქი ჯერ ამისთვის ბოლომდე მზად არ იყო და მომხმარებელი ასეთი სახის ცენტრსა თუ კლუბში მხოლოდ ინტერნეტისთვის არ შევიდოდა. ამიტომ უნდა ყოფილიყო მომსახურება ყავით, ნამცხვრით და პარალელურად – ინტერნეტში მუშაობის საშუალება. ასე გაიხსნა თავიდან ინტერნეტ კაფეები თბილისში. როგორც წესი, აქცენტი გადატანილი იყო კაფეზე. ჩემი აზრით, კაფის იდეამ მაინცდამაინც, მასიურად, არ გაამართლა, თუმცა, დღესაც არის ხალხი, ვისაც ურჩევნია მივიდეს ისეთი ტიპის ინტერნეტ კაფეში, სადაც კომფორტს უქმნიან, ყავას მიართმევენ, მაგრამ ეს კონტინგენტი ძალიან მცირეა.მომსახურებას მეტი რამ სჭირდება: კაფისთვის ბარი უნდა გაკეთდეს, ყავა, ნამცხვარი უნდა მოიტანოს ვინმემ, უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რაც ერთი-ორი კაცისთვის მომგებიანი, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნდა. ძირითადად, ვინც მოდის, მას ინტერნეტი სჭირდება და დამატებითი თანხის გადახდა არ სურს. ყავა და ნამცხვარი თუ უნდა, კაფეში შევა. ამიტომ კაფის იდეა სხვა რამეში გადაიზარდა.ახლა, მასიურად იხსნება ადგილები, სადაც მხოლოდ კომპიუტერი დგას, რომელიც ცალკე ხაზის მეშვეობით დაკავშირებულია ინტერნეტთან და ხალხი ინტერნეტში სამუშაოდ მიდის. ანუ აქცენტი მთლიანად გადავიდა ინტერნეტზე.
ძირითადად, რა მიმართულებებით მუშაობენ დღესდღეობით ინტერნეტ ცენტრები?
აქცენტის ინტერნეტზე გადატანას მოჰყვა ქსელური თამაშების მეორე ტალღა, რაც ძალზე მომგებიანი აღმოჩნდა. ქსელური თამაშების სრული უმრავლესობა იძლევა საშუალებას, რამდენიმე კაცმა ერთად ითამაშოს. ერთად ებრძვიან ვიღაც მოწინააღმდეგეს ან თამაშობენ ერთმანეთის წინააღმდეგ. არის აგრეთვე: მანქანების შეჯიბრებები, სტრატეგიული და ე.წ. აცტიონ-ის ტიპის თამაშები, სადაც ერთი კაცი ერთ კაცს უპირისპირდება. ამ სახის თამაშებმა პოპულარობა, ჩემი აზრით, განსაკუთრებით საქართველოში მოიპოვა. ქართული აზარტი, ეთამაშო მეგობარს და მოუგო, აშკარად გამოჩნდა ასეთი ტიპის თამაშების შემოსვლის შემდეგაც. არის კატეგორია, რომელიც სამუშაოდ იყენებს ინტერნეტს, ან, უბრალოდ, მაილ-ისა თუ ცჰატ-ის მეშვეობით კონტაქტი სურს. აქედან გამომდინარე, ინტერნეტის სამომხმარებლო თვალსაზრისით, ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: არისზოგიერთი ინტერნეტ კლუბი, სადაც აქცენტი ინტერნეტზეა გადატანილი. ასეთ კლუბებში, როგორც წესი, დგას დაახლოებით 4-6 კომპიუტერი. ამ შემთხვევაში,თამაშები ნაკლებად პოპულარულია, რადგან, რაც უფრო მეტი ადამიანი თამაშობს ერთად, თამაში მეტად აზარტულია. დაახლოებით 8 კომპიუტერი მაინც უნდა იდგას, რომ თამაშის მოყვარულები მოიზიდო. როდესაც ოთხ კომპიუტერთან ოთხი კაცი ზის, სიჩუმეა და ინტერნეტში ყველა თავისთვის მუშაობს, ესე იგი ეს კლუბი ორიენტირებულია ისეთ ხალხზე, ვისაც მართლა ინტერნეტში აქვს სამუშაო და სიმშვიდე სჭირდება. არის მეორე კატეგორია, სადაც ორიენტაცია აღებულია თამაშებზე. აქ სულ სხვა სიტუაციაა. ხალხი ირევა და ხმაურია, კომპიუტერიც მეტი დგას. ჩვენთან, მაგალითად, ორი ოთახია. ერთში რვა კომპიუტერია, მეორეში კი – ოთხი. არის ადამიანების კატეგორია, რომელთაც ვურჩევთ დასხდნენ პატარა ოთახში, მაგრამ ისინი რვა კომპიუტერიან ოთახს ირჩევენ, რადგან ეს ჟრიამული და სიტუაცია უფრო მოსწონთ. აქედან გამომდინარე, განსხვავდება მომხმარებელი და, შესაბამისად, მუშაობის სტილიც. ვისაც თამაში უნდა, ჟრიამული და ხმაური ურჩევნია. იქ გადაძახილებია – აქედან მოუარე, გზა მეორე მხარეს იხსნება… ამიტომაც ასეთი გაყოფა მოხდა. თუმცა იქ, სადაც თამაშებია, როგორც წესი, ინტერნეტიც არის და მსურველს შეუძლია ინტერნეტში იმუშაოს. ვცდილობთ, ინტერნეტით ინფორმაციის მოძიების მიზნით მომხმარებელი პატარა ოთხ კომპიუტერიან ოთახში შევუშვათ.
თქვენი მომხმარებლის კატეგორიას დაახლოებით როგორ განსაზღვრავდით?
თუ ასაკობრივად მივუდგებით საკითხს: ჩვენი მომხმარებლის კონტინგენტი დაახლოებით ასე გამოიყურება – დაწყებული 6 წლიდან, დამთავრებული 40 წლის ადამიანები.
და თუკი ინტერესის სფეროებით განვსაზღვრავთ?
ჩვენი სტუმრები უფრო ხშირად თამაშის მოყვარულნი არიან. სხვათა შორის, აქ არ მიდის ნიძლავები, რაც დამახასიათებელია ქსელური თამაშებისათვის. სხვათა შორის, თავიდან გვეგონა, რომ თამაშისას უფრო ნიძლავები დაიდებოდა. თუნდაც სახინკლეზე მაინც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთავარი დაინტერესება ერთამანეთის წინააღმდეგ თამაში, ერთმანეთთან ომია. ძირითადად, თამაში მიდის გადახდაზე. მაგალითად, შემოდის ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც ბევრი ფული არ აქვს, ვთქვათ, იმისა, რომ წაგების შემთხვევაში მოწინააღმდეგე სახინკლეში წაიყვანოს. ამ შემთხვევაში, ოთხი კაცი დასხდება, რომლებიც ორი ორზე თამაშობენ და წაგებული ნათამაშევი დროის თანხას გადაიხდის. მთავარი ინტერესი მოგება არ არის, როგორც ტოტალიზატორში ან კაზინოში. აქ ახალგაზრდა მოდის არა იმიტომ, რომ მოიგოს, არამედ იმისთვის, რომ ითამაშოს, გაერთოს. ხანდახან, უბრალოდ, პრესტიჟზეა თამაში.
24 საათიანი გრაფიკი რამდენად მომგებიანია თქვენთვის?
არსებობს მომხმარებლის კატეგორია, რომელსაც გვიან ღამემდე უწევს მუშაობა, რადგან სამსახურიდან გვიან ბრუნდება. ღამით ინტერნეტი უფრო იაფიცაა. თუ დღე ერთი საათი ღირს 2 ლარი, მთელი ღამის განმავლობაში 12-დან 8 საათამდე 5 ლარი ღირს. ალბათ, ამითაც არის გამოწვეული, რომ ღამით ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს და, შესაბამისად, 24 სათიანი გრაფიკით ვმუშაობთ.
არის თუ არა სხვა გზები, რითაც მომხმარებლის დაინტერესება იზრდება?
რა თქმა უნდა. ჩვენ ვატარებთ ჩემპიონატს, მთელ მსოფლიოში ძალზე პოპულარულ თამაშში. ამ თამაშში სისტემატურად ბევრად უფრო დიდი ჩემპიონატები იმართება არა მარტო საქართველოს მასშტაბით. არის საუბარი იმაზეც, რომ ეს თამაში ოლიმპიური თამაშების რიცხვში შევიდეს. ჩვენი ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია გავუშვით ინტერნეტში. ნებისმიერ მსურველ 4 კაციან გუნდს შეეძლო მონაწილეობის მიღება. პირობა ასეთი იყო: ყველა გუნდს საპრიზო ფონდში უნდა შემოეტანა 20 ლარი. ამის მიხედვით განისაზღვრებოდა საპრიზო ფონდი. შესაბამისად, პირველი ადგილის მფლობელი იღებდა საპრიზო ფონდის 60%-ს, მეორე – 30%-ს, მესამე კი – 10%-ს. თითქოს 5 ლარი კაცზე ბევრი არ არის, არადა, გამარჯვების შემთხვევაში უკვე სოლიდური თანხა გამოდის. აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვინც გამოგვეხმაურა საიტზე, აღნიშნა, რომ 20 ლარი ძალიან დიდი თანხაა. ეს რაზე მეტყველებს? საქართველოში ამ თამაშში არ არიან გამორჩეული კლასის მოთამაშეები. მათთვის მთავარი არ იყო მოეგოთ დიდი თანხა. ერჩიათ გადაეხადათ ნაკლები – 12 ლარი (3 ლარი კაცზე) და, უბრალოდ, ეთამაშათ. ჩვენთან არ არის ის აზარტი, რომელიც კაზინოში ან ტოტალიზატორშია. ინტერნეტ კლუბში მთავარია ადამიანი მოვიდეს, გაერთოს და გამარჯვების შემთხვევაში, პრესტიჟი აიმაღლოს.
რა ურთიერთობები ყალიბდება თქვენსა და მომხმარებელს შორის?
კლუბის იდეა შემთხვევითი არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კლუბი, ძირითადად, უბანზე მუშაობს. იმდენად ბევრი ინტერნეტ კაფე თუ ცენტრი გაიხსნა, რომ ხალხი არ მოდის შორიდან. ჩვენთან ბევრმა გაიცნო ერთმანეთი და მათი მეგობრობა ინტერნეტის საზღვრებს გასცდა. უკვე არათუ ჩვენს მომხმარებლებს, მათ მშობლებსაც კარგად ვიცნობთ. რა თქმა უნდა, ბავშვის მთელი დღე ქუჩაში ყოფნას, მშობელს ურჩევნია კომპიუტერთან იჯდეს და თან რამე ისწავლოს. აქედან გამომდინარე, მშობლებიც გავიცანით და ზოგ შემთხვევაში, ვახსენებთ ხოლმე ბავშვებს, რომ მათ, ვთქვათ, 12 საათზე მასწავლებელთან აგვიანდებათ. მშობლებიც კმაყოფილები არიან აქაური სიტუაციით. ყოფილა შემთხვევა, მშობელი ბავშვთან ერთად მოსულა, ერთიანად გადაუხდია 2 საათის ფული თვითონ წასულა ბაზარში ან სადმე, დარწმუნებული იმაში რომ მისი შვილი ამ 2 საათის განმავლობაში ნამდვილად არ მოწყდება კომპიუტერს და ადგილზე იქნება. ეს კლუბი, ურთიერთობის მხრივაც უდიდეს ფუნქციას ასრულებს. აქ მოდიან ან რეკავენ ერთმანეთის მოსაძებნად. ანუ ინტერნეტ კლუბმა გარდა ინტერნეტის ან ქსელური თამაშისა, ურთიერთობის მხრივაც დადებითი როლი ითამაშა.
რამდენად მომგებიან ბიზნესად შეიძლება ჩაითვალოსNდღეს საქართველოში ინტერნეტ კლუბების ბიზნესი?
ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანია. რადგან ჩვენ კლუბში ბევრი ხალხი ირევა, მიიჩნევა, რომ შესაბამისადაც დიდი თანხაც შემოდის. რაც ასე არ არის. ვიხდით უამრავ გადასახადს. საბოლოო ჯამში, ძალიან ცოტა თანხა რჩება. ამ გზით ადამიანი ვერც გამდიდრდება და ვერც დიდ ფულს იშოვის. საუკეთესო შემთხვევაში, ადამიანი ოჯახის რჩენას შეძლებს. ვფიქრობთ, ინტერნეტ კაფეების გახსნის ასეთი ბუმი იმითაც არის გამოწვეული, ჰგონიათ აქ ბევრი ფული ტრიალებს. სინამდვილეში ასე არ არის. წარმოიდგინეთ, შემოდის ბავშვი, რომელიც 50 თეთრს იხდის და 15 წუთით ჯდება. ამ დროში იგი ვერ მოასწრებს ვერაფერს და ამიტომ ჩვენ დროს ვუმატებთ. არსებობს სხვადასხვა სპეციალური პროგრამა, რომელიც ავტომატურად თიშავს კომპიუტერს განსაზღვრული დროის შემდეგ. ჩვენ ეს შეგნებულად არ დავაყენეთ, რადგან ჩვენი ურთიერთობა მომხმარებელთან ადამიანურ დამოკიდებულებებზეა აგებული. ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ კლუბი, ძირითადად, უბანზე მუშაობს, ანუ ერთი და იგივე ხალხზე და 15 წუთის გულისთვის ჩვენ არ გვიღირს მომხმარებლის დაკარგვა. თუ ვინმეს ინტერნეტ კლუბის იდეა აქვს, წინასწარ შეგვძლია ვუთხრათ, რომ ვერ გამდიდრდება. ამ გზით შეიძლება გქონდეს შემოსავალი, ოჯახი არჩინო, მაგრამ სახლს ვერ იყიდი.
თბილისში მართლაც ინტერნეტ კლუბებისა თუ კაფეების ბუმია. როგორია კონკურენცია მათ შორის?
ჩემი აზრით, ყველა ინტერნეტ კლუბს ჰყავს თავისი კლიენტურა. ჩვენს შემთხვევაში, ხალხმრავლობა ურთიერთობების დამსახურებაა. მაგალითად, ამ უბანში არის რამდენიმე ინტერნეტ კლუბი, რომელთაც არანაკლები აპარატურა აქვთ, ვიდრე ჩვენ. მიუხედავად ამისა, ამ კლუბების გახსნის შემდეგ ხალხი არ წასულა ჩვენგან და კლიენტურა არ მოგვკლებია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც თორმეტივე კომპიუტერი დაკავებული ყოფილა. ამ დროს მოსულა კლიენტი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კლუბი, ძირითადად, თამაშებზეა ორიენტირებული და ინტერნეტში მუშაობის სურვილი ჰქონია.გვითქვამს – აქ ყველა კომპიუტერი დაკავებულია და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შეგვიძლია დაგსვათ, მაგრამ თუ გეჩქარებათ, 100 მეტრში არის კლუბი იგივე კომპიუტერებითა თუ ინტერნეტით. საოცარია, მაგრამ დაუცდია და ნახევარი საათის შემდეგ დამჯდარა კომპიუტერთან. ანუ ისინი ჩვენთვის კონკურენტები არ არიან. დიდ როლს თამაშობს ურთიერთობების შედეგად შეჩვევა და თბილი სიტუაცია.
რამდენად პერსპექტიულ ბიზნესად მიგაჩნიათ ინტერნეტ კლუბების ბიზნესი? კიდევ რამდენ ხანს იქნება მოთხოვნილება ინტერნეტსა და ქსელურ თამაშებზე?
მოთხოვნილება იქნება, სანამ კომპიუტერი იარსებებს. იარსებებს თამაშებიც. ყოველ შემთხვევაში, იქამდე თუ რაღაც ტექნოლოგიური ხარისხობრივი ცვლილება არ მოხდა დღევანდელ ცივილიზაციაში. მანამდე კი კომპიუტერი შეუცვლელი იქნება. შეუცვლელია ჯერჯერობით ადამიანიც, რომელსაც ყოველთვის ექნება მოთხოვნილება ინტერნეტის თუ ქსელური თამაშის. მაგრამ რაღაც ეტაპზე უკვე კომპიუტერი აღარ იქნება ფუფუნების საგანი. ინტერნეტის მომხმარებელი შესძლებს სახლიდანვე მუშაობას. ხოლო თამაშის მოყვარულნი ყოველთვის კლუბში, ხალხმრავლობაში არჩევენ თამაშს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ინტერნეტზე ორიენტირებულ კლუბებს შეიძლება გაუჭირდეთ. სახლში კომპიუტერი შეიძლება ყველას ჰქონდეს, მოდემით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ორმა კაცმა ითამაშოს სახლიდან გაუსვლელად. მაგრამ მოდემით ვერ დაუკავშირდება ერთმანეთს 10-12 კაცი (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) ერთი ერთზე თამაში კი მოსაწყენია და უინტერესო. ამიტომ ქსელურ თამაშებზე მოთხოვნილება, ალბათ, დიდი ხანი იქნება. რა თქმა უნდა, არ ვიცი როგორ შეიცვლება ჩვენი ცივილიზაცია ათეული წლის შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, კომპიუტერზე და მის მოხმარებაზე მოთხოვნილება კიდევ დიდხანს იარსებებს. ბიზნესის პერსპექტიულობაში იმას არ ვგულისხმობ, რომ საქმე განვითარდება და ეს გახდება დიდი ბიზნესი, მაგრამ თავის თავს, ყოველ შემთხვევაში, შეინახავს. ისე, როგორც თონე, რომელსაც მუდამ ჰყავს ცხელი პურის მოყვარული კლიენტურა, ვერ იქცევა ვერასოდეს დიდ ქარხნად. ეს იქნება წვრილი ბიზნესი, რომელიც საჭირო იქნება ყოველთვის მანამ, სანამ იქნება ერთმანეთთან ურთიერთობის სურვილი, სამხრეთული აზარტი და ინტერესი.