ლეკიშვილი, ჩხარტიშვილი და მომღერლები მეკობრეებს ტრაქტორით გადაუვლიან

ავთო ჩიტიძე

საქართველოს გადამხდელთა კავშირმა და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ, რომელიც სულ ორი თვის ჩამოყალიბებულია, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გადაწყვიტა და ბრძოლა არალიცენზირებულ აუდიო-ვიდეო პროდუქციას გამოუცხადა. 20 მარტს მათ გადამხდელთა კავშირში შოუბიზნესის წარმომადგენლები მიიწვიეს, რათა მათი დახმარებით შექმნან პროექტი, რომელიც მომღერლებს, კომპოზიტორებსა და ხმისჩამწერი სტუდიების ხელმძღვანელებს მეკობრეობისაგან დაიცავს. ხსენებული ბიუროს ინიციატივით შეიქმნება საბჭო, სადაც გაერთიანდებიან ის მომღერლები, კომპოზიტორები და შოუმენები, რომლებიც მეკობრეობამ დიდად შეაწუხა.

ჟურნალისტებთან და შოუმენებთან შეხვედრა ნიკო ლეკიშვილმა გახსნა. მან მომღერლებს დახმარება აღუთქვა მათი უფლებების დაცვის სფეროში, კერძოდ, მათი სიმღერებისა და აუდიოპროდუქციის კანონიერ გამრავლება-გაყიდვას შეპირდა. ამავე აზრს იზიარებდა ვანო ჩხარტიშვილიც. ისინი თურმე ინტენსიურად ადევნებენ თვალს ქართულ შოუბიზნესს.

დებატები რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა გახსნა, რომელსაც ფილმი “გარიგება” კინოგაქირავებიდან და ვიდეოგამრავლებიდან თვეში 20 ლარ შემოსავალს აძლევს. იგი პირადად დასდევს მეკობრეებს. სადაც კი უნახავს მისი მეკობრული ნაწარმი, ადგილზევე წაურთმევია და ფეხით გაუნადგურებია. კახუჩელამ საზოგადოებას დეტალური ანგარიში მიაწოდა იმის შესახებ, მუსიკის რამდენი მომხმარებელია თბილისსა და მოსკოვში, რამდენს შეუძლია აუდიო-ვიდეო პროდუქციის შეძენა და, შესაბამისად, რამდენი უნდა იყოს მათი პროდუქციის ტირაჟი. მან ხმამაღლა მოითხოვა იმ სპონსორების გადასახადებისაგან გათავისუფლება, რომლებიც მათ კონცერტებისა და აუდიოალბომების გამოშვებაში ეხმარებიან. წარსულში პოპულარულმა მომღერალმა და ამჟამად ეკონომისტმა, ბესო კალანდაძემ გავრცელებული მეკობრეობის მიზეზად სუსტი სამართლებრივი ბაზა დაასახელა. მანვე მონახა გამოსავალი და განაცხადა, რომ უნდა არსებობდეს სპეციალური მაღაზიები, სადაც მითითებული იქნება, რომ ლიცენზირებული პროდუქცია იყიდება.

საზოგადოება ყველა გამომსვლელს მშვიდად უსმენდა. როდესაც სიტყვა ზაზა ხუციშვილმა ითხოვა, მას მოწინააღმედეგები გამოუჩნდნენ. ზაზამ აღიარა, რომ “ნოსტალგიის” პროექტის განხორციელებისას დაუშვა შეგნებული შეცდომა და უცხოური სიმღერები გადმოაქართულა. მისი აზრით, საქართველოში უნდა აიკრძალოს ყველანაირი უცხოური ყალბი აუდიოალბომი. არ შეიძლება ელტონ ჯონის ალბომი თბილისში ორ ლარად იყიდებოდეს, უცხოური პროდუქცია უნდა ღირდეს გაცილებით ძვირი, რათა ქართული პროდუქცია გასაღდეს. ამ წინადადებას დარბაზი არაერთგვაროვნად შეხვდა.

საბოოლოდ, დებატებმა არაფრისმთქმელი სახე მიიღო. ნიკო ლეკიშვილი მიხვდა, რომ ერთ ადგილს ტკეპნიდნენ და შეკრება საქმიანად დაასრულა – გადაწყდა, უახლოეს მომავალში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იურისტებთან ერთად შეადგენს კანონს მეკობრეობის წინააღმდეგ. ასევე უახლოესი მომავალისთვის დაიგეგმა აქცია-კონცერტი, სადაც მეკობრულ ნაწარმს, სავარუდოდ, ტრაქტორით გადაუვლიან.