სოფლის მეურნეობაში საწარმოო რესურსების ეფექტურად გამოყენების საკითხები
თ. თავიდაშვილი, ეკ. მეც. კანდიდატი, მ. იობაშვილი, ეკ. მეც. კანდიდატი, კ. ღურწკაია, ეკ. მეც. კანდიდატი
მსოფლიოს ექსპერტთა დასკვნით, საქართველოს იმაზე მეტი რესურები აქვს, რაც სჭირდება, მაგრამ ვერ იყენებს. ამ მოსაზრებას ვეთანხმებით და აღვნიშნავთ, რომ სოფლის მეურნეობის საწარმოო და რესურსული პოტენციალის დაახლოებით 50%-ია გამოყენებული. ამასთან კვლევამ გვიჩვენა, რომ მეტად არადამაკმაყოფილებელია ამ რესურსების ხარისხი:
შრომითი რესურსები – დაბალი კვალიფიკაციის, გადახდისუუნარო;
მიწის რესურსები – ეროზირებული, დანაწევრებული, მცირე სიდიდის დასამუშავებელი ფართობები, სათიბ-საძოვრების მაღალი ხვედრითი წილი, რომელსაც სათანადოდ ვერ იყენებენ უგზოობისა და უტრანსპორტობის გამო;
მატერიალურ-ტექნიკური რესურსების 7-%-ზე მეტი ფიზიკურად გაცვეთილი და მორალურად მოძველებულია;
მეწარმის უნარი – უმნიშვნელო, არასათანადოA დონეზე, აგრობიზნესი თითქმის არ არსებობს, არაეფექტურია წარმოების ორგანიზაცია და მართვა, უგულებელყოფილია მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების გამოყენება;
ინფრასტრუქტურა – როგორც საწარმოო, ისე სოციალური თითქმის უმოქმედოა, სათანადო ყურადღება არ ექცევა აგროსერვისის განვითარების ფორმებს, არადა, გამოკვლევა გვიჩვენებს, ჯერ კიდევ “კომუნისტური” წყობის დროს პოლონეთში მიწების 90% კერძო საკუთებაში იყო, მაგრამ ზარალიანი. ყურადღება არ ექცევა სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრების ჩამოყალიბებასა და ეფექტურად ფუნქციონირებას.
მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში სხვა პრობლემებთან ერთად გარკვეული ადგილი უკავია მოსახლეობის ეკოლოგიურად სუფთა სასურსათო პროდუქტებით მომარაგებას. სწორედ ამ მხრივ ჩვენ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, რასაც ხელი უნდა შეუწყოს საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებამ, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აგრარულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვასთან, განსაკუთრებით უცხოური ინვესტიციებისა საერთოდ და კერძოდ, ტურიზმისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში, რადგან აქ ჩადებული ინვესტიციები თავისთავად აიძულებს ინვესტორს განავითაროს მაღალ დონეზე საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურა. ეს საშუალებას მისცემს ჩვენს გლეხებს აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და ადგილზევე მოახდინონ მათი რეალიზაცია.
დიდ ყურადღებას მოითხოვს სოფლად სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრების მასიური ჩამოყალიბება და ეფექტური ფუნქციონირება, რაც ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და წარმოებაში მეცნირულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვის მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.
კვლევამ გვიჩვენა, რომ 2004 წლის მდგომარეობით მიწის ფონდების საერთო ფართობი შეადგენს 7628,4 ათას ჰექტარს, აქედან კერძო საკუთრებაშია 948,9 ათასი ჰექტარი, ანუ 13%, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში – 87%. კერძო საკუთრების მიწებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 80,8%, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით იგი შეადგენს 0,69, 1990 წელთან შედარებით გაიზარდა 0,14 ჰექტარით, ანუ 205%-ით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებული საწვავის პოტენციალი 2000-2005 წწ. გამოყენებულია საშუალოდ მხოლოდ 38%-ით, შესაბამისად მრავალწლიანი ნარგავები – მხოლოდ 35%-ით, სათიბ-საძოვრები 30%-ით. მიწების რაციონალურად გამოყენების, გარემოს დაცვის, სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის, საწარმოთა ინტენსიფიკაციისათვის აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით განახლდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კადასტრის სამუშაოები როგორც პარცელური, ისე რეალური და ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტის საფუძველზე, დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, რომელსაც, რასაკვირველია, მიწის ბაზარი დაარეგულირებს.
ჩვენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ხასიათდება მაღალი ბუნებრივი ნაყოფიერებით, მაგრამ მეტად დაბალია ინტენსიფიკაციის ფაქტორებით უზრუნველყოფისა და გამოყენების დონე.
სავარგულების დიდი ნაწილი – 33% განიცდის ნიადაგის ეროზიას. ყოველწლიურად აღმოსავლეთ საქართველოში 1 ჰექტრიდან ირეცხება 100-300 ტ. ნიადაგი, დასავლეთ საქართველოში – 150-200 ტონა, რის გამოც დაბალი ინტენსიური გახდა 25000 ჰექტარი, ხოლო 20000 ჰა წყობიდან გამოვიდა. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. მსოფლიოს ფართობის 1 კმ-ზე მოდის 0,263მ სამდინარო რესურსები, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე – 7056 მ, იგივე მაჩვენებლები ჩვენთან 0,901 და 1234-ს შეადგენს.
ფერმერული მეურნეობები კერძო საკუთრებაში ფლობენ ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 58%-ს, იჯარით აქვთ აღებული სახელმწიფო მიწების 27%. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ხვედრიწილი ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში შეადგენს 58%-ს. დღეისათვის ფერმერული მეურნეობები განვითარების საწყის ეტაპზეა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიწის რეფორმის გატარების დროს დაშვებულმა შეცდომებმა ფერმერული მეურნეობები დააქუცმაცა, რის შედეგადაც დღეს ჩვენ გვაქვს მილიონზე მეტი წვრილი და ეკონომიკურად სუსტი მეურნეობები, რომლებიც ძირითადად საკუთარი ოჯახების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. ამასთან მიწის მესაკუთრე კომლთა და ოჯახით წვრილგლეხური მეურნეობები, საკუთრებაში ფლობენ საშუალოდ 0,77 ჰექტარ მიწის ფართობს. ასეთი მეურნეობების რიცხვი დაახლოებით მილიონ 20 ათასია. მიწის მოიჯარე ფიზიკურ პირთა ფერმერული მეურნეობების რიცხვი, რომლებიც სარგებლობენ საშუალოდ 4-5 ჰექტარი იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით 40-42 ათასია. მიწის მოიჯარე იურიდიულ პირთა მსხვილი ფერმერული მეურნეობების, რომლებიც სარგებლობენ საშუალოდ 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულით, რიცხვი 5-6 ათასია.
კვლევამ გვიჩვენა, რომ გლეხები არ არიან გათვითცნობიერებულები იჯარით გაცემული მიწის ოპტიმალური დონის საკითხებში. საჭიროა სახელმწიფო დონეზე დამუშავდეს ცალკეული რეგიონებისათვის მიწების იჯარით გაცემისათვის მიწების ოპტიმალური დონეები, სადაც განმარტებული იქნება თითოეული გლეხის მიერ მიწების აღების გამოყენების ეფექტურობის პარამეტრები.
სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამასივება და წვრილი საადგილმამულო მეურნეობების გამსხვილება, ე.ი. უნდა შეიქმნას ისეთი მეურნეობები, რომელსაც გარანტირებული ექნება სასაქონლო პროდუქციის წარმოება. ფერმერული მეურნეობების გაერთიანება-გამხვილება უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობის საფუძველზე. ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად მიგვაჩნია აგროტექსერვისის ეფექტური ფორმირების ჩამოყალიბება-დანერგვაში. ამ ფორმირებებში გაერთიანებული იქნებიან თვით ფერმერებიც, მათი საჭირობიდან გამომდინარე (ტექნიკური მომსახურეობა, რემონტი, მატერიალური რესურსების მომარგება, საწარმოთა მექანიზებული მომსახურეობა, პროდუქციის რეალიზაცია, სასაწყობო სერვისი და სხვა).
განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების აგრარული სექტორი ეყრდნობა არა მარტო ცალკეული ფერმერების უნარიანობას პირადი კვალიფიკაციის ამაღლებასა და წარმოების ორგანიზაციაში, არამედ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მტკიცე პროგრამას, რომელშიც მოცემულია ის შეღავათები და გარანტიები, რასაც მთავრობა იღებს აგრარული სექტორის განვითარების საქმეში. ამ პროგრამის საფუძველზე ხდება სისტემური მიდგომა ფერმერული მეურნეობის შემდგომი განვითარებისათვის. ბოლო წლებში მტკიცედ იკიდებს ფეხს სოფლის მეურნეობაში საინჟინრო სამსახურის თანამედროვე ინდუსტრიალურ საფუძველზე ორგანიზაციის აუცილებლობა. სადისპეჩერო სამსახურებში კომპიუტერული ტექნიკის ფართო გამოყენებით ოპტიმალურ ვადებში ხდება აგროტექნიკური სამუშოების, ტექნიკის რემონტისა და ექსპლუატაციის შესრულება და სამუშოების მაღალხარისხოვნად ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ფერმერი აუცილებლად გაერთიანებულია ერთ ან ორ სევისულ ორგანიზაციაში. სოფლის მეურნეობის მანქანების რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებენ სპეციალური დამოუკიდებელი საწარმოო დილერები. მათი საქმიანობა ძირითადად იდენტურია სარემონტო-ტექნიკური საწარმოების მუშაობასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში “საბჭოური” პერიოდის დროს იყო, მაგრამ აღნიშნული დილერების ზოგიერთი ფუნქცია (ტექნიკის გაყიდვა, მისი გაქირავება, ასევე ნახმარი ტექნიკის გარემონტება და გაყიდავა) ჩვენს ქვეყანაში ვერ განვითარდა. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო სწორედ საბაზრო ეკონომიკური სისტემის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფა. დილერები უზრუნველყოფენ მწარმოებლებსა და მომსახურეობას შორის ეკონომიკურ კავშირებს, ე.ი. ფერმერებს და ფირმებს შორის. აშშ-ში ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციას ახდენს ტრაქტორების 43 ფირმა, ხოლო მარცვლის ასაღები კომბაინების – 13 ფირმა, რომლებიც სთავაზობენ ფერმერებს 34 მოდიფიკაციის თვითმავალ კომბაინებს. ბოლო წლებში ხდება ფერმების გამსხვილება-კონცენტრაცია, რაც შრომის ნაყოფიერების გაზრდის აუცილებელი პირობაა, მოხდა მანქანა-ტრაქტორთა პარკის შესამჩნევი რაოდენობრივი და სტრუქტურული ცვლილება. ასევე გაიზარდა სატვირთო ავტომობილების, ძალისმიერი ტრაქტორების, მოტობლოკების და კულტივატორების რიცხვი მაშინ, როდესაც თითქმის 50%-ით შემცირდა საერთო დანიშნულების ტრაქტორების, ნათესების ასაღები კომბაინების და სხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანების რაოდენობა. ფერმერების მიერ გამოყენებული მანქანების ძრავის სიმძლავრე 40 ცხენის ძალის და უფრო მცირეც არის. საშუალოდ ერთ ფერმერულ მეურნეობაზე მოდის 2-3 ტრაქტორი. ფერმერული მეურნეობების გამსხვილება განაპირობებს უფრო მძლავრი და მწარმოებლური ტექნიკის შეძენას (დიდი ადგილი უკავია სახელმწიფო სუბსიდიებს, რაც საშუალებას იძლევა ეფექტურად შესრულდეს აუცილებელი სამუშაო მოცულობა ნაკლები რაოდენობის მანქანებით). მანქანების შემცირება გამოწვეულია, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე მაღალი ფასებით. თუ 1968 წელს ფერმერს ტრაქტორი შეიძლება 4,7 ათას დოლარად ეყიდა, 1985-2000 წლებში საშუალოდ 40,7 ათასი დოლარი უჯდებოდა. ამავე პერიოდში ერთი ცხენის ძალის ღირებულება გაიზარდა 65-დან 290 დოლარამდე.
ჩვენი ქვეყნის სატრაქტორო პარკის სტრუქტურა განსხვავდება განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების სტრუქტურისაგან. ჩვენთან 110-კილოვატიანი სიმძლავრის მანქანების ხვედრითი წილი 30%-ზე მეტია, მაშინ როცა ინგლისში ასეთ მანქანებს 2-4%-მდე, ხოლო აშშ-ში 7-8% უკავია. მცირე გაბარიტიანი ტრაქტორების ხვედრითი წილი საზღვარგარეთის ქვეყნებში 10-30%-ია, ჩვენთან კი 1%-ზე ნაკლები. განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში ფერმების გამსხვილება იწვევს უფრო მაღალი სიმძლავრის ტრაქტორების გამოყენებას, სადაც ტრაქტორები გამოიყენება უფრო ეფექტურად. კერძოდ, იქ, სადაც ფერმერებს 300-400 ჰექტრამდე ფართობი აქვთ, ემსახურება 6-7 ტრაქტორი, რომელთა სიმძლავრე 110 კილოვატია. საშუალოდ დადგენილია, რომ ასეთ ფერმებში დაახლოებით თანაბარია რეალური გამოსავალი, პროდუქციის ერთ ჰექტარ დამუშავებად მიწაზე გაანგარიშებით, რაც მიიღწევა საერთო სიმძლავრის ტრაქტორების 1.3-1,5-ჯერ შემცირებით. გერმანიაში ფერმერების 60%-ს აქვს 10-50 ჰექტარი ფართობი, სადაც გამოიყენება 1-2 ტრაქტორი 22-44 კილოვატი სიმძლავრით და ერთი მცირეგაბარიტიანი ტრაქტორი 11-15 კილოვატი სიმძლავრით. უფრო მსხვილ ფერმებში, რომელთა ფართობი 50 ჰექტარზე მეტია, გამოიყენება 4-5 ტრაქტორი 35-66 კილოვატი სიმძლავრით. საფრანგეთში ტრაქტორების ოპტიმალური სიმძლავრე შეადგენს 22-დან 40 კილოვატს, ხოლო უფრო მსხვილ ფერმებში, სადაც ფართობი 80 ჰექტარს აღემატება, ტრაქტორების სიმძლავრე 59-88 კილოვატია. აშშ-ში ზოგიერთ ფერმას, რომელთაც 200 ჰექტრამდე ფართობი აქვს, ძირითადად მარცვლეულით, შაქრის ჭარხლით, სოიოთი და სხვა კულტურებითაა დაკავებული, გამოიყენება 36,8-88 კილოვატიანი ტრაქტორები. მსხვილ ფერმებში, სადაც ფართობი 500 ჰექტარია, გამოიყენება ტრაქტორები 169-184 კილოვატი სიმძლავრით. ამ ტექნიკის ეფექტურად გამოყენება იწვევს საექსპლოატაციო დანახარჯების შემცირებას. ანალიზი გვიჩვენებს, რომ ტრაქტორების წლიური დატვირთვა იმ ფერმებში, რომელთა ფართობი 500 ჰექტარია, შეადგენს 400-500 საათს წელიწადში, რაც 20-30%-ით მეტია, ვიდრე იმ ფერმებში, რომელთაც 200 ჰექტარი ფართობი აქვთ.
უკანასკნელ წლებში კაპიტალისტურ ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა იმ ტრაქტორებზე, რომელთა სიმძლავრე 74-120 კილოვატია, მაშინ როცა სტაბილურია მოთხოვნა ისეთ ტრაქტორებზე, რომელთა სიმძლავრე 29,4 კილოვატია. ეს აიხსნება იმით, რომ ფასების ზრდა მიწაზე ეწინააღმდეგება ფერმერების გამსხვილებას და ენერგოჯერადი ტრაქტორების გამოყენება ასეთ ფერმებში წამგებიანია.
საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამუშაოების შესასრულებლად ფერმების ენერგოჯერადობა, ენერგოუზრუნველყოფა (ტრაქტორის სიმძლავრეები) უნდა იყოს 0,88-1,1 კილოვატი ერთ ჰექტარზე. ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო 0,81 კილოვატი, მაგრამ ძრავის სიმძლავრის დაბალი დონის გამო სინამდვილეში 0,59 კილოვატს არ აღემატებოდა. მეტ-ნაკლებად ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოშიც.
ამჟამად 110,4 კილოვატის სიმძლავრის ტრაქტორები უმეტეს საზღვარგარეთის ქვეყნებში შეადგენს 60-70%-ს, აშშ-ში პრიორიტეტი ენიჭება სასოფლო-სამეურნეო მანქანების მოდების განის ზრდას, ხოლო ჩვენთან – სამუშაოს შესრულების სიჩქარეს. აშშ-ში სამუშაო მანქანის განის ზრდა განაპირობა მათი წნევის წინაღობის შემცირებამ, სამუშაო ორგანოების კონსტრუქციების სრულყოფამ ახალი მასალების გამოყენებით, მანქანის მასის შემცირებამ და სხვა ფაქტორებმა.
შესაბამისად ტრაქტორების წლიური დატვირთვა უმრავლეს შემთხვევაში განისაზღვრება სტრუქტურით, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. აშშ-ში ტრაქტორები 79,6 კილოვატის სიმძლავრით – 55%-ია, მთელი წლის სამუშაო დროის პერიოდში დაკავებული არიან ენერგოტევადი სამუშაობით – ნიადაგის დამუშავებით. ინგლისში 110,4 კილოვატი სიმძლავრის ტრაქტორები გამოიყენება ნიადაგის ღრმა გაფხვიერების დროს, ხოლო 88 კილოვატის სიმძლავრისა – დადისკვაზე და ფარცხვაზე, 55-66 კილოვატისა – თესვაზე, სასუქების შეტანასა და სატრანსპორტო სამუშაოებზე, 33 კილოვატზე ნაკლები სიმძლავრისა – წყლის, საწვავის, სათადარიგო ნაწილების ზიდვაზე მინდორში მომუშავე აგრეგატებისათვის. ყოველივე ზემოთ აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორის ტექნიკური საშუალებების მომარაგებისა და გამოყენების დროს. არ უნდა შემოვიტანოთ ტექნიკა, რომელიც არ გაივლის ადგილობრივ საწარმოო გამოცდას და არ იქნება სათანადო შლეიფებით სრულად უზრუნველყოფილი. ამიტომ ახალ მიდგომას საჭიროებს სამექანიზაციო ჭრილში ტექნიკის საწარმოო გამოცდის ცენტრების ჩამოყალიბება.
დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობაში 3 მილიონამდე ადამიანი არის დასაქმებული, ხოლო ამ დარგების პროდუქციით 5 მილიონამდე ადამიანი იკვებება. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციას ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 42% უჭირავს. უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში პოტენციალის დაახლოებით 50-60%-ს ვიყენებთ. ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქცია შიდა ბაზარზეც კი ვერ იკიდებს ფეხს. უცხოური, ხშირად დაბალი ხარისხის პროდუქტებით გაჯერებულია ჩვენი ქვეყნის ბაზარი. ექსპერტული გაანგარიშებით, 2 მილიარდი დოლარის დაბანდებებია საჭირო, რომ ყოველწლიურად შესაძლებელი იქნეს 8 მილიარდი პროდუქციის წარმოება, მათ შორის 3,5 მილიარდი საკუთრივ სოფლის მეურნეობაში, ხოლო 4,5 მილიარდი – კვების მრეწველობაში. ასეთი ინვესტიციების შემთხვევაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარჯზე მთლიანი შიდა პროდუქციის წილი ერთ სულ მოსახლეზე 1600 დოლარით გაიზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სამწუხაროდ ჩვენ გაგვაჩნია არა სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა, არამედ სოციალურად ორიენტირებული სამომხმარებლო და არამწარმოებლური ეკონომიკა. სწორედ ეკონომიკური რეფორმის შემდგომ ეტაპზე გადამჭრელი ღონისძიებები უნდა განახორციელოს მთავრობამ ამ მხრივ. ამას კი ხელს შეუწყობს აგრარული სექტორის, მთლიანად აგროსერვისის, მათ შორის ტექნიკური სერვისის პრობლების გადაწყვეტა. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გააჩნია მონაცემები და საერთოდ არ აღრიცხავს ყოფილ “საქსოფტექნიკის” საწარმოებისა და ორგანიზაციების ფუნქციონირების ძირითად ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არამედ ამ ორგანიზაციის სარემონტო საწარმოების, სარემონტო ქარხნების და სხვათა ქონებას, აქტიურ კაპიტალს. ასეთი ინფორმაციის ვაკუუმში მეტად რთულდება არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ საერთოდ სახელმწიფოს მართვის სისტემის რეფორმა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მართვის სისტემის დეცენტრალიზაციას, რეგიონალური და მართვის სხვადასხვა დონეების ჩამოყალიბების, ტერიტორიული და დარგობრივი მართვის ორგანიზაციული ფორმების სრულყოფას. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მოპოვებული ზოგიერთი მცირედი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება საერთო წარმოდგენა ვიქონიოთ რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ტექნიკით უზრუნველყოფისა და გამოყენების მაჩვენებლებზე. 2000-2004 წლების 1/I-ის მდგომარეობით საშუალოდ სოფლის მეურნეობაში ტრაქტორების რაოდენობამ 10743 ერთეული შეადგინა, მათ შორის გამართული იყო მხოლოდ 64%, აჭარაში შესაბამისად – 74 და 56, იმერეთის მხარეში – 745 და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში – 1600 და 55, გურიის მხარეში – 745 და 42, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში – 37 და 53, შიდა ქართლის მხარეში – 1122 და 63, მცხეთა-მთიანეთის მხარეში – 336 და 49, კახეთის მხარეში – 2099 და 67, ქვემო ქართლის მხარეში – 1670 და 30, სამცხე-ჯავახეთის მხარეში – 1446 და 72. თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა ცალკეულ რაიონებშიც. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად საქართველოში მუხლუხა “Dთ” მარკის ტრაქტორების მხოლოდ 65% იყო გამართული, ხოლო თვლიანი “Mთ3” მხოლოდ – 75%. რაც შეეხება სატვირთო ავტომანქანებს, რომლებიც რესპუბლიკაში 8777 ერთეულია, მათგან გამართული იყო მხოლოდ 77%. ყველა მარცვლის ასაღები კომბაინებიდან (863) გამართული იყო მხოლოდ 70%. სიმინდის ასაღებისა (38) გამართული იყო 53%. ტრაქტორების მისაბმელებიდან (4347) გამართული იყო 79%, სატრაქტორო გუთნებიდან (3707) გამართული იყო მხოლოდ 75%. საკვები კულტურების ასაღები კომბაინებიდან (407) გამართული იყო 65%. მთლიანად საქართველოში მელიორაციული სამუშაობის მანქანებიდან (56) გამართული იყო მხოლოდ 45% და ა.შ. საანგარიშო პერიოდში სადიზელო საწვავზე მოთხვნილება დაკმაყოფილებული იყო მხოლოდ 30%-ით. თუ გამოვიყენებთ მემკვიდრეობითობის პრინციპს სოფლის მეურნეობაში, ოფიციალურად 3-4-ჯერ ნაკლები ტექნიკური საშუალებებია საბჭოურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად ენერგოშეიარაღებისა და ენერგოუზრუნველყოფის მაჩვენებლები დაახლოებით 0,6 და 200 ცხენის ძალას შეადგენს.
მართალია, სტატისტიკურმა სამმართველომ ბოლო პერიოდში შემოიღო ფორმა კ-1, სადაც მოცემულია ტექნიკური სერვისის შპს-ს საწარმოთა აღრიცხვიანობა, იგი არა მარტო არაზუსტი, არამედ არასრულყოფილიცაა. მაგალითად, თითქოს წყალტუბოსა და ქუთაისის რეგიონებში ჩამოყალიბებულია ტექნიკური მომსახურების შპს-ები, მაგრამ მათი მუშაობის არავითარი მაჩვენებლები არ არის მოცემული. ბაღდადში ამ საქმეს ემსახურება 1 კაცი (მანქანების იჯარა), მაგრამ მონაცემები არ არის მოცემული, ხოლო შიდა ქართლის რაიონების შესახებ (გორი, კასპი, ქარელი) არავითარი მონაცემები არ არის. მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობაა სხვა რაიონებში.
ასეთი მდგომარეობა მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანის საფუძველს გვაძლევს. არსებითად უნდა მოგვარდეს აღრიცხვა-ანგარიშიანობის როგორც პირველადი, ისე ცენტრალიზებული ორგანიზაციის საკითხები. ეს მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ჩამოყალიბების პროცესს, რადგან საქართველოში ძალიან ცოტა დარჩა იმისგან, რასაც რესპუბლიკის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სისტემა ეწოდება. საერთოდ აღარ არსებობენ და აღარც ფუნქციონირებენ ცალკეულ საწარმოო ორგანიზაციებში საინფორმაციო განყოფილებები, ან თუ არსებობენ, ისიც ფორმალურად, მაშინ როცა ყოფილ “საქსოფტექნიკაში” იყო სადისპეჩერო სამსახურისა და ინფორმაციის მწყობრი სისტემა. რესპუბლიკაში ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველო, რომელიც აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვისა და რეალიზების ორგანიზებას, რისთვისაც ქვეყნის რეგიონებში და მსხვილ რაიონებში იხსნება დამზადების პუნქტები და შერეული ტიპის მაღაზიები, შხამ-ქიმიკატების, სასუქების, სამეურნეო ინვენტარის და მარაგნაწილების საფუძველზე პროდუქციის მიწოდება და რეალიზაცია, აგრეთვე მომარაგების მთავარი სამმართველო ახორციელებს საშუამავლო საქმიანობასაც. დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარ სამმართველოში შემავალი საერთაშორისო ურთიერთობისა და მარკეტინგის სამმართველოს შედგენილი აქვს ბიზნეს-გეგმა ტექნიკური საშუალებების შესყიდვისა და რეალიზაციის შესახებ, მაგრამ ტექნიკის ფასები ისეთი მაღალია, რომ ჩვენი ფერმერების გადახდისუუნარობის გამო მათი შეძენა შეუძლებელია. მით უმეტეს ფერმერებს არ გააჩნიათ ახალი ტექნიკის მოვლისა და გამოყენების სათანადო კვალიფიკაცია. ნაკვეთები დანაწევრებულია, არ ხდება პროდუქციის მწარმოებელ ფერმერთა (მცირე სიდიდის) გაერთიანება-გამსხვილება. თვითნებურად არის მიშვებული რაიონული რემონტისა და ექსპლოატაციის საწარმოების ფუნქციონირება. კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს გარიგება მომსახურეობაზე. იყენებენ მომსახურეობისა და გამომუშავების ძველ ნორმატიულ აქტებს. ძირითადად ამორტიზირებულია, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად ყოფილი “სოფტექნიკის” რემონტისა და ექსპლუატაციის საწარმოთა მანქანა-დანადგარები, ხოლო სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ გააჩნია მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფცია და პროგრამა აგრარული სექტორის საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. მართალია, ტექნიკური ცენტრების ჩამოყალიბება წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მისი ფორმირება სახსრების უკმარისობის გამო მეტად დაბალი ტემპით მიმდინარეობს. რასაკვირველია, ასეთი გარემოება ხელს უშლის სოფლის მეურნეობის სერვისულ საქმიანობაში ინვესტიციების მოზიდვას (უცხოური), ხოლო როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, XXI საუკუნეში წვრილი ფერმერული მეურნეობების დაბალი კონკურენტუნარიანობისა და ამასთანავე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გამოუყენებლობის გამო საჭიროა მათი კონცენტრაცია, რაც მოხდება კორპორაციებისა და სხვა ორგანიზაციული ფორმების სახით. სწორედ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ სწრაფად, რაც საშუალებას მოგვცემს აგრარულ სექტორში შევიდეს კაპიტალისტი-მეწარმე, რომელიც შესძლებს იჯარით ან “შესყიდვით” დასამუშავებელი ფართობების გამასივებას, შეიტანს ტექნიკურ საშუალებას და წარმართავს სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს საბაზრო მოთხოვნიდან გამომდინარე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ბუნებრივი რესურსების საფუძველზე, აგრეთვე ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა (“აბრეშუმის გზა” და სხვა) საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება (ეკოლოგიურად სუფთა) როგორც ტურისტებისა და დამსვენებლებისათვის, ისე ელიტარული ქვეყნებისათვის.