„ატონ ინვესტი“ საქართველოში

15 აპრილს, თბილისში, უნგრეთის საინვესტიციო კომპანია „ატონ ინვესტის“ ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის ელჩი საქართველოში შანდორ საბო, „ატონ ინვესტის“ გენერალური დირექტორი, ტარიელ შაბურიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, დიმიტრი ქუმსიაშვილი და საქართველოში „ატონ ინვესტის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ემზარ ჯგერენაია.
„ატონ ინვესტის“ წამომადგენლობასთან ერთად, ასევე დაარსდა უნგრეთ-საქართველოს ბიზნეს-პალატა. ღონისძიებას ოფიციალური პირების გარდა, ესწრებოდნენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები და ბიზნესმენები.

კომპანია „ატონ ინვესტი“ დაარსდა 1992 წელს. საქმიანობის საწყის ეტაპზე „ატონ ინვესტი“ ბაზარზე სხვადასხვა სახის პროდუქციის მიმწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობდა, პომიდვრის წვენით დაწყებული, მიკროავტობუსებით დამთავრებული. იმავე პერიოდში კომპანია ასევე ამარაგებდა რძის მწარმოებელ და ლუდსახარშ კომპანიებს. 1998 წლიდან კომპანიის პროფილი შეიცვალა. „აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის ფინანსური და ანალიტიკური კვლევის შემდეგ, მივედით შემდეგ დასკვნამდე: იმის ნაცვლად, რომ გვეწარმოებინა მოლაპარაკებები კვების პროდუქტების მომწოდებლებთან, გადავწყვიტეთ თავად დავხმარებოდით ჩვენ პარტნიორებს საკვები პროდუქტების საწარმოების გახსნაში თავიანთ ქვეყნებში“ – ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ საიტზე. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიამ დაიქირავა გამოცდილი სპეციალისტები წარმოებისა და სოფლის მეურნეობის დარგში. იმისათვის, რომ შეემუშავებინათ ტექნოლოგიები, რომელიც დაეხმარებოდა აღმოსაველთ ევროპის ქვეყნებს არსებული სფეროების განვითარებაში, ადგილობრივი სფეციფიკის გათვალისწინებით.

კომპანია კლიენტებს დახმარებს უწევს წარმოების განვითარებაში, ასევე ტექნოლოგიური პროექტების მომზადებაში. ისეთ ქვეყნებში ,როგორიცაა, მაგალითად, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ევროპულ და უნგრულ ბანკებთან (მათ შორის, უნგრეთის ექსიმბანკთან) ერთად, „ატონ ინვესტმა“ შეიმუშავა ფინანსური პროგრამები საკუთარი პროექტებისთვის.

ამჟამად, „ატონ ინვესტი“ კლიენტებსა და პარტნიორებს მრავალფეროვან საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობს.

პროექტების განხორციელებაში ჩართული არიან როგორც კომპანიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ასევე იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებიც, რომელთანაც „ატონ ინვესტი“ თანამშრომობს. საუბარია, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ კველვით და ანალიტიკურ კომპანიებზე. „ატონ ინვესტთან“ თანამშრომლობისთვის კომპანიამ საკუთარი საინვესტიციო წინადადებით უნდა მიმართოს მას, ამ პროექტს განიხილავენ „ატონ ინვესტის“ სპეციალისტები და ხდება გადაწყვეტილების მიღება პროექტის ვარგისიანობასთან დაკავშირებით. პროექტის მიღების შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი უკვე მის განსახორციელებლად ევროპული ბანკებიდან დაფინანსების მოპოვებაა. ამაში პროექტის ინიციატორებს „ატონ ინვესტის“ სპეციალისტები ეხმარებიან.
არსებობს დაფინანსების რამდენიმე ვარიანტი:
1. პირდაპირი დაფინანსება;
2. თანადაფინანსება;
3. პრეფერენციული კრედიტი;
4. დაფინანსება რეგიონის ან სახელმწიფოს გარანტიით;
5. სახელმწიფო კონტრაქტები.

„ატონ ინვესტის“ საქმიანობის სფეროებია: მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ენერგია. ეს უკანასკნელი მოიცავს ისეთ ქვედარგებს, როგორიცაა: ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობა; ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავება-მოხმარება და ნარჩენების გამოყენება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, „ატონ ინვესტის“ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მოიცავს შინაური ფრინველისა და თევზის მოშენებას, მეცხოველეობას, ორგანული პროდუქციის წარმოებას და აღჭურვილობა-ტექნოლოგიების მიმართულებას.

საქართველოში უკვე დაიწყო ორი პროექტის განხორციელება, პირველი მათგანი არის ინდაურის ფერმა, მეორე კი ლოჯისტიკის პროექტი.

ფოტოგალერეა

DSC_8797

DSC_8819

DSC_8823

DSC_8860

DSC_8869

DSC_8879

DSC_8884

DSC_8893

DSC_8895