როგორ მოვიპაროთ ოქრო
სოფიკო სიჭინავა
საქართველოში ოქრო გავრცელებულია აჭარაში, ქვემო სვანეთში, ზემო რაჭაში და ქვემო ქართლში. კერძოდ, ბოლნისის გეოლოგიურ რაიონში. მისი მარაგები მიახლოებითია და ზუსტად დადგენილი არ არის. ოქროს საბადოებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მანდეულის სპილენძის საბადო. მადნეულის საბადოზე მისი ექსპლუატაციის მრავალი წლის განმავლობაში სპილენძის მადნის მოპოვებისა და ფუჭი ქანების გადახსნითი სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა თანმხლები მეორადი ძვირფასი ლითონების (ოქრო და ვერცხლი) შემცველი მეორადი კვარციტების მადნების მოპოვება.
იმ მიზეზით, რომ საქართველოს არ გააჩნდა საკუთარი ტექნოლოგიები და საკმარისი თანხები, არ ხდებოდა მინერალური ნედლეულის სრული გამოყენება. 1997 წელს ავსტრალიურმა ფირმამ “ავსტრალიის რესურსების კონსორციუმი” ქართულ მხარეს მადნეულის საბადოს ოქროს შემცველი კვარციტების მადნის გადამუშავების წინადადება შესთავაზა. შედეგად, შეიქმნა ერთობლივი საწარმო “კვარციტი”, რომლის დამფუძნებლები არიან საქართველოს მხრიდან სს “მადნეული”, ხოლო ავსტრალიის მხრიდან – “კროტვუდი”. პარტნიორებს შორის მოგება 50/50-ზე იყოფა. მადნის გადამუშავების შემდეგ მიიღება “მდორე შენადნობი” (ოქროს შემცველობა 60-75%), რომელიც შემდეგ იგზავნება ინგლისში აფინირებისათვის და იქვე, ძვირფასი ლითონების ბირჟაზე ხდება რეალიზაცია. მიღებული თანხა ჯდება შპს “კვარციტის” ანგარიშზე და იგი ნაწილდება, როგორც ზევით აღვნიშნეთ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ოქრო მოიპოვება საქართველოში, რჩება თუ არა რაიმე წილი ადგილობრივად და რა სარგებელს ნახულობს ბიუჯეტი მადნეულის საბადოდან, ეკონომიკის სამინისტროდან ვერ მოვიძიეთ. სამინისტრო აცხადებს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.ექსპერტული გათვლებით, ბოლნისში მოიპოვება დაახლოებით 15 ათასი ტონა სპილენძი, როგორც თანმხლები ლითონი, 3 ათასი ტონა ვერცხლი და ათას ტონაზე მეტი ოქრო. ცხადია, საქართველოსთვის ეს სერიოზული პოტენციალია, რომელიც დაახლოებით მოყვანილი სქემის მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:
თუ სამივე ეს მიმართულება გამართულად იმუშავებს, საქართველო წლიურად 50 მლნ ლარს მიიღებს ბიუჯეტში, ეკონომიკაში ბრუნვა 100-150 მლნ ლარით გაიზრდება და ამ სფეროში 20 ათასი ადამიანი დასაქმდება. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში ერთიანი ეროვნული კონცეფცია არ არსებობს.
ოქროს მოპოვებისას მისი დატაცება, ან უფრო რბილად რომ ვთქვათ – მოპარვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ოქროს იპარავენ როგორც საბადოს ხელმძღვანელი პირები, ასევე უბრალო მუშები. მოპარვის “ტექნოლოგიის” შესახებ ლეგენდები დადის, მაგრამ ყველაზე გავრცელებული “წესის” მიხედვით გამტარის ქვედა ნაწილში, რომელიც სამრეწველო ხელსაწყოს წყლის, ქვიშის თიხის და წვრილი კენჭების მასას გასარეცხად აწვდის, ჭრიან მეტალის ყუთს. შედეგად, მსუბუქი მინერალები და ქვები წყალს მიაქვს, ხოლო ოქრო, როგორც მძიმე მეტალი – რჩება. ამ პროცედურის შემდეგ საჭიროა მხოლოდ ყუთის ყოველდღიურად მოხსნა. ოქროს იპარავენ არა მარტო საბადოებზე, არამედ იმ ქარხნებში, სადაც ხდება მისი აფინირება, მაგრამ ვინაიდან საქართველოში მსგავსი ქარხანა არ არსებობს, ამ წესით ოქროს დატაცება არ ხდება.
ოქროს მოპოვების შესანიშნავი საშუალებაა მეორადი წარმოება. როგორც წესი, ეს ოქროც არალეგალურ ბაზარზე ხვდება. ამ საქმეში ჩახედული ადამიანები ამტკიცებენ, რომ ასეთი სახის ოქრო ჯერ დიდი რაოდენობით არის დარჩენილი და სულ მცირე 5-10 წელი კიდევ საკმარისი იქნება. გადამუშავებისთვის ძირითადი საშუალება სამხედრო ტექნიკაა. მაგალითისთვის, რადიოლოკაციურ სადაზვერვო მოწყობილობაში 2 კილოგრამი ოქროა გამოყენებული, მაგრამ ეს ტექნიკა ქართველებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. მარტო 1980-1990 წლებში სსრკ-ის მრეწველობის თავდაცვითმა დარგმა მზა პროდუქციის შესაქმნელად 212,3 ტონა ოქრო დახარჯა. არანაკლები ოქრო იხარჯებოდა ელექტრო-რადიო ტექნიკისთვის. გარდა ამისა, უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთია, რომელშიც სხვა, საკმაო რაოდენობის ძვირფასი ლითონი გამოიყენებოდა.
დაბოლოს, არალეგალური ოქროს ბაზრის შემავსებელია მოსახლეობისაგან საიუველირო ნაკეთობებისა და ოქროს ჯართის შესყიდვა. მსგავსი პუნქტების ნახვა ძნელი არ არის ოქროს ბირჟებზე, მეტროებთან ახლოს და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე.
ჩვენთან ერთადერთი ლეგალური საიუველირო ნაკეთობის მწარმოებელი ქარხანა “საქართველოს ეროვნული ზარაფხანა” დარჩენილ, ძველ ოქროზე მუშაობს, რომლის მარაგი იწურება. ადგილობრივად მოპოვებულ ოქროზე მუშაობის საკითხი, ჯერჯერობით, იდეის დონეზეა და მხარეებს შორის მოლაპარაკების საგანია. აქედან გამომდინარე, საქართველოში ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი წესით მოპოვებული ოქრო მთლიანად არალეგალურ ბაზარზე ხვდება ან საზღვარგარეთ გაედინება.
შეიძლება ითქვას, რომ ოქროს არალეგალური ბაზრის სქემა არ არის ძალიან მარტივი. ანუ ყველა ყიდის და ყიდულობს იმ ოქროს და იმ რაოდენობისას, რაზედაც ხელი მიუწვდება. მიუხედავად ამისა, რაღაც დინებების გამოკვეთა მაინც შესაძლებელია.
ოქროს ბირჟაზე, ძირითადად, გაურკვეველი წარმოშობის ძვირფასი ლითონი ტრიალებს. ხელოსნებს არ ჰყავთ ნედლეულის მუდმივი მომწოდებლები. ბირჟაზე ოქროს გასაყიდად ერთი და იგივე ადამიანი თითქმის არ დადის. მართალია, ოქროს გამყიდველი ვერ შეძლებს გააცუროს რამდენიმე ასეული ხელოსანი თუ ექსპერტი და უხარისხო ნედლეული ხარისხიანად გაასაღოს, მაგრამ ბირჟაზე მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილისთვის მოწოდებული ოქროს წარმომავლობა ბურუსით მოცული რჩება. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ხელოსანი თავს იტკიებს ოქროს წარმომავლობის გასარკვევად. მათთვის მთავარია, საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად ნედლეული ჰქონდეთ. რამდენიმე კვირის წინ ბირჟაზე 9990 სინჯის ოქროს კილოგრამიანი ზოდებიც კი გამოჩნდა. ოქროს ასაღები ფასები დღევანდელი მონაცემებით, შემდეგნაირია – გრამი 5830 სინჯის ოქროს ასაღები ფასია 10,5 ლარი, გასაყიდი – 11 ლარი. შეიძლება ერთი ლარის განსხვავება იყოს, მაგრამ ბოლო ორი წელია, რაც ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ასაღები ფასი 10 ლარზე ქვემოთ არ დაცემულა. გრამი 7500 სინჯის ოქროს ასაღები ფასია 13,5, ხოლო გასაყიდი – 14,5. რაც შეეხება ბაჯაღლოს ასაღებ ფასს – 18-19, ხოლო გასაშვები – 20-21. ოქროს ბირჟაზე ნებისმიერი გემოვნების და ხარისხის შესაბამისი პროდუქცია იყიდება. კარგ ნაკეთობას, ძირითადად, მოსახლეობა აბარებს. ამ ნაკეთობის მყიდველი ბირჟაზე იშვიათად გამოჩნდება და როგორც გავარკვიეთ, ამ ტიპის საიუველირო ნაკეთობები უფრო ხშირად საქართველოს ფარგლებს ტოვებენ. საიუველირო ნაწარმის საზღვარგარეთ გატანა ცალკე ბიზნესია. მოვაჭრეები გარკვეულ რისკზე მიდიან და ამ საქმით დაკავებულ ადამიანებს თავიანთ პროდუქციას უფრო სარფიანი გარიგებით საზღვარგარეთ გასატანად ანდობენ. ეს უკანასკნელი სიტყვა შემთხვევით არ გვითქვამს, ვინაიდან ძალიან ხშირად ამგვარი გარიგება დიდი ზარალით სრულდება და მთელი ოქრო იმ პიროვნებასთან ერთად, ვისაც ენდნენ, კვამლივით ქრება. როგორც ბირჟაზე მომუშავენი ამბობენ, ასეთ რისკზე წასვლა აუცილებელია, რადგან ადგილობრივი ბაზარი ისეთ დიდ მოგებას არ ტოვებს, როგორც საზღვარგარეთის. ნაკეთობები უფრო ხშირად რუსეთში გადის. თუმცა, არც სხვა ქვეყნების ბაზარია უცხო. ოქროს ბირჟებისთვის პირველი სერიოზული დარტყმა რუსეთში ფულის გამოცვლა იყო, ამან ოქროთი ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეაფერხა. ოქროთი მოვაჭრეებს მეორე დარტყმა სავიზო რეჟიმის შემოღებამ მიაყენა. მიზეზი, ალბათ, ნათელია. დღეს რუსეთში გამგზავრება დამატებით ფულად დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ეს საქმე კი აღარ იძლევა ისეთ შემოსავალს, რომ ასე შორს წასვლა ღირდეს. თუმცა, ეს პროცესი, მთლიანად, არც სავიზო რეჟიმის შემოღებით შეჩერებულა.
საქართველოდან რუსეთში არა მარტო გადის, იგივე წარმატებით შემოედინება კიდეც საიუველირო ნაკეთობები, მათ შორის, ქარხნულიც. ჩვენთან შემოდის ლენინგრადის, ოდესის ქარხნული ოქრო, რომელსაც დიზაინს უცვლიან და ნაკეთობას ქარხნულ იარლიყს და სინჯს უტოვებენ. თუმცა, ის უკვე აღარ არის ის, რაც ქარხანამ გამოუშვა და ფასიც იცვლება. ცხადია, ქარხნული საიუველირო ნაწარმი ბევრად განსხვავდება კუსტარული წესით დამზადებულისაგან. ნაკეთობაში ძვირფასი თვლების ჩასმა განსაკუთრებულ სიფაქიზეს მოითხოვს, რომელსაც თავისი სპეციალისტი სჭირდება. არალეგალური ოქროს ბაზარი მნიშვნელოვან მოგებას რომ არ ტოვებდეს, თავს არავინ აიტკიებდა. თუ როგორ ახერხებენ ამას, ეს მათი “კომერციული საიდუმლოებაა”.
სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ბირჟაზე დიდი ხნის მომუშავე ადამიანები ამტკიცებენ, რომ ბირჟაზე მუშაობა დღითიდღე ნაკლებრენტაბელური ხდება. ძირითადად, ეს განპირობებულია იმით, რომ ამ საქმეს ძალიან ბევრმა ადამიანმა მოჰკიდა ხელი. დღეს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ ოქროს ბირჟებზე დაახლოებით 1300-1500 ადამიანია დასაქმებული. ასეთ პირობებში ცხადია, მუშტრის შეხვდრის ალბათობა მცირდება. თითოეული ოქროთი მოვაჭრე ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას იხდის, რომელიც 80-დან 120 ლარამდე მერყეობს. თანხა შემოსავალზეა დამოკიდებული. შემოსავლის ზუსტ მოცულობას არავინ ასახელებს, მაგრამ, როგორც გავარკვიეთ, იგი საკმაოდ განსხვავებულია. უხეშადაც რომ ვიანგარიშოთ, ჯამში, ეს ფული საკმაოდ მაღალ ციფრს აღწევს, რომელიც შემდეგ ნაწილდება. თუ რომელ უწყებებს შორის, ძნელი არალეგალური ოქროს ბაზრის არსებობის ფაქტით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ მისი მასშტაბები ოფიციალურად ცნობილ საზღვრებს ბევრად სცილდება. საქართველო ამ თვალსაზრისით გამონაკლისია, ვინაიდან ჩვენთან არ მოიპოვება იმ რაოდენობის ოქრო, როგორც, ვთქვათ რუსეთში. იგი ერთ-ერთი ოქროს მსხვილი მომპოვებელი ქვეყანაა. 2000 წელს მან, სტატისტიკის მიხედვით, 142,6 ტონა ოქრო მოიპოვა. სინამდვილეში როგორც ყველგან და როგორც წესი, გაცილებით მეტი მოიპოვება. მისი დიდი წილი გაედინება საზღვარგარეთ და ასევე, არალეგალურ საიუველირო წარმოებაზე.სათქმელი არ უნდა იყოს. ცხადია, ოქროს ბირჟები ჩვეულებრივად იხდიან იმ ფართის იჯარას, რომლის ტერიტორიასაც სამუშაოდ იყენებენ. ყველაზე დიდი ბირჟა ცენტრალური ვაგზლის მოსაცდელშია გახსნილი. როგორც ბირჟაზე მომუშავენი ამბობენ, ყოველთვიურად, რკინიგზის დეპარტამენტს დაახლოებით 10 ათას ლარს უხდიან. ფული უნდა გადაუხადონ პოლიციას და, რა თქმა უნდა, დაცვასაც. არიან კიდევ სხვა უწყებები, რომელებიც ბირჟებიდან არალეგალურ შემოსავალს ყოველთვიურად იღებენ, მათი დასახელება, ვფიქრობთ, საჭირო არ არის, მიხვედრა მარტივი ლოგიკის საქმეა.
რაც შეეხება უხარისხო პროდუქციას, მას ბირჟის 60% აქვს მოცული. ძირითადად, ეს არის თურქული ოქროს ნაკეთობები, რომლებიც საქართველოში არალეგალურად შემოდის. ჩვენი კანონმდებლობით აქ 3750 სინჯის ოქრო ოქროდ მიიჩნევა, ხოლო თურქეთში 3330 სინჯი უკვე ოქროა. შემოსული დაბალი სინჯის ოქროს გადადაღვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მომხმარებელი, ხშირ შემთხვევაში, მოტყუებული რჩება. მართალია, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის ინტერესების დაცვას, მაგარამ სინჯის დადგენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ბირჟაზე კეთილსინდისიერი ექსპერტები ბევრნი არიან და თუ ადამიანს არ სურს მოტყუებული დარჩეს, მას შეუძლია ზედმეტი ერთი ან ორი ლარი გადაიხადოს და დაადგინოს, როგორი პროდუქცია შეიძინა. 1998 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქროს ნაკეთობაზე სინჯის დასმის უფლება მხოლოდ სასინჯ საზედამხედველო ინსპექციას აქვს. თუ პროდუქციას ამ ორგანიზაციის სინჯი არ ადევს, იგი კანონიერად არ ითვლება. სინჯის დასმა ოფიციალურად 50 თეთრი ღირს, არაოფიციალურად კი ნაკეთობაზე ნებისმიერ სინჯს ლარად ან სამ ლარად დაგისვამენ. კანონით, სინჯის გაყალბება 500 ლარის ჯარიმით ისჯება. როგორც ბირჟაზე ამბობენ, სასინჯი საზედამხედველო ინსპექცია ბირჟის ტერიტორიაზე კარგა ხანია არავის უნახავს. ეს ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაა. მისი ხელმძღვანელი მიხეილ ბეგიაშვილი ინსპექციის გულგრილობას იმით ხსნის, რომ ბირჟაზე შესვლა რამდენჯერაც მოინდომა, არ შეუშვეს. ცხადია, ეს არგუმენტად არ გამოდგება. ბეგიაშვილის განცხადებით, საქართველოში არალეგალური გზით ყოველთვიურად 200 კილოგრამამდე ოქრო შემოდის. თუ მის მონაცემებს დავეყრდნობით, ვინაიდან სინჯის დასმა 50 თეთრი ღირს, თვეში მარტო აქედან ინსპექციის შემოსავალი 100 ათას ლარს უნდა შეადგენდეს. ამ სფეროს კონტროლის შემთხვევაში მისმა წლიურმა შემოსავალმა შეიძლება სულ მცირე მლნ 200 ათასს მიაღწიოს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 38 ათასი იყო.
საქართველო ბეშქენ და ბექა ოპიზარების საიუველირო-ჭედური ხელოვნების სამშობლოა. ქვეყანა, რომელშიც ამ სახელგანთქმული ადამიანების მოღვაწეობის ეპოქამდე (მე-12-ე საუკუნე) ძველი წელთაღრიცხვის VI-I საუკუნით დათარიღებული ნივთებია ნაპოვნი, რომლებიც დახვეწილი მხატვრული გემოვნებით გამოირჩევიან. ხახულის ხატი გელათის მონასტრიდან შუა საუკუნეთა მსოფლიო ოქრომჭედლობის ერთ-ერთი ყველაზე საკვირველი ნაწარმოებია. დღეს რა პირობები არსებობს დარგის განვითარებისთვის და რამდენად რეალურია ქართული საიუველირო ნაწარმის მსოფლიო ბაზარზე გასვლის პერსპექტივა?
დარგის განვითარება უნდა განახორციელონ თავად მეწარმეებმა. სახელმწიფომ, შეიძლება ითქვას, თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა დარგის განვითარების მხარდაჭერის თვალსაზრისით. საუბარია ფერად ლითონებზე აქციზის გაუქმებაზე. ეროვნულ ზარაფხანას 1995 წლის ბოლომდე ბიუჯეტის დავალიანება არ ჰქონია. მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სააქციზო გადასახადის განაკვეთი 50%-მდე გაიზარდა. ამან ზარაფხანის პროდუქციის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. იგი არაკონკურენტუნარიანი გახდა როგორც საქართველოს, ისე დსთ-ის ბაზარზე. ამას დაემატა ორმაგი დაბეგვრისა და რიგ ქვეყნებში ვალუტის კონვერტაციის პრობლემა. ზემოთ ჩამოთვლილმა გარემოებებმა თითქმის შეაჩერა პროდუქციის რეალიზაცია. 1997 წლიდან სააქციზო გადასახადების განაკვეთი 35%-მდე შემცირდა. თუ ზარაფხანის ოქროს 5850 სინჯის საიუველირო ნაკეთობის ერთი გრამის გასაშვები ფასი მერყეობდა 19-იდან 28 ლარამდე, იგივე სინჯის ოქროს ნაკეთობას ბირჟაზე 12-15 ლარად შეიძენდით. სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ბჭობა იმის თაობაზე, გაუქმებულიყო თუ არა აქციზი ფერად ლითონებზე. ზარაფხანის ახალ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ აქციზის გაუქმება ქართული საიუველირო წარმოების გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ეს ბრძანებულება ძალაში სულ ახლახანს, 14 აპრილს, შევიდა, რის შემდეგაც თანაფარდობა ზარაფხანისა და ბირჟის საქონელის ფასებს შორის საგრძნობლად შეიცვალა. დღეიდან ბირჟის პროდუქცია ზარაფხანისაზე მხოლოდ ერთი-ორი ლარით იქნება ძვირი. ეს ნიშნავს, რომ ზარაფხანის პროდუქცია საშუალოდ 20-25%-ით გაიაფდა. ამის შემდეგ ოქროს ლეგალური წარმოება სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ოქროს ბირჟებს. ამ უკანასკნელთ, ალბათ, მთლიანად ჯერ გათვითცნობიერებული არც აქვთ შექმნილი მდგომარეობა. როგორც ბირჟაზე ამბობენ, ბირჟების წარმოშობა დრომ მოიტანა და, ალბათ, ქვეყანაში შექმნილი ახალი გარემოებები ამ წარმონაქმნებს გააქრობენ.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე გასვლას, ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, რადგან ქართულ ლეგალურ საიუველირო ნაკეთობებს ჯერ ქართულ ბაზარზე უჭირს შესვლა. ანუ ქართული ბაზარი ჯერ ისევ “დასაპყრობია”. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ზარაფხანის პროდუქცია ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობდა და რეალიზაციის პრობლემა არ არსებობდა. დღეს კი სხადასხვა სახის ბარიერი შეიქმნა – შუა აზიის ქვეყნებთან ეროვნული ვალუტის კონვერტაციის პრობლემა, ხოლო თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან საიუველირო ვაჭრობის კერძო სტრუქტურებში გადასვლა, რაც ბუნებრივად ზრდის რისკის ფაქტორს. ზარაფხანა, ამ კუთხით, სერიოზულ მუშაობას იწყებს საბანკო ინსტრუქციების ხელშეწყობითა და გარანტიებით, აკრედიტივის სისტემის ამუშავებით. პარადოქსია, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ზარაფხანას 5 მლნ-მდე ნაღდი პროდუქცია საწყობში ულაგია, ხოლო ბიუჯეტის დავალიანება 3 მლნ-ს აღწევს. საიუველირო ნაკეთობები უკვე მოძველებული დიზაინისაა. მისი საქართველოში რეალიზაცია, ალბათ, ძალიან თამამი ოცნებაა, როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, მას უნდა მიეცეს პროდუქციის გადამუშავების ან მისი უფრო დაბალ ფასში რეალიზაციის უფლება. ამის გარდა, არსებობს კიდევ ერთი იდეაც.
დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული ზარაფხანის დირექტორი: “თურქმენეთთან ძალიან სერიოზული და საინტერესო პარტნიორული ურთიერთობების აწყობა შეიძლება. ვფიქრობ, ერთი კარგი წინადადება მაქვს. ამის თაობაზე უკვე მივმართე ფინანსთა მინისტრს. მან მხარდაჭერა აღმითქვა. არსებობს წინასწარი მოლაპარაკება თურქმენეთის სახელმწიფო სავაჭრო-საბითუმო ბაზა “აპრინთან” ერთი მლნ დოლარის ღირებულების (საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის) დავალიანებების სანაცვლოდ ჩვენი პროდუქციის გადატვირთვაზე. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, თურქმენეთის მხარე თანახმაა ჩვენი პროდუქცია საკუთარი ხარჯებით წაიღოს (1 გრამი – 10-11 დოლარის ღირებულებით) და ამით სახელმწიფოს წინაშე ეროვნული ზარაფხანის დავალიანების დაფარვას მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი”.
ზარაფხანის ახალ ხელმძღვანელს დიდი გეგმები აქვს საიუველირო ნაკეთობების დსთ-ს ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით. არსებობს რამდენიმე ხელსაყრელი წინადადებაც. მიუხედავად იმისა, რომ ზარაფხანის ახალი ხელმძღვანელის მოთხოვნით, მოხდა ვალების რესტრუქტურიზაცია, ფერად ლითონებზე მოიხსნა აქციზი, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თუ არ მოხდა ბირჟების გაკონტროლება, ყველაფერ იმას, რაც უკვე მიღწეულია, აზრი დაეკარგება.
დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სამამულო წარმოების ოქროზე მუშაობა. მართალია “კვარციტის” ოქრო მდარეა, მაგრამ როგორც ზარაფხანაში აცხადებენ, ადგილობრივად დაახლოებით 15 კილოგრამამდე ოქროს გადამუშავება იქნება შესაძლებელი. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ეს მოსაზრება ჯერ მოლაპარაკების საგანია.