შეინარჩუნებს თუ არა რუსეთი შორეულ აღმოსავლეთს
შორეული აღმოსავლეთი რუსეთისთვის აქილევსის ქუსლად იქცა. ჩამორჩენილმა ეკონომიკამ, განუვითარებელმა ინფრასტრუქტურამ, ცხოვრების დაბალმა დონემ ამ რეგიონიდან ადამიანური რესურსის გადინება გამოიწვია. რუსეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის სწორედ ეს დისბალანსი ქვეყნის თავსატეხი გახდა. ამას თან უნდა დავურთოთ აღმოსავლელი მეზობლის მხრიდან უკონტროლო მიგრაციის პრობლემაც. შორეულ აღმოსავლეთს ინვესტიციები ჰაერივით სჭირდება, ნედლეულით მდიდარი მხარისთვის თითქოს ეს პრობლემა არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ, ინფრასტრუტურის ფაქტობრივად არარსებობამ, რაც პირველი ბარიერია ინვესტორის მოზიდვის გზაზე, განაპირობა ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავისი რესურსით დაეწყო შორეული აღმოსავლეთის განვითარება საკმაოდ ამბიციური მიზნებით: უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის შორეულმა აღმოსავლეთმა თავი უნდა დაიმკვიდროს, როგორც უმსხვილესმა სატრანსპორტო კვანძმა და დააკავშიროს ამერიკა, ევროპა და აზია. პირველ შედეგებს ამ მიმართულებით უკვე 2017 წელს ელიან.
ამ, თითქმის შეუსრულებელი მისიისთვის ორი წლის წინ სპეციალური სამინისტროც კი შეიქმნა, მაგამ ამ დრომდე მას რამე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია. ამ უწყებს ჰქონდა წინადადება, რომ რამდენიმე ფონდისა და სააგენტოს საშუალებით გაძლიერებულიყო: შორეულ აღმოსავლეთში ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის სააგენტო, შორეული აღმოსავლეთის ადამიანური რესურსის განვითარების სააგენტო, სააქციო საზოგადოება „შორეული აღმოსავლეთი“ და ა.შ. თუმცა მთავრობაში ამას საკმარისად არ მიიჩნევენ. მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობას შესთავაზა შორეულ აღმოსავლეთში გაესახლებინათ ფედერალური უწყებები და სახელმწიფო კომპანიების მთავარი ოფისები.
შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი იური ტრუტნევი აცხადებს, რომ შორეული აღმოსავლეთის განვითარების ინსტიტუტების დაფინანსება ბიუჯეტიდან 170 მილიარდ რუბლს მოითხოვს. აქედან 100 მილიარდი რუბლი უნდა მოხმარდეს შორეული აღმოსავლეთის განვითარების ცალკე ფონდს, ხოლო 69 მილიარდი რუბლი მოხმარდება სააქციო საზოგადოების „შორეული აღმოსავლეთის განვითარება“ შექმნას. მან დასძინა, რომ 2020 წლამდე ამ მიმართულებით ინვესტიციის საერთო მოცულობამ საორიენტაციოდ უნდა მიაღწიოს 3,3 ტრილიონ რუბლს, მაგრამ ტრუტნევი აკონკრეტებს, რომ ეს საბიუჯეტო ფული არ არის. მისი სიტყვებით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს ერთ რუბლზე მოვა 10 რუბლის კერძო ინვესტიცია.
რუსეთის ხელისუფლებას შორეული აღმოსავლეთის განვითარება ჩინეთის მოდელის მიხედვით სურს. ასეთი დასკვნები გამოიტანეს ექსპერტებმა მინისტრთა კაბინეტის მიერ გასაჯაროებული მასალების მიხედვით. ამ დროისთვის ჩინეთში მოქმედებს მაღალი განვითარების 400 ტერიტორია. აქედან 90 ეკონომიკურ-ტექნიკური განვითარების ზონაა, 75 ახალი და მაღალი ტექნოლოგიების, 14 საზღვისპირა ეკონომიკური განვითარების, 13 თავისუფალი საბაჟო ზონა, 5 სპეციალური ეკონომიკური ზონა. ერთობლივად ეს ტერიტორიები უზრუნველყოფენ მშპ-ის 20%-სა და ექსპორტის 60%-ს, ამასთან, ისინი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46%-ს იზიდავენ. ეს ციფრები მოყვანილია რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის დოკუმენტებში და აღნიშნულია, რომ თუ განვითარების მაგალითად ჩინეთი იქნება აღებული, რუსეთსიც მალე გაჩნდება რამდენიმე ასეული ასეთი ტერიტორია.
მინისტრები ვალდებულნი არიან მიმდინარე წლის 1 ივლისამდე დაასრულონ შორეული აღმოსავლეთის სწორედ ასეთი მაღალი განვითარებისთვის კრიტერიუმების ფორმირება და მსგავსი ტერიტორიების სია.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ მთავრობის წინაშე ურთულესი ამოცანა დგას და მიუთითებენ, რომ აღმოსავლეთის მეზობლისთვის მიბაძვა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. ისინი ფიქრობენ, რომ ცალკეულ რეგიონში რთულია მაღალი განვითარების ზონის ისე შექმნა, რომ ქვეყანაში გადაუწყვეტელი დარჩეს მთელი რიგი გლობალური საკითხები, რაც ცუდ საინვესტიციო კლიმატს, მაღალ ადმინისტრაციულ ბარიერებს, შრომის დაბალ მწარმოებლურობასა და განუვითარებელ ინფრასტრუქტურას უკავშირდება.
მიმომხილველების აზრით, ხელისუფლების სურვილი – გამოიყენონ ჩინეთის გამოცდილება შორეული აღმოსავლეთის განვითარებაში – გასაგები იქნებოდა 10-15 წლის წინ, მაგრამ გაუგებარია ახლა, როდესაც თვითონ ჩინეთი ცდილობს შეცვალოს თვისი ეკონომიკური მოდელი.
ექსპერტები ამბობენ, რომ, პირველ რიგში, აუცილებელია კეთილსაიმედო საინვესტიციო კლიმატი, რაც გულისხმობს აუცილებელი ინფრასტრუქტურის არსებობას და ბიზნესისთვის ადმინისტრაციული ბარიერების მოსპობას. ამასთან, საგადასახადო პრეფერენციები მიიზიდავენ კომპანიებს, მაგრამ ამასთან ეს არ არის საკვანძო ფაქტორი, რის გამოც ბიზნესი გადაწყვეტილებას მიიღებს.
ასეთი ზონები, ექსპერტების აზრით, კარგი იქნებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის გასავითარებლად, თუკი მათ ისეთი შეღავათიანი პირობები შეექმნებოდათ, როგორიც იაპონიასა და ჩინეთშია. ასეთ ღონისძიებებს შორის ექსპერტები განიხილავენ შენობების ამორტიზაციის დაჩქარების ზომებსა და შეღავათიანი პირობებით აღჭურვილობების შეძენას. მაგალითად, იაპონიაში დაფინანსების გასაიოლებლად მოქმედებს მცირე და საშუალო მეწარმეობის კორპორაცია, ჩინეთში საექსპორტო საქონელს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი აწარმოებს. ასეთი ზონების პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ მცირე მეწარმეები მსხვილი კომპანიების გვერდით არიან, ისინი მათაგნ ქვეკონტრაქტორობას იღებენ და ბიზნესის ხარჯზე ტერიტორიის განვითარებას უწყობენ ხელს. შორეულ აღმოსავლეთში, ექსპერტების აზრით, პირობები ხელსაყრელია საზღვრისპირა ვაჭრობისა და გასაღების ბაზრის არსებობის გამო. რუსი ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ ინფრასტრუქტურას შეუძლია სერიოზული ბიძგი მისცეს ბიზნესის განვითარებას.
პროგრამის ეფექტურობის შეფასება რიცხვითი მაჩვენებლებით უნდა შეფასდეს – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ჩაბარებული ობიექტების რაოდენობა და შორეული აღმოსავლეთის მოსახლეობის რიცხოვნობა.
სამინისტროს პროგნოზით, 2025 წლამდე შორეული აღმოსავლეთის მოსახლეობამ უნდა მიაღწიოს 11 მილიონ ადამიანს, ნაცვლად დღევანდელი 10,8 მილიონისა. ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გზით თავიდან უნდა იქნეს აცილებული რეგიონიდან მოსახლეობის გადინების ტენდენცია.
რაც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას – უკვე 2017 წლისთვის იგეგმება ფედერალური ბიუჯეტიდან 212 მილიარდი რუბლის დახაჯვა, რაც მთელი სახსრების მესამედია. საგზაო ქსელი გაიზრდება 681 კილომეტრით, ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე გაჩნდება 48 განშტოება. ბამის ტვირთბრუნვის გაზრდა წელიწადში 587 მილიარდამდე იგეგმება, ხოლო საზღვაო პორტების საწარმოო სიმძლავრისა – 15,65 მილიონი ტონით. შორეულ აღმოსავლეთს ასევე უნდა შეემატოს 40 აეროპორტი თავის კომპლექსით და დასაფრენი მოედნით.
შორეული აღმოსავლეთი საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენს, როგორც ხიდისა ევროპას, ამერიკასა და აზიას შორის, რაც ხსნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ ინტერესის გაზრდას. შორეული აღმოსავლეთის განვითარების სამინისტროში ასევე განიხილება ბამისა და ტრანსსიბას დუბლიორის მშენებლობა, კორეის საზღვრისპირა მაგისტრალისა, რომელიც ზღვის სანაპიროზე გავა. ამ მომენტისთვის შორეული აღმოსავლეთი უზრუნველოყოფილია სარკინიგზო ტრანსპორტით 59%-ითა და საავტომობილო გზით 76% – ეს უარესია, ვიდრე სიტუაცია რუსეთის რეგიონებში საშუალოდ.
რუს ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ თუ ჩრდილოეთის საზღვაო გზა სათანადოდ განვითარდება, როგორც პროგრამაში სწერია, შესაძლოა გახდეს ჩრდილოეთ ამერიკიდან და იაპონიიდან ევროპაში ალტერნატიული გზა ინდოეთის ოკეანით. „შანხაიდან როტერდამში ტვირთის გადატანის ღირებულება ამ გზით საშუალოდ 25%-ით მცირდება სუეცის არხის გზასთან შედარებით“, – განაცხადა შორეული აღმოსავლეთის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე გალუშკამ.
აპრილის დასაყწისში რუსული გეგმების განხორციელებაში დახმარების სურვილი ჩინეთის განვითარების ბანკმა გამოთქვა. ეს მართალია, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ავტორიტეტის შელახვის ფონზე სასიკეთო ჟესტი იყო, მაგრამ რუსებს ბევრი კითხვა გაუჩინა. რუსი მიმომხილველები წერენ: „ბანკი თანახმაა შორეული აღმოსავლეთის განვითარებისთვის უზრუნველყოს $5 მილიარდის მოცულობის სესხის გამოყოფა. უკრაინში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის საკრედიტო იზოლირების საფრთხის გამო ეს ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგრამ ცნობილი არ არის, ვინ მიიღებს ამ ფულს: რუსი თუ ჩინელი ინვესტორი“.
შორეული აღმოსავლეთის განვითარების სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც მინისტრ ალექსანდრე გალუშკსა და ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ჩჟენ ჩჟიცეს შორის გაიმართა, დადასტურდა მზადყოფნა, რომ ბანკი $ 5 მილიარდს გამოყოფს მაღალი განვითარების ტერიტორიის პროექტისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხა გამოყოფილი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების მოსაზიდად რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.
„ჩვენთვის ეს ხანგრძლივი და იაფი ფულია მაღალი განვითარების ტერიტორიის შესაქმნელად, – განაცხადა შორეული აღმოსავლეთის განვითარების მინისტრის მოადგილე მაქსიმ შერეიკინმა – ბანკს, პირველ რიგში, შევთავაზებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პროგრამის მიხედვით, შორეული აღმოსავლეთის განვითარებაში ჩადებულია 3 ტრილიონ რუბლზე მეტი სახელმწიფო, კერძო და ვალად აღებული ფული. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუკი იქნება წინადადებები ამ ფულის გამოყენებასთან დაკავშირებით კომერციულ პროექტებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, სესხის მიმღები ინვესტორი იქნება. ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, სავარაუდოდ, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პროექტები იქნება. ჯერჯერობით ჩვენ ბანკისთვის კონკრეტული პროექტები არ შეგვითავაზებია, ეს ჩარჩო შეთანხმებაა. მაღალი განვითარების ტერიტორიების პირველი პროექტები მზად წლის 1 ივლისამდე იქნება“.
მაღალი განვითარების ტერიტორიების კანონპროექტი ახლა საჯარო განხილვას გადის. იგი ითვალისწინებს ახალი დასახლებების შექმნას, მათ შორის აბსოლუტურად ღია მოედანზე. მოიაზრება უპრეცედენტოდ დაბალი გადასახადები – მხოლოდ 12,2%, ერთეული სოციალური გადასახადის ჩათვლით და თითქმის აბსოლუტური ტაბუ ხელმძღვანლი ორგანოებისთვის. პრინციპში, საუბარია, თავისუფალ ადგილზე წარმოებისა და ახალი დასახლებების შექმნაზე, რომელსაც გააკონტროლებს არა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო, არამედ სპეციალური მმართველი კომპანია.
როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი შორეულ აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში, იური ტრუტნევი იტყობინება, პირველი ასეთი ტერიტორია შეიძლება გახდეს რუსული კუნძული.
„რეგიონული განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ გენერალური დირექტორის, იგორ მელამედის აზრით, შორეულ აღმოსავლეთში ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობისგან უკუგების მოლოდინი შეუძლებელია, ამიტომ ამ საკითხს ის სხვაგვარად უყურებს:
„ნოვოკუზნეცკიდან ნახოდკის პორტამდე ტონა ნახშირის გადატვირთვა ღირს $ 43. თუკი ახალი განტოტების მშენებლობისთვის მილიარდი დოლარის კრედიტს აიღებთ, წარმოგიდგინიათ, რამდენი ათწლეულის განმავლობაში უნდა ტვირთოთ ნახშირი, რომ უკუგება ნახოთ? ასე რომ, არ მგონია საუბარი იყოს რესურული პროექტების ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ თუკი ინფრასტრუქტურა დაიგეგმება კონკრეტული პროექტების ქვეშ და ამ ახალი განტოტებით მოხდება ლითონის, გადამუშავების პროდუქციის გადატვირთვა, სხვა საქმეა. მაგრამ ცხადია, რომ ჩინეთი ტყუილ-უბრალოდ არავის არაფერს მისცემს. ასჯერ გადაამოწმებდნენ ბიზნეს-გეგმას“.
რა თქმა უნდა, ახალი წარმოების შესაქმნელად საჭიროა ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სრულად ვეღარ უზრუნველყოფს საქონლის აღმოსავლეთში ტრანსპორტირებას. შეინიშნება საპორტო სიმძლავრეების ნაკლებობა.
ადგილობრივი და რეგიონული საჰაერო ტრანსპორტირების მდგომარეობა შორეული აღმოსავლეთის და ბაიკალის რეგიონში, ისევე როგორც საავტომობილო გზები, ამჟამად ხასიათდება როგორც კრიტიკული. ახალი წარმოებისთვის საჭირო გახდება დამატებითი ენერგოსიმძლავრეები, სოციალური ინფრასტრუქტურა და სხვა.
რა თქმა უნდა, ოფიციალური პირები, ისევე როგორც ექსპერტები, კარგად აცნობიერებენ, რომ 5 მილიარდი ისეთი მასშტაბის სამუშაოებისთვის, რაც შორეული აღმოსავლეთის ასათვისებლად და გასავითარებლად არის საჭირო, ბევრი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, რუსები აქცენტს ამ განცხადების პოლიტიკურ ნაწილზე ამახვილებენ:
„რუსეთის საკრედიტო იზოლაციის ფონზე, ეს არის ძალიან სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობის ნაბიჯი, რომ სწორედ ჩინეთის განვითარების ბანკმა გამოაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, დააფინანსოს გრძელვადიანი რუსული პროექტები. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ აშშ-სა და ევროპის ყველა მოწოდების მიუხედავად, არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან ითანამშრომლონ გრძელვადიანი პიროებებით. მაგრამ მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, როგორ შეაფასებენ ჩვენს დღევანდელ გეოპოლიტიკურ რისკებს. თუ მაღალ შეფასებას მისცემენ – დაფინანსების მაჩვენებელი შეიძლება იყოს მაღალი. გარდა ამისა, ეს დამოკიდებული იქნება დაკრედიტების სახეზე – ეს იქნება პირდაპირი დაკრედიტება თუ დაკრედიტება მოხდება „აგენტი ბანკების“ დახმარებით“, – განაცხადა ალექსანდრე ხანდრუევმა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ.
„სესხის გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ის გამოყენებული. შეშფოთებული ვარ იმით, რომ შორეული აღმოსავლეთის განვითარების მინისტრი ალექსანდრე გალუშკა ძირითად ცნებებს ერთმანეთში ურევს. აცხადებს, რომ ჩვენ გვჭირდება ჩინეთის ტექნოპარკებზე ფოკუსირება, რომელიც რუსეთს მისი წარმოების 80%-ს აწოდებს, მაგრამ ჩინეთში ტექნოპარკები არ არის, იქ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონებია. ამიტომ აუცილებელია გვესმოდეს, რისთვის ვიღებთ კრედიტს და როგორ უნდა განვითარდეს შორეული აღმოსავლეთი. თუკი საუბარია ტექნოპარკებზე, მაშინ ეს არის მოედნები ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. იმ შემთხვევაში, თუ სამრეწველო პარკია, აქ აუცილებელია თავდაპირველად ინფრასტრუქტურა შეიქმნას კერძო ინვესტორთან ერთად. პროექტების დასახვეწად აუცილებელია ექსპერტების ფართო წრის შემოკრება. მაგრამ დღეს რატომღაც მაღალი განვითარების ტერიტორიების საკითხის შემუშავებისას, შესაბამისი სამინისტრო დიალოგისთვის არ მიდის ტექნოპარკების ასოციაციასთანაც კი. არადა, ჩვენ გვაქვს საპილოტე პროექტების კომპლექტი. ეს კი გაუგებარა“, – აცხადებს ანდრეი შპილენკო, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის განვითარების სამხედრო-სამრეწველო კომისიის საბჭოს წევრი.
სამინისტროს გეგმის მიხედვით, მაღალი განვითარების ტერიტორიები შეიქმნება შორეულ აღმოსავლეთში, ძირითადად, ის კონკურენციას გაუწევს ჩინეთის, სინგაპურის და სამხრეთ კორეის სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს. სავარაუდოდ, შესაძლებელია იქვე მდებარე ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური კომპანიების ყურადღებაც მიიპყროს.
რეგიონის პოზიციონირებისთვის შეიქმნება ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის სააგენტო და ადამიანური კაპიტალის განავითარების სააგენტო. პირველი ხელს შეუწყობს შორეულ აღმოსავლეთში განვითარების ტერიტორიების ჩამოყალიბებას რეკლამის თვალსაზრისით. მეორე – კადრებს მოამზადებს მთელი რუსეთიდან ახალი საწარმოებისთვის და შექმნის მათი ცხოვრებისთვის ღირსეულ პირობებს. მაღალი განვითარების ტერიტორიების კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაოზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოწვევასაც მთავრობის მიერ გაცემული ქვოტის გარეთ. ამაზე სამინისტროში აცახდებენ, რომ, პირველ რიგში, ინვესტორებს შესთავაზებენ რუსეთის ბაზაში შერჩეულ პერსონალს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე არ აღმოჩნდებიან კომპეტენტური პროფესიონალები, სამუშაოდ დაიშვებიან უცხოური მოქალაქეები.
ექსპერტები ჯერჯერობით ელოდებიან ყველაზე მნიშვნელოვანს, თუ როგორი იქნება ჩინეთის განვითარების ბანკის პირობები და ფიქრობენ, რომ თუკი ეს თანხები გაიცემა რუს ინვესტორებზე, ეს ძალიან კარგი იქნება. რადგან, იმ შემთხვევაში თუ ფულს მხოლოდ ჩინური კომპანიები მიიღებენ, რუს ექსპერტებს უჩნდებათ კითხვა – ვისთვის ვითარდება შორეული აღმოსავლეთი? ექსპერტებს ეჭვებს უკვე არსებული პრაქტიკა უჩენს და იხსენებენ უამრავი მაგალითიდან ერთ-ერთს – თუ როგორ გააფორმა ლენინგრადის რეგიონმა ხელშეკრულება ჩინურ „საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია ხუა-ბაოსთან“ მსუბუქი მრეწველობისთვის ტექნოპარკის შექმნის თაობაზე. პირობებში კი ეწერათ, რომ იქ მხოლოდ იმუშავებდნენ ჩინური კომპანიები ჩინელი მუშა-ხელით.
„ვეჭვობ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკი სწორედ ასეთ პროექტებს დააფინანსებს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ კოლონიას მივიღებთ და შორეულ აღმოსავლეთს დავკარგავთ“, – აღნიშნავს შპილენკო.
ექსპერტები რეგიონის განვითარების რისკებს შორის ხედავენ დემოგრაფიულ პრობლემებს, რადგან რეგიონში გაჩნდება ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც არ არიან კულტურული და საყოფაცხოვრებო ტრადიციებით ადაპტირებულნი ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. ამიტომ სამინისტრო ფიქრობს, რომ არაკონტროლირებადი მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ბარიერები გააძლიეროს. სამინისტროში ასევე ფიქრობენ, რომ ამ პროცესებმა შესაძლებელია ნავთობზე მოთხოვნა და ფასები შეამციროს. ეს რისკი, სამინისტროს შეფასებით, ზომიერად მაღალია, მაგრამ კონტრღონისძიებად განიხილება რეგიონის ეკონომიკის დივესიფიცირება. ამასთან, როგორც ნედლეულის მარაგების არსებობას, ისე ეკონომიკურად აქტიური ქვეყნის მეზობლობას სამინისტრო ასახელებს რეგიონის განვითარების მთავარ ფაქტორად, რის ხარჯზეც იმედი აქვთ, რომ მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე გადავლენ.