მსოფლიოს ციებ-ცხელება
მოამზადა ირაკლი ნიკოლაიშვილმა
21 მაისს ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ნავთობის ფასმა ივლისის ფიუჩერსზე 1.2%-ით დაიწია და 1 ბარელზე 25.58 აშშ დოლარი შეადგინა. ლონდონის ნავთობის საერთაშორისო ბირჟაზე (IPE) 0.24 აშშ დოლარით დაიწია და ნავთობის ფასმა 1 ბარელზე 24.94 აშშ დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში კი მაისის ბოლოს, ერთი კვირის განმავლობაში, ნავთობის ფასი ამერიკაში – 8%-ით, ხოლო ევროპაში 5%-ით დავარდა.
ნავთობზე ფასის ვარდნა გამოიწვია რუსეთის განცხადებამ, ზაფხულში ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით. ნავთობის ფასზე ასევე იმოქმედა ახლო აღმოსავლეთის ფაქტორმა და აშშ-ის მიერ ნავთობის მარაგის გაზრდამ.
არაა გამორიცხული, რუსეთს ნორვეგიამაც მიბაძოს. ამასთან ერთად, შესაძლებელია, ვენესუელამ ნავთობის მოპოვების კვოტა არასანქცირებულად გაზარდოს, რათა შეამციროს ბიუჯეტში გარღვევა.
ყველაფერ ამას დაამატეთ ისიც, რომ ამერიკის მიერ ერაყის მიმართ სამხედრო ოპერაციის დაწყება და ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირება შეიძლება კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ ფაქტორად იქცეს ნავთობის ბაზრისათვის.
მიუხედავად ამისა, ოპეკი მაინც არ თვლის შექმნილ სიტუაციას საგანგაშოდ. ოპეკის გენერალური მდივანი, ალი როდრიგესი თვლის, სანამ ნავთობის ფასი ითამაშებს ოპეკის მიერ დაწესებულ ფასთა შუალედში, რომელიც შეადგენს 1 ბარელზე 22-28 აშშ დოლარს, სიტუაცია საგანგაშოდ არ ჩაითვლება. მისი აზრით, არ შეიძლება იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ ნავთობის ძირითადი მომხმარებელი ქვეყნების მიერ დაგროვილმა მარაგმა, განსაკუთრებით კი, აშშ-ის მიერ, მიაღწია უმაღლეს ნიშნულს, რამაც არ შეიძლება არ იმოქმედოს ნავთობის ბაზარზე.
მაისის ბოლოს ოქროს ფასმა ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) 1999 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. წინა ვაჭრობასთან შედარებით ივნისის ფიუჩერსმა 1 უნცია ოქროზე 1.4%-ით მოიმატა და 322.8 აშშ დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი უკვე 16%-ით გაიზარდა.
ბოლო დღეებში ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ანალიტიკოსები ევროს მიმართ დოლარის კურსის დაცემას მიიჩნევენ. რაც შეეხება Dow Jones-isa და Nasdaq-ის ინდექსებს, მათ მაისის ბოლოს ვარდნა განიცადეს. შესაბამისად, 2.4%-ით და 4.6%-ით. ვარდნა განიცადეს ისეთი ცნობილი ფირმის აქციებმა, როგორებიცაა, “მაიკროსოფტი” (2.8%) და “ინტელი” (2.5%). ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ცნობილი ფირმების აქციებზე ფასთა კლება გამოიწვია, აშშ-ის მთავრობის განცხადებამ, ტერაქტების შესაძლო განხორციელების თაობაზე.
ამ ყველაფრის ლოგიკურ დასასრულად იქცა აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადება, მშპ-ის ზრდის ვარდნაზე, რომელმაც წლის I კვარტალში 5.8%-დან 5.6%-მდე დაიწია.