ტარიფი ახალი და ძველი
ტარიფების 10%-იანი შემცირება კარგია, თუმცა საზოგადოებას მეტის მოლოდინი ჰქონდა. ამ განცხადებას პარლამენტის უმცირესობის წევრი, გიგი წერეთელი აკეთებს.
მისი თქმით, ამ ფონზე უმჯობესი იყო ხელისუფლებას სხვა ტიპის დახმარებები შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის.
შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ტარიფები მინიმუმ 10%-ით დაიწევს, შემცირების მაქსიმალური მოცულობა, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა განახევრებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. თუ რის ხარჯზე შემცირდება 10%-ით ტარიფები, პრემიერ-მინისტრს ეს არ დაუკონკრეტებია. აღნიშნულზე განმარტებას, ჯერჯერობით, არც ფინანსთა სამინისტროში აკეთებენ.
”10%-იანი შემცირება უკეთესია, ვიდრე ის, რომ სულ არაფერი გაეკეთებინათ. თუმცა ”ქართული ოცნება~ ტარიფების მინიმუმ განახევრებაზე საუბრობდა და საზოგადოება 10%-იანი შემცირებით კმაყოფილი ნამდვილად არ დარჩება”, – აცხადებს წერეთელი. მისივე თქმით, ახალი ხელისუფლება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ტარიფების შემცირება მარტივი არ იყო, წინა ხელისუფლება კორუფციულ სქემებში გარეული არ ყოფილა და არც ხელოვნურად ჰქონდა ტარიფები გაბერილი”.