ეკონომიკის პროვოცირების თურქული სცენარი
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD
თურქეთმა პირველი სარკინიგზო გვირაბი ბოსფორზე იაპონელებთან ერთად ააშენა -მარმარა, რომლის სიგრძე 13.6 კილომეტრია და მისი მშენებლობა 5 მილიარდი დოლარი დაჯდა მთლიანად. მას 1.2 მილიონი ადამიანი იყენებს ყოველდღე. ის 2013 წელს გაეშვა ექსპლოატაციაში.
იმავე წელს, ხელისუფლებამ მესამე ხიდის მშენებლობა დაიწყო ბოსფორზე, რომელიც 2015 მაისში უნდა დამთავრდეს.
ამჟამად, თურქეთი აზიური და ევროპული ნაწილის დამაკავაშირებელ 6.5-კილომეტრიან, სამიარუსიან გვირაბს აშენებს ბოსფორის სრუტის ქვემოთ 110 მეტრის სიღრმეზე, სადაც გეგმის მიხედვით, გაივლის ერთი რკინიგზის და ორი საავტომობილო ხაზი. ამასთან, ის შეაერთებს სტამბულის სამივე აეროპორტს (ის საჰაერო ჰაბიც გახდება), ქალაქში გამავალ სარკინიგზო მარშრუტებს და თურქეთის დედაქალაქის ორ ნაწილს შორის გადაადგილებას 14 წუთი დასჭირდება. გვირაბის გამტარუნარიანობა წელიწადში 6,5 მილიონი მგზავრი იქნება. წინასწარი გათვლებით, პროექტი 3.5 მილიარდი დოლარი დაჯდება და 5 წელიწადში დამთავრდება. პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
ამასთან, თურქები ბოსფორის პარალელურად არხს ჭრიან, რათა ბოსფორი ტურისტულ ზონად აქციონ, შეზღუდონ ტვირთების გადაადგილება და ის მთლიანად კონტროლქვეშ აიყვანონ.
ბოლო პერიოდში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი გეოპოლიტიკური უპირატესობის მატერიალიზაციის კუხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის შედეგადაც ქვეყანა ხდება გაზსადენების, აზია-ევროპის ტვირთების გადაზიდვების ჰაბი, რაც ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. მეტიც, ნაბუქოს კონკურენტი სამხრეთის ნაკადი უჩვენოდ გაივლის თურქეთის ტერიტორიაზე, რაც საქართველოს შანსს უკარგავს ამ ბაზარზე თავისი პოზიციების გამყარების. ბოსფორის ქვეშ სარკინიგზო მაგისტრალების გაყვანით და ყარსი-ახალქალაქით ფაქტობრივად ჩინეთი და ევროპა ერთმანეთს ჩვენი მინიმალური მონაწილეობით დაუკავშირდება.
ყოველივე საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და თურქეთზე დამოკიდებულს გვხდის. დღეს, 16 მარტს, „თბილის მარიოტში“ სამთავრობო დონეებზე თურქული, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა, სადაც სტრატეგიულ სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საინტერესოა, იყო თუ არა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული მსჯელობა? ფიქრობს თუ არა საქართველოს მთავრობა ამ რისკებზე ან იქნებ ახალგაზრდა ანალიტიკოსთა ჯგუფმა ამასთან დაკავშირებით რამე ახალი კონცეფცია წარმოადგინა?