თორნიკე ჯგერენაიას საიდუმლო
რუსუდან უშიკიშვილი
უკანასკნელ პერიოდში თორნიკე ჯგერენაიას შესახებ ბევრი ითქვა, უფრო მეტი კი დაიწერა. ამ თემაზე რაიმე ახლის თქმა, თითქოს, უკვე შეუძლებელია, მაგრამ თორნიკეს ფენომენი კვლავ გამოცანად რჩება ქართული საზოგადოებისათვის, რადგან არც სამღვდელოება და არც მეცნიერები არაფერს ადასტურებენ და არც უარყოფენ.
თორნიკე ჯგერენაიას 1999 წლიდან სხეულზე, პერიოდულად, ესახება რიცხვები, წარწერები და ჯვრები. მიმდინარე წლის მაისში კი მას მაჯებსა და ფეხებზე, იქ, სადაც მაცხოვარს სამსჭვალები ჰქონდა ჩაჭედებული, ასევე მარცხენა ფერდზე საკმაოდ ღრმა ჭრილობები გაუჩნდა და სისხლის ნაცვლად სურნელოვანი ზეთი სდიოდა. მიუხედავად ჭრილობების სიღრმისა, ბიჭს ტკივილი თითქმის არ უგრძვნია. მას კვეთებულის ლოცვაც წაუკითხეს, მაგრამ უცნაური მოვლენები კვლავ მეორდებოდა.
თორნიკეს აქვს სხვადასხვა სახის ხილვებიც, ხან ქვეყნის დასასრულს ხედავს და ხან სხვადასხვა ღვთიურ მოვლენებს. თორნიკეს გარშემო მომხდარი მოვლენები, მეცნიერულად, ჯერჯერობით, აუხსნელია, თუმცა, ამგვარ მოვლენებზე მრავალი წამყვანი ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ.
საპატრიარქო, თორნიკეს შესახებ, კომენტარისაგან თავს იკავებს და აცხადებს – ამ მოვლენის შესახებ კომენტარის ცალსახად გაკეთება არ შეიძლება, ყველაფერს დრო გვიჩვენებსო. ცნობილია, რომ თორნიკე პირველი არ არის, ვისაც სხეულზე სხვადასხვა სახის გამოსახულებები უჩნდება. მსგავსი სიმბოლოები გამოესახა ქ-ნ ელა მჟავიას სხეულზე. ქ-ნი ელა ამ მოვლენებს იმით ხსნის, რომ ადამიანებს დღევანდელ რთულ ყოფაში კოსმოსი უწევს დახმარებას. ვინაიდან, დღესდღეობით მსგავს მოვლენებზე რაიმე გამოკვლევის ჩატარება ვერ ხერხდება, ამიტომ დაზუსტებით რაიმის თქმაც შეუძლებელია.
ელა მჟავია: “დღეისათვის, ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება საკმაოდ ძნელია. ხალხი თავს იკავებს მოცემულ ფაქტზე საუბრისაგან, რადგან არა აქვთ საკმარისი მეცნიერული საფუძველი. სამწუხაროდ, დღესდღეობით, ჩვენ მწირი საშუალებები გვაქვს იმისათვის, რომ რაიმე სახის მეცნიერული კვლევები ჩავატაროთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელი კოლეგები დაგვპირდნენ გარკვეულ აპარატურას, რომელიც აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება, ე.ი. ჩვენ მეტ-ნაკლებად შევძლებთ მოცემული ფენომენის ახსნას.
მე, პირადად, არ შევხვედრივარ თორნიკეს და არ მინახავს მისი ენერგეტიკა, ამიტომ ძალიან მიჭირს აღნიშნული კონკრეტული ფაქტისათვის შეფასების მიცემა. ამჟამად მსოფლიოში უამრავი გაუგებარი მოვლენა ხდება. გერმანელმა, ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერებმა დაიწყეს კვლევების ჩატარება იმ ადამიანებზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, ადამიანის ორგანიზმისათვის დამახასიათებელ ჩარჩოებს სცილდება.
ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გამოკვლევის შემდეგ ამერიკელი და იაპონელი, ასევე ქართველი მეცნიერები, რომლებიც ამ კვლევებში ჩაებნენ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის ორგანიზმი თანდათანობით ბევრად განსხვავდება და სცილდება იმ ნორმებს, რომლებშიც უნდა ჯდებოდეს. ჯერ ერთი, რატომღაც იცვლება სისხლის ჯგუფი. სისხლში ჩნდება გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც ადრე შხამიანადაც კი ითვლებოდა, ახლა კი ამ გარკვეული ჯგუფის ადამიანებისთვის ეს მოვლენა ნორმალურად იქცა.
როგორც ჩანს, თვით კოსმოსი ეხმარება ადამიანებს იმაში, რომ შეიქმნას ახალი რასა, რომელიც დღევანდელობას გაუძლებს. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ადამიანის ორგანიზმს საკმაოდ უჭირს იმ ინტოკსიკაციებთან შებრძოლება, რაც დღეისათვის ხდება. ის პროდუქტები, რომლებიც დედამიწაზე იზრდება, ფაქტობრივად, პესტიციდებითა და სხვადასხვა ჰორმონებით არის სავსე. იმისათვის, რომ დიდი ქათამი გაზარდონ, მას სხვადასხვა ჰორმონალურ პრეპარატებს უკეთებენ და ა.შ. სწორედ ამის გამო ჩნდება სხვადასხვაგვარი დაავადებების რაოდენობა.
სტატისტიკური მონაცემებით, შემოწმებული ათი ბავშვიდან ექვსს სხვადასხვა ჰორმონული დარღვევები ჰქონდა. როგორც ჩანს, მოვიდა დრო, როცა კოსმოსი უნდა დაეხმაროს ადამიანებს ყოველივეს დაძლევაში. იაპონელმა მეცნიერებმა ახალშობილთა საკმაოდ დიდი რაოდენობა შეამოწმეს და განსაზღვრეს, რომ ათი ბავშვიდან მხოლოდ ოთხს აქვს დღევანდელ პირობებთან შემგუებელი ორგანიზმი. მათ ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნე, არანაირად არ შეესაბამება ჩვენი სისხლის ფორმულას. სამაგიეროდ, ეს ბავშვები (საკონტროლო ჯგუფი) უფრო მეტ დატვირთვას იტანენ და უფრო ნაკლები საშიშროება ემუქრებათ სხვადასხვა ინფექციური თუ სხვა სახის დაავადებების მხრიდან. ე.ი. თუ ეს ბავშვები და ნორმალური ჯგუფის სისხლის მქონე ბავშვები ერთი და იგივე პირობებში იმყოფებიან, ეს უკანასკნელნი ამას გაცილებით ძნელად იტანენ. მათი ავადობის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ბავშვების.
საერთოდ, ხდება ბევრია ისეთი მოვლენა, რომლებსაც ჩვენ, მთლიანად ვერ ვხსნით. ჩემთან ხშირად მოჰყავთ ბავშვები, რომლებიც რამდენიმე დღით წინასწარმეტყველებენ მოვლენებს და ჩვენს გალაქტიკაში სხვადასხვა სამყაროებს ხედავენ. საერთოდ, ეს დახურული ინფორმაციაა და ბავშვები, რომლებიც ამის შესახებ საუბრობენ, ვერსად ვერც გაიგებენ და ვერც ამოიკითხავენ ამას. ამდენად, ისინი ამ ყველაფერს ნამდვილად სიზმარში ხედავენ.
რა არის სიზმარი? ყოველ ადამიანს ჰყავს ფანტომი. ფანტომი არის ჩვენი ენერგეტიკული ორეული, კოსმოსში. ჩვენმა ფანტომმა ჩვენს შესახებ ყველაფერი იცის, ისიც კი, რაც ჩვენვე არ ვიცით საკუთარ თავზე. ფანტომთან უფრო მჭიდრო კავშირი იწვევს იმ სიზმრებს, რომლებიც მოსახდენი მოვლენების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას შეიცავენ. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს ლაპარაკი იმ სიზმრებზე, რომლებიც გამოწვეულია რაიმე ფიზიკური ზემოქმედებით. მაგალითად, მძინარე ადამიანს ფეხებთან სათბური რომ მივუტანოთ, მას ესიზმრება, რომ ის გავარვარებულ უდაბნოში დადის. ამ ტიპის სიზმრებს ჩვენი ფიზიკური სხეული იწვევს, მაგრამ ზემოთ მე საუბარი მქონდა არა ასეთ, არამედ სხვა ტიპის სიზმრებზე, რომლებიც წინასწარმეტყველურ ხასიათს ატარებენ.
ამდენად, თორნიკეს შემთხვევაში რაიმე დასკვნის გაკეთება ძალიან მიჭირს. უბრალოდ, მე მოხარული ვარ, რომ საქართველოში გამოჩნდა კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც, შესაძლოა, ჩვენს ცხოვრებაში წინასწარმეტყველებით გამოირჩეოდეს. საერთოდ, უცხოელი ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან: – რატომ არის საქართველოში ასეთი რთული დრო და რატომ ხდება ასეთი სიძნელეები?
საქმე იმაშია, რომ საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული ქვეყანა იყო. ეს არის წმინდა მიწა. ამჟამად უკვე მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში აღიარეს ფაქტი, რომ საქართველო, თუ შეიძლება ასე ითქვას, დედამიწის ცენტრს წარმოადგენს. მიაქციეთ ყურადღება, რამდენ უჩვეულო მოვლენას ჰქონდა ადგილი ჩვენს პატარა სამშობლოში. საქართველოშია დამარხული ქრისტეს პერანგი – ეს უკვე აღიარებული ფაქტია, რომელზედაც აღარავინ დავობს. მრავალი ქვეყნის მეცნიერებმა აღიარეს, რომ ნოეს კიდობანი სწორედ საქართველოში (ნუნისში) იმყოფება. საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანაა. აქ გადიოდა აბრეშუმის გზა. წმინდა ნინომ ერთ-ერთ პირველ ქვეყნად სწორედ საქართველო მოინახულა. ახლა უკვე ცნობილი ფაქტია, რომ მარიამ ღვთისმშობელი ქართულ მიწაში მარხია.
როგორც ჩანს, ჩვენ უნდა განვიწმინდოთ მთელი იმ სიბინძურისაგან, რაც მთელ ამ ხანგრძლივ კომუნისტურ პერიოდში დაგროვდა; უნდა გამოვისყიდოთ ყველაფერი, რაც ცუდი იყო ჩვენში და პლანეტაზე დავიკავოთ ის ადგილი, რომელიც უნდა გვეკავოს. ამის მომასწავებელია ის, რომ ჩვენთან ჩნდებიან წინასწარმეტყველები და ხალხი, რომელიც კოსმოსთან გარკვეულ კავშირს წარმოადგენს. როდესაც ჩვენ მოვახერხებთ იმ სიმბოლოების გაშიფვრას, რომლებიც სხეულზე ჩნდება, ჩვენ შევძლებთ ბევრი იმ ცუდი მოვლენის თავიდან აცილებას, რაც საქართველოში ხდება.
მაგალითად, იმ სიმბოლოების შესახებ, რაც გასული წლის მაისში ჩემს სხეულზე გამოისახა, ზოგიერთმა მეცნიერმა თქვა, რომ ჩემს მხრებზე გამოსახული სიმბოლოები უდიდეს წყალდიდობას მოასწავებდა, ხოლო ის 7 სიმბოლო, რომელიც მკერდზე გამომესახა, მოასწავებდა არასტიქიური ხასიათის უბედურებას. ამის შემდეგ ამერიკაში განხორციელდა ტერაქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე, ამის შემდეგ დაიწყო დატბორვა რუსულმა ქალაქმა ლენამ.
მეცნიერებმა ისიც კი აღნიშნეს, რომ ის სიმბოლოები, რომელთა გაშიფვრაც მათ შესძლეს, არ მოასწავებდა უბედურებას საქართველოსთვის, უბედურება სადღაც სხვაგან უნდა დატრიალებულიყო. მაგრამ ამ ნიშნების გარდა, იყო უამრავი სხვაც, რომელთა გაშიფვრაც მეცნიერებმა, სამწუხაროდ, ვერ შესძლეს. იქნებ ეს რამეში დაგვხმარებოდა კიდეც.
თქვენ თვითონ როგორ ახსნით თქვენსა და თორნიკეს ფენომენს?
რა თქმა უნდა, მე მაქვს საკუთარი ვერსია ამ სიმბლოების წარმომავლობის შესახებ. მაგრამ რადგანაც ამაზე უამრავი მეცნიერი მუშაობს, მე, უბრალოდ, არ შემიძლია ჩემი მოსაზრების გამოთქმა. ჯერ ერთი, არ ვარ დარწმუნებული ჩემი ვერსიის სისწორეში. მეორეც, არსებობს რამდენიმე აბსოლუტურად განსხვავებული ვერსია. ამდენად, ძალიან რთულია რომელიმე მათგანის სისწორეზე საუბარი.
მაგრამ არის ერთი ვერსია, რომლისკენაც მე ვიხრები. როდესაც ჩემს სხეულზე გარკვეული ნიშნები ჩნდება, ისინი ყოველთვის დიდი დათვის თანავარსკვლავედის ფორმას ღებულობენ. საერთოდ, ზოგიერთი მეცნიერი მიდის იმ დასკვნამდე, რომ არსებობს რაღაც კავშირი ძველ ეგვიპტესა, ატლანტიდის დაღუპვასა და დიდი დათვის თანავარსკვლავედს შორის. უკვე იკვეთება გარკვეული ვერსია, რომელიც სამ წერტილს ერთმანეთთან აერთებს.
თავის დროზე, როდესაც მე მოსკოვში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, ჩვენ ვცდილობდით, როგორმე დაგვედგინა ატლანტიდის დაღუპვის წარმომავლობა. იმ პერიოდში მედიტაციის დროს ნანახ სურათებშიც კი ხშირად გამიელვებდა ხოლმე თვალწინ ეგვიპტე, ატლანტიდა და დიდი დათვის თანავარსკვლავედი. ჩემს სხეულზე გამოსახულ სიმბოლოებს, ასევე, ვუკავშირებდი გარკვეულ ცივილიზაციას, რომელიც დიდი დათვის თანავარსკვლავედის საზღვრებში არსებობს. ჩემი აზრით, ყველა ის ნიშანი, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, სწორედ იქიდან მოდის. მაგრამ ვერსია ისევ და ისევ ვერსიად რჩება და რამის დაბეჯითებით თქმა ძალიან ძნელია.
თორნიკე, კიდევ ერთი პატარა წერილია, რომელიც ასევე საქართველოში გაჩნდა. ეს არის ფაქტი, რომლის ახსნა ძალიან რთულია. ამის პრეცედენტი, ისევე როგორც ჩემს მკერდზე გამოსახული ნიშნის, ფაქტობრივად, ვერსად ვიპოვეთ.
ცოტა ხნის წინ, გერმანელმა მეცნიერებმა თქვეს, რომ ტიბეტში არის ერთი ბერი, რომელსაც აქვს ისეთი ნიშანი, როგორიც მე მაქვს. გვინდოდა გაგვერკვია, თუ რა საერთო შეიძლება ჰქონდეს საქართველოში მცხოვრებ ქალს და ტიბეტელ ბერს, გვაინტერესებდა, ხომ არ იყო ეს ბერი ქართველი. ამისათვის დავუკავშირდით ტიბეტელ ბერს. მათ კი გვითხრეს, რომ იფიქრებდნენ ამის შესახებ, ან მე მიმიწვევდნენ თავისთან, ან იმ ბერს მისცემდნენ საქართველოში ჩამოსვლის უფლებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მათგან პასუხი არ მიგვიღია.