ბატისტუტას გრძელ თმებში დამალული საიდუმლო
ავთო ჩიტიძე
გაბრიელ ომარ ბატისტუტა ფეხბურთის ისტორიაში დარჩება, როგორც საუკეთესო ფორვარდი. ის მდიდარია, ლამაზი, პოპულარული, მას ბაძავენ მამაკაცები, რადგან ქალების კერპია. როგორც ყველა ვარსკვლავი, ისიც ოდესღაც იყო ახალგაზრდა, უცნობი და ღარიბი, თუმცა, ბედმა დიდი საჩუქარი გაუკეთა. გაბრიელი არასოდეს ეგუება სიძნელეს და ცდილობს, ცხოვრებისაგან მაქსიმუმი მიიღოს. მისი თითოეული ნაბიჯი კარგად გააზრებულია. ის, რასაც დღეს წარმოადგენს, მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
ბატისტუტა 1969 წლის 1 თებერვალს არგენტინის ქალაქ აველიანედაში დაიბადა. მისი სიმაღლე 185 სმ-ია, წონა – 73 კგ. იტალიის “სერია ა”-ში ჩატარებული აქვს 243 მატჩი, აქედან 152 გოლის ავტორია. მის ბავშვობაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაიბადა 90-იანი წლების ფეხბურთის ვარსკვლავი. ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები – მამა ოსმარი და დედა გლორი – მოსიყვარულე წყვილს წარმოადგენდნენ. ბავშვობაში ჰქონდა მეტსახელი – ელ გრინგო (მსუქანი ბავშვი). არგენტინის ეკონომიკური კრიზისის დროს ოჯახს ძალიან გაუჭირდა, თუმცა, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა არ განელებინათ. ბატისტუტას ძალიან უყვარდა ოცნება და ყოველთვის სჯეროდა, რომ მისი ცხოვრების წიგნს ბედნიერი დასასრული ექნებოდა. გაბრიელის შემდეგ მის მშობლებს სამი გოგონა შეეძინათ. იგი იხსენებს, რომ დებზე ეჭვიანობდა, რადგან მათ დაბადებამდე მშობლებისაგან მაქსიმალურ ყურადღებას იყო მიჩვეული.
16 წლის გაბრიელი შეხვდა გოგონას, რომელიც მისი ცხოვრების ვარსკვლავი გახდა. 15 წლის ირინა ფერნანდესი მეტად საინტერესო გარემოში გაიცნო. შემთხვევით გაბრიელი მის დაბადების დღეზე მოხვდა. იუბილარმა იმ საღამოს ყველასთან იცეკვა, გარდა გაბრიელისა. მაშინ გაბრიელი იმდენად მომხიბვლელი არ იყო, როგორიც დღესაა. მას ძალიან მოეწონა არგენტინელი გოგონა. იმ დროს უკვე იცოდა, თუ რა უნდა მიეღო ამ ცხოვრებისაგან. ოთხი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ირინასათვის თავი შეეყვარებინა და 1990 წლის 28 დეკემბერს იქორწინა კიდეც. ერთი წლის შემდეგ გაბრიელი და ირინა ფლორენციაში გადასახლდნენ. შეეძინათ სამი შვილი – ტიაგო, ლუკასი და ხოაკინი. ბატისტუტა ოჯახს აღმერთებს. ცდილობს თავისუფალი დრო ოჯახურ გარემოში გაატაროს. ხშირად ჩადის არგენტინაში მშობლების სანახავად.
როგორც ყველა ფეხბურთელს, ბატისტუტასაც დიდი შრომა დასჭირდა წარმატებისათვის. პირველი სერიოზული კონტრაქტი 1988 წელს გააფორმა “ნიულსპოლდბოისთან”. ამ კონტრაქტის მიხედვით, წელიწადში 20 ათას დოლარს გადაუხდიდნენ. შემდეგ იგი იჯარით “დეპორტივოს” გადაეცა. თავისი კარიერის პირველ სეზონზე 17 თამაშში 4 გოლი გაიტანა. 1992 წელს უკვე კლუბ “ბოკაში” თამაშობდა. ამავე პერიოდში ამ გუნდს სათავეში ახალი მწვრთნელი, ოსკარ ტაბარესი, ჩაუდგა. მან რეფორმები განახორციელა და ხელი შეუწყო ბატისტუტას შემდგომ წარმატებას. ბატისტუტამ მოიარა ევროპული კლუბები – “ვერონა”, “იუვენტუსი”, “რეალი”, “მადრიდი”, “ფიორენტინა”. სპეციალისტები მისი, როგორც ვარსკვლავის, დაბადებას 1992 წლის 26 თებერვალს უკავშირებენ, მაშინ მან მნიშვნელოვან მატჩში ევროპის წინააღმდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მალე ევროპის ფავორიტად იქცა. 60-იანი წლების რეკორდიც მოხსნა – “ბოლონიის” მოთამაშემ “სერია ა”-ს ჯგუფში ათი ტურის განმავლობაში ზედიზედ გაიტანა გოლები, ბატისტუტამ კი ერთდროულად 11 ტურში გაიტანა ყველაზე მეტი გოლი. მან ფლორენციის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიიღო და ცოცხალ ლეგენდად იქცა.
გაბრიელის დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 1991 წლის 27 მარტს შედგა. მისი პირველი მატჩი ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური იყო. საერთოდ, 90-იანი წლები არგენტინის ნაკრებმა არცთუ ცუდად დაიწყო. ნაკრებში ერთდროულად მოვიდნენ ახალი, ნიჭიერი ფეხბურთელები. ბევრი მათგანი იტალიის კლუბებში თამაშობდა. 1991 წლის ბოლოს ბატისტუტა ტურნირის, “კოპა ამერიკას”, საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა. ეს მისი საერთაშორისო კარიერის დასაწყისად იქცა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბატისტუტასა და ბალბოს დუეტი კანიჯასა და მარადონას დუეტს შეადარეს. მისთვის წარმატებული აღმოჩნდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც. მაშინ გაბრიელმა ხუთი გოლი გაიტანა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები არგენტინის ნაკრებმა საკმაოდ წარმატებულად გაიარა.
ამჟამად ბატისტუტა “რომას” ინტერესებს იცავს. მისი ჰონორარი წელიწადში 7,5 მლნ დოლარია. იგი იტალიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
გთავაზობთ ინტერვიუს ფეხბურთელთან, რომელიც “ფიფა მეგეზინში” გამოქვეყნდა.
თქვენი ტრანსფერი “რომაში” კლუბს 35 მლნ დაუჯდა. აქედან გამომდინარე, მათ სრული უფლება აქვთ გოლების გატანა კატეგორიულად მოგთხოვონ. ხომ არ თვლით, რომ ეს ზეწოლაა?
თუ “რომამ” გადაიხადა ამხელა თანხა, იგი დარწმუნებულია, რომ მათ გუნდს დავეხმარები. ისინი ჩემგან არ მოითხოვენ რაიმე განსაკუთრებულს. ამიტომაც თავს სრულიად მშვიდად ვგრძნობ. ბოლოს და ბოლოს როდესაც გუნდი იმარჯვებს, გამარჯვებული ხარ შენ და პირიქით. ასე რომ, არავის გავლენის ქვეშ არ ვარ.
ცხრა წლის განმავლობაში “ფიორენტინას” ერთგული იყავით. რატომ გადახვედით სხვა გუნდში?
საკმაოდ დიდხანს დავყავი “ფიორენტინაში”. გამიჩნდა სურვილი, გარემოება შემეცვალა. ცხოვრება ხომ იცვლება.
ბევრ კურიოზს ყვებიან “ფიორენტინას” პრეზიდენტ ვიტორიო ჩეკი გორიზე. ამბობენ, რომ იგი ძალიან ტემპერამენტიანი ადამიანია.
ვიტორიო ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ ფეხბურთზე ჩვენ სხვადასხვა შეხედულება გვაქვს. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ კლუბში დავრჩენილიყავი, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე. მის ტემპერამენტზე კი, არ ვიცი, რა ვთქვა.
რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც იტალია და არა ესპანეთი და ინგლისი, თქვენ ხომ სხვა წინადადებებიც გქონდათ?
იმიტომ რომ იტალიური ფეხბურთი მომთხოვნია. შემეძლო წავსულიყავი ესპანეთში, ბარსელონაში ან მადრიდის “რეალში” და ჩემპიონის ტიტულსაც დავიმსახურებდი, მაგრამ აქ განსაკუთრებული არაფერია. ისინი ხომ ყოველთვის ჩემპიონები არიან. იგივე შემიძლია ვთქვა “მანჩესტერ იუნაიტედზე”. იტალიაში ძალიან ძნელია გახდე ჩემპიონი.
32 წლისამ სამწლიან კონტრაქტს მოაწერეთ ხელი. ეს უკანასკნელი ხომ არ არის?
ხშირად ვამბობდი, რომ ფეხბურთს 30 წლის ასაკში დავანებებდი თავს, მაგრამ ამჟამად ისე ენერგიულად ვგრძნობ თავს, რომ კიდევ ვითამაშებ. არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი უკანასკნელი კონტრაქტიც იყოს.
ალბათ, უნდა გააცნობიეროთ, რომ როცა დადგება შესაბამისი დრო, უარი უნდა თქვათ ფეხბურთზე, თუმცა, ძნელია ზუსტად განსაზღვროთ ეს დრო.
ვგრძნობ, რომ ფეხბურთს ვჭირდები, მაგრამ მორალურად უკვე მზად ვარ, დავტოვო იგი. თუ ეს ხვალ მოხდება, მაინც ვიტყვი, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა შედგა.
გაქვთ რქოსანი პირუტყვის ფერმა. რამდენადაც ვიცი, ამ ბიზნესს მამათქვენი უდგას სათავეში.
მამაჩემი მანამ უხელმძღვანელებს ფერმას, სანამ მე ფეხბურთს ვითამაშებ. შემდეგ კი ფერმერი გავხდები.
აქტიურად მონაწილეობთ ნარკოტიკების წინააღმდეგ მოძრაობაში. ალბათ მარადონას ნარკოტიკებისადმი მისწრაფებამ შოკში ჩაგაგდოთ.
არგენტინაში ხალხი მარადონას არ განსჯის, ის ეცოდებათ. ვურეკავ ხოლმე მარადონას, თუმცა ბოლო დროს ვეღარ ვუკავშირდები, ხშირად იცვლის ტელეფონს ან საერთოდ არ პასუხობს, რადგან ჟურნალისტები აწუხებენ.
რამდენადაც ვიცით, თვითმფრინავითაც ხართ სერიოზულად გატაცებული.
დიახ, ძალიან მიყვარს ფრენა, განსაკუთრებით, როცა თვითმფრინავის საჭე მიპყრია ხელთ.
არ გეშინიათ ავიაკატასტროფის?
ავტოკატასტროფის შიშით უარს ამბობთ ავტომანქანის ტარებაზე? ავიღე ფრენის ლიცენზია, შევისწავლე ტექნიკური მხარეც. ასე რომ, ცაში ისევე უშიშრად ვგრძნობ თავს, როგორც მიწაზე.
რატომ აგვიკრძალეთ სურათის გადაღება?
იმიტომ, რომ არ მსიამოვნებს ფოტოგადაღება.
არასოდეს გიფიქრიათ, თქვენი გრძელი თმა შეგეჭრათ?
ერთხელ შევიჭერი, ჩემს ცოლსაც მოეწონა, მაგრამ უპირატესობას გრძელ თმას ვანიჭებ. თმა სახეს მიფარავს და თავს ბევრად თავდაჯერებულად ვგრძნობ.