ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები

4 ივლისს, თბილისში გაიმართა კონფერენცია „ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები“. ეკონომიკის სფეროს ექსპერტებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ის გამოწვევები შეაფასეს, რომელიც საქართველოს წინაშე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დგას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ოთარ დანელიამ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლის განხორციელების აუცილებლობაც სოფლის მეურნეობის სექტორში დგას. დანელიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სურსათის უვნებლობის საკითხს: „სურსათის უვნებლობა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. ამ სფეროში კატასტროფული ვითარება იყო. ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი სტანდარტი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ უარი ვთქვით გოსტებზე, მაგრამ რეალურად, ახალი არაფერი შეგვიქმნია, რომლითაც ვიხელმძღვანელებდით. ახლა საჭიროა სტანდარტების დანერგვა, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს სფერო საჭიროებს ფუნდამენტურ კვლევას, დაგეგმვას და სამოქმედო გეგმის ეტაპობრივად განხორციელებას. აუცილებელია ლაბორატორიების მოწესრიგება, სტანდარტებში მოყვანა. დროის ათვლა არაუგვიანეს სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. დარგში ასევე მწვავედ დგას განათლების პრობლემა. გარკვეული ღონისძიებები უკვე დაწყებული გვაქვს. მძიმე მდგომარეობაშია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები. აღსანიშნავია, რომ მთავრობა მოტივირებულია და მისთვის სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტულია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა“.

DSC_3813

„ჩარგეიშვილის საადვოკატო ბიუროს“ წარმომადგენელმა კაკო ჩარგეიშვილმა საკანონმდებლო ნორმების ჰარმონიზების აუცილებლობას გაუსვა ხაზი: „ასოცირების ხელშეკრულების უდიდესი ნაწილი ეხება ბიზნესის და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობას. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზებას ბევრი ისეთ საკითხში, როგორიცაა, მაგალითად, ფულის გათეთრება, თაღლითობა და სხვა. ასევე ბიზნეს სუბიექტებს შორის ურთიერთობა, რომელიც კერძო სამართლის ნორმებით უნდა რეგულირდებოდეს. საკანონმდებლო ბაზის სრულად ჰარმონიზება სხვადასხვა სფეროს კანონმდებლობის შემთხვევაში სხვადასხვა ვადის გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, ეს პერიოდი შეიძლება იყოს 3-წლიანი, 5-წლიანი და შეიძლება 8-წლიანიც კი“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ტარიფების დათვლის მეთოდოლოგიას ეხება და რომლის ჰარმონიზებაც ასევე უნდა მოხდეს ევროპულ ნორმებთან. შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული ახალი მეთოდოლოგია ახლა განხილვის ეტაპზეა და ძალაში აგვისტოს ბოლოსთვის შევა. სექტემბრიდან კი, „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ ახალი ტარიფი ამოქმედდება. გოჩა შონიამ ისაუბრა ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის ტარიფების დადგენას და კომისიის მიერ განსაზღვრული რეგულირების პერიოდში ტარიფების ყოველწლიურ კორექტირებას. აღნიშნული მეთოდოლოგიით ტარიფების დადგენისას გამოყენებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების პრინციპები, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას მომხმარებელთა ინტერესების დაცვის პირობებში.

თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ვატო ლეჟავამ იმ, უპირატესობებზე, შუქ-ჩრდილებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ასოცირების ხელშეკრულებას ახლავს თან.
„ეს არის ძალიან დიდი გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. ჯერ კიდევ 1999 წელს საქართველომ მოაწერა ხელი ევროკავშირთან პირველ სამართლებრივ დოკუმენტს 10 წლიანი ვადით, შემდეგ ჩვენ გავხდით სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, რასაც მოჰყვა აღმოსავლეთ პარტნიორობა და ასე ეტაპობრივად მოვედით ამ დღემდე. ეს განვითარების ეტაპები აჩვენებდა სამყაროს, რომ საქართველო თავისი ევროპული არჩევანის ერთგულია და ამ არჩევანთან ერთად ის შედეგებს აღწევს. მაგრამ ასოცირების ხელშეკრულება არ არის არაფრის გარანტია, ის არის კარგი შესაძლებლობა და აუცილებელია იმ ვალდებულებების შესრულება და იმპლემენტაცია, რომელიც ამ დოკუმენტშია მოცემული. ასოცირების ხელშეკრულება უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამ თავისუფლებას, იმ ოთხი თავისუფლებიდან, რომელსაც ევროკავშირის სივრცე ქვია, ეს არის საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება, მაგრამ ასოცირების ეს ხელშეკრულება საქართველოსათვის, ძალიან მცირედ მოიცავს მეოთხე – ადამიანების გადაადგილების თავისუფლებას. ახლა საქართველოს წინაშე ძალიან დიდი გამოწვევა დაგას, რომ მივიღოთ ეს მეოთხე თავისუფლებაც. ჩვენ უნდა გვქონდეს ფოკუსი უვიზო მიმოსვლაზე, რაც მოლდავეთმა მიიღო უკვე 2014 წლის აპრილში“ – განაცხადა ვატო ლეჟავამ.

განსაკუთრებით დიდი პრესპექტივები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოსთვის იხსნება ენერგეტიკის სექტორში. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ გოჩიტაშვილმა ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პერსპექტივების შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში. „ევროპის თითოეული ქვეყნის ენერგო პოლიტიკის მთავარი მიზანია შეუფერხებელი მიწოდება ხელმისაწვდომი ფასებით. ასევე არის უსაფრთხოების საკითხი და ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღია ბაზარს და კონკურენციას. მათი მიზანია უფრო მეტად გააფართოონ ენერგეტიკული თანამეგობრობა და ხელი შეუწყონ გაზის იმპორტის პროექტების განვითარება-გაფართოებას, მათ შორის სამხრეთის კორიდორს. ეს ორივე საკითხი უშუალოდ ეხება საქართველოს. ევროპის ინტერესებშიც შედის არაწევრი, ამ შემთხვევაში, ასოცირებული წევრი ქვეყნების საბოლოო ენერგეტიკული ინტეგრაცია ევროპის ბაზართან. საქართველოსათვის ბოლო წლებში განსაკუთრებით წარმატებული იყო ტრანზიტული პროექტები. საუბარია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-სუფსის, რკინიგზის, პორტების გამოყენებაზე, გაზის სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე, სომხეთისაკენ მიმავალ მილსადენზე, აზერბაიჯანი-საქართველოს მილსადენსა და სხვა პროექტებზე. ჩვენ კიდევ იმით ვართ უპირატეს მდგომარეობაში, რომ გვაქვს თეორიულად პოტენციური კავშირები ირანთან აზერბაიჯანის ან სომხეთის გავლით, სატრანზიტო პრექტების განხორციელების. სამხრეთის კორიდორის კუთხით გვაქვს ასევე ძალიან დიდი პოტენციალი. ძირითადი პროექტები, მათ შორის სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტი, ასევე „აგრი“, ე.წ. თეთრი ნაკადი და ა.შ. ანუ ძირითადი პროექტები, რაც კი განიხილება ევროპისათვის კასპიისპირეთიდან, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების კონტექსტში, უკავშირდება საქართველოს. ამასთანავე, ყველა ეს პროექტი შეტანილია ევროპის საყოველთაო ინტერესების პორექტების რიგში, რაც იმას ნიშნავს, რომ ესენი პოლიტიკურად უზრუნველყოფილი პროექტებია და ევროპისგან მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერასაც, თუ ისინი კომერციულად მომგებიანი არ იქნებიან.
შემდეგი საკითხია ადგილობრივი ბაზრის თავისებურება, ის ხელშეკრულებები, რომლებიც მიღებულია ევროპის ქვეყნებში, სულაც არ არის ჩარჩოში ჩასმული და აუცილებელი. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ადგილობრივი ბაზრის თავისებურებები. ევროპას კანონმდებლობაში პირდაპირ უწერია, რომ ესა თუ ის ქვეყანა ენერგეტიკის სფეროში, გარკვეულ პირობებში შეიძლება გათავისუფლდეს ამა თუ იმ ვალდებულებისგან, თუ ის მაგალითად, მის ენერგოდამოუკიდებლობას ან ენერგოუსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. საქართველოს ბაზრის თავისებურება არის ის, რომ უნდა შეგვეძლოს იმ საგრგებლის შენარჩუნება და მართვა, რასაც საქართველო ტრანზიტიდან იღებს“.

თსუ-ის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ მიმოიხილა საქართველოს უახლესი წარსული და ქვეყნის სწრაფვა დამუკიდებლობისკენ. მისი თქმით, სახელმწიფოებრიობის არსებობის მანძილზე პირველად მოვაწერეთ საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი, როგორც ქვეყანამ – რუსეთის შიშით და რუსეთის გარეშე. მართალია, ეს არ ნიშნავს ბოლომდე თავისუფლებას, მაგრამ დიდი განაცხადია. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერ ქვეყნებს შორის არ არის ისეთი ქვეყანა, რუსეთთან ომში არ დამარცხებულიყოს, არ ეგრძნოს რუსული დათვის და ჩექმის „სითბო და სინაზე“ და ბევრ მათგანს – არა ერთ გზის და საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ეს ქვეყნები გაერთიანებული ძალებით ცდილობენ რუსეთის მადა მოთოკონ. ჩვენ მათ ვჭირდებით და ჩვენ ისინი, ბევრი მათგანის გუშინდელი პატრონია რუსეთი, მაგარამ ერთი განსხვავებით – დღეს ეს სხვა რუსეთია. ემზარ ჯგერენაიას თქმით, მთელი ისტორიის მანძილზე საქართველო თავის მფარველს ეძებდა და სწორედ ასეთ მფარველად ესახება დღეს ქვეყანას ევროკავშირი და ამიტომ ფარისევლობაა, როცა ვამბობთ, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთის წინააღმდეგი არ არის. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოძრაობა დაიწყო ჩვენს მიერ თავისუფლების დეკლარირებიდან რამდენიმე წელიწადში.

ექსპერტმა მიმოიხილა რუსეთის ფედერაციაში არსებული სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებები და გაზისა და ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაცია და მოსალოდნელი ცვლილებები განაპირობებს რუსეთის უძლეველობის მითების მსხვრევას და მან ვარაუდი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ შესაძლოა რუსეთის დაშლის მოწმენი გავხდეთ.

ემზარ ჯგერენაიამ ევროპისკენ სვლის პრეისტორია გაიხსენა, რომ პირველი განაცხადი 1996 წელს გაკეთდა, როცა ევროკავშირმა დაიწყო პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან: საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. 1999 წელს ძალაში შევიდა საქართველო – ევროკავშირს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც დღემდე წარმოადგენს საქართველო – ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების სამართლებრივ დოკუმენტს. პარტნიორობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა თანამშრომლობის ფართო სპექტრს, როგორიც არის სავაჭრო ქვოტების მოხსნა და სთავაზობდა საქართველოს ევროკავშირის პრეფერენციების გენერალური სისტემის პროგრამაში ჩართვას. ქსპერტმა გაიხსენა გზა, რომელიც საქართველომ გაიარა DCFTA-მდე: როგორ იყო GSP, შემდეგ GSP+ და ENP, მაგრამ საქართველომ პრეფერენციები ვერ გამოიყენა, რადგან ეს იყო აზიური კრიზისის ხანა, რომელმაც სრულად მოახდინა გავლენა საქართველოზე.

ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, საქართველოს განსაკუთრებული სტატუსი აქვს. ერთი მხრივ, ის ევროპის ბაზრის ნაწილია, მეორე მხრივ, ჯერ რჩება დსთ-ის ორმხრივი ხელშეკრულების არეალში. ასოცირების შეთანხმება გარკვეული ინსტიტუციური ჩარჩო და ქცევის წესებია ქვეყნის ხელისუფლებისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის – წრისა და ფენის კუთვნილების მიუხედავად. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სერიოზულად უნდა გადაიხედოს ის სამთავრობო პროგრამები, დოკუმენტები, დეკლარაციები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იქნა მიღებული საქართველოს ძველი თუ ახალი ხელისუფლების მიერ – ბოლო სამი წლის მანძილზე, სულ ცოტა, ხუთი ასეთი დოკუმენტია მომზადებული, მათ შორის სამი – ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ: 1.„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა (2011 წ.); 2.საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა (2012 წ.); 3.ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ – პროექტი (2014 წ. თებერვალი).

2012 წლის ოქტომბერში ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა საქართველოსთვის ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტების მოდელირება. გამოკვლევით, მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1,7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3%-ით, ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12%-ით ზრდა არის დაანონსებული.

შედარებისთვის: მხოლოდ 2014 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 23% შეადგინა. ეს კი დიდწილად გამოწვეული იყო მხოლოდ რუსეთის ბაზრის არასრული გახსნით.

ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა „დანართი II – B“ -ში ჩამოთვლილი პროდუქციის სია, რომლებიც თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, მაგრამ ამავე დროს, ექსპორტისას იბეგრება ე.წ. „ბაზარზე შესვლის ფასის“ გადასახადით.

ამ გადასახადის დედააზრია ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, რაკი იქნება ევროკავშირში წარმოებული პროდუქციაზე იაფი, ამ გადასახადის დაწესებით გაუტოლდეს ევროპის შიდა ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასს. ეს ჩამონათვალი მოიცავს პრაქტიკულად ჩვენს ყველა პროფილურ ხილს და ზოგიერთ ბოსტნეულს.

პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა სასურსათო უსაფრთხოებისა და უვნებლობის საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „სასურსათო უვნებლობის ნაწილი არის ამ ვალდებულებებიდან ასამოქმედებელი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. მაგრამ სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების ნაწილი არის ორი სხვადასხვა რამ. უვნებლობა ნიშნავს იმას, რომ რომ შეჭამ, მაგალითად პურს და არ მოგკლავს, უსაფრთხოება კი ნიშნავს იმას, რომ ეს პური საერთოს გაქვს. საქართველოში დღეს მოქმედ არც ერთ დოკუმენტში სასურსათო უსაფრთხოება, ტერმინი არც კი გამოიყენება, დაწყებული ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან. რაც შეეხება სასურსათო უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით, ეს ხელშეკრულება იმუშავებს თუ არა – აქ დგას ყველაზე დიდი საფრთხე, ეს არის ხელისუფლების ეფექტიანობისა და პოლიტიკური ნების საკითხი ქვეყანაში. სურსათის უვნებლობა 2005 წლიდან ჩვენთან არ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ კანონი 2005 წელსაც იყო მიღებული და 2013 წელსაც. მაგრამ მთავარი, კონტროლის ნაწილი, აღსრულება ყოველთვის დროში იწევს. ის რომ ხელისუფლება და მისი პოლიტიკა იყოს ეფექტიანი, ამ მიმართულებით არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე“.

DSC_3859

კონფერენცია საქართველოს ბიზნეს პალატის, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, თბილისის ეკონომიკური ფორუმი – თავისუფალი ტრიბუნა და მსოფლიო გამოცდილება საქართველოში ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის დასასრულს ორგანიზატორები გამოვიდნენ ინიციატივით, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით არსებობს, კერძო პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ასოციაცებმა, შექმნან ღია ალიანსი, რომელიც განახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს ამ ხელშეკრულების შესრულების ეკონომიკურ ნაწილზე.