Bank of America-ს ისტორიულად დიდი ჯარიმა

Bank of America და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც ბანკმა დაახლოებით 17 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რომ მოაგვაროს იპოთეკურ დავებთან დაკავშირებული საკითხები. ბანკს იმ საბანკო ოპერაციების გამო უწევს ჯარიმის გადახდა, რომელმაც იპოთეკურ ბაზრებზე ბევრი დააზიანა და საბოლოოდ ეს ყველაფერი 2008 წლის ფინანსურ კრიზისში გადაიზარდა.

ბანკი თანახმაა გადაუხადოს დაახლოებით 9 მილიარდი აშშ დოლარი ნაღდი ფულის სახით ამერიკის ფედერალურ მთავრობას, შტატების და სხვა ადგილობრივ სამთავრობო უწყებებს. ეს არის ნაწილი იმ შეთანხმების, რომელიც საბოლოოდ ამ თვის ბოლოს შეიძლება დასრულდეს. დარჩენილი ფული მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, იპოთეკური ბალანსების შესამცირებლად.

თუ შეთანხმების მიღწევა ამ პირობებით მოხერხდა, ეს იქნება სამოქალაქო დავის დროს დაკისრებული ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც აშშ-ს მთავრობასა და კერძო კომპანიას შორის მიმდინარეობდა.

ამჯერად „რეკორდსმენი“ JP Morgan Chase-ია, რომელსაც ანალოგიურ დავაში აშშ-ს მთავრობამ 9 თვის წინ 13 მილიარდი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ამ მოვლენების პარალელურად, ოთხშაბათს (30 ივლისი) Bank of America-მ მიიღო თანხმობა ფედისგან კვარტალური დივიდენდების 1 ცენტიდან 5 ცენტამდე გაზრდის უფლების შესახებ.
17 მილიარდი აშშ დოლარი ბანკის მიერ გადასახდელი ერთადერთი ჯარიმა არ არის, სულ მას მათავრობის სხვადასხვა უწყებებისთვის 23 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა შეიძლება მოუწიოს. მიმდინარე წლის დასაწყისისთვის Bank of America დათანხმდა Federal Housing Finance Agency-ის ასევე იპოთეკურ დავაში გადაიხადოს 6 მილიარდი აშშ დოლარი.

რამდენიმე კვირის წინ Bank of America ედავებოდა იუსტიციის დეპარტამენტს, რომ შეემცირებინა ჯარიმა 3 მილიარდი აშშ დოლარით. ბანკის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იმ გარიგებებისთვის, რომელიც Merrill Lynch & Co. და Countrywide Financial Corp-ის შეძენას უკავშირდება ფინანსური კრიზისის პერიოდში, Bank of America-მ ჯარიმა არ უნდა გადაიხადოს, რადგან, ეს გარიგებები, ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, მთავრობის თანხმობით განხორციელდა. ბანკი ასევე ცდილობდა მიეღწია იუსტიციის დეპარტამენტთან შეთანხმება იმის თაობაზე, რომ უფრო ნაკლები გადაეხადა ნაღდი ფულის სახით, ჯარიმის ძირითადი თანხა კი უშუალოდ მომხმარებლების იპოთეკურ სესხების გამოსწორებას მოხმარებოდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში იუსტიციის დეპარტამენტმა და მთავრობის სხვა ორგანოებმა მიიღეს რეზოლუცია მსოფლიოს მსხვილი ბანკების წინააღმდეგ. ამ რეზოლუციის მიღება დიდი წნეხის შემდეგ მოხდა, მას შემდეგ, რაც მთავრობას ბევრი სდებდა ბრალს იმაში, რომ ის საკმაოდ რბილად ექცევა იმ ბანკებს, რომელთაც ლომის წვლილი მიუძღვით 2008 წელს დაწყებული ფინანსური კრიზისის გაღვივებაში. ივლისში იუსტიციის დეპარტამენტმა ასევე გაახმაურა გადაწყვეტილება Citigroup-ის დაჯარიმების შესახებ 7 მილიარდი აშშ დოლარით.

ეს გადაწყვეტილება მტკივნეული შეხსენებაა Bank of America-სთვის, თუ რა შეცდომა დაუშვა მან Merrill Lynch-სა და Countrywide-ის შეძენისას, რადგან ეს გარიგებები მას მილიარდობით დოლარად და გაჭიანურებულ დავებად დაუჯდა.

მიუხედავად ყველაფრისა, შეთანხმების საბოლოოდ მიღწევა ასევე ახალი ცხოვრების დასაწყისი შეიძლება გახდეს ბანკისთვის, მისი მმართველები, ბრაიან მონიჰანის მეთაურობით, დიდი ხანია ცდილობენ მათი საქმიანობა სრულ ლეგალურ ჩარჩოებში მოაქციონ და გაჭიანურებულ სასამართლო დავებს თავი დააღწიონ.

როგორც მონიჰანმა ბანკის აქციონერებს განუცხადა, იუსტიციის დეპარტამენტის ეს ჯარიმა ბოლო გამოწვევაა, რომლის გავლაც ბანკს უწევს. კრიზისიდან მოყოლებული მას საერთო ჯამში სასამართლო დავები და ჯარიმები ჯამში 60 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა, ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი მისი კონკურენტის მსგავსი ხარჯი.