საქართველოს ელექტრონული მთავრობის web-სივრცე: რეალობა და პერსპექტივები
ეკონომიკის დოქტორი
რატი აბულაძე
ქართული საზოგადოებისათვის web-ტექნოლოგიები წარმოადგენს კომუნიკაციის, ინფორმაციის, გართობისა და კომერციის საშუალებას. ასევე, პოლიტიკის, სამთავრობო პროცესებისა და სახელმწიფო ფუნქციების განხორციელების ინსტრუმენტს.
ქართული web-სივრცე web-ტექნოლოგიებითა და web-საიტებით წარმოადგენს ელექტრონული მთავრობის სისტემის ძირითად ინსტრუმენტებს, რომელებიც აქტიურად გამოიყენება ქვეყნის მმართველობით საქმიანობაში.
მთავრობის web-საიტებით მოქალაქეების მომსახურება უფრო ეფექტური, ხელსაყრელი და სწრაფია. მთავრობის მომსახურების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით მთავრობის web-საიტებით მომსახურება/ინფორმაცია შესაძლებელია მიღებული იქნას ნებისმიერ დროსა და ადგილას, გადაადგილებისა და ლოდინის გარეშე, ნაკლები დანახარჯებითა და მაღალი ხარისხით[1].
მთავრობის web-საიტები წარმოადგენს გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ეფექტურ ინსტრუმენტს[2]. ასევე სამთავრობო web-საიტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ეფექტიანობის არხი მაქსიმალური მისაწვდომობით.
დღეს, გაეროს ყველა წევრი ქვეყანა წარმოდგენილია ელექტრონული სამთავრობო web-საიტით. გაეროს კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონული მთავრობის განვითარების ძალიან მაღალი ინდექსით წარმოდგენილია ქვეყნების 13%, მაღალი შეფასებისაა ქვეყნების 32% (მათ შორისაა საქართველოს ელექტრონული მთავრობა), საშუალო შეფასებისაა ქვეყნების 38%, ხოლო დაბალი შეფასებისაა ქვეყნების 17% [3]. სტატისტიკურად, მსოფლიოში მთავრობის web-საიტებს ინტენსიურად მოიხმარს მოსახლეობის 30%[4].
ზოგადად, კვლევებით დადასტურებულია, რომ მრავალი ქვეყნის ელექტრონული მთავრობის სტრატეგიაში ძირითადი აქცენტი კეთდება web-საიტის ფუნქციონალურობაზე.
გაეროს 2014 წლის კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიოს ელექტრონული მთავრობის ლიდერ ქვეყნებს წარმოადგენს კორეის რესპუბლიკა, ავსტრალია და სინგაპური, ხუთეულში შედის საფრანგეთი და ნიდერლანდები. მას მოსდევს იაპონია და აშშ. ათეულს აბოლოებს ფინეთი. საქართველოს უკავია 56-ე ადგილი და უსწრებს სომხეთსა (61-ადგილი) და აზერბაიჯანს (65-ადგილი) (UN,2014).
სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობა საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს, მოქალაქეებთან პარტნიორულ პოლიტიკას, მოქალაქეების მომსახურების ეფექტურ მექანიზმებს, საზოგადოებასთან ურთიერთქმედების ინსტრუმენტებს, სწრაფ და გამჭვირვალე ბიუროკრატიულ სტრუქტურას. მმართველობითი საკითხები რეფორმირებული უნდა იქნეს წარმატებულ ელექტრონულ მთავრობამდე, ხოლო რეალიზებული – web-ტექნოლოგიებითა და web-საიტებით.
შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული მთავრობის web-საიტების შესწავლის მიზნით ჩატარდა მარკეტინგული კვლევა. საქართველოს რეგიონებში გამოიკითხა 1600 რესპონდენტი, მოქალაქეთა საკვლევი კონტინგენტის შესაბამისი სოციალურდემოგრაფიული სტრუქტურის გათვალისწინებით. გამოკითხვის შედეგად შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ელექტრონული მთავრობის web-სივრცის შეფასება.
კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო უწყებები საქართველოს მოქალაქეების ოფიცალური ინფორმირებისათვის იყენებს კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებს: Facebook, ელექტრონული ფოსტა, web-საიტი, მობილური კავშირი და მობილური ტელეფონით sms-ის გაგზავნა. ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების გამოკითხვისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა (მომხმარებელთა 38,2%) სამთავრობო ინფორმაციის მიღებას ამჯობინებს ტრადიციული და ელექტრონული ფოსტით, მომხმარებელთა 22,1% სამთავრობო ინფორმაციის მიღებას ამჯობინებს Facebook/Twitter-ით, გამოკითხულთა 14,9% – web-საიტზე გამოქვეყნებით, რესპონდენტთა 9,5% – მობილური ტელეფონის ტექნოლოგიების (sms) გამოყენებით. სამთავრობო ინფორმაციის მიღების ტრადიციულ მეთოდს – ადგილზე მისვლით ინფორმაციის მიღებას ამჯობინებს 6,4%, ხოლო 3,6% – კი ამჯობინებს ტელეფონით/ფაქსით (იხ.ჰისტოგრამა 1).
ჰისტოგრამა 1
ინფორმაციის/კომუნიკაციის პოპულარული სამთავრობო არხები
კვლევისას დადგინდა, რომ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების მიერ სამთავრობო web-საიტებზე შესვლის ძირითადი მოტივი არის ინფორმაციულობის ამაღლება. კერძოდ: სიახლეების გაცნობა (დაასახელა რესპონდენტთა 45,5%-მა) და პროფესიული ინფორმაციის ძიება (დაასახელა რესპონდენტთა 34,8%-მა). კვლევისას გამოვლინდა, რომ სამთავრობო web-საიტების მომსახურებით სარგებლობა 5%-ს არ აღემატება (სეგმენტების მიხედვით) (იხ. წრიული დიაგრამა 1).
წრიული დიაგრამა 1
სამთავრობო web-საიტებზე შესვლის მოტივები
მარკეტინგული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყანაში დაბალია საზოგადოების მიერ სამთავრობო web-საიტების ფასეულობის აღქმა და მნიშვნელობის გააზრება, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით: დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ინტერნეტ-წიგნიერების დეფიციტი, ელექტრონული მთავრობის არასაკმარისი პროპაგანდა, მოსახლეობის დაბალი ინფორმაციულობა და სხვა.
სამთავრობო web-საიტების მოხმარების ინტენსივობის კვლევამ აჩვენა, რომ ინტერნეტ-მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი პასიური სეგმენტია (51,2%), რომელიც სამთავრობო web-საიტს მიმართავს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. კვლევისას გამოვლინდა, რომ ინტერნეტ-მომხმარებელთა 14,2% -ს web-საიტებთან წვდომა აქვს ყოველდღე, 8,3%-ს – კვირაში ერთხელ, 6,7%-ს – თვეში ერთხელ, 4%-ს – წელიწადში ერთხელ, ხოლო გამოკითხულთა 11%-მა თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან (იხ. გრაფიკი 1).
გრაფიკი 1
სამთავრობო web-საიტებთან წვდომის სიხშირე
მარკეტინგული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რესპონდენტთა 27,3% ყველა სამთავრობო web-საიტებიდან სასურველი მომსახურების/ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებს, 24,8% – ხშირად ახერხებს, 20,3% – იშვიათად ახერხებს. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა 9,5% კმაყოფილია სამთავრობო web-საიტებით, რადგან ყოველთვის ახერხებს ინფორმაციის მიღებას, თუმცა 6% არასდროს მიმართავს, რადგან მომსახურებისა და ინფორმაციის მიღებას ამჯობინებს ადგილზე მისვლით, პირისპირ ურთიერთობითა და ტრადიციული ბიუროკრატიული მექანიზმების გამოყენებით. ამის მიზეზი არის არა მხოლოდ სახელმწიფოს დაგვიანებული ელექტრონული განვითარება, ასევე საკანონმდებლო გარემო, რომელიც სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენებით მომსახურებისა და ინფორმაციის სამართლებრივი გარანტიების უზრუნველმყოფი იქნება. მოცემულ ეტაპზე, ამ მიმართულებით მოწინავე ეტაპზე ფინანსური სექტორი იმყოფება (იხ. მოცულობითი დიაგრამა 1).
მოცულობითი დიაგრამა 1
მოქალაქეების მიერ სამთავრობო web-საიტებიდან სასურველი
მომსახურების/ინფორმაციის მიღება
კერძო და სახელმწიფო სექტორის web-საიტების შეფასებამ აჩვენა, რომ ქართველი რესპონდენტების 47,4% მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს კერძო სექტორის web-საიტებს; აღმასრულებელი ორგანოების (სამინისტროები) web-საიტებს მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს 53,3%; საკანონმდებლო ორგანოს web-საიტს მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს 46,3%; ცენტრალური მთავრობის დეპარტამენტების/უწყებების web-საიტებს მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს 41,5%; ადგილობრივი მთავრობის web-საიტებს მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს 22,6%; არასამთავრობო სექტორის web-საიტებს მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს 33,9%; უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის web-საიტებს მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს 44,9 %; სამოქალაქო სექტორის web-საიტებს მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს 34,3 %; საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციების web-საიტებს მაღალ და დადებით შეფასებას აძლევს 40,9 % (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1
სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორის web-საიტების შეფასება
მოქალაქეებისათვის ელექტრონული მთავრობის მომსახურების სისტემის გამართული მუშაობა დამოკიდებულია ერთიან ინტეგრირებულ სივრცეში სამთავრობო web-საიტების მუშაობაზე. ზოგადად, web-საიტის მიზანს წარმოადგენს მომხმარებლებისათვის კონტენტის მიწოდება, კომუნიკაცია, ტრანსაქციის შესრულება, მომსახურება და სხვა (ეს ამოცანები უფრო სწრაფად და საიმედოდ სრულდება ეფექტური ვებ-საიტის, მწარმოებლურობის მაქსიმიზაციისა და მომხმარებელთა მოლოდინის შესაბამისი მიმართულებით მუშაობისას).
ელექტრონული მთავრობის web-საიტების კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 66,8% ენდობა საქართველოს პრეზიდენტის web-საიტს, რესპონდენტთა 58,5% – საქართველოს მთავრობის (სამინისტროები) web-საიტებს, რესპონდენტთა 66,6% – საქართველოს პარლამენტის web-საიტს, რესპონდენტთა 55% – ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების web-საიტებს, რესპონდენტთა 55,7% – ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების web-საიტებს, რესპონდენტთა 53,4% – სამხარეო ადმინისტრაციების web-საიტებს, რესპონდენტთა 62,5% – დამოუკიდებელი ორგანოების web-საიტებს, რესპონდენტთა 63,5% – საჯარო სამსახურის ბიუროს web-საიტს (იხ. ცხრილი 2).
ცხრილი 2
ელექტრონული მთავრობის web -საიტების დონე
web-საიტის დანართები არის პროგრამული სისტემები, რაც უზრუნველყოფს საიტის ფუნქციონალურობას. საქართველოს სამთავრობო web-გვერდების ფუნქციონალურობის შეფასებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ-მომხმარებელთა დიდი ნაწილი დადებითად ახასიათებს სამთავრობო web-გვერდების ფუნქციონალურობას, მუშაობის საკვანძო ფაქტორებს, აპლიკაციებს, ნავიგაციას, ინტერაქტიული ფორმების მრავალფეროვნებას, შემოთავაზებულ სერვისებს.
მარკეტინგული კვლევისას აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა ნახევარი (49%) კმაყოფილია web-გვერდებიდან ინფორმაციული ჩამოტვირთვის ფუნქციით, ინტერნეტ-მომხმარებელთა 45,7% – web-გვერდების ენობრივი მრავალფეროვნებით, გამოკითხულთა 43,8% – სამთავრობო web-გვერდების დიზაინით, რესპონდენტთა 34,6% – ნავიგაციით, რესპონდენტთა 33,4% ე-მთავრობის მომსახურებასთან წვდომით, რესპონდენტთა 34,2%- ე-მთავრობის აპლიკაციებით (დანართები), 30,3% – ელექტრონული აუტენტიფიკაციის მექანიზმებით, რესპონდენტთა 37,7% – კომპიუტერის IT-სისტემებთან თავსებადობის შესაძლებლობით, ინტერნეტ-მომხმარებელთა 30,6% – ინტერაქტიულობის ფორმებით, ინტერნეტ-მომხმარებელთა 36,2% – ინფორმაციულობის ხარისხით, ინტერნეტ-მომხმარებელთა 34% – შემოთავაზებული სერვისებით, გამოკითხულთა 32,2% – ახალი ინფორმაციის წარმოდგენის ინტენსივობით (იხ. ჰისტოგრამა 2).
ჰისტოგრამა 2
საქართველოს სამთავრობო web -გვერდების ფუნქციონალურობა
მნიშვნელოვანია სამთავრობო web-საიტებისადმი წაყენებული მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ ქართველი ინტერნეტ-მოხმარებელი პროგრესული და თანამედროვე მოთხოვნებისაა.
მარკეტინგული კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა სამთავრობო web-საიტების ინოვაციური ფუნქციები, რომლის დანერგვით მიიღწევა სახელმწიფო მართვის ეფექტიანობა. კვლევისას რესპონდენტთა 27,6%-მა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე სახელმწიფოს მშენებლობისა და საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური საკითხების განხილვისათვის მიზანშეწონილია ყოველწლიურად გაიმართოს სამთავრობო ონლაინ კონფერენცია; გამოკითხულთა 21%-მა აღნიშნა, რომ სამთავრობო web-საიტებს უნდა ჰქონდეს ისეთი ინოვაციური ფუნქცია, როგორიცაა ვიდეო მიმართვების აპლიკაცია; ინტერნეტ-მომხმარებელთა 20%-ს სურს სამთავრობო web-საიტზე იყოს პრეზიდენტთა ინტერაქტიული ურთიერთოების აპლიკაცია; რესპონდენტთა 18,9%-ს უნდა პრემიერ-მინისტრთან ინტერაქტიული ურთიერთოების აპლიკაცია; კვლევაში მონაწილე პირთა 15,7%-ს – მინისტრებთან ინტერაქტიული ურთიერთოების აპლიკაცია; მომხმარებელთა 17,6%-ს სურს, რომ ქვეყანაში განვითარდეს ინკლუზიური ელექტრონული მთავრობა, ხოლო 13% აღნიშნავს, რომ სამთავრობო web-საიტებზე უნდა წარმოებდეს კვლევები და შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამებისა და პროექტების წარდგენა (იხ. ჰისტოგრამა 3).
ჰისტოგრამა 3
სამთავრობო web-საიტების ინოვაციური ფუნქციები
აღიარებულია, რომ ელექტრონული მთავრობის სისტემა და სამთავრობო web-საიტები მორგებული უნდა იყოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კლიმატს, ინფორმაციული საზოგადოების კულტურულ და სოციალურ თავისებურებებს. შესაბამისად, საქართველოსათვის არაეფექტური იქნება სხვა ქვეყნის ელექტრონული მთავრობის სისტემისა და web-საიტების ფუნქციონალურობის კოპირება.
დასასრულ, ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიძლება ავღნიშნოთ, რომ:
• ქართველი ინტერნეტ-მომხმარებელი კმაყოფილია საქართველოს სამთავრობო web -გვერდების ფუნქციონალურობით: კონტექსტი, დიზაინი, ნავიგაცია, ჩამოტვირთვა, წვდომა, აუტენტიფიკაცია, პროგრამული თავსებადობა, შეთავაზებული სერვისები; საჭიროა მხოლოდ ეფექტური ადმინისტრირება, ელექტრონული მთავრობის განვითარების სტრატეგია და სფეროს პრიორიტეტულობა;
• საქართველოს ელექტრონული მთავრობა წარმოდგენილია მრავალფეროვანი ელექტრონული მომსახურებითა და თანამედროვე web-ტექნოლოგიებით, თუმცა სახელისუფლებო უწყებები ერთმანეთისაგან განსხვავდება web-ტექნოლოგიების სპექტრითა და გამოყენებით (განსხვავებულია ინფორმაციულობის ხარისხი, სიახლეების წარდგენა, ელექტრონული მომსახურების სპექტრი, მომსახურების მისაწვდომობა, მობილური და web-ტექნოლოგიების გამოყენება, ონლაინ კოსულტაცია, ინტერაქტიულობა და სხვა). მთავრობასთან ინტერაქტიულობისათვის თითოეულ მოქალაქეს/ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მისთვის ხელსაყრელი საკომუნიკაციო არხის არჩევისა და გამოყენების შესაძლებლობა;
• საქართველოს მთავრობამ, მოქალაქეების ინფორმირებისათვის პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ელექტრონული ფოსტას, Facebook/Twitter-სა და web-საიტებს;
• ქვეყანაში ელექტრონული მთავრობის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებისათვის ინტენსიურად განახლებული ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაცია, ინტერაქტიული ურთიერთქმედება, მომსახურება და ანგარიშვალდებულება. სამთავრობო web-საიტი უნდა იყოს ინფორმაციის ონლაინ საცავი;
• ქართული სამთავრობო web-სივრცის მრავალფეროვნებისა და სარგებლიანობის მიუხედავად, მომხმარებელთა დიდი ნაწილი პასიური სეგმენტია, ნაკლებად მიმართავს მთავრობის web-საიტებს, არ არის გათვიცნობიერებული. ამიტომ, ქვეყანაში საჭიროა ელექტრონული მმართველობის ინფორმაციული პროპაგანდა, სახელმწიფო მარკეტინგული აქტივობები, საზოგადოების განათლება და საგანმანათლებლო პროგრამები;
• დაკმაყოფილებული უნდა იქნეს საზოგადოების თითოეული წევრის მოთხოვნა და საჭიროება. მაგალითად: საზოგადოებას სურს ყოველწლიური ონლაინ სამთავრობო კონფერენცია სოციალ-ეკონომიკურ საკითხებზე; პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ონლაინ ინტერაქტიული ურთიერთქმედება, აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებისათვის პროგრამებისა და პროექტების წარდგენის შესაძლებლობა. ეს საკითხები მომგებიანია, როგორც მოქალაქეებისათვის, ისე მთავრობისათვის. კერძოდ: მთავრობა ინფორმირებულია საზოგადოების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე, ფორმირდება ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები, ვლინდება ბიუროკრატიის მანკიერი მხარეები, მარტივდება ოპერატიული რეაგირება, სოციალური კონტროლი, იზრდება მართვის ეფექტიანობა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები უფრო ქმედითი და პროდუქტიულია. მოქალაქეებისათვის იზრდება რეალური გავლენა მთავრობაზე, მართვაში მონაწილეობა და ჩართულობა, ფორმირდება აქტიური სამოქალაქო და ინფორმაციული საზოგადოება, უმჯობესდება საზოგადოების სოციალური კეთილდღეობა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Wangpipatwong S., Chutimaskul W, Papasratorn B. Factors Influencing the Adoption of Thai
eGovernment Websites: Information Quality and System Quality Approach . Special Issue of the
International Journal of the Computer, the Internet and Management, Vol. 13 No.SP3, November, 2005. http://www.ijcim.th.org/
2. Asiimwe, E, N., Lim, N. “Usability of Government Websites in Uganda” Electronic Journal of e-Government Volume 8 Issue 1 2010, (pp1 – 12), available online at www.ejeg.com
3. UNITED NATIONS E-GOVERNMENT SURVEY 2014. E-Government for the Future We Want.United Nations . New York, 2014.
4. Butt I., Persuad A. Towards a Citizen Centric Model of E-Government Adoption. Proceedings. 3rd International Conference on E-Governance. ICEG2005. December 9-11, 2005. http://web.lums.edu.pk/iceg2005