ტურიზმში არსებული მდგომარეობა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში

მარინა მეტრეველი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საუნივერსიტეტო სწავლების ასოციაციის წევრი, ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ტურიზმის დამსახურებული მუშაკი

ტურიზმი, როგორც ინტეგრირებული სისტემა, მზარდ გავლენას ახდენს საზოგადოების სტაბილურ განვითარებაზე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. იგი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია, წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის საყოველთაოდ აღიარებულ სექტორს, საერთაშორისო მომსახურებით ვაჭრობის ლიდერს.

ტურიზმის დარგის ფუნქციონირების ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული ფაქტორების ანალიზს, განვითარების თავისებურებებისა და ტენდენციების შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის.
ტურიზმის, როგორც მრავალფეროვანი ფენომენის ეკონომიკური ანალიზისათვის მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკაში მისი როლის განსაზღვრა. ამასთან ერთად, ანალიზის ობიექტად შეიძლება ჩაითვალოს ტურიზმით განსაზღვრული ეკონომიკური აქტივობის მთელი კომპლექსი. ცალკეული ქვეყნის ეკონომიკისთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის ნაკადების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის მქონე ქვეყნებში შემომყვანი ტურიზმის როლის ზრდა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემზღუდველ ტენდენციას წარმოშობს.
2002 წელს იოჰანესბურგში უმაღლესი დონის II მსოფლიო შეხვედრაზე, მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესში ტურიზმი ოფიციალურად იქნა ჩართული. მას, როგორც დარგს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის “ათასწლეულის განვითარების” მსოფლიო სამოქმედო პროგრამაში: “მდგრადი განვითარება – სიღარიბის დაძლევა”.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის UNWTO-ს მონაცემებით, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტთა შემოსვლებმა 2007 წელს 898 მლნ კაცს მიაღწია, შემოსავლებმა კი შესაბამისად შეადგინა 733 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 2 მლრდ აშშ დოლარი დღეში. მათივე პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიოში ტურისტთა რიცხვის 1.6 მლრდ-მდე ზრდაა მოსალოდნელი.
დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმი აღიარებულია ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ სექტორად, რომელმაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის უმნიშვნელოვანესი ამოცანები უნდა შეასრულოს.
მრავალმა ქვეყანამ ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მოაქცია, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი. განვითარების სტრატეგია გულისხმობს დარგის განვითარების დაგეგმვას ყველა დონეზე, რათა მან დაკისრებული ფუნქციები ეფექტურად შეასრულოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა ტურისტების დაკმაყოფილებისა, იგი ითვალისწინებს დესტინაციებისათვის (ტურისტული ცენტრებისათვის) ტურიზმის ხარჯზე ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მიღებასა და ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალურ-კულტურული ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ იქ, სადაც ტურიზმი განვითარდა დაგეგმვისა და კონტროლის გარეშე, დესტინაციები არა მხოლოდ დადგა რიგი ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების წინაშე, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ტურისტების მოზიდვაც კი გაუჭირდათ.
ტურიზმის განვითარება თანამედროვე ეტაპზე ხასიათდება ტურისტული პროდუქტის დიფერენციაციითა და ტურისტულ ბაზარზე მზარდი კონკურენციით. გრძელვადიან გეგმაში კონკურენტუნარიანობა ტურიზმში დარგის ეკონომიკური განვითარების მდგრადობის სინონიმია.
ტურიზმის დარგში კონკურენტუნარიანობა, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრება ეკონომიკური ეფექტიანობით, დარგის მაღალშემოსავლიანობით. თუ ქვეყანაში ტურიზმის სექტორს არ შეუძლია ეკონომიკურად თავისი წვლილი შეიტანოს ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში, მაშინ მისი განვითარება გრძელვადიან პერიოდში იქნება არამდგრადი.
მდგრად განვითარებაზე დაფუძნებული ტურიზმის საქმიანობის უმეტესი მოცულობა ბუნების, ისტორიული მემკვიდრეობისა და შესაბამისი ტერიტორიის კულტურული თვითმყოფადობის დაცვასთან არის დაკავშირებული. თუ აღნიშნული რესურსების მდგომარეობა უარესდება ან ნადგურდება, ასეთ შემთხვევაში ტურისტული რეგიონები ვერ მიიზიდავენ ტურისტებს და შესაბამისად, ტურიზმი ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას ქვეყნის განვითარებაში. ტურისტებს იზიდავს ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და გადაუტვირთავი ადგილები.
დღეს საქართველოში ტურიზმი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და განვითარების ეროვნული კონცეფციის გარეშე ვითარდება. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად ტურიზმის დარგის განვითარება აქვს გამოცხადებული. ყოვლად დაუშვებელია არსებული საკანონდებლო ბაზის საფუძველზე ქვეყანაში ტურიზმის პოლიტიკის გატარება, რადგან იგი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებსაც დღეს ირჩევს მთავრობა. “ტურიზმის და კურორტების შესახებ” საქართველოს კანონის მიღების დროს (1997წ.) ქვეყანაში სულ სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება იყო, ტურიზმი კი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც სწრაფად განვითარებადი დარგი. ცხადია, ამ განვითარებას ბევრი ცვლილება მოსდევს, რაც თანხვედრაში უნდა იყოს ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განვითარებასთან.
ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – ტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება დაუგეგმავად, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება სასტუმროებისა და ატრაქციების კონცენტრაციით ცენტრალურ ქალაქებსა და, ასე განსაჯეთ, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.
ტურისტის კმაყოფილების ხარისხი იზომება არა მარტო კარგი საკვებით, მზიანი ამინდითა და სასტუმროს კომფორტული ნომრით. ტურისტი მიღებულ შთაბეჭდილებას აფასებს, როგორც ტურიზმის ერთიან პროდუქტს”, რომელიც წარმოადგენს მატერიალური და არამატერიალური ფაქტორების ერთობლიობას. ამდენად, დაგეგმვა უნდა მოიცავდეს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორს მოთხოვნის ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ტურისტის მაქსიმალურად დაკმაყოფილება.
მაგალითისათვის მოვიყვანოთ 2007 წელს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს და SW Associates მიერ შემუშავებული “ტურიზმის განვითარების და ინვესტირების გეგმა და სტრატეგია”. ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებთან დაკავშირებით (კონკრეტულად სიღნაღის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ) დოკუმენტში ნათქვამია: “არ არის არანაირი ტურისტული მომსახურება, როგორიცაა მაღაზიები, რესტორნები, კაფეები და საზოგადოებრივი დანიშნულების ტუალეტები, იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრი გვთავაზობს უმშვენიერესი შენობების ფასადებს, ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის ფასადების გარდა. არის მხოლოდ 18-საწოლიანი ერთი სასტუმრო”. ასევე: “ყვარელს გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის (ღვინის ქარხნები, ყურძნის უნიკალური ჯიშების მრავალფეროვნება, მაღალხარისხიანი ღვინოები, გვირაბი, რომელიც ღრმად არის გამოთხრილი მთაში ღვინის შესანახად და დასაძველებლად), მაგრამ კვლავ ამ ყველაფრის პარალელურად არსებობს დაბალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და მომსახურება. ქალაქში უნდა იყოს ბევრი სასტუმრო, რესტორანი, კაფეები, ღვინის სადეგუსტაციო ადგილები და საცალო ვაჭრობის მაღაზიები და ასევე ტურისტული საინფორმაციო ცენტრი”. აღნიშნული მაგალითი ნათლად მეტყველებს, რომ საქართველოში ტურიზმი ვითარდება დაუგეგმავად, კონცეპტუალური მიდგომის გარეშე როგორც მთელი ქვეყნის, ისე რეგიონების მასშტაბით.
მომავალ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის რეალიზებასთან დაკავშირებით საგრძნობლად გაიზრდება ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის როლი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ქვეყნის სტრატეგიული განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით საქართველო უნდა იქცეს განვითარებული ტურიზმის ქვეყნად.
ტურიზმის როლის ასეთი გააზრება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს არა მარტო აღნიშნულ დარგში დასაქმებულ სპეციალისტებსა და მასში დაკავებულ პერსონალს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ დღესდღეისობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ტურიზმის განვითარების ფუნდამენტური პრინციპებისა და არსის შესახებ საკმაოდ მწირ ინფორმაციას ფლობს, განსაკუთრებით გამოვყოფდით სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, არ არსებობს ტურიზმის შესახებ ქართულენოვანი სამეცნიერო და სპეციალური ლიტერატურა (მცირე გამონაკლისის გარდა); ტურიზმის სპეციალობა სულ ახლახან შევიდა უმაღლესი განათლების სპეციალობათა კლასიფიკატორში; სრულყოფილად არ არის გააზრებული ტურიზმის სწავლების აკადემიური კუთვნილება.
საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში კვალიფიციური და გამოცდილი კადრების ნაკლებობა აღინიშნება: ტურისტულ კომპანიებს, სასტუმროებს, რესტორნებს, ატრაქციონებს, სატრასპორტო კომპანიებს და ა.შ. სჭირდება პროფესიული კადრები. ადგილობრივი მოსახლეობა არ არის მიჩვეული ტურისტული მომსახურების სფეროში დასაქმებას და ეჭვით უყურებს ახალგაზრდა თანამოქალაქეებისა და უცხოელი ტურისტების მომსახურების პერსპექტივას. სწორედ ამიტომ აუცილებელია მენტალიტეტის შეცვლა სახელმწიფო საგანმანათლებო ინსტიტუტების მეშვეობით, რაც მაღალი დონის საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობით იქნება დაძლეული.
აღნიშნულ ნაკლოვანებათა საფუძველი და მიზეზი სწორი, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის დეფიციტია. საკანონმდებლო ბაზის ფაქტობრივად არარსებობა იწვევს შეუთანხმებლობას აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში ტურიზმის სფეროში მთელი რიგი ტერმინებისა და დეფინიციების გამოყენების მიმართ, რაც ასევე ხელს უშლის ტურიზმის შეუფერხებელ განვითარებას ყველა დონეზე.
საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები, რასაკვირველია, მეტად საინტერესო და მიმზიდველია უცხოელი ტურისტებისთვის, მაგრამ ტურიზმის შესაბამისი სახეობების (ეკოტურიზმის, აგროტურიზმის, სამკურნალო ტურიზმის და ა.შ.) განვითარება სასარგებლო იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას დავუკავშირებდით შიდა ტურიზმის განვითარებას, რადგან ასეთ შემთხვევაში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მომსახურების შესაბამისი სტანდარტები დადებითად აისახებოდა უცხოეთიდან ტურისტების ნაკადების ზრდაზე. არსებულ ვითარებაში ტურისტული კომპანიების მხრიდან ყურადღების კონცენტრირება უნდა მოხდეს როგორც კავკასიის მთელი რეგიონის შიდა, ასევე ცალკეული ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე. აღნიშნულის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ შესაბამის ბაზარზე მარკეტინგული მენეჯმენტის სტრატეგიის გამოყენებით, მოთხოვნის ახალი სეგმენტის შექმნითა და შემდგომი გაფართოებით.
ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების ეკონომიკურ წინსვლას და შესაბამისად, მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული პოტენციალის გაფართოებას. მთიანი რეგიონის სოფლის მაცხოვრებლებს, როგორც წესი, აქვთ მცირე შემოსავლები და არ აქვთ ეკონომიკური პერსპექტივები მაშინ, როდესაც ტურიზმი შესაძლებელია მათთვის სერიოზულ ეკონომიკურ ალტერნატივად იქცეს. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს მნიშვნელოვან, თაობათა მიერ დაგროვილ პრაქტიკულ ცოდნას საკუთარ რეგიონზე (კულტურა, ტრადიციები, ფლორა, ფაუნა). გარკვეული პრაქტიკული ცოდნის მიღების შემდეგ ისინი შეიძლება ჩამოყალიბდნენ წარმატებულ გიდებად და გამყოლებად, აგრეთვე დაკავებულ იქნენ უშუალოდ ეკონომიკური საქმიანობითაც, რაც დაკავშირებულია სასტუმროების, რესტორნების ექსპლოატაციასთან და სხვა ტურისტულ მომსახურებასთან.
ტურიზმის განვითარების საწყისი ეტაპის გავლის შემდეგ, როდესაც დანიშნულების პუნქტი შედარებით პოპულარული ხდება, ტურიზმის განვითარება სულ უფრო ძალუმად იწყებს გარემოზე ზემოქმედებას. ტურიზმის განვითარების სწორი სტრატეგია გარემოსთან მიმართებაში მრავალ რეგიონში უზრუნველყოფს გაცილებით უვნებელ ეკოლოგიურ ატმოსფეროს, ვიდრე ეკონომიკის რომელიმე სხვა დარგი, რადგან ტურიზმის ინტერესების სფეროში შედის გარემოს დაცვა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის დადებითი ეკოლოგიური ეფექტის მისაღებად საჭიროა დარგის განვითარების სტრატეგიის ზედმიწევნით სწორად დაგეგმვა და კონტროლი, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა როგორც გადაწყვეტილების, ისე ფინანსური სარგებლის მიღების პროცესში. ყოველივე ეს ტურიზმის მდგრადი განვითარების საწინდარია.
გარემოსთვის ზიანის მიყენება მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც უშუალოდ ცოცხალი ბუნებისათვის, ასევე ურბანული დასახლებებისთვის. მყიფე გარემო შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს მოხმარების დიაპაზონის ზრდასთან ერთად, ამასთან შესაძლებელია დაიკარგოს ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციები (ადათ-წესები). ადგილობრივი მოსახლეობის სულიერება კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზიდვის ფაქტორია ტურისტებისათვის, ამიტომ მისი დაკარგვა შესაბამისად ამცირებს მოგზაურობის სურვილს.
საქართველოს ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს სექტორში არსებული ლიბერალიზაციის შენარჩუნებისა და ინვესტიციების მხარდაჭერაზე. მთავრობამ უნდა შეასრულოს წამყვანი როლი ტურიზმის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრაში, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და ორგანიზაციული ასპექტები.
ტურიზმის განვითარების პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს ზოგადად ქვეყნის განვითარების პოლიტიკას, ამასთან ეროვნული და რეგიონული ამოცანები უნდა დომინირებდეს ლოკალურ და სექტორულ ინტერესებთან შედარებით. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ამ რთულ ეტაპზე ტურისტულ ინდუსტრიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურპროდუქტის ფასისა და ხარისხის ისეთი შეფარდება, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის მას როგორც შიდა, ისე უახლოესი მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე.
ქართული ტურისტული კომპანიების მომსახურების დღიური ღირებულება ძირითადად 100-დან 180 აშშ დოლარამდე მერყეობს, მასში ტურისტული მომსახურების გარდა, შედის მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯებიც (თვითმფრინავის ბილეთი, მოსაკრებელი, ვიზა და ა.შ.), თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული ღირებულება მხოლოდ 10 და მეტ კაციან ტურისტულ ჯგუფებზეა გათვლილი. ტურისტული პაკეტის ფასების საშუალო დღიური ღირებულება 150 აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც თურქეთისა და რუმინეთის ტურისტული პაკეტის დღიური ფასი, შესაბამისად, დღეში 100 და 120 აშშ დოლარია.
საქართველოში ტურიზმის სექტორი დაბალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა, რომელშიც დომინირებს ტურისტული მომსახურების ექსპორტი – შემომყვანი ტურიზმი. შიდა ტურიზმი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ეროვნული ტურისტული ინდუსტრიის განვითარების საფუძველს და მისი მოცულობაც რამდენჯერმე უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო ტურიზმისას, ვითარდება არაგეგმაზომიერად და არა მდგრადი ხასიათით გამოირჩევა.
ტურპროდუქტის კონკურენტუნარიანობის ამაღლება იძლევა ტურისტთა ისეთი მიზნობრივი ჯგუფების მოზიდვის შესაძლებლობას, რომლებიც პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური მიმართებით ნაკლებ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ტურიზმის განვითარების სტატეგიული მიმართულებები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

1. ქვეყნის პოტენციალის აღწერა
ცენტრალური მდებარეობა კავკასიის რეგიონში;
ვაჭრობისა და ბიზნესის რეგიონული ცენტრი;
სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ცენტრი;
მაღალი კულტურული და ტურისტული პოტენციალი.

2. სტატეგიული მიზანი
საქართველოს ეკონომიკის ზრდა ტურიზმის განვითარებით;
ქართული ტურისტული პროდუქტისათვის გლობალურ ბაზარზე კონკურენციული უპირატესობის შექმნა.

3. გრძელვადიანი პერსპექტივები
ტურიზმის განვითარების პოლიტიკის განსახორციელებლად მოხდეს დარგის საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფა და განვითარების სტარტეგიის შემუშავება;
საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია უნდა ეყრდნობოდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპებს და უპირატესობას ანიჭებდეს ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას;
ტურიზმის დაგეგმვა უნდა მოიცავდეს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორს მოთხოვნის ყველა ეტაპზე;
განვითარების საწყის ეტაპზე ტურისტული ბაზარი უნდა იყოს კონკურენციული, ანუ ტურისტული ბაზარი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, ხოლო კანონმდებლობა ორიენტირებული კონკურენციული ბაზრის დაცვაზე;
ქართულ ტურისტულ პროდუქტზე მოთხოვნის სტიმულირება განხორციელდეს როგორც საბიუჯეტო-საგადასახადო, ასევე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებით;
ტურიზმიდან სახელმწიფო შემოსავლების ზრდა დაეფუძნოს შემდეგ მიდგომას: საგადასახადო ბაზის გაფართოება გადასახადების განაკვეთების შემცირება;
ტურიზმის განვითარების პირველ ეტაპზე კონცენტრაცია მოხდეს შიდა ტურისტულ ბაზარზე მარკეტინგული მენეჯმენტის სტრატეგიის გამოყენებით, მოთხოვნის ახალი სეგმენტის შექმნითა და შემდგომი გაფართოებით;
ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, პრიორიტებად გამოიყოს სოფლის ტურიზმისა და სამკურნალო ტურიზმის განვითარება;
შიდა ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი იყოს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება;
განვითარების შემდგომ ეტაპზე (3-5 წლის შემდეგ) ხელი შეეწყოს შემომყვანი ტურიზმის განვითარებას, რომლის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება კულტურული ტურიზმი, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სამთო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი;
საერთაშორისო ტურიზმზე მოთხოვნის ინტენსიური ზრდის სტიმულირება და უცხოელი ტურისტების დანახარჯების ზრდა განხორციელდეს ტურპროდუქტის განახლების, გამრავალფეროვნების, ხარისხის ზრდისა და ახალი პროდუქტის შექმნის გზით;
ტურისტული ინდუსტრიის განვითარების პროცესში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს ტურისტული პროდუქტის ფასისა და ხარისხის ისეთ შეფარდებაზე, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის მას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთის ქვეყნების ბაზრებზე;
ეკოლოგია და ეკონომიკა ტურიზმში განიხილებოდეს, როგორც ურთიერთგანმაპირობებელი ფაქტორები;
ეკოლოგიურ პოლიტიკაში განხორციელდეს გარემოს დაცვის საგადასახადო სტიმულირება;
საუნივერსიტეტო დონეზე მომზადდეს ტურიზმის დარგის ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტები, ხოლო პროფესიულ კოლეჯებსა და სასწავლებლებში დარგის საშუალო და დაბალი კატეგორიის სპეციალისტები;
საქართველოს ტურისტული პროდუქტის, როგორც შიდა ასევე გლობალურ ბაზარზე გატანისა და დამკვიდრებისათვის განხორციელდეს ტურისტული პროდუქტის ეფექტური რეკლამა და წინ წაწევა (ე.წ. პრომოუშენი), მიზნობრივი ტურისტული ბაზრების მარკეტინგული კვლევები;
ტურისტთა და ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა, კრიმინოგენული სიტუაციის გაუმჯობესება, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური დონის ამაღლების ღონისძიებების გატარება.

4. სტრატეგიული მიმართულებები
შიდა ტურიზმის განვითარება;
შემომყვანი ტურიზმის ხელშეწყობა და სტიმულირება;
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება;
კადრების მომზადება და გადამზადება;
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან მისი ჰარმონიზაცია;
საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის შექმნა და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

5. თანმდევი სტრატეგიები
ტურისტული ბაზრის განვითარებისათვის მცირე ბიზნესის საკანონმდებლო და ფინანსური ხელშეწყობა მთავრობის მხრიდან;
ტურიზმის რეგიონული განვითარების გენერალური გეგმები, ე. წ. “მასტერ პლანები”;
მომსახურების სტანდარტების შემუშავება-დანერგვა;
საკურორტო და სარეკრეაციო ზონების დაგეგმვა-განვითარება;
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტურისტული პიქტოგრამების დანერგვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ცენტრალურ გზებსა და ტურისტული ცენტრების სიახლოვეს;
ტურისტთა მოსაცდელი და დასასვენებელი ადგილებისა და საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა.

6. შემდგომი ეტაპები
განვითარების შემდგომ ეტაპზე მოხდეს ტურიზმის მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის ჩამოყალიბება, ანუ ჯერ შიდა ბაზარზე მოხდეს ერთობლივი მოთხოვნის ზრდა ტურპროდუქტსა და ტურპროდუქციაზე, ხოლო შემდგომში ჩამოყალიბდეს მაღალი ერთობლივი მოთხოვნა, რაც საფუძველს დაუდებს ტურიზმში მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის ჩამოყალიბებას;
ხელი შეეწყოს შემომყვანი ტურიზმის განვითარებას, რომლის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება კულტურული ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სამთო ტურიზმი, ეკოტურიზმი და აგროტურიზმი.

7. უმთავრესი ნაბიჯები
ტურიზმის დარგის საკანონმდებლო უზრუნველყოფა;
ტურიზმის დარგის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა;
ტურიზმის დარგის პროფესიული და აკადემიური განათლების სისტემის ჩამოყალიბება;
ტურიზმიდან ბიუჯეტში შემოსავლების დათვლის მეთოდოლოგიის შემუშავება;
ქართული ტურისტული პროდუქტის რეკლამირება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი და საშურია ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, რომელიც დაეფუძვნება ამ დარგის დაგეგმვის ინოვაციურ მეთოდებს, განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო სტანდარტებზე აღზრდილ პროფესიულ კადრებს. მხოლოდ სახელმწიფოებრივი მიდგომის შედეგად მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების სრული რეალიზაცია, რადგან განვითარების თანამედროვე ეტაპზე არსებული ყველაზე დიდი პრობლემა – უმუშევრობა და სიღარიბე დაძლეული იქნება მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.