e-Bay და PayPal იყოფა
e-Bay-მ დიდი დრო და ფინანსები დახარჯა იმისთვის, რომ ის ორ მსხვილ კომპანიად არ გაყოფილიყო, მაგრამ ამ დღეებში ცნობილი გახდა e-Bay-ს წარმომადგენლის განცხადებით გახმოვანებული კომპანიის გადაწყვეტილება, რომ ისინი აპირებენ ინვესტორ კარლ აიკანის წინადადების სერიოზულად განხილვას და e-Bay-ისგან ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal-ის გამოყოფას.
e-Bay-ის წარმომადგენელებს დღეს გაცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ ზუსტად ის არგუმენტები მოჰყავთ კომპანიის გაყოფის სასარგებლოდ, რასაც რამდენიმე თვეა კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ინვესტორი აიკანი ამტკიცებდა.
აიკანი მიიჩნევს, რომ გაყოფის შემთხვევაში თითოეული კომპანია უკეთესად მოახდენს, ერთი მხრივ, ონლაინ-გაყიდვებისა და, მეორე მხრივ, ონლაინ- გადახდების ბაზარზე კონცენტრირებას და თანამედროვე გამოწვევებთან და კონკურენტებთან გამკლავებას. ამავე დროს, PayPal-ისთვის უფრო მარტივი იქნება გარიგებების დადება e-Bay-ის კონკურენტ სხვა ონლაინ¬-კომპანიებთან.
ონლაინ-გადახდების ბაზარზე დიდი ცვლილებებია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაჩნდა ახალი სერიოზული მოთამაშე Apple-ს სახით, რომელმაც ცოტა ხნის წინ მობილური გადახდების სისტემის პრეზენტაცია მოაწყო.
e-Bay-ის გაყოფის შემდეგ, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ჯონ დონეის მოუწევს პოსტის დატოვება. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ კომპანიის მმართველ საბჭოს მოუხდა იმ გამოწვევების გათვალისწინება, რაც ახლა ბაზარზეა და თავის წინანდელი პოზიციის შეცვლა. „e-Bay და PayPal ერთად ბოლო 12 წლის განმავლობაში წარმატებული კომპანია იყო, ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ თანამედროვე რეალობა გვაჩვენებს, რომ დროა კონკრეტულ სეგმენტებზე მოვახდინოთ ფოკუსირება“, – განაცხადა მან.
ამასთანავე, მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენა მოახდინა კომპანია Apple-მ ან აიკანმა. დონეიმ განაცხადა, რომ მან დაურეკა აიკანს და აცნობა e-Bay-ის გადაწყვეტილების შესახებ, მეორე დღესვე აიკანმა გაავრცელა განცხადება, რომ ის მიესალმება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიამ ბოლოს და ბოლოს მიიღო. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ e-Bay-იმ მიიღო ადექვატური გადაწყვეტილება კომპანიის გაყოფასთან დაკავშირებით. მართალია, ეს მოხდა იმაზე გვიან, ვიდრე სასურველი იქნებოდა, მაგრამ იმაზე ადრე ვიდრე ჩვენ ამას ველოდებოდით“ – წერია აიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
e-Bay-ის მენეჯმენტის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია საბოლოოდ ორ ნაწილად მომდევნო წლის მეორე ნახევარში გაიყოფა.
დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დონეის არ სურს გაყოფილ კომპანიაში აღმასრულებელი თანამდებობის დაკავება, ის ალბათ თვალყურს ადევნებს კომპანიის გაყოფის პროცესს და ორივე კომპანიის მმართველ საბჭოში დაიკავებს ადგილს.
გყოფის შემდეგ e-Bay-ის e-Bay marketplaces-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დევიდ უენგი უხელმძღვანელებს, PayPal-ს კი სათავეში AmericanExpress -ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დენ შულმენი ჩაუდგება.
შულმენი აქამდე ხელმძღვანელობდა კომპანია Sprint Nexte-სა და ფასდაკლებების სამოზგაურო კომაპნია Priceline.com-ს. ის AmericanExpress-ს შეუერთდა 2010 წლიდან და დაარსა ახალი განყოფილება Growth Group, რომელიც ფოკუსირებული იყო ციფრული ვაჭრობის სეგმენტში ინვესტიციებზე.
ინვესტორები დადებითად შეხვდნენ e-Bay-ის გადაწყვეტილებას გაყოფის შესახებ, ეს იქიდანაც ჩანს, რომ მისი აქციები 3.91 აშშ დოლარით (7.4%-ით) გაიზარდა და საბოლოო ღირებულებამ 56.57 აშშ დოლარი შეადგინა. e-Bay-ის საბაზრო ღირებულება ამ მომენტისთვის 70 მილიარდი აშშ დოლარია. ანალიტიკოსთა შეფასებით, e-Bay-ისა და PayPaly-ის საერთო აქციების ღირებულება 62 აშშ დოლარია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში PayPaly-ის შედეგები უკეთესია. მესამე კვარტალში მისი გაყიდვები 20%-ით გაიზრდა, 1.95 მილიარდ აშშ დოლარამდე, ასევე პირველი კვარტლის შემდეგ მისი მომხმარებლების რიცხვი 4.1 მილიონით გაიზრდა. ონლაინ დახარჯული ყოველი 6 დოლარიდან, 1 PayPaly-ის ოპერაციებზე მოდის. მისი შემოსავალი 2.17 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდა 9%-ით. ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ აქტიური ანგარიშების რაოდენობა PayPaly-ზე 3.8 მილიონით გაიზრდა.
e-Bay-იმ PayPaly 2002 წელს შეიძინა 1.4 მილიარდ აშშ დოლარად. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, გაყოფის შემდეგაც კომპანიები გააგრძელებენ თანამშრომლობას და ერთად მუშაობას.
კომპანიის მთავარი მიზანი, გაყოფის შემდეგ არის ის, რომ თითოეულს ცალ-ცალკე ჰქონდეს თავისი ძლიერი საბალანსო უწყისი. ანალიტიკოსების ვარაუდით, e-Bay-ს აღარ მოუწევს თავისი შემოსავლების გადანაწილება PayPaly-ის საბალანსო უწყისზე, ამით მისი საბალანსო უწყისი უფრო მყიფე იქნება და ინვესტორებისთვისაც e-Bayუფრო მიმზიდველი გახდება.
დიდი გამოწვევების წინაშეა PayPaly. ერთი მხრივ, კომპანია Apple-ს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩინური გიგანტური კომპანია Alibaba Group Holding-ს ონლაინ გადახდების სერვის Alipay-ის მხრიდან. PayPaly თავის მხრივ ცდილობს მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას, მათ შორის მომსახურებას სავაჭრო პუნქტებში და საკრედიტო ბარათები.
კომპანიის გაყოფის მომხრეები მიიჩნევენ რომ გაყოფის შემდეგ ისინი უფრო კონცენტრირებული იქნებიან საკუთარ მიზნებზე და ადვილად გაუმკლავდებიან მეტოქეებს ბაზარზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ონლაინ გადახდების ბაზარზე ახალი შერწყმების მომსწრე გავხდეთ. აიკანის განცხადებით არ არის გამორიცხული PayPaly-ისა და Apple Pay-ს თანამშრომლობა. თვითონ აიკანი არის e-Bay-ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქციონერი 2.5%-იანი წილით, ამავე დროს ის ფლობს Apple Pay-ს აქციების დაახლოებით 1%-ს.
მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში, ანალიტიკოსები მიიჩნევენ რომ იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც ჯერ კიდევ აპრილში წინააღმდეგნი იყვნენ კომპანიის გაყოფის, აზრი შეაცვლევინა Apple-ისა და ჩინური კომპანია Alibaba Group Holding-ის გააქტიურებამ. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება დენეი, რომელიც აცხადებს, რომ მათ კომპანიის გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს სანამ Apple iPhone-ის გადახდის სისტემის პრეზენტაციას გააკეთებდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჭორის დონეზე ამის შესახებ ინფორმაცია ბაზრებზე დიდი ხნის წინ გავრცელდა. უდიდეს კონკურენციას განიცდის eBay Amazon.com-ის მხრიდან.
ახლა ინვესტორები ელოდებიან მეტ ფინანსურ სიცხადეს, მთავარი კითხვა ბაზარზე ისაა, თუ როგორ გაიყოფა კომპანიის საბალანსო უწყისი ორ ნაწილად და რა წილი შეხვდება თითოეულ კომპანიას. თუმცა ერთ რამეზე ერთსულოვნებაა – ინვესტორები კომპანიის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, ანალიტიკოსები კი აცადებენ რომ ორივე კომპანია სათითაოდ მიიღებს ახალ წინადადებებს თანამშრომლობების ან სულაც შერწყმების შესახებ მას შემდეგ რაც საბოლოოდ დასრულდება გაყოფის პროცესი.