ვინ არიან ენერგეტიკულ რეფორმის ანტი-ლობისტები?

12-14 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა ELCOMM CAUCASUS 2014 გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, მიიღოს ინფორმაცია დარგში არსებული სიახლეების, ახალი ტექნოლოგიებისა და საქართველოს ბაზარზე არსებული მომსახურებების სრული სპექტრის შესახებ. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო შემდეგი სახის პროდუქტები და მომსახურება: ენერგეტიკის სფეროში გამოყენებული მოწყობილობები და დანადგარები, გადამცემი ხაზები, მართვის ავტომატური სისტემები, კონტროლის სისტემები, ენერგეტიკულ კომპანიათა პროგრამული უზრუნველყოფა, მოწყობილობები და ტექნოლოგიები ენერგიის დაზოგვისთვის, ენერგიის მართვის სისტემები და განახლებადი ენერგიის წყაროები.

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის“. რომლის ძირითად მისიას წარმოადგენდა დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ყურადღების მიპყრობა და ამ მიმართულებით დისკუსიის სტიმულირება. ღონისძიების ფარგლებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ, განხილული იყო ქვეყნის განვითარების სტრატეგია, გარემოსდაცვითი ფაქტორები ენერგეტიკაში, სატარიფო პოლიტიკა, ახალი პროექტები და სხვა აქტუალური საკითხები.

4

კონფერენციის მოდერატორის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის დავით მირცხულავას განცხადებით: „მსგავსი საერთაშორისო კონფერენციები მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. ამ კონფერენციის ძირითადი სპონსორია ენერგეტიკის სექტორის ორი უმსხვილესი უცხოური კომპანია (Andritz Hydro და Voith), რაც უკვე მრავლისმეტყველი ფაქტია და საქართველოს ენერგოსექტორით უცხოელების დიდ დაინტერესებაზე მიუთითებს. დღეს საქართველოს ენერგეტიკა იმ ეტაპზეა, როცა სწრაფი და აუცილებელი რეფორმებია ჩასატარებელი. ამის გაგება საჭიროა როგორც სახელმწიფო მოხელეებისთვის, ისე იმ პროფესიონალებისთვის და სპეციალისტების ჯგუფისთვის, რომელიც აქ არის შეკრებილი“.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობიდან ყველაზე დიდი წილი ბოლო ორი წლის მანძილზე ენერგეტიკის სექტორმა მიიღო – 2013 წელს 197 მილიონი, რც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 21%-ა, ხოლო 2012 წელს 179 მილიონი, ანუ მთლიანი მოცულობის 19%. კონფერენციის მონაწილეებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა სამინისტროს ენერგოსექტორის მდგრადი განვითარების ხედვა წარუდგინა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ენერგო სექტორში ინვესტირების უპირატესობებს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი: „კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ჩვენ ინვესტორის მიერ აშენებულ ჰიდროელექტროსადგურებს ვუტოვებთ საკუთრებაში ინვესტორს, თუმცა სახელმწიფო იღებს ყველა იმ სიკეთეს ელექტროსადგურისგან, რომელიც მისგან შეიძლება მიიღოს. საკუთრებაში დატოვების ეს შესაძლებლობა საკმაოდ უიოლებს ინვესტორებს საქართველოში ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ახალი ჰიდროელექტრო სადგურები არიან აბსოლუტურად დერეგულირებულნი. ისინი თავისუფალი არიან არჩევანში, თუ სად სურთ გაყიდვა და რა ფასად, თუ არ ჩავთვლით იმ 20%-ს, რომელიც რჩება ჩვენთან. ინვესტორებისთვის მიმზიდველია სხვა ფაქტორებიც, მაგალითად ის, რომ გადაცემის ტარიფი არ არსებობს; ლიცენზია არ სჭირდება ექსპორტს და არ ვაწესებთ დამატებით გადასახადებს; გაცილებით გამარტივებულია საკანონმდებლო ბაზა და ა.შ. საკმაოდ ბევრი ისეთი პუნქტი არსებობს, რის გამოც საკმაოდ დაინტერესდნენ ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებით. შედეგიც სახეზეა, ბოლო 2 წლის განმავლობაში 149 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები შეემატა ჩვენს ქვეყანას“.

ილია ელოშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სამინისტროს უახლესი წლების სტრატეგიაც გააცნო. „ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ის, რომ ავაშენოთ ოთხი ძირითადი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევინახოთ ელექტროენერგია წყლის სახით ზამთრის და შემოდგომის პერიოდში და ამით ჩავანაცვლოთ იმპორტი. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დამატებით უნდა ავაშენოთ ერთი თბოელექტროსადგური გარდაბანში, რომელიც უკვე შენდება. ამის გარდა, ხორციელდება სხვა, საერთო ჯამში 900 მეგავატი სიმძლავრის პროექტები. ჩვენი საბოლოო მიზანია ის, რომ 2025-2030 წლებისთვის საქართველო აღარ იყოს დეფიციტური ქვეყანა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დაახლოებით 10 მილიარდის ინვესტიციებთან. ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა ქვეყნისათვის, მაგრამ ეს არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ ეკონომიკურად“.

კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლები. საინვესტიციო კომპანია „შულც გლობალ ინვესტმენტის“ (კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიოს ყველაზე დინამიურად განვითარებად ბაზრებზე აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და კავკასიაში) მმართველი დირექტორი მიხეილ ნიბლაძე: „მიგვაჩნია, რომ საქართველოში არის ბიზნესის მხარდაჭერადი კარგი საინვესტიციო კლიმატი და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჰიდროენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობებს ქვეყანაში. მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვახორციელოთ ინვესტიციები მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, რომლის საექსპორტო სტრატეგია ფოკუსირებული იქნება თურქეთზე და არა რუსეთზე. რადგან თურქეთი არის ყველაზე ოპტიმალური საექსპორტო ბაზარი პოლიტიკური სტაბილურობის, ფასისა და სეზონური მდგომარეობის თვალსაზრისით“.

კონფერენციის ერთ-ერთი სპონსორი კომპანია „ადრიც ჰიდროს“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ვიცე-პრეზიდენტ ნორბერტ შვარცის განცხადებით, კომპანია საქართველოში, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყანაში, ბევრ სექტორში შეიმჩნევა გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი ჰიდრორესურსებში. „ანდრის ჰიდრო“ არის გლობალური მომწოდებელი ელექტრომექანიკური სისტემებისა და მომსახურების ჰიდროელექტროსადგურებისთვის.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა კიდევ ერთი სპონსორი კომპანიის „ვოიც ჰიდროს“ პროექტების მენეჯერმა ერნსტ ბრუკნერმა. კონფერენციის დასასრულს გაიმართა სადისკუსიო პანელი, რომლის დროსაც დარგის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები, მათი განხორციელების გზები და ენერგეტიკის სექტორისთვის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს დარგის სპეციალისტებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა. დისკუსია წარიმართა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თემურ გოჩიტაშვილის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის“ წარმომადგენლის პროფესორ მურმან მარგველაშვილის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ემზარ ჯგერენაიას და ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რევაზ არველაძის მონაწილეობით.

4

დისკუსიის მონაწილეებმა ენერგეტიკის სექტორში რეფორმების აუცილებლობასა და ასოცირების ხელშეკრულების გავლენებზე ისაუბრეს. მურმან მარგველაშვილი: „რეფორმების საჭიროება და აუცილებლობა არის ნებისმიერი ქვეყნისთვის აქტუალური თემა განვითარების ყველა ეტაპზე, მაგრამ ჩვენთან ახლა ამის განსაკუთრებული აუცილებლობა დგას უკვე მრავალი წელია. მაგალითად, საქართველოში მოხმარებული ყველაზე დიდი ენერგო რესურსი არის შეშა, რომელიც საერთოდ არის გამოტოვებული ყველა ენერგეტიკულ პოლიტიკას, სტრატეგიასა და კანონმდებლობიდან. ამ დროს ის შეადგენს ჩვენი ენერგეტიკული გამომუშავების ნახევარს. რატომ? იმიტომ, რომ არ გვაქვს ენერგეტიკის კანონი, რომელიც დაავალებს ერთ უწყებას შეხედოს ენერგეტიკას, როგორც ერთიანობას და იზრუნოს მთელი ქვეყნის ენერგეტიკულ მომარაგებაზე. საკანონმდებლო ბაზა საჭიროებს ბევრ ცვლილებას. საქართველოში, კანონდებლობის უკიდურესი უხარისხობის უამრავი მაგალითი გვხვდება. ძირითადი რეგულირება ამ სექტორში დაახლოებით ფოლკლორის დონეზე ხდება, მასში ერთმანეთის საწინააღმდეგო უამრავი დებულებაა, რაც ინტერპრეტაციას საჭიროებს. ასეთ კანონმდებლობას მივყავართ ინვესტიციების იმ ხარისხთან, რაც სქართველოში ხორციელდება, შესაბამისი უწყებების მუშაობის ხარისხს და ა.შ. ამავე დროს, ქვეყანაში არ არის ენერგოეფექტურობის კანონი, არ არის განახლებადი ენერგიის კანონი“.

დავით მირცხულავა: „2008 წელს გამზადებული იყო ეს კანონი და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იღებს ქვეყანა ამ კანონს – ის ეკონომიკის სამინისტროში შევიდა და გაჩერდა. რატომ ხდება, რომ ენერგოეფექტურობის კანონი არ არის ქვეყანაში მიღებული?“

ემზარ ჯგერენაია: „ამ კანონის ანტი-ლობირებას ჰყავს თავისი ავტორები. როდესაც მშენებელთა ჯგუფი ამ კანონის მიღების დროს შევიდა მთავრობაში და უთხრეს, რამდენად გაძვირდებოდა კვადრატული მეტრი მშენებლობა, საკმარისი იყო იმისათვის, რომ გაეჩერებინათ ეს კანონი. მინდა გამოვეხმაურო თემას – რატომ აქვს რეფორმას პრობლემა საქართველოში? პირველ რიგში, სიტყვა „რეფორმას“ აქვს პრობლემა. მოქალაქეები ნიჰილმიზმში გადავარდნენ, ჩვენ ყველაფერს რეფორმა დავარქვით. ყველაზე მწვავე პრობლემად ის მიმაჩნია, რომ მოსახლეობამ და არამარტო მოსახლეობამ, არ იცის სიტყვა „რეფორმის“ მნიშვნელობა. ამ სიტყვას ძალიან მივაჩვიეთ ყური და ყველაფერს რეფორმა დავარქვით. დღეს, ქვეყანაში, ადგილი არ უნდა იყოს, სადაც რეფორმა არ გატარებულა. ორი რამ გვაქვს – სულ გვესმის სიტყვა „სტრატეგია“, რომელიც ცალკე აღებული თეორიული პოსტულატების ერთობლიობა გახდა და რეფორმა გახდა ყოველდღიური გამოყენების სიტყვა. შესაბამისად, მოსახლეობა ნიჰილიზმშია გადასული, არ ჯერათ, რომ მართლა რამე შეიცვლება და მართლა რეფომა დაიწყება. ყველაფრის შედეგი ცუდი კანონია, მიუღებელი რეგლამენტები და ა.შ.“.

სფეროს სპეციალისტებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევების შესახებ, რაც საქართველოს წინაშე გასაკუთრებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დგას.