პოლ კრუგმანმა პრემიერ-მინისტრი დაარწმუნა
იაპონელმა ეკონომისტმა, ესტურო ჰონდამ, პოლ კრუგმანის ტოკიოში ვიზიტის შესახებ როდესაც გაიგო, მიხვდა, რომ ეს იყო კარგი შესაძლებლობა იაპონიისთვის გაყიდვების გადასახადებთან დაკავშირებული დებატების გასამართად.
დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, იაპონიის პრემიერ-მინისტრს შინზო ების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები – განახორციელოს თუ არა 2015 წლისათვის დაგეგმილი სამომხმარებლო გადასახადების ზრდა. როგორც შედეგებმა აჩვენა, მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ეკონომიკა, მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მასშტაბით შემცირდა საკრედიტო კრიზისის შემდეგ.
ჰონდა, იაპონელი აკადემიკოსი, რომელიც 30 წელია პრემიერ-მინისტრს იცნობს და ამჟამად მისი მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში, ცდილობდა დაერწმუნებინა პრემიერ-მინისტრი გადაედო აპრილში დაგეგმილი გადასახადების ზრდა. მან პრემიერის დასარწმუნებლად ამერიკელი ნობელიანტის კრუგმანის კვლევები გამოიყენა. „ების გადაწყვეტილება დროებით შეჩერდა – ამბობს ჰონდა – კრუგმანი მაინც კრუგმანია, ის ასეთი ძლევამოსილია – მე ამას დავარქმევდი ისტორიულ შეხვედრას.“
შეხვედრის ორგანიზება რთული იყო, მაგრამ ეს იყო შანსი, კრუგმანის საშუალებით დაერწმუნებინათ იაპონიის პრემიერ-მინისტრი არ გაეზარდა გადასახადი მომდევნო წელს.
მინისტრთა კაბინეტის გარშემო არსებულ ეკონომისტთა წრეში ჰონდას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გადასახადების ზრდა აუცილებელია, ჰონდა კი მიიჩნევს, რომ ეს დამატებითი წნეხი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში. ჰონდას შეჯახება მინისტრთა კაბინეტთანაც მოუხდა, რომელიც ასევე მომხმრეა 2015 წელს გადასახადების ზრდისა.
მაგალითისათვის, ლიბერალური დემოკრატიის პარტიის წარმომადგენელი იაპონიის ფინანსთა მინისტრი სადაკაზუ ტანიგაკი, სამომხმარებლო გადასახადის, ორეტაპიანი ზრდის მომხრეა. ცვლილების მომხრეებს არსებული 5%-იანი განაკვეთიდან სამომხმარებლო გადასახადის გაორმაგება სურთ.
იაპონიის ეკონომიკაზე საერთაშორისო აზრი რომ დიდ გავლენას ახდენს, ახალი პრაქტიკა არ არის. ჯერ კიდევ 1853 წელს მეთიუ პერი ჩავიდა ტოკიოში და დიდი გავლენა მოახდინა ეროვნული ვაჭრობის საერთაშორისო საზღვრების ლიბერალიზაციის პროცესში.
ამჯერად კი, კრუგმანის დრო იყო. 6 ნოემბერს ის შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს და იყო ძალიან პირდაპირი. „მას ჰქონდა შეკითხვები და იმედი მაქვს, მათ ამომწურავი პასუხები გავეცი“, – განაცხადა კრუგმანმა. „მე მოვუყევი მას იმ თემების შესახებ, რაზეც ვწერ. რა გავლენა მოახდინა მასზე ჩემმა საუბარმა, ჩემთვის უცნობია, მას ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
18 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილი გადასახადების ზრდა ებიმ 18 თვით გადადო. „მოხარული ვარ, როცა ვხედავ, თუ რას აკეთებენ ისინი“ – განაცხადა კრუგმანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ.
2012 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა საკადრო წმენდა ჩაატარა ეკონომიკურ გუნდში და ისეთი მრჩეველები, როგორიცაა ჰონდა, ჰამადა და იამამოტო უფრო დაიახლოვა. მათი მთავარი მიზანი ბოლო პერიოდში იაპონიის ეკონომიკის სტაგნაციის შეჩერება იყო, გადარჩენის მთავარი კომპონენტი კი დეფლაციის შეჩერებაა.
იაპონიის ამჟამინდელ მთავრობას გადასახადების ზრდის შედეგი წინა მთავრობისგან მემკვიდრეობით ერგო. 2013 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ებიმ 47 მილიარდი აშშ დოლარის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მთავარი მიზანი იყო ეკონომიკის მომზადება აპრილში სამომხმარებლო გადასახადის 3%-იანი ზრდისთვის 8%-მდე. თუმცა სტიმულირების ეს პაკეტი ვერ დაეხმარა იაპონიის მშპ-ს შემცირებას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. მშპ შემცირდა ივლისი-სექტემბრის პერიოდშიც 1.6%-ით.
მომდევნო წლის აპრილში სამომხმარებლო გადასახადის ზრდის მომდევნო ნაბიჯი 2015 წლის ოქტომბერში უნდა განხორციელებულიყო – გეგმის მიხედვით, 8%-იდან გადასახადი კიდევ 2%-ით, 10%-მდე უნდა გაზრდილიყო.
გადასახადის ზრდის მოწინააღმდეგე ეკონომისტები, ჰონდას მეთაურობით, არგუმენტების მოძებნას კრუგმანისა და სტიგლიცის ნაშრომებში ეძებდნენ, რომელმაც 1990-იან წლებში მკაცრად გააკრიტიკეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმის გამო, რომ ფინანსური კრიზისით დასუსტებულ აზიურ ქვეყნებს მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გატარების რეკომენდაციას აძლევდა.
საინტერესოა, რომ ჰონდამ შემთხვევით გაიგო კრუგმანის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ იაპონიაში, სადაც ის დედაქალაქში ორ კონფერენციაზე აპირებდა სიტყვით გამოსვლას.
გამგზავრების წინ რამდენიმე დღით ადრე კრუგმანმა New York Times-ში დაწერა, რომ „სამომხმარებლო გადასახადს მთლიანად ბიზნესი მიჰყავს უარყოფით შედეგებამდე: ტრადიციული შეხედულება, რომ მოკლევადიანი სტიმულირება შეიძლება გამყარებული იყოს სხვა ქმედებებით, რასაც ეკონომიკა საშუალოვადიან პერიოდში ფისკალურ სტაბილურობამდე მიყავს კარგად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გადასახადების ზრდა კატასტროფის ტოლფასია“.
„მე ვიცოდი, რომ კრუგმანი პრემირ-მინისტრის დასარწუნებლად დიდებული შანსი იყო, მაგრამ ვიცოდი ისიც, რომ ის ერთი შეხვედრისთვის იაპონიაში არ ჩამოვიდოდა. შემდეგ შემთხვევით გავიგე, რომ ის იაპონიაშია და მივხვდი, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა“ – იხსენებს ჰონდა.
ჰონდას მცდელობამ შედეგი გამოიღო, მან მოახერხა 20-წუთიანი შეხვედრის ორგანიზება პრემიერ-მინისტრსა და ამერიკელ ეკონომისტს შორის. თუმცა, შეხვედრა დაგეგმილზე 2-ჯერ დიდხანს გაგრძელდა.
„შეხვედრა კრუგმანმა ების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ქებით დაიწყო, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო იაპონიის ეკონომიკის 15-წლიანი დეფლაციიდან გამოყვანა – ყვება ჰონდა – ერთადერთი პრობლემა იყო გაყიდვების გადასახადი, თქვა კრუგმანმა“. როგორც ჰონდა აცხადებს, შეხვედრის დასასრულს ის უკვე დარწმუნებული იყო, რომ იაპონის პრემიერ-მინისტრი გადასახადების ზრდას გადაავადებდა.
კრუგმანთან შეხვედრის დეტალებზე თვითონ იაპონიის პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. „მან თქვა, რომ ჩვენ წინდახედულები უნდა ვიყთ გადასახადების ზრდის დროს. თუ შეცდომას დავუშვებთ, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. მან თქვა, რომ თუ გადასახადებს გავზრდით, გაგვიჭირდება დეფლაციიდან გამოსვლა და ეკონომიკის გადარჩენა. ეს იყო შეხვედრის ძირითადი საკითხი“, – გადაცხადა ებიმ.
რაც შეეხება იაპონიის ახალ გეგმას, გაზარდოს გადასახადი 2017 წელს, ამის შესახებ კრუგმანმა განაცხადა: „მე მესმის, რომ გარკვეულწილად მათ სჭირდებათ შემოსავლების ზრდა. პირადად მე, არ დავთქვამდი კონკრეტულ თარიღს და უპირატესობას მივანიჭებდი პირობით გადადებას – მაგალითად, გავზრდიდი გადასახადს, როდესაც ინფლაცია 2%-იან ნიშნულს გაუთანაბრდებოდა. მაგრამ ვხვდები, რომ იაპონიის შემთხვევაში ეს არ არის მოსალოდნელი.