ევროზონის ეკონომიკის ახალი საფრთხე

ევროპაში ეკონომიკური ვარდნის რისკები სულ უფრო იზრდება. ნოემბერში, ევროზონის შესყიდევბის მენეჯერების ინდექსი, PMI, 51.4-მდე დაეცა, რაც ბოლოს 1.5 წელიწადში ყველაზე უარესი მაჩვენებელია. ყველაზე სუსტი რგოლია მრეწველობა: ევროზონის სამრეწველო PMI საშუალოდ 50,4-მდე შემცირდა. ნიშნული 50 კრიტიკულად ითვლება – როცა ინდექსი მასზე ქვევით ჩამოდის, ითვლება, რომ სფეროში ვარდნაა. დიდია იმის ალბათობა, რომ მიმდინარე კვარტალს რეგიონის ეკონომიკა უარყოფითი ნიშნულით დაასრულებს.

2014 წლის მესამე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა მხოლოდ 0.6%-ით გაიზრდა. ზრდის ასეთი დაბალი ტემპი კრიზისისაგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქყვეყნების ბრალი ამ შემთხვევაში ნაკლებადაა – საბერძნეთის ეკონომიკა გაიზარდა ყველა სხვა ევროზონის ქვეყნის ეკონომიკაზე მეტად. საბერძნეთის ეკონომიკამ, 6-წლიანი რეცესიის შემდეგ ზრდა დაიწყო. ევროკომისიის ექსპერტების აზრით, წლევანდელი წელი ქვეყნის ეკონომიკისთვის გარდამტეხი იქნება. წელს საბერძნეთის ეკონომიკა 0.6 პროცენტით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს 3-პროცენტიან ზრდას ვარაუდობენ. Elstat-ის მიხედვით (ბერძნული სტატისტიკის სამსახური), საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით მესამე კვარტლისათვის 1.7%-ით გაიზარდა.
ასევე უმჯობესდება ესპანეთისა და ირლანდიის ეკონომიკა. ზრდის დაბალი ტემპი უფრო მეტად განსაზღვრა ევროზონის ძირითადმა ქვეყნებმა, რომელთა ეკონომიკები დასუსტებულია – განსაკუთრებით ეს ეხება ევროზონის ყველაზე დიდ ეკონომიკას, გერმანიას.

გერმანიის ეკონომიკა მესამე კვარტალში მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა, იგივე იყო მეორე კვარტლის ზრდაც. გერმანიაში ნოემბერში სამრეწველო აქტივობის ინდექსი 50 პუნქტამდე ჩამოვიდა, ხოლო საფრანგეთში – 48 პუნქტამდე.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბოლო დროს ხშირად ხდება საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი. „გერმანიამ უნდა გააკეთოს მეტი იმისთვის, რომ მოახდინოს შიდა მოხმარებისა და ინვესტიციების ზრდა, იმისათვის, რომ ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდის ტემპებს მიაღწიოს“ – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები. ეს ასევე დაეხმარება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი და იტალია, რომლებიც ახლა სტრუქტურულ რეფორმებს ატარებენ. უფრო მაღალი იმპორტი ასევე შეამცირებს გერმანიის მიმდინარე ბალანსს, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში და წონასწორობის დარღვევის მიზეზი ხდება ევროპასა და მის გარეთ.

სპეციალისტთა შეფასებით, მოთხოვნის სტიმულირება გამოიწვევს ფასების ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ევროზონაში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას. ოქტომბერში ევროზონაში 0.4%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაშინ როცა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებელი 2%-ია.

მკაცრი მოთხოვნები გერმანიის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ქვეყნის შიგნითაც ისმის. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი, მაიკლ ფრეტჩერი აღნიშნავს, რომ გერმანიამ საკუთარ საქონელში ინვესტირება უნდა გაზარდოს. მისი შეფასებით, ქვეყნის წინა პერიოდის წარმატება იყო „ილუზია“, რომელიც მოიტანა გადაჭარბებულმა ინვესტიციებმა ყველაფერში გზებიდან დაწყებული, განათლებითა და ქარხნებით დამთავრებული. ამის საპასუხოდ, ვოლფგანგ შაბლემ, ფინანსთა მინისტრმა, გააკეთა განცხადება, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა დამატებით 10 მილიარდი ევროს ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს 2016-2018 წლებში გზებსა და ხიდებში. 2016 წლამდე კი გერმანიის მთავრობას იმავე პროქტებში 5 მილიარდი ევროს ინვესტირების გეგმაც აქვს. ეს მშპ-ს მხოლოდ 0.1%-ია, რაც უფრო მეტად სიმბოლურია, ვიდრე არსებითი. გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მთავარი სამიზნე მაჩვენებელი არის „შავი ზერო“: ბიუჯეტის დაბალანსება 2015 წლიდან.

მაგრამ ბევრი გერმანელი ეკონომისტი, მაგალითად, ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი კრისტოფერ შმიდტი, რომელიც არის გერმანიის მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი, აღნიშნავს, რომ „შავი ზეროს პოლიტიკა გაფეტიშებული არ უნდა იყოს“. გერმანიის მუნიციპალურმა მთავრობებმა უნდა გაზარდონ საჯარო ინვესტიციების მოცულობა, მაგრამ მისი შეფასებით, დიდი პრობლემაა ის, რომ კერძო ინვესტიციების დონე დაბალია. ისეთი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, მთავრობას არ შეუძლია მიუთითოს კომპანიებს, მოახდინონ უფრო მეტი ინვესტირება ქვეყნის შიგნით, ვიდრე ქვეყნის გარეთ. „თუ გერმანული კომპანიები ინვესტირებას სხვაგან არჩევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკაში რაღაც არ მუშაობს და მათთვის უფრო მეტად ეფექტიანი სხვა რომელიმე ქვეყნაში ინვესტირებაა“- აცხადებს შმიდტი.

გერმანიის ბიზნესი კი შეშფოთებულია იმის გამო, რომ სახელმწიფო საპენსიო დანახარჯები იზრდება, მოსახლეობის უფრო მეტად დაბერებისა და სამუშაო ძალის შემცირების პირობებში.

მწარმოებლები ასევე უარყოფითად აფასებენ მინიმალური ხელფასის გაზრდილ ზღვარს, რომელიც გერმანიაში საათში 8.50 ევროთი განისაზღვრა. „მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯით მთავრობა შიდა მოთხოვნის ზრდას ელის, მას სხვა ეფექტიც ექნება – ბევრი დასაქმებული უბრალოდ დაკარგავს სამუშაო ადგილს“ – მიიჩნევს შმიდტი. კიდევ ერთი პრობლემა ბიზნესისთვის არის გერმანიის მთავრობის ენერგო პოლიტიკა, მზისა და ქარის ენერგიის სუბსიდირება და ბირთვულ ენერგიის მოხმარების შემცირება. ეს პოლიტიკა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიების ენერგო დანახარჯებს.

განსხვავება უცხოელ და გერმანელ ეკონომისტებს შორის, რომლებიც ეკონომიკის უფრო მეტი სტიმულირების მომხრენი არიან, ფილოსოფიურ შეხედულებებშია. ანგლო-საქსი ეკონომისტები გერმანიისა და ევროპის ეკონომიკის მთავარ პრობლემად მოთხოვნის შემცირებას მიიჩნევენ.

evrozona-maka

გერმანელი ეკონომისტების უმეტესობა კი ასე არ ფიქრობს. „ჩვენთან არ არის კეინსიანური კრიზისი, ასე რომ, კეინსის თეორიები არ იმუშავებს“ – ამბობს ჰანს ვერნერი, გერმანელი ეკონომისტი. ადგილობრივი ეკონომისტები პრობლემას ეკონომიკის „წესრიგში“ ხედავენ და ოუკენის თეორიებს იშველიებენ.
„პრაქტიკაში, ამბობს შმიდტი, დიქოტომია არის გაზვიადებული. ჩვენ არ უარვყოფთ კეინსიანიზმს, როცა ის შესაბამისობაშია რეალობასთან, მაგალითად, როგორც ეს იყო 2009 წელს, როდესაც გერმანიამ მოთხოვნის შემცირებას დიდ სტიმულირებით უპასუხა“ – აცხადებენ გერმანელი ეკონომისტები – კეინსიანიზმი არ არის პასუხი, ის რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება არის სტრუქტურული რეფორმები კრიზისით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში“.

მათი შეფასებით, დაბალი ინფლაცია გერმანიაში არის ნიშანი ეკონომიკის სისუსტის და პერიფერიული ქვეყნებში არსებული ვითარების. რეფორმების საბოლოო მიზანი უნდა იყოს უფრო დაბალი ფასები ევროზონის სამხრეთში ჩრდილოეთის ქვეყნებთან შედარებით, იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს დაბალ პროდუქტიულობას.
სპეციალისტთა რეკომენდაციით, გერმანიის სამიზნე მაჩვენებელი მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა იყოს 5% ან მსგავსი დონის დეფლაცია სამხრეთის ქვეყნებში, ან ამ ორივე მაჩვენებლის კომბინაცია.

დღეს კი რეალობა ისაა, რომ გერმანიის ეკონომიკა ყველა მიმართულებით ცუდ შედეგებს აჩვენებს. გერმანიაში ხელფასების საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ მცირედით მეტად იზრდება ევროზონის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. 2013 წელს ზრდამ 2.% შეადგინა, 2014 წლის პირველ ნახევარში კი 1.7%, ევროზონის იგივე მაჩვენებლები კი შესაბამისად 1.2% და 0.7% იყო.

რაც შეეხება, ზოგადად მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ ვითარებას შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა გრძელდება, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ნახევარი წლის წინ ჩანდა.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ (OECD), ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, მაისში გამოქვეყნებულთან შედარებით შეამცირა: OECD-ის აზრით, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 3.3%-ით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს – 3.7%-ით.

ზრდის დრაივერები იქნებიან აშშ და დიდი ბრიტანეთი, ხოლო იაპონიისგან და ევროზონისგან OECD გარღვევას არ ელის. ევროზონის ქვეყნების ეკონომიკა წელს 0.8%-ით გაიზრდება. ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირების ტენდენციის შენარჩუნებას ელიან ექსპერტები ჩინეთშიც. რაც შეეხება ინდოეთს, სპეციალისტები მისი ეკონომიის ზრდას ელოდებიან.