რუსეთ-თურქეთის სახიფათო კავშირები

პროექტი „სამხრეთის ნაკადი“ დახურულია – რუსეთის პრეზიდენტის მიერ თურქეთში ვიზიტისას 1 დეკემბერს გახმოვანებული ეს სიახლე, 12 დეკემბერს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა ოფიციალურად დაადასტურა ევროკავშირის თავმჯდომარის მოადგილე მაროშ შეფჩოვიჩთან სატელეფონო საუბრისას.
თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ არსებულ პირობებში რუსეთს არ შეუძლია გააგრძელოს პროექტის „სამხრეთის ნაკადი“ რეალიზაცია, სამაგიეროდ აშენდება ახალი გაზსადენი შავი ზღვიდან თურქეთის მიმართულებით. „იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ მივიღეთ ბულგარეთის მხრიდან თანხმობა, მიგვაჩნია, რომ რუსეთს აღარ ძალუძს ამ პროექტის რეალიზების გაგრძელება. დაიწყო ზღვაში მშენებლობა, მიადგე ბულგარეთის სანაპიროებს და გაჩერდე, ეს უბრალოდ აბსურდია“, – განაცხადა პუტინმა.

„თურქეთში გაზზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ავაშენოთ კიდევ ერთი გაზსადენის სისტემა. თუკი მიზანშეწონილად ჩაითვლება, მზად ვართ თურქეთის ტერიტორიაზე საბერძნეთის საზღვართან ე.წ. გაზის ჰაბი გავაკეთოთ სამხრეთ ევროპის მომხმარებლებისთვის“, – განაცხადა პუტინმა პრეს-კონფერენციაზე. მოსკოვი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ გაიზრდება გაზსადენის „ცისფერი ნაკადი“ საშუალებით გაზის მიწოდება 3 მილიარდი კუბური მეტრით 19 მილიარდამდე, გარდა ამისა, 1 იანვრიდან რუსეთი თურქი მომხმარებლისთვის გაზის ფასს 6%-ით შეამცირებს და მზაობას გამოთქვამს ამ პროცესის შემდგომში გაგრძელებაზეც. „გაზპრომის“ მეთაური ალექსეი მილერი არ გამორიცხავს, რომ ანკარისთვის გაზის ფასი გერმანიისას მიუახლოვდეს.

„გაზპრომმა“ და თურქულმა კომპანია Botas-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ზღვაში გაზსადენის მშენებლობის შესახებ, რომლის მოცულობაც წელიწადში 63 მილიარდი კუბური მეტრი გაზია. აქედან, 14 მილიარდი კუბური მეტრი გათვალისწინებულია თურქეთისთვის. დანარჩენის ბედი ჯერ უცნობია, სავარაუდოდ, მას ევროპა შეიძენს. შესასვლელ სადგურად გამოყენებული იქნება იგივე, რაც გათვალისწინებული იყო „სამხრეთის ნაკადისთვის“ – საკომპრესორე „რუსსკაია“. ახალ იურიდიულ პირს დააფუძნებს „გაზპრომი“, ამასთან, პროექტში შესაძლოა შევიდნენ თურქული პარტნიორებიც.

ამ გადაწყვეტილებით, რუს და ევროპელ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს საფიქრალი მიეცათ – რას ნიშნავდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება; როგორ მოახერხებენ არც თუ კეთილგანწყობილი ქვეყნები ურთერთობის დალაგებას; ჩაერთვება თუ არა თურქეთი რუსეთის თამაშში; ვინ და რა ფასად იყიდის გაზს, რომელიც გაზსადენით გაივლის?

რუსეთის გაზის სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ამ გაზს ის ქვეყნები იყიდიან, რომლებმაც უკვე გააფორმეს ხელშეკრულება რუსეთთან „სამხრეთის ნაკადის“ ფარგლებში. თუმცა, ძალიან ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა არარეალურია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მიზეზებით.
რუსული გაზის კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სერგეი ჩერნინი ფიქრობს, რომ ევროპას რუსეთის გაზის ალტერნატივა არ აქვს, რამდენადაც არც გათხევადებული გაზი და ვერც ენერგიის სხვა წყაროები ვერ მოახდენენ იმ დანაკარგების კომპენსირებას, რაც „სამხრეთ ნაკადის“ შეჩერება გამოიწვევს.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი პროექტის ერთადერთი მიზანი პარტნიორებად უფრო საიმედო ქვეყნების არჩევაა, ხოლო რესურსული ბაზა და რუსული გაზის პოტენციური მომხმარებლები იგივენი დარჩებიან. რუსი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ „სამხრეთის ნაკადი“ იყო არა პოლიტიკური, არამედ ყოველი მეტრ კუბის დონეზე გათვლილი ეკონომიკურად მომგებიანი პროექტი.

ზოგი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ჰაბიდან, რომელიც სავარაუდოდ საბერძნეთის საზღვართან მოეწყობა, რუსული გაზის გაშვება შესაძლებელი გახდება საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა წავიდეს კასპიის რეგიონის გაზი (TANAP-სა და TAP-ის ტრასებსი).

ზამთრის პირზე „სამხრეთ ნაკადის“ პროექტის გაუქმებას პუტინს ზოგიერთი თანამემამულე „ძალიან ძლიერ ნაბიჯად“ უთვლის. ისინი ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ დამატებით უნდა მოახდინოს ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზება. მათი აზრით, ამ გადაწყვეტილებამ ევროპას უნდა აჩვენოს, რომ არანაირი დივერსიფიკაცია არ იქნება და მათ შესაძლოა გაზის მიწოდებაში პრობლემა შეექმნათ. ამბობენ, რომ ეკონომიკური მოსაზრებები გაიმარჯვებს პოლიტიკურზე და დასავლეთი გაიგებს, რომ რუსული გაზის გარეშე ფონს ვერ გავლენ. თან დასძენენ, რომ უკრაინიდან გაზის ტრანზიტი მხოლოდ კიევის არასაიმედო პარტნიორობის გამო არ გართულებულა, არამედ გაზსადენის მილების ამორტიზაციის – თითქმის 80%-ის. გარდა ამისა, მიანიშნებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ და „სამხრეთის ნაკადი“ ჩაფიქრებული იყო, არა როგორც კომერციული, არამედ – უკრაინის სადამსჯელო ღონისძიება. ამ მოსაზრების მომხრეებს ეჭვი ეპარებათ, რომ „სამხრეთის ნაკადს“ კომერციული ფასეულობა ჰქონდა, რადგან მისი მშენებლობა ჯამში 70 მილიარდი დოლარი ჯდებოდა, რისი ამოღებაც თვალსაწიერ მომავალში წარმოუდგენელი იყო.
ბრიტანელი ანალიტიკოსი, ჯონ ლაფი, ჩატემ-ჰაუსის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ „სამხრეთის ნაკადის“ ირგვლივ არსებულ კონფლიქტში ყველა მხარის მოტივი ძალიან ნათელია. „თავიდან, ეს პროექტი დიდწილად პოლიტიკური იყო და არა კომერციული; მიზანი კი გამჭვირვალე – უკრაინის იზოლირება. ახლა რუსული გაზის ექსპორტის ნახევარი უკრაინის გავლით მიდის. ამიტომ, თუ ერთ მშვენიერ დღეს უკრაინა ტრანზიტიდან შემოსავლებს დაკარგავს და აღარ იქნება ევროპისთვის სტრატეგიულად საინტერესო, ეს რეგიონში ძალთა წონასწორობის თვალსაზრისით რაღაცას შეცვლის. ამიტომ, როდესაც რუსეთმა განაცხადა თავისი გადაწყვეტილებების შესახებ უკრაინასთან მიმართებაში, „სამხრეთის ნაკადთან“ დაკავშირებით ძლიერი წინააღმდეგობა გაჩნდა“. ექსპერტი სკეპტიკურად აფასებს რუსეთის შანსს, დაასრულოს თურქეთის მხრიდან ახალი მილსადენის მშენებლობა. „რუსეთი გეგმავს თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე გადაქაჩოს 63 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, მაგრამ ეს დიდძალ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. პარალელურად, რუსეთი იწყებს ჩინეთში მიმავალი საკმაოდ ძვირადღირებული მილსადენის მშენებლობას. ასე რომ, „გაზპრომს“ ბევრი გეგმა აქვს, მაგრამ მათი რეალიზება მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ პირობებში, უკიდურესად რთული იქნება“, – აცხადებს ჯონ ლაფი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინის მიერ თურქეთში გაკეთებული განცხადებები იმის ნიშანია, რომ რუსეთმა სტრატეგიის ცვლილების შესახებ გააკეთა განაცხადი – ეს არის ნავთობისა და გაზის ტრანზიტის მიმართულების გადატანა აღმოსავლეთისკენ: ჩინეთი და ახლა უკვე თურქეთი.

axali gazsadeni

Wall Street Journal-ის მიხედვით, თურქეთი, ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციიდან შეიძლება პლუსში დარჩეს. ევროპას მოაკლდება გაზის ის მოცულობა, რომელიც „სამხრეთის ნაკადით“ უნდა გადაქაჩულიყო. რაც შეეხება ბულგარეთს, პუტინის განცხადებით, ამ ქვეყანას არ გააჩნია სუვერენიტეტი, რადგან მას არ შეუძლია უარი თქვას ევროპის მიერ თავსმოხვეულ პოლიტიკაზე და ქარს გაატანოს 400 მილიონი ევრო, რომელსაც მას გაზის ტრანზიტი მოუტანდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ანკარისთვის მოვლენათა ასეთი განვითარება სავსებით მისაღები იყო: თურქეთის ხელისუფლება დიდი ხანია ფიქრობს თავის ქვეყნის ტრანზიტულ ზონად ქცევას ევროპაში გაზის მისაწოდებლად. ადრე არსებობდა „ნაბუკოს“ მშენებლობის შესაძლებლობა, მაგრამ რუსეთის ნეგატიური რეაქციის გამო, საბოლოო ჯამში, ევროპამ მასზე უარი თქვა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „ნაბუკოს“, რუსეთის გარდა, სხვა პრობლემებიც ჰქონდა. თავის მხრივ, ირანიც ცდილობდა თურქეთის გავლით გაზი ევროპისთვის მიეწოდებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ტექნიკურ პრობლემას. ახლა კი ამ შეთავაზებას, მიმომხილველები თურქეთისთვის საკმაოდ მიმზიდველად აფასებენ.

რაც შეეხება რუსეთს, ანალიტიკოსების აზრით, ეს მარშრუტი ბულგარეთის მიმართულებასთან შედარებით ბევრად წამგებიანია, ესეც რომ არა, „გაზპრომმა“ „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობისთვის უკვე ჩადო 4 მილიარდ 660 მილიონი დოლარი, რომელიც უკვე დაკარგულია. გარდა ამისა, ბულგარეთი თურქეთთან შედარებით რუსეთისთვის უფრო კომფორტული პარტნიორი იქნებოდა – ეს არის პატარა სახელმწიფო, რომელსაც რუსეთი გაზის მიწოდებით თავის მოკავშირედ გადააქცევდა. როგორც ამბობენ, დასავლეთმა თავისი ბერკეტები გამოიყენა: ივნისში ბულგარეთში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები სტუმრობდნენ და ძალიან მალე ბულგარეთის ახალმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თავის ტერიტორიაზე პროექტის რეალიზება შეეჩერებინა. თავის მხრივ, იტალიამაც განაცხადა, რომ „სამხრეთის ნაკადი“ მისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ბულგარეთი გაზისთვის, ალბათ, ყველაზე ძვირს – ათას კუბურ მეტრზე 500 დოლარს – იხდის.

Financial Times-ის ინფორმაციის მიხედვით, რუსეთმა მშენებლობაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ „გაზპრომმა“ ვერ შეძლო დასავლელი კრედიტორების მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაც სანქციებს უკავშირდება. გარდა ამისა, ევროკავშირის მკაცრი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გამო „სამხრეთის ნაკადი“ რუსეთისთვის არამიმზიდველი გახდა, მხედველობაშია ის პირობები, რომელსაც „მესამე ენერგეტიკული პაკეტი“ ითვალისწინებს. აკრძალვა შეეხება ერთი და იგივე კომპანიის მიერ ერთდროულად გაზის მიწოდებასა და ტრანსპორტირებას.

ზოგიერთი ევროპელი ექსპერტი ფიქრობს, რომ პუტინის მხრიდან პროექტზე უარის თქმა ბლეფია და ამით ბრიუსელისგან ანტიმონოპოლიური რეჟიმის შერბილების მიღებას ცდილობს. ევროკომისიაში ვარაუდობენ, რომ დღეს რუსეთს არ შეუძლია თავს უფლება მისცეს სახსრების უქონლობის გამო პროექტი გააგრძელოს. გარდა ამისა, როგორც გამოცემა EU Observer წერს, კრემლმა უარი თქვა გაზსადენის მშენებლობაზე, რადგან უკრაინაში ომის გამო, მიღწეულ იქნა პროექტის მთავარი მიზანი – უკრაინის დესტაბილიზაცია.

ცალკე საუბრის თემაა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები: თურქეთი რუსული რესურსებისთვის მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარია – მეორე გერმანიის შემდეგ, თურქეთში რუსული ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილიც ხვდება. ასევე: ხე-ტყე, ხორბალი. ხოლო რუსეთი მოიხმარს თურქული წარმოშობის სამრეწველო საქონელს, ტექსტილის ნაწარმს. სავაჭრო ბალანსი რუსეთის სასარგებლოდაა – თურქეთს რუსეთი მიაწვდის 25 მილიარდი დოლარის პროდუქციას, ხოლო პირიქით – მხოლოდ 7 მილიარდისას იღებს.

პუტინმა თურქეთში ვიზიტისას ასევე განაცხადა, რომ ის თურქეთთან საქონელბრუნვის გაზრდას გეგმავს 2020 წლისთვის 100 მილიარდ დოლარამდე. ამასთან დაკავშირებით მიმომხილველებმა საბაჟო კავშირის გაფართოების გეგმები გაიხსენეს. გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით, თურქეთს მარტივი ურთიერთობა არ აქვს ევროკავშირთან – ორი ქვეყანა, რომელიც არ შეუშვეს ევროკავშირში ან არ მოისურვეს ევროკავშირში შესვლა, ახლა ერთმანეთთან ალაგებენ ურთიერთობას. ევროპასთან დალაგებული ურთიერთობის შემთხვევაში, „მეგობრობა“ ასეთი ნაჩქარევი არ იქნებოდა.
რუსეთისთვის ბოლო 20 წელი ევროკავშირი და აშშ მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები იყვნენ, ხოლო თურქეთისთვის ბოლო 70 წელი, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არც ერთ ქვეყანას დასავლეთი „თავისიანად“ არ მიიჩნევს. ამიტომ არ გამორიცხავენ ანალიტიკოსები, რომ ორმა სახელმწიფომ ურთიერთობა თავიანთი წესებით, სხვა სიბრტყეზე გადაიტანონ.

დღეს უთანხმოების მთავარი თემა – სირიაა. თურქეთი ამბობს, რომ ანკარისთვის მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი ასადის რეჟიმის განდევნაა, გარდა ამისა, 2011 წელს, ახლო აღმოსავლეთში თურქეთმა მხარი დაუჭირა რევოლუციას. ერთადერთი, რაზედაც მხარეებმა შეძლეს შეთანხმება, ის არის, რომ აღიარეს პრობლემების არსებობა და მათი მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობა.

gazsadenebi

თუმცა, როგორი მიმზიდველიც უნდა ჩანდეს თანამშრომლობის შესახებ შეთავაზებული წინადადება, თურქეთს კარგად დაფიქრება მართებს. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ თურქეთი საფუძვლიანად აწონის რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოწვეულ მოგებასა და დანაკარგებს. ევროკავშირი თურქეთის ნომერ პირვეილ სავაჭრო პარტნიორია. საერთაშორისო ვაჭრობის 50%-ზე მეტი ევროკავშირზე მოდის. რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თურქეთის ინტერესები ევროპაში ძალიან სერიოზულია და თურქეთი არ გარისკავს. თურქები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ევროპული საქონლის ჩანაცვლებას რუსეთის ბაზარზე, რაც ემბარგოს დაკისრებამ გამოიწვია. ამიტომ თურქები ახლაც შეეცდებიან ბალანსის დაცვას, რომ ჯამში ძვირის გადახდამ არ მოუწიოთ იმ კონიუნქტურული მოგებიდან, რასაც მოცემული სიტუაცია იძლევა.

ადრე თურქი მაღალჩინოსნები არაოფიციალურად აცხადებდნენ, რომ რუსულმა წინადადებამ არ უნდა შეუშალოს ხელი გაზსადენის დაგეგმილ მშენებლობას აზერბაიჯანიდან, რომელშიც თურქეთს თავის წილი აქვს და რომ ანკარაში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ახალი გაზსადენის მშენებლობას, რადგან ამან შესაძლოა გაზარდოს რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი.

თანაც, თურქეთი არ გეგმავას რუსთიდან გაზსადენის ზღვის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებას, თუმცა მზად არის თავის თავზე აიღოს ხმელეთზე მოსაწყობი სამუშაოების ხარჯები. „ჩვენ გავიანგარიშებთ საკუთარ ხარჯებს მილის იმ მონაკვეთისთვის, რომელიც ფრაკიაზე (თურქეთის ევროპული ნაწილი) გაივლის. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამ პროექტის ერთობლივი რეალიზაციის კამპანიაზე. ჯერ ჩვენ არ გვაქვს არანაირი იდეა მილსადენის ზღვის მონაკვეთის ღირებულებაზე, რადგანაც არ ვართ ამ ნაწილის მშენებლობის მონაწილეები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ ილდიზმა.

„ჩვენ განვიხილავთ და შევაფასებთ ვლადიმირ პუტინის წინადადებას ახალი გაზსადენის მშენებლობის შესახებ თურქეთის გავლით. თუმცა, თურქეთისთვის პრიორიტეტად რჩება პროექტი TANAP“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოვლუდ ჩავუშოღლუმ. მისი სიტყვებით, მოსკოვმა და ანკარამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს რუსეთიდან თურქეთში შავი ზღვის გავლით გაზსადენის პროექტის განხილვას „სამხრეთის ნაკადის“ ნაცვლად. „ამ განხილვების შემდეგ თურქეთი პასუხს იტყვის“, – დასძინა მან საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ანატოლიისპირა გაზსადენი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთამდე მიდის. ის გახდება „გაზის სამხრეთ კორიდორის“ ნაწილი, რომელიც ევროკავშირში დასახელდა პრიორიტეტულად „სამხრეთის ნაკადის“ დახურვის შემდეგ.

„სამხრეთის ნაკადში“ ჩართულმა ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, არ შეეცადონ რუსეთის გადარწმუნება მის პროექტში დასაბრუნებლად. ამის ნაცვლად, ევროპა აპირებს კონცენტრირება მოახდინოს ე.წ. „გაზის სამხრეთ კორიდორზე“, რომელიც მოიცავს ერთდროულად რამდნიმე გაზსადენს, რომლის საშუალებითაც ევროპა აპირებს მიიღოს კასპიისპირა გაზი. ამის შესახებ 9 დეკემბერს ევროკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე, რომელიც სწორედ „სამხრეთის ნაკადის“ პრობლემას ეძღვნებოდა. მან პირობა დადო, რომ პირველი გაზი „გაზის სამხრეთ კორიდორის“ გზით ევროპაში 2019 წლისთვის მიაღწევს.