საფასო ომი ნავთობის ბაზარზე

მაკა ღანიაშვილი

2012 წლის აპრილში, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ნიუ-იორკის St Regis Hotel-ის საფეხურზე იდგა და ამერიკელებს შემრიგებლური შეტყობინებით მიმართავდა:
„რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობას დაბრკოლებას უქმნიან ისტორიული სტერეოტიპები“ – ამბობდა იგორ სეჩინი, რუსეთის ენერგო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი. „მაგრამ ჩვენ დიდი ხანია გადავწყვიტეთ აღარ ვიყოთ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები. ახლა დროა ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდეთ“.
ამ სიტყვებით სეჩინმა ხელი მოაწერა მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას რუსეთის სახელმწიფო ნავთობ-კომპანია „როსნეფტსა“ და „ექსონმობაილს“ შორის. ამ კონტრაქტით რუსეთის დიდ ნავთობ საბადოებს გაეხსნათ კარი დასავლური ენერგო ინდუსტრიისკენ. ახლა ეს პარტნიორობა, როგორც ჩანს, უკანასკნელ დღეებს ითვლის.
რუსეთისათვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, Exxon-მა ის ათივე პროექტი გაყინა, რომელსაც როსნეფტთან ერთად ახორციელებდა. ასევე მოიქცნენ სხვა დასავლური კომპანიები, მსხვილი კორპორაციებიდან დაწყებული („შელი“, „ტოტალი“), ნავთობინდუსტრიის პატარა კომპანიებით დასრულებული, რომლებიც რუსეთს ტოვებენ.
მიზნები შორს მიმავალი იყო. სეჩინმა 2012 წელს გამოაცხადა თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც რუსეთისთვის დახმარება უნდა გაეწია ახალი ნავთობ საბადოების აღმოჩენა-განვითარებაში, ეს უნდა ყოფილიყო რუსეთის „რე-ინდუსტრიალიზაციის ხანა“.
რუსეთის ენერგო იმპერია დიდი გამოწვევის წინაშე იდგა. საბჭოთა კავშირის დროს განვითარებული ციმბირის საბადოები ძველდება, ახალი საბადოების განვითარების გარეშე (არქტიკიდან დაწყებული ციმბირის შორეული ჩრდილოეთით დამთავრებული), რუსეთის ნავთობის წარმოება მნიშვნელოვნად დაეცემოდა.
სანქციები რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ტრანსფერს ზღუდავს
ანალიტიკოსების შეფასებით, დასავლური სანქციები რუსული ნავთობის მოპოვებას დიდად შეაფერხებს და ინდუსტრიას უკან დახევს. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთისათვის დაწესებული სანქციები ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ ნიშნავს ნაკლებ ხელმისაწვდომობას დასავლეთის ფინანსურ ბაზრებზე და ასევე მოწყობილობების ექსპორტის შემცირებას. რუსეთისათვის ამ ყველაფრის შედეგები ძალიან მკაცრი იქნება: ბევრი ანალიტიკოსის ვარაუდით, მომავალ წელს მისი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რასაც გრძელვადიანი ვარდნა მოჰყვება.
„გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ზრდა იყო სტაბილური“ – ამბობს რუსული კერძო ნავთობ კომპანია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ფედანი, მაგრამ ახლა ზრდა აღარ იქნება“.

makanavtobi1
ნავთობის წამყვანი საკონსულტაციო კომპანია IHS CERA-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, რუსული ნავთობის დღიური მოპოვება დღეს არსებული 10.5 მილიონი ბარელიდან, 2025 წლისათვის დღეში 7.6 მილიონ ბარელამდე შემცირდება, თუ დასავლეთის საქნციები არ მოიხსნა რუსეთისთვის.
ნავთობის მოპოვების შემცირება მთლიანად შეცვლის რუსეთის პოლიტიკურ მომავალს, ისევე როგორც მსოფლიოს ნავთობის ბაზრის კონიუნქტურას. რუსეთის შემოსავლის ნახევარი მის ნავთობმარაგებზე მოდის (დაახლოებით 171 მილიარდი აშშ დოლარი წელიწადში), ამიტომ ნავთობის მოპოვების შემცირება, თან თუ გავითვალისწინებთ ნავთობზე ფასების შემცირებას, მნიშვნელოვნად შეაფერხებს კრემლის მიზნების განხორციელებას როგორც ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნებაში, ასევე საერთაშორისო სარბიელზე აგრესიული პოლიტიკის განხორციელებაში.
საერთაშორისო სარბიელზე კი, რუსეთის ნავთობის მიწოდების 3 მილიონი ბარელით შემცირება დღეში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ნავთობზე ფასების ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

რუსეთის ნავთობის რევოლუცია
ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლიდან 2,5 წლის შემდეგ, იგორ სეჩინმა არქტიკის წყლებთან, ხომალდის ბორტზე მდგომმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.
სეჩინმა დაასახელა ყველა ის დასავლური კომპანია, რომელიც მონაწილეობდა პროექტის განხორციელებაში, მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც სთავაზობენ მომსახურებას და აღჭურვილობას მსხვილ კომპანიებს და რომლებიც ხშირად სცენის მიღმა რჩებიან. „ეს არის ჩვენი, ყველას გამარჯვება“ – თქვა მან. მაგრამ გამარჯვება არც ისე ტკბილი იყო. სექტემბერში, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ასევე ითვალისწინებს ამ რეგიონებიდან ექსპორტის აკრძალვას რუსეთში, რაც რუსულ ნავთობპროექტების წარმატებით განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სანქციებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როსნეფტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სირთულეები შეექმნა კარის ზღვის აუზში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელუხლებელი საბადო, რომელიც შეიძლება შეიცავდეს იმდენივე ნედლ ნავთობს, რამდენიც მოიპოვება მექსიკის გალფის ყურეში.

makanavtobi2
ექსონმა შეაჩერა მისი მონაწილეობა კარის ზღვის პროექტში და ვერ შეძლებს მის გაგრძელებას, სანამ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ მოიხსნება. ექსონი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც იგივე პრობლემების წინაშე დგას. სანქციების გათვალისწინებით რუსულ კომპანიებს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა სხვა კომპანიებთანაც გაუჭირდება.
როსნეფტმა ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების შემცირებისა და მსოფლიო ბაზრებზე ფასების ვარდნის გამო, მისი მოგება მესამე კვარტალში რადიკალურად შემცირდა. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ისინი ექსონთან ერთად ან ექსონის გარეშე, გააგრძელებენ კარის ზღვის პროექტს. სპეციალისტთა უმეტესობა სკეპტიკურადაა განწყობილი. რამდენიმე პროექტი უკვე დახურულია გაურკვეველი პერიოდით.
ახალი საბადოების ათვისებითა და ნავთობის მოპოვების გაზრდით კრემლი იმედოვნებდა, რომ რუსეთი გაიმეორებდა აშშ-ის ნავთობის რევოლუციას, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. თეორიულიად ეს არცთუ უტოპიური მიზანი იყო: აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, რუსეთი ფლობს ყველაზე დიდ ნავთობსაბადოს 75 მილიონი ბარელი ნავთობით, Bazhenov-ის საბადოსთან ერთად, რომელიც რამდენჯერმე დიდია Bakken-ის საბადოზე, როემლიც აშშ-ის ნავთობის რევოლუციის ლოკომოტივი იყო. თუმცა რუსეთს აქვს სერიოზული დაბრკოლება – როსნეფტი Bazhenov-ის პროექტს ამერიკულ ექსონთან ერთად ახორციელებდა, ამერიკული კომპანიის მონაწილეობა კი გაყინულია რუსულ პროექტებში. იგივე ბედი ეწია სხვა რუსულ პროექტებს, რომლებიც დასავლური კომპანიების „შელისა“ და „ტოტალის“ მონაწილეობით ხორციელდებოდა „გაზპრომთან“ და „ლუკოილთან“ ერთად.

მომსახურების გარეშე
დასავლურ კომპანიებს არამარტო რუსეთის ტერიტორიაზე ოპერირება ეკრძალებათ, არამედ მოწყობილობებისა და მომსახურების ექსპორტიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბადოების დამუშავების, ნავთობის მოპოვების, მისი შეფასებისა და ქვეყნის ფარგლებს დარეთ გატანისთვის. „შენ ვეღარ შეეხები Bazhenov-ის პროექტს, ეს არის რეალობა“ – აცხადებს დასავლური ანალიტიკური კომპანიის წარმომადგენელი რუსეთში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსული ოცნება დღეში 440 000 ბარელი ნავთობის მოპოვების შესახებ 2020 წლისთვის უტოპიას ემსგავსება.
ზოგიერთ რუსულ კომპანიას სჯერა, რომ ისინი დასავლური კომპანიების დახმარების გარეშეც შეძლებენ ნავთობის მარაგების ათვისებას. მაგრამ რუსეთში ცოტაა მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, რომლებიც გახდნენ აშშ-ის ნავთობის რევოლუციის ძირითადი კატალიზატორი. ჩრდილოეთ დაკოტაში ნავთობის მოპოვების ბუმი, სპეციალისტთა შეფასებით, მცირე კომპანიების მონაწილეობის გარეშე ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა.

makanavtobi4
სანქციების გავლენა ძალიან მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში – რუსეთში თანამედროვე მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების იმპორტი შეზღუდულია. „ეს მხოლოდ იმას არ ეხება, რაც სანქციებში წერია, საუბარია მთლიან ატმოსფეროზე, რომელსაც ეს სანქციები რუსეთის გარშემო ქმნის“ – აცხადებენ სპეციალისტები.
რუსულ ენერგო სექტორში ჯაჭვური რეაქცია დაიწყო – კომპანიებს, რომლებიც ბურღვით სამუშაოებს ატარებენ, მიყვნენ ის დასავლური კომპანიები, რომლებიც სხვა სახის სამუშოებით იყვნენ დაკავებულნი, მათ შორის ანალიტიკური კომპანიები, მომსახურების მიმწოდებელი ფირმები და სხვა.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე ტექნოლოგიურად რთული პროექტების განხორციელების 50%-ზე მეტი დასავლურ კომპანიაზე მოდის, მათ შორის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Schlumberger, Halliburton და Baker Hughes. ამასთანავე, ოფშორებში რუსული პროეტქების 80%-ზე მეტის შემსრულებლები არარუსული კომპანიები არიან. რუსეთის ბევრი ნავთობსაბადო ტექნოლოგიურად რთული დასამუშავებელია, ამიტომაც რუსული კომპანიები დასავლურ პარტნიორებს ხშირად მიმართავდნენ თანამშრომლობისთის.

არამყარი სექტორი
„ლუკოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვაგიკ ალეკპეტროვნამ, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს ცოტა ხნის წინ განუცხადა, რომ რუსლული ნავთობმოპოვების 25% უცხოური კომპანიების მომსახურებაზე მოდის. „ეს პირველი ფაქტორია, რაც გავლენას მოახდენს რუსულ ენერგო სექტორზე“ – განაცხადა ლუკოილის ხელმძღვანელმა. მათ უკვე ღიად დაიწყეს რუსული ბაზრის დატოვება და კონტრაქტების გაყინვა. სპეციალისტების შეფასებით, იმ ტექნოლოგიების დიდი ნაწილი, რომელსაც რუსულ საბადოებზე ღრმა ჭაბურღილების დასამუშავებლად იყენებენ, რუსული კომპანიებისთვის ადგილობრივ დონეზე არ არის ხელმისაწვდომი. ეს წარმოშობს ეჭვს, რომ იმ ჭაბურღილების დამუშავებაც კი, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია, გარკვეული პერიოდის შემდეგ სათუო გახდება, როცა ტექნოლოგიური განახლება გახდება საჭირო.

makanavtobi3
„თუ ტექნოლოგიური ცვლილება გახდება საჭირო, არსებული ტექნოლოგიების ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება“ – აცხადებს ერთ-ერთი პატარა რუსული ნავთობკომპანიის წარმომადგენელი „სიტუაცია უკვე ძალიან რთულია, მაგრამ მომავალში უარესია მოსალოდნელი“. დასავლური კომპანიები იმ პროექტებიდანაც კი გადიან, რომლებსაც პირდაპირ არ ეხებათ დასავლური სანქციები, მაგალითად, კასპიის ზღვის პროექტიდან, რაც მდგომარეობას რუსებისთვის კიდევ უფრო ამძიმებს.
„იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ნავთობის მოპოვების არსებული დონე, ჩვენ უნდა გავთხაროთ არა 20 მეტრზე, როგორც ახლა ვაკეთებთ, არამედ 30 მეტრზე“, ამბობს ფედანი, „ლუკოილის“ წარმომადგენელი, „ამ სიღრმეზე თხრა კი, ჭაბურღილებზე მომუშავე ტექნოლოგიებისა და სამუშაო პერსონალის ხარისხის 60%-იან ზრდას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით კი, რომ დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში მუშაობა შეაჩერეს, ეს საეჭვო მიზანი ხდება“.
რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, რომლის მოცულობაც 83 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, და ძირითადად შექმნილია ქვეყნის სახელმწიფო საპენსიო სისტემის დასაფინანსებლად, ძირითადად ფორმირებულია ნავთობის კომპანიების შენატანებით. ამ დროს მათ თვითონ სჭირდებათ დახმარება და ითხოვენ თანხებს სახელმწიფოსგან. მხოლოდ „როსნეფტმა“ მთავრობას 48 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება სთხოვა, როგორც კრემლში ცახადებენ, კომპანია დაფინანსებას მიიღებს, მაგრამ ეს დაფინანსება მის მიერ მოთხოვნილ თანხაზე ბევრად ნაკლები იქნება.
ბევრი ახლა რუსეთში საბჭოთა დროინდელ ენერგოინდუსტრიას ნოსტალგიით იხსენებს. 1980-იან წლებში რუსეთი ნავთობის მოპოვების 100 პროცენტს საკუთარი მოწყობილობებით მოიპოვებდა. ახლა კი დასავლური მოწყობილობების ჩანაცვლებას კოლოსალური თანხები სჭირდება. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, რუსეთს ერთი გამოსავალი რჩება, საკუთარი რესურსების მთლიანად ნავთობსექტორზე მიმართოს და შეძლოს დასავლური კომპანიების სრულად ჩანაცვლება.

როგორ გაუღო სტალინმა კარები დასავლურ კომპანიებს
რუსეთის ენერგოინდუსტრიაში დასავლურ კომპანიებს კარი პირველად სტალინმა გაუღო. 1929 წელს პირველი პიონერული 5-წლიანი გეგმის შესასრულებლად ნავთობინდუსტრიის მენეჯერებმა დაიქირავეს კომპანია Conrad and Marcel Schlumberger ჩეჩნეთისა და ბაქოს ნავთობსაბადოებზე გეგმის შესასრულებლად. შვიდი ათწლეულის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წელში Schlumberger-ი იყო ერთ-ერთი პირველი დასავლური კომპანია, რომელმაც დასავლური ტექნოლოგიები ჩაიტანა რუსეთში. დღეს კი კომპანიის წარმომადგენლები, სხვა დასავლური კომპანიებთან ერთად აცხადებენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რასაც დასავლური სანქციების სამართლებრივი ჩარჩო მოითხოვს.
მოსკოვის სავაჭრო ცენტრის დირექტორის, ვლადიმერ სალამატოვის განცხადებით, რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო აღჭურვილობების იმპორტი 2001 წლიდან თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. ამ მოცულობის 57%, 1.2 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტი კი იმ ქვეყნებზე მოდის, რომელმაც რუსეთს სანქციები დაუწესა. მისი განცხადებით, ზოგიერთი მათგანის ჩანაცვლება ადვილია, მაგრამ ძირითადი მოწყობილობების ჩანაცვლება რუსეთისთვის რთული იქნება და ეს რომც მოახერხოს, ხარისხის შენარჩუნება ძალიან გაჭირდება.

რატომ მცირდება ნავთობის ფასები ასე სწრაფად და მკვეთრად
რუსეთის ეკონომიკას საფრთხეს ნავთობზე ფასების შემცირებაც უქმნის. ანალიტიკოსთა პროგნოზის მიხედვით, ნავთობის ფასი სავარაუდოდ $85-ს მახლობლად დასტაბილურდება, რადგან OPEC ამ ფასზე სავარაუდოდ ბაზარზე ექსპორტის მოცულობას გადახედავს.
ნავთობზე ფასების ვარდნის ძირითადი მიზეზი ამერიკული ნავთობმოპოვების ბუმია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს პროგნოზებით, 2015 წლისათვის აშშ-ის ნავთობმოპოვება 14%-ით გაიზრდება. ამერიკული ნავთობმოპოვების ზრდის ტემპებმა ყოველგვარ პროგნოზებს გადააჭარბა. მოპოვების ზრდის პარალელურად ნავთობზე მოთხოვნილება მცირდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ შეამცირა 2014-2015 წლების ნავთობმოხმარების პროგნოზი.
Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ექსპერტთა 58% აცხადებს, რომ რუსეთი რეცესიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცილებს, თუ Urals-ის (ციმბირისნავთობი) მარკის ნავთობის ფასი არ ჩამოსცდება $100-ს. ნავთობის ფასებმა შემცირება ივნისიდან დაიწყო. ივნისიდან მოყოლებული ნავთობზე ფასები გლობალურ ბაზარზე 29%-ითაა შემცირებული. 16 ოქტომბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 82.60 აშშ დოლარზე დაფიქსირდა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. 19 ივნისისთვის იმავე ტიპის ნავთობის ფასი 115.71 აშშ დოლარს შეადგენდა.
წლის დასაწყისში ფასები მაღალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობდა ნავთობის მოპოვების შემცირების მოლოდინი ლიბიაში, ერაყსა და ირანში განვითარებული მოვლენების გამო, რასაც რამდენიმე თვის წინ კიევის არეულობაც დაემატა. მაგრამ არეულობის მიუხედავად, ლიბიაში ივნისიდან მოყოლებული ნავთობის მოპოვება თითქმის გასამმაგდა და დღეში 9 00 000 ბარელი შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც 40%-ით დაბალია ორი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. არც ერაყში შეუშლია ხელი ომს ნავთობის წარმოების ზრდისთვის, სადაც დღეში ნავთობის მოპოვება 3.1 მილიონ ბარელს შეადგენს.
Barclays-ის ანალიტიკოსებმა ნავთობის ფასის პროგნოზი ოქტობრის თვეში მეორედ შეამცირეს – მათი პროგნოზის მიხედვით, 2015 წლის მეორე ნახევრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი საშუალოდ 93 აშშ დოლარს შეადგენს, WTI ნავთობის ფასი კი 85 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება, წინა პროგნოზის მიხედვით კი 2015 წლის საპროგნოზო ფასი 96 აშშ დოლარს შეადგენდა.
2015 წლის ფასების პროგნოზი შეამცირა Goldman Sachs Group-მაც, ბრენტის ტიპის ნავთობზე 100 აშშ დოლარიდან 85 აშშ დოლარამდე, ხოლოWTI ნავთობზე 90 აშშ დოლარიდან 75 დოლარამდე.
OPEC დიდ კონკურენციას განიცდის აშშ-ის მხრიდან, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით იმ დონეზე გაზარდა ნავთობის ადგილობრივი მოპოვება, რომ თითქმის ჩაანაცვლა იმპორტირებული ნავთობი. დღეისათვის აშშ დღეში 8.97 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1982 წლის შემდეგ.
გარდა აშშ-ის წარმოების ზრდისა, ნავთობის ფასებზე გავლენა გლობალურმა მაკროეკონომიკურმა შედეგმაც მოახდინა, რამაც განაპირობა ევროპისა და აზიის ბაზრებზე მოთხოვნის შემცირება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2015 წლისთვის 4%-დან 3.8%-მდე შეამცირა.
1 ოქტომბერს საუდის არაბეთმა შეამცირა აზიაში ექსპორტირებული ნედლი ნავთობის ფასი 5-წლიანი მინიმუმის დონეზე, მას ერაყმა და ირანმაც მიბაძეს. ანალიტიკოსები მომდევნო წელს ნავთობის ბაზარზე საფასო ომს წინასწარმეტყველებენ.