ახალი ცვლილებები ახალი კოლაფსების ასაცილებლად
მაია რაზმაძე
“საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში, შარშან ოქტომბერში მიღებულ ცვლილებებს მალე ახალი ცვლილებებიც დაემატება, რომელიც ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციული ბანკების ზედამხედველობას გააფართოებს, განამტკიცებს და, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, წინა წლების მძიმე და არასასურველ პრაქტიკას – მეანაბრეთა “ცარიელზე დატოვებას”, ფაქტობრივად, გამორიცხავს.
ამ ცვლილებების ინიციატორი ეროვნული ბანკია, რომელიც იმედოვნებს, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი კანონით ქართულ საბანკო სისტემაში სრულ წესრიგს დაამყარებს.ვანო ვახტანგიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: – ოქტომბერში, როცა ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, ბევრი კარდინალური ცვლილება განხორციელდა. ეს კანონები 1995-96 წლებში დაიწერა, მიიღეს და ბევრ საკანონმდებლო აქტთან შეუსაბამობაში იყო. ამ ცვლილებებით კი შესაბამისობაში მოვიდა მათთან. შედეგად, უფრო გამკაცრდა ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციული ბანკების საზედამხედველო სისტემა და განმტკიცდა საფუძველი იმისათვის, რომ საბანკო სისტემა მდგრადი იყოს და უკეთ განვითარდეს.
მაშინ პარლამენტში წინააღმდეგობა შეგვხვდა, ბანკის ადმისტრატორებისა და მფლობელების შესაბამისობის კრიტერიუმების საკითხთან დაკავშირებით. ოქტომბერში კომერციული ბანკების შესახებ კანონის მე-10 მუხლში შესაბამისობის კრიტერიუმებსა და მფლობელების შესახებ გავიტანეთ გადაწყვეტილება, რომ 5%-ისა და მეტი წილის მფლობელი ან კომერციული ბანკის დამფუძნებელი არ აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის ცალკეულ მოთხოვნებს, დაკარგავს ხმის უფლებას. ამით, გვინდა, რომ მფლობელების ინსტიტუტი უფრო გამჭვირვალე გახდეს, კანონშესაბამისი იყოს და, რაც მთავარია, მოპარული ან ე.წ. “შავი ფული” არ გახდეს საბანკო სისტემის შემადგენელი ნაწილი, დაფუძნების თვალსაზრისით. თუ მსგავს შემთხვევას ადგილი ექნება, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 5%-ზე მეტი წილის მფლობელი ხმას დაკარგავს. ჩვენ საერთო აკრძალვაზე გვინდოდა აქცენტის გაკეთება, მაგრამ იურისტები შემოგვედავნენ, რომ მფლობელობის უფლების ჩამორთმევა არ შეგვიძლია, რადგან ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული.
მფლობელების და ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმში საუბარია ხუთ პუნქტზე. ადმინისტრატორები ანუ საზედამხედველო საბჭოს წევრები და 5%-ზე მეტი წილის მფლობელები ბანკის დაფუძნების, მისი მენეჯმენტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მოპარული და “შავი” ფული ბანკის საწესდებო კაპიტალში არ უნდა იყოს. გარდა ამისა, საზედამხედველო საბჭოში ადმინისტრატორად არ შეიძლება პიროვნების არჩევა, თუ ის ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულებებისათვის. ამ პუნქტებში მითითებულია, რა დანაშაულზეა საუბარი: 1) მონაწილეობა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას, რომლის შედეგად შეილახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების, დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; 2) კომერციულ ბანკში ან არასაბანკო, სადეპოზიტო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება; 3) წარსულში იყო კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება გადახდისუუნარო გახდა; 4) კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ არ შეასრულა ერთი ან მეტი ფინანსური ვალდებულება; 5) გამოცხადებულია გაკოტრებულად, ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულებისათვის და არა აქვს ნასამართლეობა გაქარწყლებული ან მასზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები.
ასე რომ, მომავალში კომერციული ბანკის დარეგისტრირებისას ჩვენ ძალზე სკურპულოზურად გადავამოწმებთ მის დამფუძნებლებს, ფულის წყაროებს, წარმომავლობას და მხოლოდ ამის შემდეგ მივცემთ უფლებას ბანკის ლიცენზირებისათვის. როცა ბანკი დაცული იქნება ასეთი საფრთხისაგან, ბუნებრივია, საბანკო სისტემაც მდგრადი იქნება და ურთიერთობა აღარ გვექნება აფერისტებთან, საფრთხის ქვეშ აღარ აღმოჩნდება იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთა თანხები, რომელიც იქ განთავსდება. ეს ძალზე სერიოზული, მნიშვნელოვანი ცვლილებაა. კანონმდებლობაში ასეთი ცვლილებების მიღებით ჩვენ ცივილიზებული საბანკო სისტემის უმაღლეს საფეხურზე დავდექით. ამგვარი კანონმდებლობა მოქმედებს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის კიდევ ბევრ ქვეყანაში,პოსტსაბჭოური სივრციდან – უკრაინასა და ყაზახეთში.
რა მექანიზმია ჩადებული ამ ცვლილებების სრულად ამუშავებისათვის?
მექანიზმზე დიდი ბრძოლა გაიმართა. პარლამენტართა ერთი ჯგუფი ითხოვდა, რომ აღნიშნული შესაბამისობების კრიტერიუმების აღსრულების მექანიზმში ჩადებული ყოფილიყო პუნქტი, რომ ეროვნული ბანკი არ ყოფილიყო ამ კრიტერიუმების ზედამხედველი და ეს ფუნქცია სხვა საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივა გამხდარიყო, კერძოდ, სასამართლოსი. სასამართლოდან წარმოედგინათ ცნობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ეროვნული ბანკი ვინმეს შეეპაექრება და ჩათვლის, რომ ესა თუ ის პიროვნება ღირსი არ არის ბანკის დამფუძნებელი იყოს, მას უფლება აქვს სასამართლოში წავიდეს და დაამტკიცოს თავის მართლზომიერება. ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ ყველას ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სადაც დამნაშავეთა ე.წ. ბანკი არსებობს. თუ პიროვნება ცნობას წარმოადგენს, რომ ნასამართლევი არ არის, ბუნებრივია, პრობლემა არ შეექმნება. სასამართლოს კი ასეთი საინფორმაციო ბანკი არ გააჩნია. დღეს საქართველოში ასობით სასამართლოა და ყველგან ვერ გავგზავნით წერილს ამა თუ იმ პიროვნებაზე, აქვთ თუ არა რაიმე გადაწყვეტილება მიღებული. სასამართლოს ჩართვის მექანიზმი კიდევ ერთი მცდელობა იყო კანონის დაბლოკვისა, მაგრამ საბოლოოდ გონიერებამ გაიმარჯვა.
ოქტომბერში კანონში პირდაპირი მითითება შევიდა, რომ 5%-ისა და მეტი წილის მფლობელები წელიწადში ერთხელ უნდა აქვეყნებდნენ სიას, ვინ არის ბანკის დამფუძნებელი, რომ ხალხმა იცოდეს, ვისთან აქვს ურთიერთობა, ვისთან უნდა ითანამშრომლოს. ეს ჩვენ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო და უკვე მოქმედებს. ეს ცვლილებები კი მეორე ნაბიჯი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა თანხები სამართავად კეთილსინდისიერ ადამიანთა ხელში იყოს.
გიორგი ცუცქირიძე, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი: – კომერციული ბანკების შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატორი საქართველოს ეროვნული ბანკი იყო. ვიდრე საკითხი პარლამენტში შევიდოდა განსახილველად, ამასთან დაკავშირებით ყველა ბანკმა მოგვწერა. ჩვენ ამ წარდგენილი დოკუმენტის ექსპერტიზა ჩავატარეთ ასოციაციის ეგიდით და მოსაზრებები გავუგზავნეთ როგორც ეროვნულ ბანკს, ისე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. რამდენიმე შენიშვნა გვქონდა. პირველი და უმთავრესი, მათ შორის ის არის, რომ აუცილებლად მოხდეს ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების დაყოფა. აქციონერები და, მით უმეტეს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი თავის სტატუსით, როგორც მესაკუთრე, მოქმედი კანონმდებლობით განსხვავდება ადმინისტრატორისაგან, რომელიც შეიძლება დაქირავებული პირი იყოს და არა მესაკუთრე. ამიტომ მათდამი მოთხოვნების კრიტერიუმები განსხვავებული უნდა იყოს. მესაკუთრის ფულის ლეგალიზაციის, ფულის წარმოშობის წყაროს, მის მიერ წარმოებული ბიზნესის მიმართ მოთხოვნა ერთია, ადმინისტრატორისადმი კი, რომელიც დაქირავებულია, სხვა მოთხოვნები უნდა იყოს. მაგ. მის მიერ ადრე რომელიმე წამყვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება, კვალიფიკაცია და ა.შ. აქცენტი უნდა იყოს გადატანილი მის პროფესიონალიზმზე. თუ მას ადრე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებში, თაღლითობებში, ბუნებრივია, ეს ადმინისტრატორსაც ისევე შეეხება, როგორც მესაკუთრეს.
პირველი ცვლილების შეტანისას ეროვნული ბანკი საკითხს აყენებდა, რომ პირს, რომელიც ბანკის 5%-ზე მეტი აქციების შეძენას აპირებდა, წინასწარ უნდა შეეტყობინებინა ეროვნული ბანკისათვის ამის შესახებ და მისგან თანხმობა მიეღო. აქ პირდაპირ იყო მითითებული, რომ თუ ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე განახორციელებდა ყიდვას, უფლებას დაკარგავდა. ჩვენ საკითხი დავაყენეთ, რომ ეს აქციონერის შეზღუდვა იყო. საერთაშორისო პრაქტიკით, ყველა ქვეყანაში ასეა მიღებული – როცა მესაკუთრე რაღაცას ყიდულობს, არავის აქვს უფლება მას ყიდვის უფლება შეუზღუდოს. მაგრამ თუ ეროვნულ ბანკს აქვს სხვადასხვა მოტივაციები – გაირკვა, რომ ის არალეგალურ ბიზნესთან, სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებთანაა დაკავშირებული, შეეძლება უფლება წაართვას აქციონერთა კრებაზე. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ამიტომ მოვითხოვეთ, კანონში არსებული ამ მომენტის დარჩენა. აქციონერმა აქცია შეიძლება საფონდო ბირჟაზე იყიდოს. თუ დავიწყებთ გარკვევას, ვინ არის ის, ამან შეიძლება გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. მან შეიძლება თავისი სახელით არც მოინდომოს აქციების ყიდვა, დავალება მისცეს დილერს ან ბროკერს და გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენოს იგი. ბროკერი არ იქნება პასუხისმგებელი, ვინ მისცა დავალება. შესაძლოა, არც კი აპირებს აქციონერად ყოფნას, სპეკულაციის მიზნით, იყიდოს და გაყიდოს.
მეორე საკითხი ადმინისტრატორებისადმი მოთხოვნებს ეხება. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენი მოსაზრება. აქ არის რამდენიმე მუხლი, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ არ არის მითითებული, რის საფუძველზე და რას ექვემდებარება იგივე მონაწილეობა ეკონომიკურ დანაშაულში, რის მიხედვით დგინდება. ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია არგუმენტაცია, რის საფუძველზე განისაზღვრებოდა ყოველივე.
მესამე მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ის, რომ ეროვნულ ბანკს შემოჰქონდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ცნება. იგულისხმება 5%-ზე მეტის მფლობელი. მიგვაჩნია, რომ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და ბანკის სააქციო კაპიტალში მონაწილეობაზე შეზღუდვა (დღეს დადგენილია არაუმეტეს 25%-ისა), საერთოდ, მოიხსნას. ამას პარლამენტი არ დათანხმდა. თუ მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ცნება შემოგვაქვს, რომელიც 5%-ზე მეტის მფლობელ პირს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს 25%-ის, 35%-ის თუ 60%-ის ფლობას. ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთი ის გახლავთ, რომ ერთი პირის მიერ ბანკის მართვა ნეგატიურ პროცესებს უკავშირდება. მაგრამ არის მთელი რიგი განვითარებული ქვეყნებისა, სადაც მსგავსი შეზღუდვა საბანკო კაპიტალში მონაწილეობაზე, არ არსებობს.
რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების მიღება?
ამგვარი კრიტერიუმები, შეზღუდვები აქ არ მოუგონიათ, ეს ბაზელის საერთაშორისო ზედამხედველობის კომიტეტის გარკვეული ინსტრუქტაჟია. მაგრამ ეს ზოგადი ინსტრუქტაჟი გახლავთ და იგულისხმება, რომ ის ადგილობრივ კანონმდებლობას უნდა მოერგოს. ის ზოგადია და იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს საკითხები აქტუალურია ბოლო წლებში, განსაკუთრებით 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯია. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს უკვე მომზადებული აქვს დებულება, კომერციული ბანკების დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ.
საერთოდ, მისასალმებელია ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი საქმიანობა – ეს დრაფტის სისტემაა, როცა ნებისმიერ კანონს, ნორმატიულ აქტს თუ საკანონმდებლო ინიციატივას ასოციაციის დახმარებით წინასწარ აცნობს ბანკებს. შედეგად, ხდება ამ დოკუმენტების განხილვა, ექსპერტიზა და ამა თუ იმ პრობლემურ, სადავო საკითხებზე ეროვნულ ბანკთან შეთანხმებების მიღწევა.
ამ კანონის შესრულების ზედამხედველი უშუალოდ ეროვნული ბანკი იქნება…
ეროვნული ბანკი ის ინსტიტუტია, რომელიც აძლევს კომერციულ ბანკებს ლიცენზიას, საბანკო საქმიანობის წარმოების შესახებ. შესაბამისად, ამა თუ იმ ბანკის წარმატებული თუ წარუმატებელი საქმიანობის პასუხისმგებლობაც მასზეა. თუ კომერციული ბანკი არასწორი მენეჯმენტის გამო გაკოტრდა (პრინციპში, გაკოტრდება არა მესაკუთრე, არამედ ხალხი, რომელიც ამ ბანკს ენდო), პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს ვაკისრებთ. ამიტომ ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს საშუალებები, რომლითაც თავს დაიზღვევს, თუნდაც ამ კონტროლის მექანიზმის სახით.
ქვეყნებში, სადაც საქართველოს მსგავსად ახლად ფორმირდება საბანკო სექტორი, არ არის დიდი გამოცდილება, საკმაოდ მაღალია პოლიტიკური თუ სხვადასხვა სახის რისკები, არასტაბილურია ფინანსური ბაზრის განვითარება, ჩემი აზრით, უფრო მიზანშეწონილია ამ ეტაპზე კონტროლი ისეთი უწყების ხელში იყოს, რომელიც თვითონ არის პასუხისმგებელი კომერციული ბანკების საქმიანობაზე.
ტარიელ გვალია, “თბილუნივერსალბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: – პირველი ცვლილება, რომლის შეტანასაც აპირებს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების შესახებ კანონში, გარკვეული შეზღუდვაა კომერციული ბანკის აქციების ყიდვა-გაყიდვის დროს. ანუ პიროვნებამ, რომელიც კომერციული ბანკის აქციების ყიდვას აპირებს, ამის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს რეგულატორს ანუ ეროვნულ ბანკს. ეს კი კანონთა კრებულში არსებულ ბევრ მუხლს ეწინააღმდეგება, ამასთან ერთად ეწინააღმდეგება ჯანსაღ პრაქტიკას და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონს. ამგვარი შეზღუდვა ნიშნავს, რომ ოპერაციები აღარ იქნება აქტიური. როგორც ვიცი, ეროვნული ბანკი ბანკების ამ მოსაზრებას ითვალისწინებს და უფრო ლიბერალური ფორმულირება დარჩება. ანუ აქციების შესყიდვის შემდეგ ეროვნულ ბანკს იმ აქციონერების შესახებ გაეგზავნება შეტყობინება, ვინც ამა თუ იმ კომერციული ბანკის 5%-სა და მეტს ფლობს.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტია 25%-იანი წილის შეზღუდვა. დღეს მოქმედებს ნორმა, რომ 25%-ზე მეტი წილის ფლობის უფლება არა აქვს ამა თუ იმ ორგანიზაციას, თუ კერძო პირს კომერციულ ბანკში. ჩემი აზრით, ასეთი შეზღუდვა უნდა არსებობდეს, რადგან კანონში წერია, რომ იგი მოიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი ფინანსური სტრუქტურაა (ვთქვათ, ერთი ბანკს დააარსებს ან იყიდის მეორე ბანკის აქციებს). ვფიქრობ, არსებულ პირობებში სასურველი არ არის პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი ფლობდეს საკონტროლო პაკეტს, რადგან, სამწუხაროდ, სხვა მექანიზმები ისეთი განვითარებული არ არის, რომ ბანკი არაჯანსაღი პრაქტიკისგან დაიცვას. სჯობს, როცა ძალები გაწონასწორებულია, მაშინ ბანკი უფრო მდგრადი ფინანსური სტრუქტურა იქნება. თუმცა, მეწარმეთა შესახებ კანონით მსგავსი რამ არ იკრძალება. არც ბაზელის კომიტეტის შეთანხმება ითვალისწინებს მსგავს შეზღუდვას, მაგრამ ჩვენ ხშირად გვიყვარს უკიდურესობები. ის, რომ ასეთი აკრძალვა, ვთქვათ, შვეიცარიაში არ არის, არ ნიშნავს, რომ ეს ნორმა დღეს ჩვენთვისაც მისაღებია. თუმცა, შესაძლოა, დრო მოვიდეს და მისაღებიც გახდეს.
მესამე და მნიშვნელოვანია შესაფერისობის კრიტერიუმის საკითხი. ცენტრალური ბანკი არეგულირებს ბანკის დირექტორების, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმს – რამდენად შეეფერებიან ეს ადამიანები იმ თანამდებობას, იმ ფუნქციონალურ დატვირთვას, რომელსაც ასრულებენ ან უნდა შეასრულონ. ვფიქრობ, შესაფერისობის კრიტერიუმის დადგენა აუცილებელია. აქ დავა იყო მხოლოდ ერთ საკითხზე – აღმასრულებელი დირექტორისადმი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისადმი მიდგომა უდრო ლიბერალური უნდა იყოს. დამფუძნებლისათვის მძიმე პირობების, კრიტერიუმების წაყენება სწორი არ იქნება. დამფუძნებელი შეიძლება პასიური ინვესტორი იყოს და აქციაში მოგების მიზნით ახორციელებდეს ინვესტიციას ან თავისი აქტივების პორტფელის შექმნის მიზნით. მათ კი ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია, ცხადია, ბევრი რამ მოეთხოვებათ და ეს კანონში გათვალისწინებულია. აღმასრულებელ დირექტორატს ნორმატიული აქტით ცენტრალური ბანკი არეგულირებს. მხოლოდ აქ ცოტა ზედმეტი მარილი მოუვიდათ პროექტში. აქ იყო ასეთი ფორმალური ნორმა – აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობების პირებს ჰქონდეთ ეკონომიკური განათლება. ეს დღეისათვის საქართველოში ფორმალური საკითხია, რადგან დიდი გამოცდილების მქონე მენეჯერი ჩვენთან ბევრი არ არის. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს არ არის მომაკვდინებელი ნორმა და ნელ-ნელა ჩვენი სისტემა ამაზე გადავა.
შემოდგომაზე კანონში შეტანილ ცვლილებებში დაკვირვების გარეშეც კარგად ჩანს, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში წინა წლებში გათამაშებული პრობლემები ემპირიულად არის გადმოტანილი კანონში. პრაქტიკულად, აქ აღწერილია ის შემთხვევები, დრამატული სიტუაციები, რაც სხვადასხვა ბანკში მოხდა. კანონმა ეს შემთხვევები აღწერა იმის სათქმელად, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება. ჩემი აზრით, კანონში ასე დაწვრილმანება არ შეიძლება. ალბათ, შეიძლებოდა ისეთი ნორმების შექმნა, მოფიქრება და ფორმულირება, რომელიც კანონში კონკრეტული მომენტების აღწერას აგვაცილებდა.
ამ კანონით ბანკების ზედამხედველობის სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწა, გამკაცრდა, საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა.
საქართველოს კომერციული ბანკების ზედამხედველობის სისტემა მაღალ დონეზეა, ისე, რომ ზოგჯერ წყდება კიდეც არსებულ რეალობას. ზედამხედველობა ძალზე მკაცრია და თუ სრულად განხორციელდება, პრაქტიკულად, გამორიცხავს ხმაურიან კოლაფსს. თუმცა, როცა რამდენიმე ბანკი გაკოტრდა, ნორმები არც შარშან ყოფილა ლიბერალური, მაგრამ ამით მაინც არაფერი ეშველა. ასე რომ, პრობლემა არა ნორმატივების გამძაფრება, გამკაცრება, არამედ ნორმალური ბიზნესგარემოს შექმნაა როგორც საბანკო სისტემისათვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისათვის. ჩვენთან კანონი კარგია, ყველაფერს ითვალისწინებს, სამოქმედო არეალი კი არ არის, ანუ ის მასალა ფინანსური სახსრები, რაც ამ ნორმატივებმა უნდა დაარეგულიროს, არ არის.
ამ გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, კარგი კანონი გვაქვს. ფინანსური სექტორი ძალიან სათუთია. ამ სტრუქტურაში მომუშავე ადამიანებმა თუ არ შეიგნეს და არ მიეჩვივნენ ამ სტანდარტებით მუშაობას, ძალიან დიდი დრო დასჭირდება ფინანსური სისტემის აგებას. ამიტომ, ეს გამკაცრებები, იმის მიუხედავად, რომ ზოგან ცოტა ზედმეტიცაა, მისაღებია.