“თბილწყალკანალი” 25 მლნ დოლარს ელოდება
ეკა გაბადაძდე
2002 წლის სექტემბრისათვის თბილისის წყალმომარაგების სექტორის ოპერატორის შერჩევის პროცედურა დასრულდება. სისტემის წესრიგში მოყვანასა და რეაბილიტაციას 500 მლნ დოლარი სჭირდება. თუმცა, ამ ეტაპზე 25 მლნ დოლარის ოდენობის თანხა მსოფლიო ბანკისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა “თბილწყალკანალისთვის” მიმზიდველ წინადადებად მიიჩნიეს.
თბილწყალკანალის” მეურნეობის სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენა მეტწილად მოსახლეობის მიერ წყლის საფასურის გადაუხდელობამ განაპირობა, მაგრამ ყველაზე ურჩ გადამხდელებად საბიუჯეტო ორგანიზაციები მოიაზრება. “თბილწყალკანალის” გენერალური დირექტორის, იუზა ცარციძის თქმით, სახელმწიფო ყველაზე ცუდი გადამხდელია. ამ სისტემაში ათეული წელია სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სისტემის გამართული მუშაობა და როგორც ბევრ სხვა ორგანიზაციაში, კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად კერძო ინვესტორის მოზიდვა დასახელდა. ინვესტორობაზე პრეტენზიას საკმაოდ ძლიერი კომპანიები აცხადებენ, რაც იმის დადასტურებაა, რომ “თბილწყალკანალში” სერიოზული პოტენცია არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ტენდერებისადმი საქართველოში არცთუ ისე დადებითად არიან განწყობილები, “თბილწყალკანალის” ტენდერს ოპონენტი ძნელად მოეძებნება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარედ კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო მოიაზრება, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.
რაც შეეხება თავად ტენდერის “ქრონიკას”, “თბილწყალკანალის” განვითარების ბიუროს უფროსი, ზურაბ ღონღაძე მიიჩნევს, რომ ყველა დეტალი და თითოეული ნაბიჯი ქართულ მხარესთან შეთანხმებითა და სკურპულოზური განხილვის შედეგად წყდება.
ზურაბ ღონღაძე: დაახლოებით ერთი წლის წინ დასასრულს უახლოვდებოდა სატენდერო და იჯარის საკონტრაქტო დოკუმენტაციის დამუშავება. ივლისის შუა რიცხვებში ჩვენი ოფიციალური კონსულტანტი “გიბისაგან” ამ დოკუმენტაციის ოფიციალური ვერსია მივიღეთ, რომელიც გადავუგზავნეთ ყველა სამთავრობო მმართველობით სტრუქტურას, განხილვის შემდეგ ამ სტრუქტურებიდან მოგვმართეს შენიშვნებით, რეკომენდაციებითა და წინადადებებით. მათი გათვალისწინებით და მათთან შეთანხმებით მომზადდა დოკუმენტი. ამავე პერიოდში გამოვაქვეყნეთ განცხადება არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საყურადღებოდ, გვაინტერესებდა მათი აზრი. ეს დოკუმენტაცია მსოფლიო ბანკსაც გადაეგზავნა ექსპერტიზისათვის. პარალელურად, თავად კონტრაქტის პროექტის გაცნობის საშუალება ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებსაც ჰქონდათ. მოგეხსენებათ, ტენდერი ორმხრივი პროცესია, კონტრაქტის პირობები და მოთხოვნები ორივე მხარისათვის უნდა იყოს მომხიბვლელი. წელს, იანვარში, თბილისში მსოფლიო ბანკის მისია ჩამოვიდა, ბრაიან სმიტის ხელმძღვანელობით. მოხდა ყველა შენიშვნის, რეკომენდაციის სისტემიზაცია და სატენდერო დოკუმენტაციაში, პრაქტიკულად, ყველაფერი გათვალისწინებულია. დამუშავებული მასალა “გიბის” გადაეგზავნა. დღეისათვის უკვე არსებობს საკონტრაქტო დოკუმენტის საბოლოო ვერსია.
უფრო კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ, რას ეხებოდა, ძირითადად, შენიშვნები და რეკომენდაციები?
კონტრაქტს “გიბი” ამუშავებდა “თბილწყალკანალთან” და ქალაქის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. იმდენად, რამდენადაც ამ კონტრაქტზე ჩვენი მხარე მუშაობდა, ვცდილობდით, მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ჩვენი მოთხოვნები. როცა ეს ვერსია მსოფლიო ბანკმა განიხილა, აღნიშნა, რომ კონტრაქტი ცოტათი დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. მართლაც, იქ იყო ზოგიერთი ასეთი პუნქტი…
მაინც რა პუნქტზეა საუბარი?
მაგალითისათვის გეტყვით: იქ, სადაც კონტრაქტის გაწყვეტაზე იყო საუბარი, აღნიშნული იყო, რომ “თბილწყალკანალს” ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო, დაუსაბუთებლად გაეწყვიტა კონტრაქტი და ოპერატორისთვის ხელი დაექნია. ამასთანავე, ის ვერსია ჩვენს პასუხისმგებლობას მხოლოდ სიტყვიერი ფორმით გულისხმობდა – ანუ “რადგან ვთქვით, შევასრულებთ?! საბოლოოდ, ჩემი აზრით, კონტრაქტმა ნორმალური სახე მიიღო, მასში მკაცრად არის გამიჯნული პასუხისმგებლობები როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური ექსპლუატაციის მხრივ, ნორმალურად არის ჩამოყალიბებული სატარიფო სტრუქტურა, ტარიფის ცვლილების შესაძლებლობა, მაქსიმალურად არის დაცული ჩვენი მომხმარებლის ინტერესები, თავისუფლების ოპერატორის ხარისხი, ასევე ჩვენი მხრიდან კონტროლის მექანიზმები.
საბოლოოდ, ისევ 25 მლნ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი?
25 მლნ დოლარის ინვესტიცია ისევ “ძალაშია”, ამ პერიოდში ერთადერთი რამ შეიცვალა – გაუმჯობესდა კრედიტის პირობები – 40 წლით, საპროცენტო განაკვეთი 0.75% დარჩა, მაგრამ გადახდა 10 წლის შემდეგ დაიწყება. პირობები გაუმჯობესდა ხანგრძლივობის და გადახდის მხრივ.
თქვენ სატარიფო ცვლილება ახსენეთ. ეს, ალბათ, მოსახლეობისათვის ყველაზე საინტერესო თემაა.
ხდება სატენდერო წინადადების ორმაგი შეფასება: ტექნიკური წინადადება, ანუ ბიზნესგეგმა – დროში გაწერილი ღონისძიებების ჩამონათვალი, თუ როგორ აპირებს ოპერატორი კონტრაქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება ფინანსური წინადადება, რომელიც, პრაქტიკულად, წარმოადგენს ტარიფს, ანუ რა ტარიფს შემოგვთავაზებს ოპერატორი თავისი მომსახურებისას. ტენდერს ყველაზე მცირე ტარიფი მოიგებს. ოღონდ, ეს არ იქნება სამომხმარებლო ტარიფი. ჩვენი ვარაუდით, ოპერატორის ტარიფი დღეს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფზე დაბალი უნდა იყოს. თუ გადააჭარბა ოპერატორის ტარიფმა, მსოფლიო ბანკის კრედიტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ დეფიციტის დაფარვას ითვალისწინებს. თუმცა, კონტრაქტში ტარიფის კორექტივების პირობებიც არის გათვალისწინებული.
კონკრეტულად, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ტარიფის კორექტირება?
იჯარის შუა პერიოდში, ანუ 5 წლის შემდეგ ტარიფის გადახედვა მოხდება. არის ჩამონათვალი, ის კრიტერიუმები და შემთხვევები, როდის შეიძლება შეიცვალოს ტარიფი. აქ, ძირითადად, საუბარია იმაზე, როგორიცაა საქართველოში საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, საგადასახადო პოლიტიკის ცვლილება, ანუ ის მომენტები, რაც ტარიფზე უშუალოდ მოქმედებს. გარდა ამისა, პირველი 5 წლის განმავლობაში, როგორც “თბილწყალკანალს”, ისე ოპერატორს უფლება აქვს მოითხოვოს ტარიფის გადახედვა მხოლოდ ზემოჩამოთვლილ გარემოებათა შემთხვევაში. ყველაფერი ეს ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მოხდება, ამასთანავე, დამოუკიდებელი აუდიტორი შეაფასებს ვითარებას.
შერჩეულია თუ არა აუდიტორი?
შერჩევის წესები კონტრაქტით არის გათვალისწინებული და ამ მექანიზმის სამართლებრივი მხარე აბსოლუტურად დახვეწილია. რაც შეეხება ტარიფის ცვალებადობას, პრეროგატივა ქალაქის მთავრობას ეკუთვნის.
ანუ, ტარიფი და მისი კორექტირება ქართულ მხარეზე იქნება დამოკიდებული?
რა თქმა უნდა, მთლიანად ადგილობრივ მმართველობას ეკუთვნის, ოპერატორს ამასთან კავშირი არ აქვს. მას მიეცემა მხოლოდ ის ტარიფი, რასაც სატენდერო წინადადებაში მოითხოვს. კონტრაქტის პრინციპი აგებულია იმაზე, რომ ტარიფებს შორის სხვაობამ “თბილწყალკანალისა” და მუნიციპალიტეტის მოგება უნდა შეადგინოს, რომელიც კონტრაქტის განხორციელების მეორე ნახევარში საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ამ თანხებით უნდა მოხდეს საინვესტიციო ფონდის შევსება.
ამბობენ, რომ ბოლო ხანებში წყლის ტარიფის გაზრდა მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით და კონტრაქტის მომზადებამდე მოხდა.
გარწმუნებთ, რომ ტარიფის გაზრდა არ უკავშირდება ამ პროექტს. ტარიფის გაზრდაზე დიდი ხანია საუბრობენ. თუ სისტემის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ტარიფით თუნდაც ელენერგიის დანახარჯების დაფარვა მაინც უნდა მოხდეს, რომლის წილი დღევანდელ ტარიფში 55-60%-ს აღწევს.
პერსონალის შერჩევა, იმ კონტრაქტით, ოპერატორის პრეროგატივაა. რამდენად დაცული იქნება “თბილწყალკანალში” ამჟამად დასაქმებულთა ინტერესები?
ეს პირობები ხელშეწყობაში გათვალისწინებულია. საკვანძო მენეჯერის, ანუ მმართველი პერსონალის შერჩევა ოპერატორს აუცილებლად დასჭირდება. რაც შეეხება საექსპლუატაციო პერსონალს, ანუ, პრაქტიკულად, ამ ხელშეკრულების შემდეგ “თბილწყალკანალის” მთლიანი პერსონალი (2600 თანამშრომელი) გადაეცემა ოპერატორს და იგი გახდება მათი დამქირავებელი 10 წლით. რა თქმა უნდა, 2600 კაცი სისტემისათვის ძალიან ბევრია, ერთი წლის განმავლობაში, ოპერატორი ვერავის შეამცირებს. ერთადერთი, მას შეუძლია თანამშრომელი თანხმობის შემდეგ გაათავისუფლოს, მხოლოდ კომპენსაციას მისცემს იმაზე მეტს, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
ანუ, როგორც AEშS-მა გააკეთა?
დიახ. ამ კომპენსაციებისათვის, მსოფლიო ბანკის თანხმობით, კრედიტის გარკვეულ თანხას გამოვიყენებთ.
სატენდერო დოკუმენტაცია, შეიძლება ითქვას, მზად არის. მსოფლიო ბანკის თანხმობის შემდეგ შერჩევის პროცესი დაიწყება. ტენდერის მონაწილეებს სამი თვის განმავლობაში წინადადებების წარმოდგენის საშუალება ექნებათ. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ საკრედიტო ხელშეკრულების მომზადება, გაფორმების პროცედურა დაიწყება და პარლამენტში საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ხელი მოეწერება საიჯარო ხელშეკრულებას.
ტენდერში მონაწილეობს ხუთი კომპანია: 1. ერთობლივი საწარმო აცეა ს.პ.ა. – აქუედეტტო, იტალია; 2. ანგლიან წატერ პლც – დიდი ბრიტანეთი; 3. ბერლინწასსერ ინტერნაციონალ გმბჰ, გერმანია; 4. ცომპაგნიე გენერალ დეს ფაუხ, საფრანგეთი; 5. სუეზ ლყონნაისე დეს ეაუხ, საფრანგეთი.
სატენდერო კომისია შედგება მუნიციპალიტეტის, “თბილწყალკანალის”, სამინისტროებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისაგან. ტენდერის მსვლელობისას მეთვალყურის სტატუსით მსოფლიო ბანკის ექსპერტები არიან მოწვეულნი, ამასთანავე, მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობა.
მსოფლიო ბანკისაგან კრედიტს (ანუ 25 მლნ დოლარი) იღებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, თანხის ერთპიროვნული განმკარგავიც იგი იქნება. სისტემის იჯარით გადაცემისას, საოპერაციო ხარჯებზე პასუხისმგებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრება, დარგის სარებილიტაციო გეგმებსაც იგი შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას შეუთანხმებს. ყველა ღონისძიება დაფინანსდება მხოლოდ და მხოლოდ ამ შეთანხმების შემდეგ.
მსოფლიო ბანკის თბილისის წყალმომარაგებისა და სანიტარიის პროექტის ხელმძღვანელის ბრაიან სმიტის განცხადებით, პროექტის საბოლოო მიზანი მოსახლეობისათვის კარგი ხარისხის წყლის შეუწყვეტლად მიწოდებაა.
ბრაიან სმიტი: – პროექტის ძირითადი მიზანი ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: წყალკანალის ინსტიტუციონალური გაძლიერება და სარემონტო-სარეაბილიტაციო ფონდის საშუალებით სისტემის ინვესტირება, რომელიც კრედიტის სახსრებით დაფინანსდება. პროექტის ზოგადი მიზანიც და საბოლოოც ის არის, რომ მოსახლეობას კარგი ხარისხის წყალი მივაწოდოთ შეუფერხებლად და მოვახდინოთ სისტემის რეაბილიტაცია იმ არსებული მდგომარეობიდან, რომელიც პრინციპში ინვესტიციების უქონლობით იყო გამოწვეული. შეიძლებოდა, არაფერი გაგვეკეთებინა, სისტემას, ჩვეულებრივ გაეგრძელებინა მუშაობა და საბოლოოდ დანგრეულიყო! საბედნიეროდ, გადაწყდა, რომ სისტემის რეაბილიტაციისათვის გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას.
თვადაპირველად, მართვის კონტრაქტის ვარიანტზე ვსაუბრობდით, მაგრამ იჯარასთან შედარებით, მართვის კონტრაქტი ნაკლებად “ამბიციურია”, ნაკლებად რისკიანი და შედეგიც ნაკლები იქნებოდა. ადგილობრივ პარტნიორებთა და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივი განხილვის შემდეგ მოხდა თავდაპირველი იდეის შეცვლა იჯარის კონტრაქტით, ორი მიზეზის გამო: საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკს წარუდგინა წინადადება, რომ დაინტერესებულია იჯარის კონტრაქტით და მეორე, წყალმომარაგების სისტემის ოპერატორების რიგი კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს ინტერესი მართვის კონტრაქტთან შედარებით უფრო სერიოზულ მოწყობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოწყობაში ერთადერთი მოთამაშე ანუ სისტემის მიმღები და მფლობელი იჯარის მოწყობის მომხრენი არიან, მსოფლიო ბანკმაც თანხმობა განაცხადა.
როგორც იტყვიან, რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისაკენ არისო. მაგრამ ამ მოსაზრებას კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე, ვახტანგ მგელაძე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რა ხდება სისტემაში, რეალურად არავინ იცის. ვახტანგ მგელაძე, ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, პროექტის ერთადერთ ოპონენტად რჩება, მაგრამ ეს დროებით: როცა საბოლოო ვარიანტი გამოცხადდება და ტენდერი ჩატარდება. ამის შემდეგ ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდება! – აცხადებს იგი. მთავარ პრობლემად მას სატარიფო პოლიტიკა მიაჩნია. ვახტანგ მგელაძის აზრით, ხელშეკრულებაში უნდა დაფიქსირდეს ტარიფის მაქსიმალური ზღვარი და კონკრეტული გრაფიკი, ეტაპობრივი ზრდა. კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე დამატებითი რგოლის – დამოუკიდებელი საბჭოს შექმნას ითხოვს, რომელიც, მისი თქმით, გააკონტროლებს ტენდერის მიმდინარეობას, ინფლაციის გამჭვირვალობას და სხვა საკითხებს:
“თბილწყალკანალში” აუდიტი არ ჩატარებულა, “გიბიმ” რეალური ინფორმაცია არ მიაწოდა და ოპერატორმა, კომპანიებმა არც კი იცან, სად მოდიან და რას იზამენ, არავინ იცის, რეალურად, რა ხდება სისტემაში, ინფორმაციას არავინ ფლობს. ამ პროექტისათვის 4 წელი ემზადებოდნენ, მაგრამ რეალური სურათი, ჯერჯერობით, არ არის შექმნილი. რეალურ სურათს კი, ალბათ, მხოლოდ მას შემდეგ დავინახავთ, როცა ტენდერი და ხელშეკრულება უკან დარჩება, წინ კი უწყლოდ დარჩენის შავ-ბნელი პერსპექტივა გამოჩნდება…