დაზღვევა საქართვქლოში – მონოპოლური ბიზნესი?
ეკა ლომიძე
დაზღვევას საინტერესო ისტორია აქვს. რამდენიმე საუკუნის წინ ლონდონში იყო ტავერნა მეზღვაურთათვის, რომელშიც გამვლელი გემების ეკიპაჟის წევრები დასალევად შედიოდნენ. მათ შორის, ხშირად იმართებოდა საუბრები ოკეანეებში გასული გემების ირგვლივ. გამოთქვამდნენ ვარაუდებს მოსალოდნელი უსაფრთხოების თუ ზარალის შესახებ, რომელსაც ამყარებდნენ ნიძლავით, რადგან მეზღვაურები ტავერნაში გავლით იყვნენ და მათი პროგნოზის გამართლებას დრო სჭირდებოდა.
დადგა მოთხოვნილება, რომ ნიძლავში ჩადებული ნივთები ვინმეს შეენახა. გამოსავალი მოიძებნა – ნიძლავში დადებული ნივთები ტავერნის მეპატრონეს, ლოიდს ბარდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდიოდნენ მეზღვაურები და თავისი კუთვნილი მონაგები მიჰქონდათ. შემდგომში ეს პროცესი თანდათან დაიხვეწა და უკვე ამ ნივთებითა თუ ფულადი სახსრებით ეხმარებოდნენ ზარალში ჩავარდნილებს, დაღუპული მეზღვაურების ოჯახებს. ასე ჩაისახა პირველი სადაზღვევო ელემენტები, რომელიც შემდგომში უფრო დაიხვეწა, განვითარდა და ცივილური ფორმა მიიღო. დაზღვევა იყო მეფის რუსეთში, მენშევიკურ საქართველოში, საბჭოთა პერიოდში.ოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებში ახლაც კარგად ახსოვთ ე.წ.”გოსსტრახი”-ი თავისი აგენტებით.
საბჭოთა კავშირში დაზღვევა სავალდებულო იყო და სხვა გადასახადებთან ერთად ხალხი მასაც გაუთვიცნობიერებლად იხდიდა. საქართველოს მაგალითზე ეს ოპერაცია შემდეგნაირად ხორციელდებოდა: მონაკრების ნაწილი თბილისში რჩებოდა, დიდი პროცენტი, სხვა რესპუბლიკებიდან შემოსულ თანხებთან ერთად აკუმულირდებოდა მოსკოვში. საჭიროების შემთხვევაში, ეს თანხები ბრუნდებოდა უკან და ხშირად “იკარგებოდა გზაში”. დაზღვევისადმი “საბჭოურმა” მიდგომამ თავისი კვალი დატოვა, რამაც დღეს დაზღვევის დაბალი კულტურა მოიტანა. საქართველოში 22 სადაზღვევო კომპანია არსებობს, ამათგან 6 ეროვნულ ინვესტორებთან ერთად შექმნილი ერთობლივი სადაზღვევო კომპანიაა.
საქართველოში პირველი კერძო სადაზღვევო კომპანია 1990 წელს შეიქმნა. ეს იყო “ალდაგი”. რაც შეეხება თვითონ კანონს “დაზღვევის შესახებ”, შეიქმნა 1997 წელს, რომელზეც ქართველებთან ერთად გერმანელი და ინგლისელი ექსპერტებიც მუშაობდნენ. ამავე წელს ჩამოყალიბდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ევალება კურირება, ლიცენზირება და კონტროლი საქართველოში არსებულ სადაზღვევო კომპანიებზე. გვესაუბრება არჩილ ცერცვაძე – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
სადაზღვევო ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ახალ საუკუნეს მომზადებული შეხვდა და ამასთან, ბოლო წლებში საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ზრდისა და სტაბილურობის პროცესი კვლავაც გაგრძელდა.
საქართველოში 1997 წელს დაწყებული სადაზღვევო რეფორმა ქვეყანაში ცივილიზებულ პრინციპებზე დაფუძნებულ სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ისახავდა მიზნად. გასულ წლებში საქართველოს დაზღვევის სფეროში მიმდინარე პროცესების შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ რეფორმით გასათვალისწინებელი ძირითადი ამოცანები შესრულდა და დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში საქართველოში შეიქმნა საერთაშორისო დონის დაზღვევის მარეგულირებელი ის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა, რომლის არსებობის გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადაზღვევო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება.
რეფორმის შედეგად, დაზღვევის მომხმარებელს შეუძლია მაღალი დონის სადაზღვევო პროდუქტის მიღება. საქართველოს სადაზღვევო ბაზარი გამოირჩევა სტაბილურობით, მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა კანონმდებლობის დახვეწის, თანამედროვე მოთხოვნებთან მისადაგების მიზნით, მათ შორის, სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზისა და სადაზღვევო კომპანიათა საქმიანობის ზედამხედველობის სრულყოფის მიმართულებით.
თქვენი სამსახურის მიერ გაწეული კონტროლი რაში გამოიხატება?
ჩვენ მიერ განხორციელებული კონტროლი ეხება კარძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გატარებულ თითქმის ყველა ღონისძიებას: იქნება ეს კლიენტთან დადებული ხელშეკრულებები, გადაზღვევის მომენტი, რისკის ფაქტორი, ლიცენზირება. თავდაპირველად, კერძო სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალი 30 000-50 000 ლარამდე განისაზღვრებოდა და, შესაბამისად, კომპანიათა რიცხვი 50-მდე აღწევდა. შემდგომში საწესდებო კაპიტალი გაიზარდა 500 000-1000 000-მდე, რამაც გამოიწვია სადაზღვევო კომპანიათა გამსხვილება და 50-დან დარჩა 17-18. 2000 წლიდან დაიწყო ისევ ზრდის მომენტი და სადაზღვევო კომპანიათა რიცხვმა 22-ს მიაღწია.
რის ხარჯზე მოხდა ეს მომენტი?
გამოიკვეთა ბანკების დაინტერესება. არსებობს დასავლეთში აპრობირებული მეთოდი, ბანკები აქტიურად თანამშრომლობენ სადაზღვევო კომპანიებთან. ჩვენთანაც დაიწყო ეს პროცესი. ფაქტობრივად, კომერციული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები რაღაცით წააგავს კიდეც ერთმანეთს, თუმცა, ბანკს არ აქვს უფლება, აღიჭურვოს იმ უფლებებით, რაც აქვს სადაზღვევო კომპანიას. მაგრამ სადაზღვევო კომპანიები აქტიურად ეწევიან საინვესტიციო საქმიანობას. თავისუფალი თანხებიდან მათ შეუძლიათ მოგება მიიღონ. რა თქმა უნდა, ეს პროცესები ჩვენი მხრიდან კონტროლირდება. რისკის ფაქტორი რომ იყოს, რაღაც დონემდე დაზრვეული, კერძო სადაზღვევო კომპანიებს ეკრძალებათ, თავიანთი ინვესტიციები დააბანდონ ისეთ საქმიანობაში, სადაც რისკის ფაქტორი მაღალია.
რას წარმოადგენს საქართველოს სადაზღვევო ბაზარი დღეისათვის?
2001 წელს კვლავაც გაგრძელდა სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენცია. გაიზარდა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მოცულობა, სადაზღვევო კომპანიების პროფესიონალიზმის დონე და საერთაშორისო ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს სადაზღვევო ბაზარმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
სტატიკური მონაცემები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ დაზღვევის ყველა სახეობაში აღინიშნება ძირითადი საფინანსო მაჩვენებლის გაუმჯობესება.
2001 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიათა მიერ მოზიდულმა ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ 25 392 204 ლარი შეადგინა, ანუ დაფიქსირდა 40%-ით ზრდა.წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი 29,2% იყო. 1997-1998 წლებში სადაზღვევო ბაზრის შემოსავლების ზრდა დაახლოებით 80-100%-ს შეადგენდა. 2001 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ სადაზღვევო პრემიის ელასტიურობის კოეფიციენტი 9-ის ტოლია, ე.ი. 2001 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, სადაზღვევო ინდუსტრიის ზრდა 9-ჯერ მეტი იყო.
ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, 2001 წელს 0.4% შეადგინა. 2000 და 1999 წლებში 0.3% და 0.263% იყო.
2001 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა დაახლოებით 8.27 მლნ ლარი, ანუ მთელი ჯამური პრემიის 32% შეადგინა.
გადაზღვევის ფაქტორზე რას იტყვით?
გადაზღვევის პრემიის წილი, მთლიან მოზიდულ პრემიაში, 2000 წლამდე მნიშვნელოვნად იზრდებოდა, ხოლო უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი მცირდება. აღნიშნული სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ წინა წლებში სტაბილურობისა და გადახდისუნარიანობის დონის შესანარჩუნებლად სადაზღვევო კომპანიები ინტენსიურად იყენებდნენ გადაზღვევის მექანიზმს. სადაზღვევო ბაზრის განვითარებასა და კომპანიათა ფინანსურად გაძლიერებასთან ერთად, ბუნებრივია, მცირდება გადაზღვევაზე მიმართული პრემიების რაოდენობა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიები თვითონ ახდენენ აღებული რისკების მომსახურებას, რითაც ქვეყანაში რჩება მნიშვნელოვანი საინვესტიციო რესურსები.
ძირითადი პროცენტული წილი რა ტიპის დაზღვევებზე მოდის?
ჩვენთან, სულ, დაახლოებით 15 ტიპის დაზღვევა ხორციელდება. აქედან, მაგალითად, საპენსიო დაზღვევა ახალი დაწყებულია, სავალდებულოა ორი ტიპის დაზღვევა: სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა და ავტომოტოტრანპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.
ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, რამდენადაც ცნობილია “ალდაგი” ახორციელებს.
რატომ? სხვა სადაზღვევო კომპანიებიც მონაწილეობენ…
რა თქმა უნდა, ოღონდ მათ დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ ამ სპექტაკლში და თან ამბობენ, რომ “ალდაგის” თანხმობის გარეშე ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
მე არ ვიცი, იქ რა ხდება, მაგრამ, ბუნებრივია, ასეთი ტენდენცია არსებობდეს. პროსაბჭოური სივრცის ქვეყნებში ანალოგიური სიტუაციაა. მე ვერ ვიტყოდი, რომ “ალდაგი” მონოპოლისტია, რადგან ამ ტიპის დაზღვევას სხვა სადაზღვევო კომპანიებიც ახორციელებენ. ვთვლი, რომ როდესაც ლაპარაკია დაზღვევაზე, უმჯობესია, ეს სფერო წარმოჩნდეს მთელი თავისი კეთილდღეობით და გახდეს მასებისათვის უფრო პოპულარული, ვიდრე ისეთ უმნიშვნელო და ყბადაღებულ თემაზე, როგორიცაა ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. ჩვენთან დაზღვევის კულტურა დაბალია, ამას ემატება გარკვეული უნდობლობის ფაქტორიც, რაც საბჭოური პერიოდის გადმონაშთია. სადაზღვევო საქმიანობა დღეს რეკლამირებას საჭიროებს და არა ასეთი სახის უსარგებლო კრიტიკას.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე – “იმედი-L”-ის მმართველი დირექტორი:
ჩვენთან დაზღვევის კანონი გვიან მიიღეს, ეს გახლავთ ევრომოდელი. მანამდე არსებობდა “გოსსტრახი”-ი, მაგრამ ეს არ იყო დაზრვევა. ფაქტობრივად, სადაზღვევო კომპანიები ჩვენთან 90-იანი წლებიდან იქმნება. თავიდან სადაზღვევო კანონი ზღუდავდა უცხოური კომპანიების დაზღვევას 45%-ით, რადგან იყო შიშის ფაქტორი. ჩვენი ქვეყნის “ეუთოში” შესვლის შემდეგ, ეს შეზღუდვა მოიხსნა. სადაზღვევო კანონის შექმნის შემდეგ ჩამოყალიბდა ზედამხედველობის სტრუქტურა, რომელმაც თავის თავზე აიღო კერძო სადაზღვევო კომპანიებზე კონტროლი და ლიცენზირება. ასე იყო თუ ისე, ჩვენში, საბოლოოდ, ეს სისტემა ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, ჩვენთან უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე აზერბაიჯანსა და სომხეთში. მიუხედავად ამისა, საქართველოში სადაზღვევო კულტურა არ არსებობს. რატომღაც კრიტიკულ სიტუაციებში უფრო გვაკითხავენ, ვიდრე ჩვეულებრივში, მომავლისათვის დაზღვევის გამოყენებით რომ იზრუნონ, ჩვენში ჯერ მიღებული არ არის. სხვათა შორის, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში წარმოუდგენელია ცხოვრება დაზღვევის გარეშე. ისინი აზღვევენ ყველაფერს: უძრავ, მოძრავ ქონებას, სიცოცხლეს, საქმიანობას. მაგალითად, მათ აქვთ მაღალი ხელფასი, რომელიც განაწილებული აქვთ ცხოვრებისათვის, ამ განაწილებაში არ შედის მოულოდნელი ხარჯები, რადგან უცხოელები ამ მოულოდნელ ხარჯებს იღებენ სადაზღვევო კომპანიებისგან. მათ არ შეუძლიათ, თავიანთი თუნდაც მაღალი ხელფასით გადაფარონ ყველა მოთხოვნილება და მოულოდნელი ხარჯები. ჩვენთან ურჩევნიათ შვილს სიცოცხლეშივე უყიდონ მანქანა და დაინახონ კმაყოფილების შედეგი თავისი თვალით, ვიდრე დააზღვიონ თავიანთი სიცოცხლე და ეს თანხა შვილმა მიიღოს მათი გარდაცვალების შემდეგ. უცხოელს ურჩევნია, შვილს დახმარება გაუწიოს სიკვდილის შემდეგ და თუნდაც ვერ მიიღონ ამისათვის მადლობა სიცოცხლეშივე, ვიდრე ეს ყველაფერი გააკეთოს, რათა საკუთარი თვალით დატკბეს შედეგით.
“იმედი-L”-ის პარტნიორი უცხოური სადაზღვევო კომპანიაა, გყავთ თუ არა ლობი?
“იმედი-L” ESGRE-სთან არსებული კომპანიაა. მათი წილი 85%-ს შეადგენს. სხვათა შორის, ჩვენთან გამოითქვა მოსაზრება თითქოს A”იმედი-L” Nვაჟა ლორთქიფანიძისაა, რადგან მეც ლორთქიფანიძე ვარ და ჩვენს სახელდებაზე დამატებული ასო L სწორედ ლორთქიფანიძეს აღნიშნავს. იცით, ვაჟა ლორთქიფანიძესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს და ცხოვრებაში პირისპირ ერთხელ ვნახე. რაც შეეხება L-ს, ეს შემდეგნაირად გაჩნდა ჩვენს სახელწოდებაში. თავიდან რეგისტრაცია გავიარეთ, როგორც სადაზრვევო კომპანია “იმედმა”. აღმოჩნდა, რომ არსებობს ამ დასახელების სხვა სადაზღვევო კომპანიაც. სასწრაფოდ საჭირო გახდა, რაიმეს დამატება და დავამატეთ L-ლაიფ და არა როგორც ჩემი გვარის აღმნიშვნელი. L-ი პირდაპირ კავშირშია ESGRE-სთან. რაც შეეხება პოლიტიკურ ლობს, ჩვენ ასეთი არ გვყავს. სხვათა შორის, დავით გამყრელიძე, პარლამენტში როცა მოხვდა, გვეგონა, რომ რაიმე შეიცვლებოდა ჩვენს სფეროსთან მიმართებაში, რადგან კარგად ერკვევა დაზღვევაში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სადაზღვევო კომპანიების მიმართ არსებობს ძალიან ცუდი საგადასახადო დაბეგვრის კანონი, თუ არ შეიცვალა, ამ მიმართულებით, ეს ძალიან ცუდი იქნება.
ჩემთვის გაუგებარია კიდევ ერთი მომენტი, რომ თურმე “იმედი L” აფინანსებდა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ხმამაღალი განცხადება ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაკეთდა. საქმე იმაში გახლავთ, კობა დავითაშვილის აუდიტორული ფირმა და ჩვენ ვთანამშრომლობდით, როგორც აუდიტორთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ კობა დავითაშვილთან პიროვნული დამოკიდებულება გვაქვს. ნაციონალურმა მოძრაობამ გვთხოვა ელექტორატთან შეხვედრისათვის დარბაზის დაქირავება. ჩვენც დავუქირავეთ დარბაზი. მე არ ვთვლი, რომ ეს არის სპონსორობა. იცით, სხვა პარტიაც რომ მოსულიყო და ეთხოვა დახმარება ამომრჩეველთან შეხვედრის ორგანიზებაში, სხვებსაც დავეხმარებოდით.
რა თანხა გაიღეთ ნაციონალური მოძრაობისათვის?
40 000 ლარად დავუქირავეთ დარბაზი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვთვლი, რომ ეს არის სპონსორობა.
“იმედი L” ჩვენში არსებულ ყველა დაზღვევაზე ფლობს ლიცენზიას?
დიახ. ეს არის დაახლოებით 15 ტიპის დაზღვევა. აქედან, 2 ტიპი სავალდებულო ხასიათისაა: სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა და ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. ამ უკანასკნელზე მონოპოლიას “ალდაგი” ფლობს. თქვენ შეგიძლიათ დაიაროთ ყველა დიაგნოსტიკური ცენტრი, ყველგან ზის “ალდაგის” წარმომადგენელი და ყიდის თავის სადაზღვევო პოლისს. თუ დაზღვეულია სხვა სადაზღვევო კომპანიაში, მაშინ არ აძლევენ ტექდათვალიერების ბირკას. სხვაზე რომ არ ვილაპარაკოთ, მე ჩემს მანქანაზე გაკეთებული მაქვს დიაგნოსტიკური შემოწმება, დაზღვეული მაქვს “იმედი L-ში” და არ მაქვს ბირკა. თავის დროზე ეს პროცესი წამოვიდა კახა თარგამაძე, “გაერთიანებული ქართული ბანკი”, “ალდაგის” ე.წ. ალიანსით. დიაგნოსტიკური ცენტრი იღებს შსს-დან, ქვითრებს ბირკებზე გასცემს “გაერთიანებული ქართული ბანკი” და პოლისს ასაღებს “ალდაგი”. აი, ამ მონოპოლიის მოკლე სქემა.
დავუშვათ, თუ პიროვნებას არ სურს ჰქონდეს “ალდაგის” პოლისი, არ შეუძლია თავის შეხედულებისამებრ დააზღვიოს ავტომობილი და მიიღოს აღნიშნული ბირკა?
იცით, თუ იყვირებ და ნერვებს მოიშლი, მაშინ შეიძლება დაგრთონ ნება. ეს პრინციპის საკითხია, მაგრამ როდესაც დაზღვევის პირობები ერთნაირია, აქ უკვე აღარავინ აიტკივებს თავს. მათ ურჩევნიათ, უპრობლემოდ მიიღონ ტექდათვალიერების ბირკა, ვიდრე იყვირონ და თავისას მიაღწიონ. ყველა ერიდება ზედმეტ პრობლემას. “ალდაგი” ამ მომენტს შემდეგნაირად ხსნის, რომ თითქოს მათ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება აქვთ, რაც მე არ მესმის. შეუშვან ჩვენი წარმომადგენლები დიაგნოსტიკურ ცენტრში, მისცენ უფლება, გაყიდონ “იმედი L-ის” პოლისი და ჩვენც მოვემსახურებით მომხმარებელს სწრაფად და ხარისხიანად. მე უფრო მეტსაც გეტყვით. ახლა უკვე ტექდათვალიერების ბირკების გაცემის უფლება აქვს მხოლოდ ერთ შპს “გუგოს”, რომელიც, როგორც გამარჯვებული, გამოავლინა “საქართველოს გაერთიანებულმა ბანკმა”, მის ჩატარებულ ტენდერში. თუმცა, ამ ტენდერში მონაწილე და გამარჯვებულიც მხოლოდ ვინმე შპს “გუგო” გახლდათ, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, თუმცა, მათი შემოსავლები ასე განისაზღვრება: წლიურად დირექტორს აქვს – 150 ლარი, ბუღალტერს – 100 ლარი, სააგენტო ქსელი – 220 ლარი, ადმინისტრაციული ხარჯი – 30 ლარი და ოფისის არენდა – 100 ლარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაინტერესებს, მიმასწავლონ ისეთი საოფისე ფართი, რომელიც წელიწადში 100 ლარი ღირს. შპს “გუგო” თანამშრომლობს “გაერთიანებულ ქართულ ბანკთან”. პიროვნულად, ის ახორციელებს ტექდათვალიერების ბირკების ქვითრების საფასურის შეტანას და ამ ბირკების რეალიზაციას. როდესაც არსებობს ერთნაირი პირობები, ბუნებრივია, ლაპარაკი არ შეიძლება კონკურენციის გაწევაზე. “ალდაგმა” დაზღვევის ამ ტიპში ხელში ჩაიგდო მონოპოლია.
“იმედი L” თავისი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.
დიახ. ჩვენ გვყავს სერიოზული კლიენტები სამედიცინო დაზღვევაში. მაგალითად სს “აზოტი”, “AES თელასი”, რომელთაც თავიანთი თანამშრომლები ჰყავთ დაზღვეულები. წარმატებით ვახორციელებთ სხვა ტიპის დაზღვევებსაც. ჩვენი პარტნიორი ESGRE სერიოზული სადაზღვევო კომპანიაა. კარგი ურთიერთობა გვაქვს კომერციულ ბანკებთან. მთავარია, კლიენტი არ დატოვო უკმაყოფილო. აქ, საჭიროა, სწორედ განსაზღვრული რისკის ფაქტორი, გააკეთო სწორი გადაზღვევა, რომ დაცული იყო შენც და შენი კლიენტიც.
ეკა იაშვილი – “ალდაგის” ფინანსური დირექტორი.
სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” 1990 წელს შეიქმნა და არავინ დამძრახავს, თუ ვიტყვი, რომ ის ლიდერია საქართველოში, როგორც სადაზღვევო კომპანია. ჩვენ მოქმედება დავიწყეთ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა. პირველი პოლისი, რომელსაც მე “ისტორიულ პოლისს” ვეძახი, გავეცით გოგონაზე, ეს იყო საზღვარგარეთ გამსვლელის სამედიცინო პოლისი. 1992 წლიდან “ალდაგი” გავიდა საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარზე და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა LLOYD‘S-ის ბროკერ HARRIS and DIXON-თან. გაფორმდა პირველი გადაზღვევის ხელშეკრულება MUTUAIDE ASSISTANCE-თან და დაიწყო საზღვარგარეთ მიმავალთა დაზღვევა.
1994 წელს “ალდაგის” მოწვევით, მასთან მომავალ თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად საქართველოს პირველად ეწვია მსოფლიოს უდიდესი გადამზღვევი კომპანია SWISSRE-ს წარმომადგენლობა; ამავე წელს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის #584 დადგენილებით, “ალდაგმა” საქართველოში შემოსატანი ყველა ტვირთის ყოველგვარი რისკისგან დაზღვევის ექსკლუზიური უფლება მიიღო; დაზღვევის მიმდინარეობებს დაემატა ორი ახალი – ქონებისა და ავტომობილების დაზღვევა.
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა ერთგვარი რეკლამაც გაგიწიათ.
იცით მე არ ვთვლი, რომ “ალდაგი” მონოპოლისტია ამ მიმართულებით თუ მე სწრაფად და ხარისხიანად მოვემსახურები კლიენტს, ჩემი წარმომადგენლობა გახსნილი მაქვს თითქმის ყველა რაიონში და, ფაქტობრივად, არსებობს დაზღვევის ერთნაირი პირობები, რატომ უკვირთ, რომ ჩვენ 50 ტიპის დაზღვევას უფრო ფართო მასშტაბებით ვახორციელებთ. ან რატომ აქვთ გართულება იმაზე, რომ მე, რომელსაც ამდენი წლის გამოცდილება მაქვს, შემიძლია სადაზღვევო საქმიანობა მათზე უკეთესად ვაწარმოო.
ამბობენ, რომ თუ “ალდაგის” სადაზღვევო პოლისი არ გაქვს, ტექდათვალიერების ბირკას არ მოგცემენ.
არ ვიცი. ამგვარ ინფორმაციას მე არ ვფლობ. ჩვენთან არ მოსულა შეწუხებული ხალხი, რომ უკრძალავენ სხვა სადაზღვევო კომპანიებთან ნაყიდი პოლისით ტექდათვალიერების ბირკის შეძენას. მინდა გითხრათ, თუ ამას მონოპოლიას დავარქმევთ, მაშინ ჩვენ მონოპოლისტები სოფლის მეურნეობაში, მოსავლის დაზღვევისთვისაც ვყოფილვართ. ფაქტობრივად, ამ სფეროში მხოლოდ ჩვენ ვაზღვევთ. ახლა დაიწყო “იმედი L”-მა. თუ “ალდაგს” საყვედურობენ, რომ ის მონოპოლისტია ავტომობილთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაში, რატომ არაფერს ამბობენ მოსავლის დაზღვევის ირგვლივ? აქაც მონოპოლისტები ვართ მაშინ. კახეთის რეგიონში სეტყვამ დააზიანა ვენახი, ისეთ დღეში ჩააგდო, რომ გლეხობამ ხელახლა გასხლა. ხალხს რომ ავუნაზღაურეთ ზარალი, ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს?
რაც შეეხება პოლიტიკურ ლობს. მე არ ვთვლი, რომ ჩვენ ლობი გვყავს. “ალდაგს” აქვს დიდი გამოცდილება და თუ მონაცემებით პირველ ადგილზეა, ეს სულაც არ არის განპირობებული ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით. პარლამენტში ბევრს ეგონა, რომ ტექდათვალიერების და, საერთოდ, ამ ხარჯების შემცირებით “ალდაგს” ზურგში ჩასცემდნენ, მაგრამ კარგად ხედავთ, ჩვენ ფინანსურ მდგომარეობას ზარალისა არაფერი ეტყობა. თუ მაინცდამაინც უნდათ მონოპოლია იხმარონ, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ბუნებრივი მონოპოლია, არც გამოწვეულია “ალდაგის” დიდი გამოცდილებითა და კლიენტებთან კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით.
სერიოზული ფინანსური ნაკადები საიდან შემოედინება?
ეს არის საწესდებო კაპიტალი, სადაზღვევო შემონატანები და ინვესტიციები. თავისუფალი ფინანსები, რა თქმა უნდა, კონტროლის ქვეშ იდება ან ფასიან ქაღალდებში, თუმცა, ჩვენთან ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ არსებობს, უამრავ ქონებაში ან რაიმე საქმიანობაში, რომელიც დასაშვებია სადაზღვევო კომპანიისათვის, რომ აწარმოოს. კომპანიის საქმიანობა და მისი აღრიცხვა-ანგარიშების სისტემა, სულ უფრო მეტად უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს. ამ მხრივ, განუზომლად დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო აუდიტორის “ARTHUR ANDERSEN”-ის მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმებები და გაცემული რეკომენდაციები. თავის მხრივ, საერთაშორისო აუდიტის ჩატარება სადაზღვევო კომპანიაში პირველი პრეცედენტია მთელ საქართველოში.
გაფართოვდა სადაზღვევო მომსახურების ტერიტორიული არეალი. წლების განმავლობაში დაზღვევის ყველა სახეობების მიხედვით, სადაზღვევო საქმიანობის დადებითი ტექნიკური მაჩვენებელი პოზიტიურად ისახება კომპანიის საქმიანობაზე.
ვფიქრობ, რომ მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ კომპანია მომავალშიც შეინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და საიმედოობას.
დაზღვევის სფერო საქართველოში განვითარების გზით მიდის. იზრდება სადაზღვევო ბიზნესის შემოსავლები, რაც, ბუნებრივია, დადებითად იმოქმედებს ჩვენში დაზღვევის ინსტიტუტების იმიჯის გამყარებაზე და სადაზღვევო კულტურის ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს, რომლის განვითარებას მრავალმა პირობამ შეუშალა ხელი: მოგონებას აწვალებს ადრინდელი “გოსსტრახი”-ი. არსებობს უნდობლობის ფაქტორი და, ბუნებრივია, თავის კვალს ტოვებს მოსახლეობის მცირე შემოსავლები, რომელიც საარსებო მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებს. ყოველივე ამის გამო, ჩვენთან დაზღვევა უფრო იაფია, ვიდრე უცხოეთში, რადგან მიმწოდებელის რაოდენობა მკვეთრად აღემატება მომხმარებლის რიცხვს. როდესაც ეს ბალანსი შედგება, მაშინ უკვე დაზღვევის გარშემო სულ სხვა ჭრილში მოგვიწევს საუბარი.